[მედიანიუსი]
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოვლისა და მკურნალობის სტანდარტები საერთაშორისო მოთხოვნებს არ შეესაბამება. ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო "რედისონში" კონფერენციაზე გაიმართა.
საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელ და ქართველ ექსპერტებსა და ფსიქიატრებთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს" დაფინანსებითა და ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. ანგარიშის პრეზენტაციას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრებოდა.
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ განაცხადა, გასულ წელს ჩატარებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგმა ცხადყო, რომ გაუმჯობესება ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო და ნაკლებად აისახა სისტემურ მიდგომაზე. დაწესებულებების დიდ უმრავლესობაში კვლავ დამკვიდრებულია მკურნალობის მოძველებული მეთოდები და სამედიცინო პრაქტიკა. ზოგი შემთხვევაში კი აშკარაა გაუარესების ტენდენცია.
მონიტორინგის ყურადღების ცენტრში მოექცა ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ამჟამინდელი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ დაყოფაზე მწვავე და ქრონიკულ პაციენტებად.
ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებები, ერთი მხრივ, იძულებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ე.წ. მწვავე განყოფილებები ყოველთვის მაქსიმალურად იყოს დატვირთული. მეორე მხრივ, ქრონიკული პაციენტების დაფინანსება გაცილებით ნაკლებია, რაც იძულებულს ხდის დაწესებულებას, მაქსიმალურად, ზოგჯერ პაციენტების ინტერესების საწინააღმდეგოდ დააჩქაროს ამ პაციენტის გაწერა. შესაბამისად, დაწესებულებების საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმებსა და ადმინისტრაციებს სტატუსით: "მწვავე ქრონიკული" გარკვეულწილად მანიპულირება. ეს კი ხაზს უსვამს არსებული დაფინანსების სისტემის მოუქნელობას და დაწესებულებების რეალურ საჭიროებასთან შეუსაბამობას.
ანგარიშის თანახმად, ასევე გარკვეულ დაწესებულებებში არ არის მოგვარებული ფსიქიატრიული პაციენტების სომატური და სტომატოლოგიური დაავადების მკურნალობის სისტემა. პაციენტების უმრავლესობას დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარი თავის მოვლა უწევს, თუმცა შემოსავლის და ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელის არქონის გამო, იძულებულია იმყოფებოდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, საჭიროა გაიზარდოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსება და მათ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცეს. სახელმწიფომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უკეთესი პირობების შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. ამასთან, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება ფსიქიატრის დახმარება. ომბუდსმენის თქმით, ოფიციალური მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი 80 000-ს სცილდება, თუმცა შესაძლოა, მათი რაოდენობა მეტი იყოს.
დღეისთვის საქართველოში 5 ფსიქიატრიული სტაციონარი ფუნქციონირებს. სულ მონიტორინგი და კვლევა 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში..