მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რას ემსახურება გალის ქართული მოსახლეობისთვის ,,აფხაზური პასპორტების’‘ ჩამორთმევა - 23 ივნისი 2014

უშიშროების გენერლის ვერსიები და შეფასებები

myrights.ge

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის .. ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ მიიჩნევა. მისივე ინფორმაციით, ბევრი მათგანი, ვინც გალის რაიონში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა.    

საქმე ეხება 25-26 ათას ადამიანს _ ამ კატეგორიას არ აქვს უფლება, მისცეს ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში, სანამ არ მოიხსნება ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ძალიან უხეშ დარღვევებს პასპორტების გაცემის პროცესში’‘, _ აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, რომ ისინი, ვინც აფხაზური .. პასპორტები თავის დროზე კანონდარღვევით ანუ ისე აიღო, რომ საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობდა, აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ:

ამ ხალხმა ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზური სახელმწიფო, მაგრამ მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენს კანონებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს“. მისივე აზრით, ნამდვილად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც გაცემულია ადგილობრივ ადმინისტრაციებთან უკანონო კომისიების შექმნამდე. ამასთან, ხაჯიმბა არ იზიარებს დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბათალ ტაბაღუას განცხადებას, რომ არჩევნებიდან მხოლოდ 1 180 ადამიანი მოიხსნა, რომელთა დოკუმენტები ბათილად იქნა ცნობილი: „სახელმწიფოს მეთაურისგან ვითხოვდით, გამოესწორებინა პასპორტების უკანონოდ გაცემასთან დაკავშირებული ვითარება, ეს არ გააკეთა და მოხდა ის, რაც მოხდა. ბათალ ტაბაღუას უნდა ესმოდეს, ეს მხოლოდ საუბრები არ არის. მოთხოვნა შესაბამისობაშია საკანონმდებლო სტრუქტურასთან და თუ საჭირო იქნება კანონის მიღება, მივიღებთ, სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი იძულებული იქნება, ამ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედოს“.

აფხაზეთში მოღვაწე თბილისელი მეცნიერი გია ანჩაბაძე იმედოვნებს, რომ სოხუმში მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამენ: „პრესაში ამის შესახებ იწერება, მაგრამ ეთნოწმენდის შესაძლებლობას ვერ დავუშვებ, დღევანდელ პირობებში ეს რისთვის უნდა გაკეთდეს? ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი ნაბიჯები გადაიდგას“.

რის მიღწევა სურთ ამ ნაბიჯით სეპარატისტებს? _ „ვერსიასაფხაზეთის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ლევან კიკნაძე ესაუბრა.

_ ამ საკითხის მიმართ რამდენიმე ინტერესი იკვეთება: მოსკოვის პოზიცია გასაგებია _ ავიღოთ გადაყენებული ანქვაბისადმი დამოკიდებულება, რომელსაც არასოდეს ენდობოდა, რადგან ანქვაბი კონსტრუქციული კაცია და ეშინოდა, ჩვენთან მოლაპარაკებებზე დამოუკიდებლად არ გამოსულიყო; მეორე _ გალის მოსახლეობა (ძველი და ახალი), ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებს რომ მიაკუთვნეს, ეს, რეალურად, ძველი გალის რაიონია, რომელიც მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული. გალის მოსახლეობას გადამწყვეტი როლი ჰქონდა არჩევნებში, ამიტომ ამით კიდევ ერთი კურდღლის მოკვლა უნდათ, რათა გალის მოსახლეობა უუფლებოდ დატოვონ და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცეთ. მესამე _ აფხაზებსა და, განსაკუთრებით, სეპარატისტ აფხაზებს ყოველთვის დემოგრაფიული შიში აწუხებდათ ანუ გალის მოსახლეობა აფხაზეთში ყველაზე შეძლებულია, მხედველობაში მაქვს სოფლის მოსახლეობა. არ არის გამორიცხული, გალის მოსახლეობამ, დროთა განმავლობაში, იმავე აფხაზური პასპორტით, უძრავი ქონება შეიძინოს გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში... ამას ვერ აუკრძალავენ, ვერც უარს ეტყვიან, რადგან .. აფხაზეთის მოქალაქეა, მაგრამ ხაჯიმბას გახმოვანებული ბოლო ნაბიჯით ქართველებს ამის უფლებასაც ართმევენ. ყველაფერი ეს კომპლექსში უნდა განვიხილოთ და დავუმატოთ ხაჯიმბასა და ყველა სეპარატისტის ,,ტრადიციული სიძულვილი’‘ ქართველების მიმართ _ ისინი ოცნებობენ, აფხაზები ქართველების გარეშე დარჩნენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეისთვის აფხაზეთის ქართული მოსახლეობა თითქმის გაუთანაბრდა აფხაზებს. მოკლედ, აფხაზებს ქართველების უუფლებოდ დატოვება უნდათ...              

_ ოკუპანტები და სეპარატისტები მორიგ ეთნოწმენდაზე რატომ არ წავლენ?              

_ რა საფუძველი აქვთ, გალის მოსახლეობა გამოყარონ, მით უმეტეს, მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, იქ იცხოვროს; ამ ნაბიჯით ისინი ყველაფერს დაარღვევენ (ისედაც დარღვეული აქვთ). ხაჯიმბაც არ ამბობს, ქართველებს გავყრითო, ხომ დააკვირდით, იმას ახმოვანებს, რაც თვითონ სურს. ამით შეიძლება ნიადაგს ამზადებს, მოსახლეობა გახდეს იძულებული, წამოვიდეს და გამოყრა არ დაარქვან. ეს, რასაკვირველია, ჩვენთვის და, მით უმეტეს, გალის მოსახლეობისთვის ძალიან ცუდი პერსპექტივაა.           

_ ამ ფონზე, გალის მოსახლეობის განწყობა როგორია?            

_ მოსახლეობა, რასაკვირველია, უკმაყოფილოა, რომ პასპორტების წართმევა დაიწყება, მაგრამ პროტესტსაც ვერ გამოთქვამს.            

_ როგორია ამ კუთხით თბილისის პოზიცია?         

_ რა უნდა გააკეთოს თბილისმა? ძახილი დაიწყოს, პასპორტები არ ჩამოართვათო? ეს პასპორტი ისედაც უკანონოა, შესაბამისად, გაცემაცა და ჩამორთმევაც უკანონოა. ერთადერთი, თუ ვითარება ისე გამწვავდა, მოსახლეობის გამოყრა დაიწყეს, მაშინ ხმაა ასამაღლებელი _ რაღაც ფორმით უნდა გააფრთხილონ სეპარატისტები, არ მიქარონ და ეს არ გააკეთონ. მსგავს ვითარებას არ უნდა შევურიგდეთ.  

 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია