მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია - ამირან გამყრელიძე - 06 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი მაჩვენებელი საყურადღებოა. რაც შეეხება  კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ კუთხით კლების დინამიკაა.

საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა აცრების საჭიროებაზე.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ძალიან საყურადღებოა დინამიკა, რაც ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაშია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ეს ყველაზე მძიმე ინდიკატორი ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის, რაც კარგია. ამიტომაც არის საჭირო აცრები.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე აქტივობა იმატებს, თუმცა საკმარისი არ არის.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ზრდის დინამიკა გაგრძელდება.

„ჰაკერული შემოტევების გამო პორტალმა კვირას, შუადღის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება. რა ინფორმაციაც მაქვს, დღეს დილისთვის რეგისტრაცია სულ 27 000-ზე მეტმა პირმა გაიარა. აქედან გუშინ 2 000-ზე მეტი, ამ დროისთვის კი 25 000 ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“. ჩვენ დაახლოებით 100 000 ადგილი გავხსენით „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აქტივობა მაღალი არაა, თუმცა პირველ დღეს 25 000-ის ჩაწერა ცუდი არ არის. საათობრივი დინამიკის მიხედვით აქტივობა იმატებს, თანდათან მეტი ჩაეწერება. დიდი იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა იქნება. ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციური იმუნიტეტისთვის. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა“, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, 300-დან 400-მდეა რაოდენობა იმ პირებისა, რომლებსაც ვაქცინაცია კლინიკებში პირდაპირი რიგის საშუალებით ჩაუტარდათ.

„გუშინ 300-დან 400-მდე პირი აიცრა არა პორტალის საშუალებით, არამედ ეგრეთ წოდებული ვირტუალური კაბინეტებით, პირდაპირი რიგით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია