მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია აუცილებელი“ - 24 დეკემბერი 2020

სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მესმის, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ერთი ნაწილი ამის ასე თუ ისე წესრიგში მოიყვანა და ეს წნეხი ჩვენს მოქალაქეებზე შეამსუბუქა და დარჩა წამლის ნაწილი. აქ მთავარი ამოცანაა, რეგულაციის საკითხებია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფადაა მოსაგვარებელი და გაკეთებადია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, შესაძლებელია სწრაფი შედეგის მიღება.

„საკონტროლებლად რთულია ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლისმომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა.

მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს მეც და ქალბატონი მინისტრიც გამოვიყენებთ სრულად, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ფაქტობრივად ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ მთავრობის პრიორიტეტი იქნება.

თუმცა, მისივე თქმით, ადამიანები არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებზე მათი შემოსავლის 25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ და ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი, რომ ამ მიმართულებით „კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს“.

დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია აუცილებელი.

„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე.

საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი და აუცილებელია ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, ძალიან მიზანმიმართული და, შეიძლება ითქვას, ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს წინ დახვდება მისი სიმეტრიული უკუძალები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა რიგის პრიორიტეტი არის ხელისუფლებისთვის ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნული საკითხის გადაჭრას მოხმარდება.

„ეს არის უმაღლესი რიგის პრიორიტეტი, პირველი რიგის პრიორიტეტი, თუ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი? რამდენად გაქვთ მზადყოფნა, რომ ამ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაში მიიღოთ მონაწილეობა?“, – დასძინა დავით სერგეენკომ.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია