მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხვალ საქართველოს ოკუპაციის დღეა - 24 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

25 თებერვალი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. ზუსტად 92 წლის წინათ, 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

წინასწარ შედგენილი გეგმით, საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა შენიღბულიყო და რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში არა დამპყრობლის, არამედ მუშებისა და გლეხების მხარდამჭერის სახით უნდა შემოსულიყო, რომლებიც თითქოსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუჯანყდნენ.

თბილისის ასაღებად რუსეთის მე-11 არმია საქართველოსაკენ ჯერ კიდევ 1921 წლის 11 თებერვალს დაიძრა. 16 თებერვალს კი წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთისკენ, თბილისისკენ დაიძრნენ. მას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში ცხარე ბრძოლები გაიმართა. 19-20 თებერვალს ტაბახმელასთან მე-11 არმიას წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია, რომელთაც 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. ქართველებმა თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად, 20 თებერვალს წითელი არმია უკუაგდეს. ბრძოლა 22 თებერვალსაც გაიმართა, მაგრამ ოკუპანტებმა მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს.

23 თებერვალს თბილისში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. დიდი პატივით დაკრძალეს ბრძოლებში დაღუპულები, მათ შორის, მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, პოეტ კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო, რომელიც მოხალისეთა რაზმში იბრძოდა.

24 თებერვალს მტრის რიგები შეივსო, ქართულ ჯარს კი რეზერვები აღარ გააჩნდა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ დასავლეთიდან დახმარება ვერ მიიღო. მშვიდობიან მოსახლეობაში სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მთავრობამ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გადავიდა.

25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია დედაქალაქში უბრძოლველად შეიჭრა. იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის მომზადებასა და განხორციელებაში წამყვანი როლი ქართველმა ბოლშევიკებმა: სტალინმა, სერგო ორჯონიკიძემ და ფილიპე მახარაძემ ითამაშეს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია