[მედიანიუსი]
ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღეში იმ ხალხს, ვინც ჩვენება შეცვალა, არ დაიჭერენ, ის ერთ კვირაში საქართველოს დატოვებს.
როგორც დღეს გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო რობაქიძემ განაცხადა, დღეს 18.00 საათზე ის საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შეხვდება.
„მის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო. კბილაშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. ოჯახს უკვე დავემშვიდობე. ვაცხადებ, რომ ჩვენებები პირველებმა მე და ბუტას დედამ, ია მეტრეველმა მივეცით. ჩვენ ჩვენს ჩვენებებს არ ვცვლით. ამათი ნალაპარაკებიდან გამოდის, რომ ჩვენ ცრუ ჩვენება მივეცით. ცრუ ჩვენების მიცემისთვის კი კანონმდებლობა 3 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ვითხოვ დღესვე დამაპატიმრონ და გლდანის ციხეში გამიშვან. იმ შემთხვევაში, თუ იმ ხალხს, რომლებმაც ჩვენებები შეცვალეს, არ დაიჭერენ და მეც არ დამიჭერენ, ერთ კვირაში საქართველოს დავტოვებ“, _ აღნიშნა სოსო რობაქბიძემ.
სოსო რობაქიძე დღეს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მაიზერ ლიპარტელიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ერთი უზუსტობა გაეპარა.
„მან შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი იყო. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენება კადრების ნახვის შემდეგ შეცვალა. მას ერთი უზუსტობა მოუვიდა. მან თქვა, რომ მე რამდენჯერმე შემხვდა მაშინ, როდესაც ლიპარტელიანი 2006 წლის შემდეგ არ მინახავს. 2006 წლის შემდეგ თუ მითხრა, რომ იქ იარაღი იყო, მაშინ კადრებმა რატომ შეაცვლევინა ჩვენება. თურმე 2006 წელსაც სცოდნია, რომ იქ იარაღი იყო. ასეთი უაზრო ფაბრიკაციებით იმართლებენ ისინი თავს“, _ აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
ცნობისდთვის: ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 24 ნოემბერს სპეცოპერაციისას პოლიციელის გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.