ვის ჯიბეში მიდის ყოველწლიურად 34 მილიონი და რატომაა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებული
myrights.ge
თბილისის ახალი საკრებულოს საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების ინიციატივით გამოდის და ითხოვს, იმის დასადგენად, სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა, რომელიც კომპანიას ბიუჯეტში უნდა შეეტანა, გამოძიება დაიწყოს.
„თბილისს „სითი პარკთან“, ამ ბანდიტურ ორგანიზაციასთან კონტრაქტი 2007 წლის 5 დეკემბრიდან აქვს გაფორმებული და 7 წელია, ძარცვავს მძღოლებს. ვინ არ დაუჭერს მხარს, „სითი პარკთან“ კონტრაქტი გაწყდეს?! ქალაქი რეზინის ხომ არ არის, გაიწელოს. რაც არ ეტევა, არ ეტევა და ტროტუარი რამდენიც უნდა ხაზო, მაინც არ დაეტევა, ,,სითი პარკს’‘ უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ერთი ავტოსადგომი მითხარით, რომელიც ააშენა. ამ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უნდა გაწყდეს. ამასთან, უნდა გამოვიძიოთ, სად მიდიოდა ის უზარმაზარი თანხა, რომელიც ბიუჯეტში უნდა შეეტანა. თბილისში 400 000 მანქანაა და წელიწადში თითო მძღოლი მხოლოდ 50 ლარს იხდის, რაც საერთო ჯამში, 20 მილიონია, ამას, პლუს, 15 მილიონი ჯარიმებიდან, მაგრამ თბილისის ბიუჯეტში მხოლოდ 1 200 000 შეაქვთ. დანარჩენი, 34 მილიონი სადღაც, ვიღაცების ჯიბეში მიდის. აი, ეს ჯიბეებია შესამოწმებელი! პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ეს ფული სად ილექებოდა“, _ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„სითი პარკის“ საქმიანობის დროულ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებაც“ ითხოვს:
„საგულისხმოა, რომ 7 წლის წინ, მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი კვლავაც მიუწვდომელია. გაუგებარია, კომპანიას პარკირების სფეროს მართვის, პრაქტიკულად, მონოპოლიური უფლება რატომ მიენიჭა. რატომაა ხელშეკრულების ვადა კომერციული საიდუმლო და რატომ არაა ასახული აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტის საჯარო ნაწილში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელშეკრულების თანახმად, მერიას აქვს დაშვება „სითი პარკის“ სისტემასა და მის საბანკო ანგარიშებზე დაკვირვებაც დაუბრკოლებლივ შეუძლია. გარდა ამისა, შპს „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების საფასური, უშუალოდ, თბილისის მერიის ანგარიშზე ირიცხება. კომპანია, ექსკლუზიური უფლების გათვალისწინებით, იღებს გადასახადების 40%-ს, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებს ბადებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ფარულ გარიგებამდე მივყავართ, სადაც კონკრეტული პირების მიერ „სითი პარკის“ საქმიანობის საკუთარი და მატერიალური ინტერესების შესაბამისად გამოყენება იკვეთება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია მერკანტილური ფინანსური ინტერესების შესაბამისად. შესასწავლია, რა ფარული შეთანხმება არსებობს მერიასა და „სითი პარკის“ მფლობელ კომპანიას შორის. ორგანიზაცია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს „სითი პარკის“ საქმიანობა და, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების დეტალები გაასაჯაროოს“.
,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, დამოუკიდებელი ავტოექსპერტი რობერტ იანტბელიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილი არ იქნება: „მე, მაგალითად, ახალი, დაუინტერესებელი და გაუსვრელი ადამიანებისგან კომპეტენტურ ჯგუფს შევქმნიდი და მოკვლევის შემდეგ დავდებდი დასკვნას, რატომ უნდა გაუქმდეს ,,სითი პარკთან’‘ არსებული ხელშეკრულება. სანამ ის დაინტერესებული ჩინოსნები, ვისი ნებითაც ნებართვა გაიცა, თავის ადგილას არიან, რამის თქმას ან გაკეთებას აზრი არ აქვს. მერიაში ახალი ხელმძღვანელობა უნდა მოვიდეს და დავას აზრი მერე ექნება’‘.
ამავე კონტექსტში შეგახსენებთ მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებას, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, „სითი პარკს“ შეზღუდვები დაუწესდება. მისივე თქმით, თბილისში „სითი პარკისთვის” განკუთვნილ ადგილებს არა კომპანია, არამედ ქალაქის სატრანსპორტო სამსახური განსაზღვრავს. ნარმანიას განცხადებით, „სითი პარკი” საცობების მხრივ ბევრ პრობლემას ქმნის _ პარკირებისთვის სავალი გზის ნაწილი აქვს დაკავებული, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.
კომპანია ,,სითი პარკში’‘ კი აცხადებენ, რომ სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში სწავლობენ ადგილებს, შემდეგ, კომპანიას აძლევენ სიას, სად შეიძლება გაკეთდეს მონიშვნები და ამკრძალავი ნიშნები, რისი მოწესრიგების შემდეგ, კომპანია პარკირების ოპერირებას იწყებს. კომპანიაში საცობებთან დაკავშირებით ,,ვერსიას’‘ განუმარტეს, რომ გზებზე საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება, პარკირებაზე არასწორად გაჩერებული ერთი ავტომობილი გახდეს, რომელიც ათეულობით ავტომობილს აფერხებს. ,,სითი პარკის’‘ ცნობითვე, გასულ წლებთან შედარებით, მოსახლეობამ პარკირების წესების დაცვა დაიწყო. „მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კომპანიის მიზანი არ არის ავტომობილის დაჯარიმება, ჩვენი საქმე წესრიგის დაცვის კონტროლია“, _ დასძენენ „სითი პარკში“.
მერაბ ბერიძე
წყარო: versia.ge