მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა, ეს დიდი პოლიტიკური მარცხია’‘ - 25 ივნისი 2014

რატომ არ მივიდა არჩევნებზე ჰამლეტ ჭიპაშვილ

myrights.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეულ ოლქებში, სამწუხაროდ, ნაკლები აქტივობა იყო და ამ კუთხით, ხელისუფლების მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ამასთან, პრემიერის შეფასებით, საზოგადოებას ხელისუფლების სრული ნდობა აქვს. ,,ხარვეზებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ, თუმცა ალბათ, წარმოგიდგენიათ, რომ მაღალი აქტივობის შემდეგ, ჩვენი მაჩვენებელი იქნებოდა, ალბათ, 75%-ზე მეტი... ამას ვხსნი იმით, რომ საზოგადოებას აქვს სრული ნდობა ჩვენი ხელისუფლებისა. სპეკულაციები _ რომ ესაა გარკვეული სიგნალი, მესიჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, გარკვეული გაფრთხილება _ აბსოლუტურად გადაჭარბებულია. ასეთი შედეგი არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში არასოდეს მოუპოვებია’‘, _ აცხადებს ღარიბაშვილი.    

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის თქმით კი, მნიშვნელოვანი, შესაძლოა, ისაა, რომ 21 მეორე ტური ,,გვაქვს’‘ და ეს ამომრჩევლის გზავნილია: „მოსულ ამომრჩეველს ცოტა დაბნეულობა შეეტყო, რადგან ხმები ძალიან დაფანტულია... ეს არჩევნები ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვართ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელთან დაკავშირებითაც ამომრჩეველს აქვს კითხვები“.

არჩევნებზე აქტივობასა და მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ექსპერტთა ნაწილს. „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრისდირექტორის, კახა კახიშვილის შეფასებით, თუ ხელისუფლება საზოგადოების იგნორირებას გააგრძელებს, დიდი ალბათობაა, ხალხი აქციებზე ვიხილოთ. რაც შეეხება პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომ შემოდგომიდან საპროტესტო აქციები დაიწყება, კახიშვილი ვარაუდობს, ამ პარტიის მოწყობილი აქციები მასშტაბური ვერ იქნება: „ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას დიდი მასშტაბი ვერ ექნება. შესაძლებელია, ნაციონალებმა აქცია ჩაატაროს იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც უჭერს მხარს; შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილი დაეთანხმოს ნაციონალური მოძრაობის პროტესტის ლოზუნგს, მაგრამ არ მივიდეს“.

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ჩათვალა _ საზოგადოება უბრალო სტატისტის როლში აღმოჩნდა, რომელსაც ხელისუფლება ხანდახან არჩევნების წინ გაიხსენებს ხოლმე:

ხელისუფლება შეეცადა, არჩევნებზე თავისი პოლიტიკური პროდუქცია გაეყიდა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ შეიძინა, რადგან უკვე ვადაგასული იყო. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მხოლოდ მისი კიტრია ნამდვილი კიტრი და ხალხმა თვალდახუჭულად უნდა შეიძინოს _ ყველა ხელისუფლებას ეს პოზიცია ეკავა, მაგრამ საზოგადოება დაიღალა _ ჭამს ,,კიტრს’‘ და არ არის ეს კიტრი, სხვა რამაა. ამჯერად, რადგან ამის შანსი გაუჩნდა, ხალხმა უფრო სერიოზულად გამოხატა უკმაყოფილება. გამოხატვის შანსი საზოგადოებას ნაციონალების მმართველობის დროსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ საარჩევნო გაყალბება ლამის კატასტროფული იყო. ამას ახლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა ადრინდელი მასშტაბით, ამიტომ ხელში შეგვრჩა ის, რაც არის _ საზოგადოება ხელისუფლების უკმაყოფილოა, ტაშს არ უკრავს იმ დეკლარაციებს, რასაც ახმოვანებს და ყველაფერი არჩევნებზე არმისვლით გამოხატა. წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მარტივ რაღაცას რომ ვერ მოაგვარებ, სამაგიეროდ, გადაჭრი ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკუთარი კაბინეტების მოწყობა, პერსონალური მანქანებისთვის დიდი ფულის ხარჯვა, წარმოუდგენელი რაოდენობის პრემიებისა და ხელფასების გამოწერა, დანამატების უზრუნველყოფა... რომელ საარჩევნო აქტიურობაზე უნდა ვისაუბროთ? გასაოცარია მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომ თურმე, კანონის მიხედვით, ხელისუფლებასა და საკრებულოს აქვს შესაძლებლობა, რა რაოდენობის და რამდენჯერაც უნდა, დაირიგოს პრემიები. მგონი, გადაირია ეს ქვეყანა _ იმ ავადსახსენებელ საბჭოთა დროს, პრემიები უკიდურეს შემთხვევაში გაიცემოდა, ისიც წლის ბოლოს, თან ხელფასის ტოლი არ იყო, მისი ნახევარი თუ იქნებოდა, დიდი ამბავი ატყდებოდა. დიდი რაოდენობით პრემიების თვეში რამდენჯერმე ჩამორიგება, შეცდომა- გადაცდომა კი არა, დანაშაულია და, როცა ამას რიგითი ამომრჩეველი ხედავს, არჩევნებზე რატომ უნდა წავიდეს? .. ცდილობ, ჩემზე ფალსიფიცირებული პროდუქცია გაყიდო, რატომ უნდა შევიძინო და ხელი შეგიწყო, ხვალაც იგივე ჩაიდინო? ასე გადაწყვიტა ამომრჩევლის ლამის 65%-მა. ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა, საზოგადოებას იმედი გაუცრუა და ეს დიდი პოლიტიკური მარცხია’‘. 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია