მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უვადო პატიმრის დედა შვილის დანაშაულს არ აღიარებს და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს - 14 თებერვალი 2016

„თუ სამართალს ვერ ვიპოვი და ჩემს შვილს ვერ დავიბრუნებ,  ქუჩაში თავს დავიწვავ“

myrights.ge

რედაქციას უვადო პატიმრის დედამ, სვეტა ჩხეტიანმა მომართა, რომელიც შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს. საქმე ეხება 2004 წლის 15 ნოემბერს კოჯრის ტყეში განხორციელებულ საზარელ მკვლელობას, რასაც შეყვარებული გოგო და ბიჭი ემსხვერპლა. დანაშაულში ბრალდებულ სპეცნაზელ ნიაზ ჩხვიმიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ისევე როგორც დედა, პატიმარი დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებს და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს.   

„ქრონიკა პლუსი“ უვადო პატიმრის დედას, სვეტა ჩხეტიანს ესაუბრება: 

- ჩემი შვილი, ნიაზ ჩხვიმიანი სრულიად უდანაშაულოა. ამის მოწმედ 9 სპეცნაზელი და ერთი ინსტრუქტორი ჰყავს, განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმის თანამშრომელი იყო. იმ დროს კარანტინს რომ გადიოდნენ, ამის დამადასტურებელი ყველა გერბიანი საბუთი მაქვს.  

როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს და პროკურატურამ საქმის შეკერვა დაიწყო, ამას ვერაფრით წინ ვერ აღვუდექით. იცით, მაშინ როგორ ხდებოდა საქმეთა ასეთი შეკერვები. უდანაშაულოს ამდენი მოწმე, მათ შორის, ამის დამადასტურებელი ინსტრუქტორი ჰყავდა და არაფრით არ მოგვისმინეს. 

- როდის დააპატიმრეს თქვენი შვილი? 

- 2004 წლის 15 ნოემბერს კოჯრის ტყეში გოგო-ბიჭი მოკლეს, ეს გახმაურებული ამბავი იყო. ისინი დახოცეს და იქვე სადღაც ხრამში მიაგდეს. ამ დროს, 2004 წლის 11-დან 21 ნოემბრამე, ჩემი შვილი სამსახურში კარანტინს გადიოდა. სამხედრო აკადემია დაამთავრა თუ არა, კოჯრის განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმში წავიდა. კარანტინის გავლისას კი, მუხლის ტკენის გამო იქ რაღაც კურსს ჩამორჩა.

ცალკე 10 სპეცნაზელი, ვინც ასეთი პრობლემების გამო მცირედ ჩამორჩა, აღნიშნულ კურსს ერთად გადიოდა. ამისთვის ათდღიანი კარანტინი იყო გამოცხადებული. ინსტრუქტორი დილით და საღამოს სიას იკითხავდა და პლუსებს აკეთებდა, ოთახის დატოვების უფლებაც არ ჰქონდათ. ფიზიკური გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდათ და თეორიულს აბარებდნენ. 

იმ ოთახიდან, სადაც ფანჯრებს გისოსები ჰქონდა, რკინის კარები იკეტებოდა, გასვლის უფლება არ ჰქონდათ, რათა გამოცდა ბოლომდე ჩაებარებინათ. მერე , 2005 წლის ივნისში დაიჭირეს ჩემი შვილი. მანანამდე პირნათლად მსახურობდა, ცხინვალში იბრძოდა, კარგი მონაცემებისთვის ორდენით დააჯილდოვეს. სულ თავის სამსახურში იყო. როცა მკვლელი ხარ, ადგილზე ხომ არ იმყოფები? ამ დროს ხომ ყველა სადღაც გარბის და ის მკვლელი არ ყოფილა. ჩემს შვილს ეს არ ჩაუდენია და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 

მთელი კოჯრის სპეცრაზმმა იცის, რომ  მკვლელობა არ ჩაუდენია, ჩხვიმიანი იქიდან არ გასულა. 

- მაშინ რა პირობებში დააკავეს? 

- მინისტრ მერაბიშვილს სამი თვის დაწყებული ჰქონდა სამსახური და... - ჩემი პრესტიჟისთვის ეს საქმე უნდა გაიხსნასო. თავიდან ამ საქმეს იძიებდა გარდაბანი. გენერალურ ინსპექციაშიც განცხადება, საჩივარი  მაქვს დაწერილი, რომ ვიღაცებს ხელს აფარებდნენ, ვიღაცებისგან ქრთამი აიღეს, კრიმინალებისგან. მთელი მითქმა-მოთქმა იყო აღნიშნულ საქმეზე. 

საქმეს გარდაბნის რაიონი რომ იძიებდა, ვიღაც კრიმინალს ათქმევინეს, რომ არსებობდა მკვლელობის იარაღი და ვინმე ჩხვიმიანს ვაჩუქეო. ვიღაცამ ვიღაცას რაღაც აჩუქა და ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ მაინც და მაინც კოჯორში ჩემს შვილს აჩუქეს იარაღი? 

გამოძიების ამ ნაპერწკალზე დაძებნეს კოჯორში და იქ მარტო ჩემი შვილი აღმოჩნდა ჩხვიმიანი, სხვა იქ არავინ იყო და ხელი მოკიდეს. მერე პროკურატურამ მოწმედ ზაკუტოვი იპოვა. როცა ეს ზაკუტოვი დაიჭირეს და ამაზე ოქმი დგებოდა, თითქოს მან აღიარა, რომ ჩხვიმიანი და თვითონ ამ ხალხს (გოგოს და ბიჭს) ერთად ხოცავდნენ. სანამ მოწმე ზაკუტოვი ჩვენების მიცემას დაამთავრებდა, მანამდე ჩხვიმიანი უკე დაჭერილია. ჩვენების პროცესის დამთავრებამდე როგორ აპატიმრებენ ადამიანს? ეს კონსტიტუციურად კანონის დარღვევა ხომ არის? პირი თუ ხელს ადებს, ჯერ ჩვენება უნდა დამთავრდეს და კოჯორში ეჭვმიტანილის წინასწარ დასაჭერად წავიდნენ? 

საწყალ ზაკუტოვს სცემეს. მე რომ ვკითხე, - რატომ გვღუპავ, რა გინდა ჩვენგან-მეთქი, - არ ვიცოდი, ვინ იყო ნიაზ ჩხვიმიანი, სანამ პროკურატურამ არ ჩამომიმყვანაო, - მიპასუხა. მისმა დამაც იგივე მითხრა. მერე რვა საათი მცემდნენ, მაწამებდნენ, რომ სწორედ ჩხვიმიანის სახელი და გვარი მეთქვა, ასე ძალით მათქმევინესო. 

მერე გარდაბანში, ბადრაგირების დროს თქვა, სიმართლეს მაინც ვიტყვიო. მაშინ ადვოკატად ზურაბ ჯორბენაძე მყავდა. მოსამართლეს მოვახსენეთ, რომ უსაფრთხოების პირობები შეექმნა და მოწმე ზაკუტოვი საქმესთან დაკავშირებით სიმართლეს იტყოდა. მოსამართლემ გაგვცა პროკურატურაში, რომ ზაკუტოვი სიმართლის თქმას აპირებდა. ამის შემდეგ მთელი ღამე უცემიათ და მეორე დღეს გაუბედურებული მოიყვანეს სასამართლოზე ზაკუტოვი და ისევ რეალურ ჩვენებაზე უარი ათქმევინეს. 

აი, წინა ხელისუფლების პირობებში ასე ამუშავებდნენ ხალხს. 

- ზაკუტოვიც სპეცნაზელი იყო? 

- არა, 19 წლის ზაკუტოვი (ნასამართლები იყო და პირობითი ჰქონდა მიღებული) იმ დროს გაწვეული ჯარისკაცი იყო. ჩემი შვილი კი სპეცაკადემიადამთავრებული, განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმის ჯარისკაცი. მათ კოჯორში ერთმანეთთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ. როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა ნაწილებში იყვნენ. 

- ზაკუტოვი სად მსახურობდა? 

- ისიც კოჯორში, მაგრამ იქ სპეცნაზელებისთვის ცალკე შენობებია და ჯარში გაწვეულებისთვის - ცალკე. ზაკუტოვი ჩემი შვილისთვის უცნობი იყო. 

- მკვლელობა რა პირობებში მოხდა? 

- გოგოს ყოფილი ქმარი ჰყავდა, რომელიც მას მანქანას თუ კიდევ რაღაცას ედავებოდა. იმ დღეს მასთან ტელეფონის ზარები იყო დაფიქსირებული, თურმე ურეკავდნენ და იბარებდნენ კოჯორში. მარტო არ ენდო ის გოგო და 19 წლის შეყვარებული ბიჭი თან წაიყვანა. ისიც ზედ დააკლეს. 

ზაკუტოვი როცა ჩვენებას ცვლიდა (მას პროკურატურა აწამებდა), თქვა, რომ ჩხვიმიანმა მითხრა, 500 ლარის თუ დოლარის ვალი მაქვს, წავიდეთ ტყეში და ფული მაშოვნინეო. წარმოიდგინეთ, ეს ხდება ნოემბრის თვეში, - კოჯრის ტყეში ფული მაშოვნინეო. ეს როგორ უთავსდება ერთმანეთს, როცა ჩემს შვილს ხელფასი 932 ლარი ხელფასი ჰქონდა? მერე, ერთ-ორ თვეში ცოლის მოყვანას, დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა და მის მზადებაში ვიყავით. რა ვალი, რის ვალი, მსგასი არაფერი ყოფილა. 

ზაკუტოვმა თქვა, - წავედით, ფული უნდა გვეშოვა, მანქანაში გოგო და ბიჭი რომ დაინახა, გადმოსვლა მოსთხოვა და ორივე მოკლაო. ეს ყველაფერი მას ათქმევინეს. ამის შემდეგ, მოკლულებს რაც კი ძვირფასეულობა ჰქონდათ, ზედ ეკეთათ, არაფერი მოუხსნიათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი მოტივის დასახელება? 

ორი კაცი ფულის საშოვნელად მოკლა, ძვირფასეულობა არ მოხსნა და უკან ისე წამოვიდა? თან შუაგულ ტყეში ელოდებოდა მათ ნოემბრის თვეში? მოკლულები მესამე დღეს რომ იპოვეს, ტყეში უკვე თოვლი იდო. 

ვიმეორებ, მოკლულები გაძარცვულები არ ყოფილან, ზედ ეკეთათ ყველაფერი. ჩემს შვილს 900 ლარზე მეტი ჰქონდა ხელფასი. ასევე ღორებს ვზრდიდი, რას არ ვაკეთებდი. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. სოხუმიდან დევნილი ვარ, 4 შვილი გავზარდეთ მე და ჩემმა მეუღლემ პატიოსანი შრომით. 

რას ჰქვია, ვალი მქონდა? 1500 დოლარად ცხენი მყავდა მარტო შეფასებული. ვალი თუ გაქვს, იხდი დამიანი და ამისთვის, 500 ლარისთვის კაცს კლავ? ლოგიკა სად არის? 

- მანამდე თქვენ შვილს ამ ადამიანებთან არანაირი შეხება არ ჰქონია? 

- აბსოლუტურად უცნობები იყვნენ ჩემი შვილისთვის. იმ დღესაც, მანქანა რომ კოჯრის ტყეში ასულა, ჩემი შვილი ოთახიდან საერთოდ არ გამოსულა. ხაზს ვუსვამ, 9 სპეცნაზელი და ერთი ინსტრუქტორი მოწმედ ჰყავს. 

- თავიდან საქმე გარდაბანმა რატომ განიხილა? 

- კოჯორი მაშინ გარდაბანს ეკუთვნოდა. მერე დაზარალებულებმა აცილება მისცეს და ქალაქის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. მაშინ ისეთ გამომძიებელს მიგვაბარეს, 3-4 თვე იყო, რაც მუშაობა დაწყებული ჰქონდა. და აი, როცა ბრძანება მისცეს, საქმეს გავხსნიო და აბდა-უბდა, უზროდ მისდგა ყველაფერს. რაღაც კრიმინალური დაჯგუფების ჩვენება იდო გარდაბანში, რომ მკვლელის რაღაც იარაღი არსებობდა და ვიღაც წერს, რომ ეს ჩხვიმიანს ვაჩუქეო. საუბარია ჩვენთვის სრულიად უცნობ პიროვნებაზე. 

ამ დროს მკვლელობიდან იარაღი არ არის ამოღებული. ისე აბრალებენ, თითოს ეს იარაღი მას ჰქონდა. ეს დაფიქსირებული არ არის, არსად არ დევს. სამსახურის იარაღი კი მას ნამდვილად ჰქონდა. 

ამ ფონზე, სამჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე, ჩემი შვილი დღემდე უვადო პატიმრობაში იმყოფება.    

- როგორ წარიმართა მაშინ პროცესი? 

- გარდაბნის პროკურორმა განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მოგვცეს, თორემ უმაღლეს სასჯელს მოვითხოვო, -  ციხეში თვითონ ხომ არ ჩავჯდებიო. მერე დავა რომ წავიდა, 39-ჯერ სასამართლოებში გვატარეს. ჩემი შვილი აღიარებით ჩვენებას როგორ მისცემდა იმაში, რაც არ ჩაუდენია? 

მიუხედავად ამისა, გარდაბანში ჯიბრში ჩაგვიდგნენ და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი იყო და მის ხელში როგორც ჩემი შვილი, ასევე ბევრი სხვა დაღუპულია. 

- როდის მიესაჯა ეს უვადო პატიმრობა? 

- 2005 წლის 27 ივლისს დაიჭირეს და 2006-ის 18 დეკემბერს უვადო პატიმრობის სასჯელი გამოიტანეს. და ამდენი ხანი, 7-8 თვე, როგორც  სპეცნაზელი, ჩემი შვილი მატროსოვზე ხომ უნდა ყოფილიყო? ამ დროს მეშვიდეში ჰყავდათ, სადაც აწამებდნენ. 

თვითონ აქვთ ასეთი ტერმინოლოგია, რომ ქურდებთან არ უნდა ისხდნენ, რადგან ე.წ. „პაგონიანისთვის“ მატროსოვი იყო. შეგნებულად ჰყავდათ მეშვიდეში, რომ უკეთესად ეწამებინათ. 

- ამჟამად სად იხდის სასჯელს? 

- ახლა, რაც მთავრობა შეიცვალა, გლდანში, მერვეშიაა. მანამდე რუსთავში, მეექვსეში იყო. 

- დღეს თქვენი მოთხოვნა რაში მდგომარეობს? 

- ვაცხადებ: მე დედა ვარ, ეს ერთი ბიჭი მყავს და სამი გოგო. გოგოები გათხოვდნენ და სახლში მარტო ვარ დარჩენილი. შარშან უვადო პატიმრებმა 28 დღე იშიმშილეს. შარშანწინაც იშიმშილეს, რადგან ეს მთავრობა გვპირდებოდა, რომ საქმეები გადაიხედებოდა; აუცილებლად შეიქმნებოდა კომისია უვადო პატიმრებთან დაკავშირებით. ერთი მეოთხედი მაინც შეხებოდა პატიმრებს და მათთვის ეს უვადო სასჯელი არ ყოფილიყო. ასე გვპირდებოდნენ, ეს მთავრობა სათავეში რომ მოდიოდა. 

ახლა ჩემი ბოლო სიტყვა ასეთია: ყველა საფიცარს გეფიცებით, რომ თუ სამართალს ვერ ვიპოვი და ჩემს შვილს ვერ დავიბრუნებ,  ქუჩაში თავს დავიწვავ. თუ მსხვერპლი სჭირდებათ, როგორც ეს გამწარებულ ვაზაგაშვილს დაემართა და ენუქიძე თავის შვილს საფლავზე დააკვდა, ასე გავაკეთებ მეც - ქუჩაში თავი უნდა დავიწვა. სხვა გზა არ მაქვს, რად მინდა სიცოცხლე ჩემი შვილის გარეშე. 

შაქარი დამემართა, ღვიძლი მაწუხებს, ჯანმრთელობა მორყეული მაქვს. არ შემიძლია ამაზე მეტი, ამ უკანონობის ტარება. ივლისში უკვე 11 წელი გადის. 

- მაგრამ ეს ხომ არ არის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან? 

- რა ვქნა, ტელევიზორით ვიხვეწები, შეხვედრებით ყველას ვხვდები, ვემუდარები. შარშან 77 უვადო პატიმრის შიმშილობას სხვა პიტიმრებმა მხარი აუბეს, უთანაგრძნობდნენ, და ჩვენ, მშობლებიც ქუჩაში გამოვდით. 

ეკა ბესელია დაგვპირდა, - პროკურატურაში შევქმნით კომისიას, რომელიც ამ უვადო პატიმრების საქმეებს გადახედავსო. არ ვამბობ, რომ ყველა უნდა გამოვიდეს, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. მაგრამ მათაც უვადო პატიმრობა არ ეკუთვნით. ჩვენნაირად ბევრს შეკერილი აქვს საქმე. ბევრს ხუთი წელი ეკუთვნის და უვადო სასჯელი აქვს. ეს ხელისუფლებას სჭირდებოდა მაღალი მონაცემები, რომ გრანტები მეღო. ამ გზაზე ჩვენ დაგავაქციეს და დაგვღუპეს. 

- ბოლო დროს, ამ საქმესთან დაკავშირებით ვის მიმართეთ და რა პასუხი მიიღეთ? 

- პატიმრების მშობლებმა სახალხო დამცველს, პარლამენტს მივმართეთ, ყველგან წერილობით გაცხადებული გვაქვს. პროკურატურიდან დაწყებული, ყველა შესაბამის ორგანო საქმის  კურსში ჩავაყენეთ. 

მამა მოსემ, რომელსაც ჩემი შვილი აღსარებას აბარებს, წერილობით მიმართა პრეზიდენტსაც, ბესელიასაც, რომ ნიაზი აღმსარებელი და უდანაშაულოა. ამ დროს არავინ მისმენს და რა უნდა მოვიმოქმედო? 

დაპირება რომ იყო ერთ მეოთხედზე, ის მაინც შეასრულონ. უვადო კი არც ერთს არ ეკუთვნის, მხოლოდ წლები ეკუთვნით. ასეთ დროს ვიფიქრებ მაინც, რომ ამდენი წელი ციხის კართან უნდა გავძლო, როცა ჩემი შვილი დამნაშავეა. მაგრამ ჩემი უდანაშაულოდ ზის და იმის უფლებაც არ მაქვს, ამ წლებზე ვიფიქრო. 

მე გავძლებ ციხის კართან და შვილს საჭმელს შევუტან, რომ მან იქ გაძლოს. ეს დამნაშავე რომ იყოს და უდანაშაულოზე წლებზე ფიქრის უფლებასაც კი არ მიტოვებენ. 

ახლა 76 უვადო პატიმარია, 77-ეს მოუხსნეს. აქამდე მეტი, 108 უვადო იყო, თურქეთმა თავისი პატიმრები მოითხოვა და ერთ დღეში აქედან წაიყვანა. მერე და მერე რამდენიმეს პარლამენტში პატრონი აღმოაჩნდა. სულ გაქრნენ ისინი ამ უვადო პატიმრობიდან. ღმერთო, ყველა გამოსულიყო ციხიდან, მაგრამ ეს შერჩევითი საქმე ხომ არ უნდა იყოს?

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია