მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თეა წულუკიანი: „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის ის, რაც უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან“ - 23 ოქტომბერი 2014

ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან

ნატალი ვანდისტადი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 27 ივნისს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე, რათა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი გახდეს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამ თვეზე ნაკლები დროით სურთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასვლა. 17 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრებთან. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი 2015 წელს დასრულდება.

რომელი რეფორმების განხორციელება გახდა აუცილებელი და გადაუდებელი?

პერსონალური მონაცემების დაცვის, უსაფრთხო დოკუმენტების და, უპირველეს ყოვლისა, მიგრაციის საკითხების მიმართულებით. 1 სექტემბრამდე საქართველოს, ფაქტობრივად, არ ჰქონდა წესები. ნებისმიერს შეეძლო ქვეყანაში შემოსვლა და დარჩენა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გასული წლის მარტში ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში. ის დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ დანიშნული სლოვენიელი ექსპერტის მიერ. კანონი სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც ასოცირების ხელშეკრულების წინ ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო. აქამდე უცხოელ ტურისტებს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ, ერთი წელი შეეძლოთ საქართველოში დარჩენა. ეს წესები შეიცვალა, რადგანაც არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. ამჟამად ევროკავშირის ან ნატო- წევრი ქვეყნების, ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ..) მოქალაქეებს საქართველოში ისევ შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა მხოლოდ 90 დღის განმავლობაში. მათთვის, ვისაც სწავლა და მუშაობა სურს საქართველოში, კანონი ადგენს ბინადრობის ნებართვის აღების წესებს: პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რაც აქამდე სავალდებულო არ იყო. ჩვენ, ასევე, შევქმენით გაძევების ეფექტური სისტემა იმ პირებისთვის, ვინც უკანონოდ იმყოფება ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც აქამდე გაძევება საქართველოდან საერთოდ არ ხორციელდებოდა.

რამდენი უცხოელი მოქალაქეა საქართველოში?

− 1 სექტემბრის მონაცემებით, ჩვენ გვყავდა მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონე 8000 უცხოელი (რომელთაც არ ეხებოდათ ახალი წესები), 6000  დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე უცხოელი (მათ შეეხებათ წესები ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ) და, ასევე, ვიზის საფუძველზე შემოსული 4000 უცხოელი. მაგრამ არიან, ასევე, 1 სექტემბრამდე შემოსული უცხოელებიც, რომელთა რაოდენობის დაზუსტება ჩვენ არ შეგვიძლია. ვითარება ამ მხრივ საკმაოდ ქაოტური იყო და სწორედ ამის გამოსასწორებლად ვიმუშავეთ ევროკომისიასთან.

როგორ ფიქრობთ, როდის გახდება შესაძლებელი იმ სავიზო რეჟიმის მოთხოვნების ლიბერალიზაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს სამთვიანი ვადით დარჩენის უფლება მიეცემათ?

რაც შეიძლება მალე. იმედი მაქვს, რომ ჩვენ წელს შევძლებთ განხილვების პირველი ეტაპის დასრულებას და დავიწყებთ მეორე ეტაპს, რომელიც მოთხოვნების თვალსაზრისით უფრო საპასუხისმგებლო იქნება. კომისია გააკონტროლებს ჩვენ მიერ ამ პროცესის საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციური პლატფორმის შესაბამისად და პერმანენტულად განხორციელებას. ვიმედოვნებთრომ რეალურ შედეგს 2015 წელს მივაღწევთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოთხოვნები დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში და ევროპასთან მეტად დაახლოებაში.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივები აქვს თქვენს ქვეყანას ევროკავშირში სამომავლო გაწევრებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუნკერის კომისიამ გამორიცხა კავშირის გაფართოება ხუთი წლის განმავლობაში?

ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთგვარი სტატუსია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. პირველი ეტაპი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოიცავს, რაც უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და მოგვამზადებს, რათა კარგი წევრი-სახელმწიფო გავხდეთ მომავალში. ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ახლა საქართველოში ბრუნდებიან სამუშაოდ. ისინი უფრო ადვილად პოულობენ სამუშაო ადგილს, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში. მათი რიცხვი არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ თავად ტენდენცია სახეზეა. ხოლო 2004 წლიდან, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ქართველების 70% მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრებას ევროკავშირში, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ზოგიერთ სფეროში ჩვენ დასავლეთ ევროპის გარკვეულ ქვეყნებზე უკეთეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ; მაგალითად, ანტიკორუფციის, ელექტრონული მმართველობისა და ადმინისტრაციული გამჭვირვალობის კუთხით. ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი, მათ შორის, სასამართლო სფეროში, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რათა განმტკიცდეს სამართლებრივი სახელმწიფო, დამყარებული ინსტიტუტებზე და არა - ცალკეულ ინდივიდებზე. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენ უფრო გაგვიადვილდება ევროკავშირში ინტეგრაციაზე მსჯელობა.

რას იტყვით რუსეთის ზეწოლის შესახებ?

− ზეწოლა არსებობს, თუნდაც, იმ ფაქტის გამო, რომ რუსული ტანკები კვლავ რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა ჩვენი დედაქალაქიდან. იყო გარკვეული დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის გარშემო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდეც, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ხელმოწერისას ზურგს გვიმაგრებდა. მას შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თანამშრომლობის შეთანხმება შესთავაზა, რომელიც სამხედრო სფეროსაც მოიცავს. ამ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის ანექსიად ჩაითვლება. თუმცა, ამ ეტაპზე ხელმოწერის თაობაზე ერთსულოვნება არ არის მიღწეული აფხაზებს შორის, ხოლო საქართველოში ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გადავშალოთ 2008 წლის აგვისტოს ომის გვერდი და  დავიწყოთ ახლის წერა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია