[pirveli.com.ge]
კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 18 160 ოჯახს გაუუქმა ან შეუჩერა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამ ოჯახის წევრებს არსებობის ელემენტარული სახსარი წაართვა.
ამის შესახებ დღეს კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მთავრობამ ამ ოჯახებს წაართვა არსებობის ელემენტარული სახსარი. ამ დროს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" განსაკუთრებით ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს სერიოზული დახმარების გაწევას ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ დღეს 18 160 ოჯახს არსებობის საშუალება წაართვა. რაც ჯამში 40-45 ათასი ადამიანია და მთლიანად, სოციალურად დაუცველთა ოჯახების 10%-ს შეადგენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვისმენდით იმას, რომ ბენზინზე ფასები უნდა დაკლებულიყო, ჩვენ ვისმენდით იმას, რომ დენსა და გაზზე ტარიფები უნდა განახევრებულიყო. ამის სანაცვლოდ ხედავთ ბენზინზე ფასების მატებას. ხედავთ, რომ დენზე და გაზზე ტარიფები არ განახევრდა. ვხედვათ იმასაც, რომ პენსიონერები გაურკვევლობაში არიან და ელიან იმას, როდის შეასრულებს მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებას და ამ დროს ოჯახებს უუქმებენ დახმარებას, რომელიც ერთ სულზე 25 ლარს შეადგენს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ იმ ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დღეებში კი რასაც ტელევიზიით ვხედავთ, თითქოს როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ასევევ ფინანსთა მინისტრი გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ ძვირადღირებული მანქანები ან წინა წლის განმავლობაში ისეთი შემოსავალი მიიღეს, რომ დახმარებას არ საჭიროებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ მთავრობამ ამ ადამიანებს აღუდგინოს სოციალური დახმარება და შუა ზამთარში არ გაწიროს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.