მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პანდემიის პირობებში წულუკიანმა 160 მედმუშაკი გაათავისუფლა, რომელთა უკან 160 ოჯახია - ნატალია პაპაშვილი - 06 ნოემბერი 2020

პირდაპირ ვიტყვი - არჩევნები ტოტალურად გაყალბდა

ufleba.ge

,,ufleba.ge” ,,პროგრესული საქართველოსმთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნატალია პაპაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო ნატალია, მოდით საუბარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებით დავიწყოთ - სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად თქვენი პარტია მიიჩნევს თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა? 

- დიახ, პირდაპირ გეტყვით - არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

წარმოიდგინეთ, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში გუშინდელი დღის მონაცემებით სულ 292 ხმა მქონდა აღებული, რაც არის წარმოუდგენელი რამ. რატომ? მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს რომ მოეცათ ხმა, ამაზე მეტს მაინც ავიღებდი.

იგივე შემიძლია ვთქვა სხვა რაიონებზე. ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორ-ორი ხმა უწერიათ, რაც სრული აბსურდია.

მაგ: ათენიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან საკმაოდ ბევრ ხმას ველოდებოდით - ჯამში პარტიას ორი ხმა გვიწერია.

ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატ ლავრა ტაკიძეზეც იგივე შემიძლია ვთქვა - ორი ხმა დაუწერეს, მაშინ როცა მინიმუმ 5 ოჯახის წევრი ჰყავს. ალბათ, გესმით რას ვამბობ. ეს არის ცინიზმი და სხვა არაფერი.

ვფიქრობ, ყველაზე მეტი ხმა პატარ-პატარა პარტიებს მოპარეს. დიახ, ,,ქართულმა ოცნებამჩვენი ხმები მიისაკუთრა.

- რას აპირებთ, როგორ უნდა დაიცვათ ხმები და უერთდებით თუ არა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას?

- რა თქმა უნდა, ვუერთდებით, ორი აზრი არ არსებობს.

იცით, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - დავიცვათ ხალხის ღირსება. ჩვენ, პირველ რიგში, ამომრჩევლის ხმებს, ადამიანების ღირსებასა და უფლებას ვიცავთ. ცხადია, აქციას არ გამოვაკლდებით. ვიმეორებ, ეს  ოპოზიციური პარტიების ერთობაა. ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ეს ადამიანების უფლებებისა და ღირსების დაცვაა. დიახ, ხალხის თავისუფალი არჩევანისა და ხმების დაცვა.

- ,,ქართული ოცნებაშიაცხადებენ, რომ ოპოზიცია სახელმწiფო გადატრიალებას გეგმავსეს იქით იყოს და გამორიცხავთ, რომ ქვეყანაში ვითარება  დაიძაბოს?

- ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირების წინააღმდეგი ვართ. ეს ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ქვეყნაში შექმნილი ვითარების გამოსწორება მშვიდობიანი, ვადამდელი არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ეს გარდაუვალია. და საერთოდაც, საკმარისია ამდენი უსამართლობა.

თქვენ იცით, რომ მე პროფესიით ექიმი ვარ და წლების განმავლობაში საექიმო საქმიანობას პენიტენციურ სამსახურში ვეწეოდი. იქ ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, საიდანაც ქალბატონმა თეა წულუკიანმა უმიზეზოდ და ყოველად დაუსაბუთებლად გამომისტუმრა. თეა წულუკიანმა .. რეორგანიზაცია ჩაატარა, რომელიც 2020 წლის 30 აპრილს 160 თანამშრომლის მასობრივი გათავისუფლებით დასრულდა.

- ატომ გაგათავისუფლათ, რა იყო მიზეზი ?

- გაგეცინებათ და არ ვიცი. დიახ, დღემდე არ ვიცი რატომ გამათავისუფლა სამსახურიდან, თანაც გაქანია პანდემიის დროს. ადგა და გააკეთა ეს.

ჩვენ ყველას გათავისუფლების ბრძანებაში მიზეზი რეორგანიზაცია ჩაგვიწერეს. და ვინც არ იცის ვეტყვი, რომ არ შეიძლება რეორგანიზაცია განხორციელდეს ისეთ სისტემაში, სადაც მუდმივად მედპერსონალის და კადრების დეფიციტია. და ეს რომ ასეა, ამაზე სახალხო დამცველს არაერთხელ უთქვამს.

დიახ, ამ სისტემაში მედპრსონალის სიმცირე მუდმივად იყო და იქნება. მართალია, ვაკანსიები ყოველთვის იყო, მაგრამ გადინება უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე შემოდინება.

507 თანამშრომელი ვიყავით დასაქმებული (საექიმო საქმიანობას ვგულისხმობ) და ვიყავით ძალიან ცოტა, ანუ მუდმივად გვაკლდა კადრი. წულუკიანმა კი კიდევ უფრო შეამცირა კადრების ოდენობა. დღეს, სწორედ ამიტომ პენიტენციურ დაწესებულებებში მედპერსონალის რესურსი საერთოდ არ არსებობს.

- კი მაგრამ, რატომ დატოვა 160 კვალიფიციური კადრი უმუშევარი, სხვა პერსონალით ჩაანაცვლა? რა იყო გათავისუფლების რეალური მიზეზი მეორედ გეკითხებით ან არ გააპროტესტეთ?

- არ ვიცი, მას ჰკითხეთ. იმასაც გეტყვით, რომ მე მე-8 და მე-6 დაწესებულებაში ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, მე-6 დაწესებულება ყველაზე მკაცრი რეჟიმისაა. მე, საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ექიმის მოვალეობასაც კი ვასრულებდი. ისე ოჯახის ექიმის პოზიციაზე ვმუშაობდი.

გავმეორდები, ჩემი გათავისუფლება დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება იყო. მართალია, მე ეს არ გამიპროტესტებია, აღარ ჩავყევი ბოლომდე, აზრს ვერ ვხედავდი, თუმცა სხვებმა გააპროტესტეს. ბევრმა მათგანმა სასამართლოს მიმართა, მაგრამ ამ დრომდე სამართალი ვერ იპოვა. ცხადია, სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

და ყველაზე საინტერესო რა იყო იცით? ბატონი გახარია, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა პანდემიის ფონზე კერძო სექტორსაც კი, რომ არ მომხდარიყო კადრების გათავისუფლება, აი, ამ ქალბატონმა სწორედ ამ დროს საჯარო სამსახურიდან 160 თანამშრომელი უმიზეზოდ გაუშვა.

ამ ადამიანებმა ბატონ გახარიას განცხდებით მიმართეს, თუმცა პასუხი დღმდე არ მიუღიათ. რა უნდა ვიფიქროთ?

წულუკიანმა ეს სისტემა მთლიანად ჩამოშალა, კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ, თავს ვიკავებ უბრალოდ

ერთს ვიტყვი, დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტი საერთოდ არ არსებობს. და რა მაღალ სტანდარტზეა საუბარი, მეცინება ამას რომ ვისმენ ხოლმე.

წულუკიანს რომ ჰკითხოთ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება სურდა, თუმცა რის ფონზე უნდა შეენარჩუნებინა ეს, ვერ ვხვდები -  ქალს კადრები არ ჰყავს, არა, გესმით რას ვამბობ?! და აი, ეს ქალბატონი მინისტრობიდან წასვლის დროს ტაშით გააცილეს. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე უსამართლობის მსხვერპლი ვარ. წულუკიანმა ყველა მაღალქულიანი ექიმი გაათავისუფლა. თანაც თოთოეულ ჩვენგანს წინამორბედი მინისტრების არაერთი მადლობა გვაქვს მიღებული. იგივე თალაკვაძის, კახიშვილის, მღებრიშვილის...

არც ერთს არც საყვედური და არც გაფრთხილება არ მიგვიღია. გაოცებული ვართ, მხოლოდ მან უწყის რატომ დაგვტოვა 160 ადამიანი უმუშევარი, რომელთა უკანაც 160 ოჯახი დგას. პანდემიის პირობებში 160 გათავისუფლებული მედმუშაკის უკან 160 ოჯახია.

ქეთი ხომერიკი  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია