მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
წამალი, რომელიც არც მოგკლავს და არც მოგარჩენს - 21 აპრილი 2013

[myrights.ge]

ყველაზე ძვირად მაინც ჯანმრთელობა ფასობს. ბრძენკაცის სიტყვებია - ყველაზე დიდი ბედნიერება ჯანმრთელობააო. სამწუხაროა, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანებს უჭირთ არათუ ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური სამკურნალო კურსის ჩატარებაც.

ამაში ლომის წილი, სააფთიაქო ქსელის მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და ხარისხს უკავია. საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოში ლამის პირველ ადგილზეა აფთიაქების რაოდენობით. სხვა საქმეა, რამდენად უშუალოდ აისახება ეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.

ყველასთვის კარგად ნაცნობი სურათია, როცა ბოლო დაზოგილი თანხით გამოწერილ მედიკამენტს ყიდულობ და იმედით აღსავსე ხარ, რომ ჯადოსნური ფხვნილი მოგარჩენს და ფეხზე დაგაყენებს. ამ დროს, ქსელში იყიდება ძალიან ბევრი, მეორადი ხარისხის წამალი, რომლიც ეფექტურობაც ორიგინალთან შედარებით ძალიან შემცირებულია. ე.წ. პლაცებოს (რწმენის) ეფექტი თუ არ გამოიყენე, შედეგი არაფრით გექნება.

მაგალითისთვის, ჩვენმა რესპოდენტმა ნუგზარ რ-მ ერთ-ერთ დედაქალაქურ აფთიაქში საბავშვო პარაცეტამოლი იყიდა, ქალიშვილს მაღალი სიცხე ჰქონდა. თან, უცნაური ცხელება იცის ამ ბოლო დროს; თამაშობს, ადის-ჩამოდის და მითუმეტეს, ბავშვი ძნელად რეაგირებს ამ ცვლილებაზე. აფთიაქში ინდური პარაცეტამოლი მისცეს. დაალევინა, მაღალსიცხიანი დააძინეს იმედით, რომ გაღვიძებულ პატარას აღარაფერი შეაწუხებდა. ნურას უკაცრავად, 39,5 გრადუსით გაიღვიძა. მერე, დიდების დოზა პარაცეტამოლი მისცეს და ბავშვი იმდენად ცუდად გახდა, რომ სასწრაფო გამოიძახეს. ამის შემდეგ, ნუგზარმა ზუსტად იცის, რომ ინდური პრეპარატის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამაზე პასუხისმგებელი კი არავინაა.

შუა ასაკს გადაცილებულ ბეჟან შ-ს, ექიმმა პროსტატიტის სამკურნალოდ ტელევიზიით ფართოდ რეკლამირებული „პროსტამოლ-უნო“ გამოუწერა. ისიც დააყოლა, შენ მსუბუქი ფორმა გაწუხებს, 5-6 თვის განმავლობანაში მაინც მიიღე ეს მცენარეული პრეპარატი და შედეგი გექნებაო. ეს წამალი ნელ-ნელა მოქმედებსო. იაფი არ ღირდა აფთიაქში, მაგრამ დაიმედებულმა ბეჟანმა მაინც მოიმარაგა „უნო“ და სმა დაიწყო. თავიდან, როგორც ამბობს,  ყბადაღებული პლაცებო, რწმენის ეფექტი ეხმარებოდა. მერე, რამდენ ხანს მოატყუებდა საკუთარ თავს? მიხვდა, რომ „პროსტამოლის“ ეფექტი ნულს ქვემოთ იყო და მხოლოდ ფულს ხარჯავდა. თავი დაანება და ნაცნობ ექიმსაც უთხრა, რომ სისულელე იყო ამ წამლის მიღება. ექიმმა, მსუბუქ შემთხვევებში ყველანი ამ მეთოდით ვმუშაობთო. ბეჟანი ვერაფერს ამბობს, ეს მედიკამენტი ევროპაში რა ძალის მქონეა, მაგრამ მისი თქმით, ქართული ანალოგი არაფრის მაქნისია.

42 წლის მერაბ ჩ-ს ნევროზული ჩივილები დაეწყო, მათ შორის გულზე. რამდენიმე სახის კარდიოლოგიური შემოწმება გაიარა. ექიმებმა რაიმე დარღვევა ვერ დააფიქსირეს. მსუბუქი წამლები, დამამშვიდებლები სვა და მცირე შედეგიც მიიღო. ბოლოს რაღაც მცენარეული გამოუწერეს. სპეციალურად გაუშვეს ბუნებრივი საშუალებების აფთიაქში, სადაც ერთი ყუთი ორმოცდაათ ლარად იყიდებოდა. სახელი აღარ ახსოვს, მაგრამ წამოიღო. ამბობს, რომ ლარიან ვალიდოლს და ვალერიანს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმ ძვირადღირებულ მედიკამენტს. სანამ ფიზიკური ვარჯიში არ დაიწო, ნევროზულ ჩივილებს მანამდე ბოლო ვერ მოუღო. ყველას ურჩებს, ჯანმრთელი წესით იცხოვრონ და მხოლოდ ექიმების, მითუმეტეს აფთიაქების იმედად ნუ დარჩებიან.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ბოლო შეფასებით, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კონკურენცია არაჯანსაღია. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაახლოებით 6500-მდე მედიკამენტი იყიდება, აქედან დაახლოებით 6000-ის შეძენა ბაზრის 3 მსხვილი კომპანიის ქსელშია შესაძლებელი.

ამასთან, 3 მსხვილი კომპანიის (ავერსი, PSP, GPC) ფასები ფაქტობრივად ერთმანეთის ანალოგიურია. ამ სამი კომპანიის აფთიაქებში არსებულ მედიკამენტებზე ფასებს შორის უმეტესწილად განსხვავება არაა, ან სხვაობა 3 თეთრს არ აღემატება:

აღსანიშნავია, რომ ყოველი ცვლილება ფარმაციის სფეროში მედიკამენტების გაძვირების ან გაიაფების შესახებ, ამ 3 მსხვილ კომპანიაში ერთობლივად ხორციელდება, ხოლო ბაზრის სხვა, წვრილი მოთამაშეები მალევე უბამენ მათ ქმედებებს ფეხს. აქედან გამომდინარე, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კარტელური გარიგებების არსებობა დადასტურდეს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე წლებია ფასებში ფაქტობრივად კონკურენცია არ არსებობს.

ჩვენთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე ამბობს, რომ მედიკამენტების ფასები და ხარისხი სხვადასხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. მისი თქმით, ბოლო დროს ფასების კლების ტენდენციის მიუხედავად, ნიხრები მაინც მაღალია და ეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის დამსახურებაა: „რეალურად ქსელს ორი-სამი ფირმა უზრუნელყოფს. მაგრამ ამ ბოლო დროს ახალი კომპანიები გამოჩნდნენ, როგორც ვიცი, კიდევ ერთი ახალ შემოდის და კლებისკენ მიდის ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“.

მისივე თქით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სავალალო მდგომარეობა უფრო წამლის ხარისხთან არის დაკავშირებული:

„წამლის ხარისხს უპირველესი დანიშნულება ენიჭება. შეიძლება ერთი და იგივე წამალი ერთ ლარიც ღირდეს და ათიც. გასაგებია, რომ ერთლარიანი ადამიანს ვერ მოარჩენს და ჯობს ისევ ათლარიანი მიიღოს. რით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა? წამლის შექმნას და დანერგვას ძალიან დიდი დრო(10-15 წელი) და ფინანსური დანახარჯები სჭირდება. საქართველოს ამის საშუალება არ აქვს. ორიგინალები იქმნება განვითარებულ ქვეყნებში, შეერთებულ შტატებსა დ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. რამდენიმე წლის შემდეგ, მწარმოებელმა შეიძლება პატენტივით მიყიდოს და გენერიკები სხვა ქვეყანამაც აწარმოოს. ჩვენთან ძირითადად ეს გენერიკები, პატენტი შემოდის. მაგრამ დასახელების შეცვლის მიუხედავად, ქიმიური შემადგენლობა, ეფექტი იგივე უნდა იყოს, წესით და კანონით. სინამდვილეში კი ასე არ ხდება. აქაური ხარისხი საწყის მოცემულობას არ შეესაბამება.

კანონი ფარმაციის შესახებ ლიბერალური გახდა და შემომტანებს ნებისმიერი მედიკამენტის შემოტანის საშუალება ეძლევათ. კომპანიამ სამინისტროს მომსახურების წამლის განყოფილებაში ნებართვა უნდა აიღოს. მაგრამ, 1 დღის ვადაში შესაბამისმა სამსახურმა დადებითი ან უარყოფითი პასუხი თუ არ გასცა, შეუძლიათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე წამალი ქვეყანაში შემოიტანონ და მისი რეალიზაცია მოახდინონ. ეს ათდღიანი ვადა, ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის, რომ ვარგისიანობა შეისწავლო. ამ დროს,  აუცილებელია მედიკამენტის ლაბორატორიული შემოწმება, ნამდვილად ექვივალენტურია იგი თავისი ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობით თუ არა. 

ამიტომ, ხშირია არაეფექტური წამლის შემოტანის შემთხვევები. ჩვენი ბაზრის თითქმის 80, 90% გენერიკებით არის წარმოდგენილი. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა მწარმოებელ ქვეყნებში მისი ფალსიფიკაცია ხდება. თუმცა ამ ბოლო დროს იშვიათია შემთხვევა, წამლები ევროპიდან და ამერიკიდან შემოდიოდეს. ძირითადად შემოედინება ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან; ფარმაცევტებს რომ ჰკითხოთ, რა მოხდა, ამ ქვეყნებშიც ევროპული წარმომადგენლობები მუშაობენო. ხარისხი და ეფექტურობა კი დაბალია.

მეორე მხრივ, ჩვენთან წამლით მკურნალობის პროცენტიც ძალიან მაღალია, 40, 50%-ია. ეს მედიკამენტების წარმოუდგენლად მაღალი წილია მკურნალობის პროცესში; როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მედიკამენტის წილი 20-25, ზოგან ევროპაში მხოლოდ 16 პროცენტია. ამის ერთ-ერთი ფაქტორი აქაური წამლების უხარისხობაა, ფალსიფიცირება და არაეფექტურობაა. თავისთავად, ჯერ ძვირია და მერე დიდი რაოდენობით მიღებისას, სასურველი ეფექტი მაინც არ აქვს“. 

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაზე, ზურაბ ფუტკარაძე ამბობს, რომ მთავრობამ ფარმაციის კანონის ლიბერალიზაციას ლაგამი უნდა ამოსდოს:

„წამლისა და ფარმაციის კანონში ლიბერალიზაციის მოთავე ბატონი ბენდუქიძე იყო. ვისაც, როგორც უნდოდა ისე შემოჰქონდა. კარგია საბაზრო-ლიბერალური ეკონომიკა, მაგრამ სამედიცინო ბიზნესს ნაკლებად უნდა ეხებოდეს. ჩვენთან ეს სფერო ისეთივე ლიბერალური გახდა, როგორც სამშენებლო, სოფლის მეურნეობა და სხვ. აქ მეტი რეგულაციებია საჭირო. შეერთებულ შტატებშიც კი, ჯანდაცვის კუთხიტ ბევრი მარეგულირებელი მოქმედებს. ამიტომ კანონი უნდა გამკაცრდეს; ნებართვის, ანალიზის გარეშე, მედიკამენტების შემოტანა არ უნდა ხდებოდეს. ყველა წამლის პარტია ლაბორატორიულად უნდა შემოწმდეს. ამას გარდა, თვითონ ქსელშიც მუდმივი შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს, რაც დღეს არ ხდება. კორუფციულ გარიგებებსაც თუ გამოვრიცხავთ, მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება“.

როგორც ვხედავთ, ქართული ფარმაცევტული ბაზარი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რაც დროული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს. აფთიაქებში თავაზიანი გამყიდველების თავაზიანი ღიმილი და მადლობის თქმა საკმარისი არ არის. ეს ის შემთხვევაა, როცა „მარტო ღიმილი ადამიანს ვერ კურნავს“. შემომტანებმა, მწარმოებლებმა კეთილი უნდა ინებონ და მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მუდმივი საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენონ. დროა, მთავრობამ ამ სფეროს სათანადო ყურადღება დაუთმოს და პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია