მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სათემო განათლების ცენტრები - უწყვეტი განათლებისა და განვითარების გზა - 06 ივლისი 2021

 

სათემო ორგანიზაცია იმაში დამეხმარა, რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი“

ufleba.ge

დღევანდელი გამოწვევები ადამიანებისგან უფრო მეტ განათლებას და კონკურენტუნარიანობას მოითხოვს. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება სპეციალური მომზადება (თუ გადამზადება) დაგჭირდეს, წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. ამისთვის უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარება უბრალოდ გვაიძულებს ახალ ცოდნას, უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ. ამას არ გააკეთებ, „წუთისოფელს თვალს მოუხუჭავ და ისე გაგთელავს...“ გზაც, მოგეხსენებათ, ორნაირი არსებობს, პირველი - მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა.

ერთ-ერთი, ვინც უწყვეტი განათლების პროცესზე მუშაობს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელია (გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის დაფინანსებით), რომელიც ქვეყნის შვიდ რეგიონში ათ სათემო ცენტრს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეულები კოდისა (ხელმძღვანელი - მადონა ოქროპირიძე) და სენაკის (ნონა ქადარია) სათემო განათლების ცენტრებია.

„ufleba.ge-სპირველი რესპონდენტი კოდის სათემო განათლების ცენტრის ერთგული ბენეფიციარი, ჯემალ ბორცვაძეა:

- სამაჩაბლოდან, სოფელ ერედვიდან კოდის დევნილთა დასახლებაში 2008 წელს ჩამოვედით. ჯამში აქ რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან 450 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 2500-მდე ადამიანია. თავიდან საინტერესო არაფერი ხდებოდა, ცხოვრება მონოტონურად მიმდინარეობდა. 2010 წელს კოდის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა, რომელსაც გერმანულმა ორგანიზაციამ, „დვვ ინტერნეიშენალმასათავე დაუდო. პირველად დევნილი მოსახლეობის ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ წელს, 16 წლის ასაკში დავიწყე ცენტრთან აქტიური ურთიერთობა; ახალგაზრდულ კლუბში ტრენინგებზე დავდიოდი, პიროვნული განვითარების პროგრამებში ვერთვებოდი და ..

- რა შედეგები მიიღეთ?

- სხვადასხვა კატეგორიებად შეგვიძლია დავყოთ. ერთ-ერთი ჩვენი სამაჩაბლოელი მოსახლეობის ომისშემდგომი რეაბილიტაცია იყო. მე პირადად ისეთ ასაკში მომიწია დევნილად ყოფნა, რომ სხვადასხვა სირთულე გამოვცადე. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის, მშობლიური გარემოს გამოცვლა, ყოველივე მანამდე არსებულის დაკარგვა და მტკივნეული იარლიყის მოკერება, როცა საითაც გაიხედავდი დევნილი გერქვა. რა დასამალია, იყო ხოლმე განსხვავებული შეხედულებები  ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების მიმართ. ადგილობრივებთან სოფელში ერთ სკოლაში დავდიოდით და მსგავსი პრობლემები იყო წინწამოწეული.

კოდის სათემო განათლების ცენტრი სწორედ ამაში დამეხმარა, რომ უპირველესად საკუთარი თავი შემეცნო. ანუ, ვინ ვიყავი და რა უნარები გამაჩნდა. ასევე, ბევრი ახალი რამ მესწავლა, კომპეტენციები შემეძინა.

- თავიდანვე ცენტრში რა ტიპის ტრენინგები გაიარეთ?

- ჯგუფებში ფსიქოლოგი მუშაობდა, მაგრამ ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვიტარდებოდა, რასაც პირადი საუბრების ფორმა ჰქონდა. ასევე, ახალგაზრდულ კლუბში ტრენინგები გუნდურ მუშაობაზე, კომუნიკაციის ფორმებზე, ლიდერობაზე და .. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში გვეხმარებოდა.

მათ შორის იყო ექსკურსიები, ლაშქრობები, სადაც დევნილები კოდაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად ვმონაწილეობდით. ამ გასვლებზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნა გვიწევდა და უშუალოდ ვხედავდით დადებით მხარეებს, უკეთ გვესმოდა ერთმანეთის, ვიწყებდით მეგობრობას, ინტეგრაციას. ჩვენი ახალგაზრდების რეაბილიტაცია და ადგილობრივებთან ინტეგრაცია ამ გზითაც წარიმართა.

- ლაშქრობებზე საით დადიოდით?

- მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი ღირსშესანიშნაობებია. ასევე, რეგიონის გარეთაც მივდიოდით, მათ შორის ქობულეთ-ბათუმშიც ვიყავით ერთი კვირით. ეს 2010-11 წლებში ხდებოდა, ამიტომ ყველა დეტალი შეიძლება ზუსტად ვეღარ გავიხსენო. ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. ოღონდ სადღეისოდ უკვე შეცვლილია ორგანიზაციის მიზნები, დღის წესრიგში მარტო ინტეგრაცია აღად დგას...

- სანამ დღევანდელ მიზნებზე გადავალთ, ახსენეთ, რომ როგორც დევნილებს თავიდან ადგილობრივ სკოლაშიც პრობლემები გექმნებოდათ...

- ბავშვები ახალი ჩამოსული ვიყავით და ამ ასაკში განსხვავებულის მიმღებლობა ცოტა არ იყოს გართულებულია. ჩვენთვისაც გარემო იყო უცხო, კულტურული სხვაობაც საკმაოდ დიდი გვქონდა. ჩვენი სამაჩაბლოელების ქცევები ცოტა გამოირჩეოდა. მართალია, ყველა ქართველები ვართ, მაგრამ მაინც არსებობდა .. კუთხური განსხვავებები.

მე მაგალითად ძალიან განვიცდიდი, რომ ჩემს ტკივილს სხვა სათანადოდ ვერ ითავისებდა, ვერ იზიარებდა. ადგილობრივ კლასელებს რომ ვუყვებოდი, მარტივად უყურებდნენ და არაფრად მიაჩნდათ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ დევნილებს უკვე აღარაფერი გაგვაჩნდა და ცხოვრებას სულ თავიდან, ხელახლა ვიწყებდით. სამწუხაროდ, იყო ხოლმე ასეთი შემთხვევებიც.

ხანდახან იმ განსხვავებულობასაც ვგრძნობდით, რომ ვიღაცაზე ნაკლები ვიყავით, გვეგონა სხვა თვალით გვიყურებდნენ.  შეიძლება რეალურადაც ასე იყო, რომ ადგილობრივებისგან ცოტა განვსხვავდებოდით, იმ პირველ ეტაპზე მაინც. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, ასე ხდება ხოლმე, მაგრამ იმ პერიოდში და იმ ასაკში ცოტა რთულად გადასატანი იყო.

- რამდენად მალე გამოიტანა ინტეგრაციულმა პროცესმა ნაყოფი?

- ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა (მათ შორის, ასაკოვანნიც) სათემო განათლების ცენტრის აქტივობებში იყო ჩართული. ცენტრის ძირითადი საქმიანობაც უფრო ზრდასრულ მოსახლეობაზე იყო გათვლილი. მოსახლეობა ნელ-ნელა ერთმანეთთან დაახლოვდა, შერეული ოჯახები გაჩნდა. ასე დავნათესავდით, დავმეგობრდით და დღეს საერთოდ აღარ ვფიქრობთ, რომ ერთმანეთისგან რამით განსხვავებულები ვართ. სადღეისოდ ერთი სოფლის მკვიდრნი ვართ და ოდესღაც მსგავსი პრობლემების არსებობაზე არც კი გაიფიქრებს არავინ. დღეს აქ დევნილებსა და ადგილობრივებს შორის სრული ჰარმონია სუფევს და ასეც გაგრძელდება.

- აღნიშნეთ, რომ თავიდანვე ტრენინგებზე ახალი უნარები, თვისებები შეიძინეთ, რეალურ ცხოვრებაში კონკრეტულად რა გამოგადგათ?

- ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვარჩევდი და ეს არის თვითდარწმუნების, თვითშეფასების უნარი, რადგან იმ ასაკში რატომღაც არ მეგონა, რომ ოდესღაც რაიმე გამომივიდოდა. ანუ რამეს შევქმნიდი ჩემი ხელით, რამე ღირებულს მივაღწევდი. ეს სათემო ორგანიზაცია ზუსტად იმაში დამეხმარა, რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი. ამან ის განაპირობა, რომ წარმატებასაც მივაღწიე. ბევრი რამ გავაკეთე თუნდაც ჩემივე დევნილი მოსახლეობისთვის. აქვე კოდის სათემო განათლების ცენტრშიც დავსაქმდი. ჩემს მოსახლეობას ვემსახურებოდი, დევნილებს, ვისაც თითქმის იგივე გზის გავლა უწევდა, რაც თავის დროზე მე გავიარე. მაქსიმალურად ვცდილობდი მოსახლეობის საჭიროებები დამეკმაყოფილებინა დასახლებაში.

საერთოდ, ძალიან დიდ ოცნებად და სირთულედ მიმაჩნდა, რომ მაგალითად სტუდენტი გავხდებოდი. სტუდენტიც გავხდი და იურისტიც, სამართლის სპეციალობაზე ვისწავლე ექვსი წლის განმავლობაში. მათ შორის, საზღვარგარეთ რამდენიმე პროექტში მონაწილეობა მივიღე. ასევე, სათემო ორგანიზაციიდან წავედი და ლიეტუვას რესპუბლიკაში მთელი ერთი წელიწადი ვიმუშავე ახალგაზრდებთან გაცვლითი პროგრამით. შემდეგ ეს დაგროვილი გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანე და კოდის სათემო განათლების ცენტრს მოვახმარე ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებით.

იყო სხვა გამარჯვებაც. მათ შორის კიდევ იმას გამოვარჩევ, რომ დევნილი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩავატარე. შედეგად განვახორციელეთ ადვოკატირების კამპანია. ანუ დევნილთა დასახლებაში რა პრობლემებიც არსებობდა, მათი ცივილიზებული გზებით გადაჭრა შევძელით, შესაბამის უწყებებთან და დაწესებულებებთან, სამინისტროებთან და ადგილობრივ უწყებებთან თანამშრომლობის გზით.

მას შემდეგ, უკვე 2016 წლიდან დევნილი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობა დავიწყე ჯერ იურისტად, შემდგომ შიდა აუდიტის სამსახურში გადავედი. დღესაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში ვაგრძელებ საქმიანობას და ისევ და ისევ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ვემსახურები.

- კოდის სათემო ცენტრთან ურთიერთობა რამდენად გაქვთ შენარჩუნებული?

- რასაკვირველია, არასამუშაო დღეებში, როდესაც მუნიციპალიტეტში არ ვმუშაობ, შაბათ-კვირას ორგანიზაციაში რამდენიმე კურსს ვუძღვები. ეს არის საგანმანათლებლო კურსები ახალგაზრდებისთვის და ზოგადად თემის მოსახლეობისთვის. სამოქალაქო განათლების კურსი ახალგაზრდებისთვის, ანუ მათი უფლებები და ვალდებულებები კარგად რომ გაიგონ, იცოდნენ ეს ყველაფერი და შემდგომში გამოიყენონ. ასევე მოსახლეობიდან ყველა დაინტერესებულ პირს ვუწევ უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

- რა სჭირდება კოდის სათემო განათლების ცენტრს, რომ თავისი მისია კიდევ უფრო წარმატებულად შეძლოს?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ცენტრის მხრიდან ინტეგრაციის მიზანი უკვე შესრულებულია. ახლა ორგანიზაცია ბენეფიციართა პიროვნულ განვითარებასა და მათ შემდგომ დასაქმებაზე არის გადასული. ანუ ადამიანებმა თვითონვე რომ შეძლონ სხვადასხვა დაწესებულებაში სამსახურის შოვნა.

ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია სათემო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა. ეს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომ ორგანიზაცია კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი სასიკეთო საქმე აკეთოს ადამიანებისთვის. შეინახოს თავისი თავიც, ჰყავდეს შესაბამისი ტრენერები სხვადასხვა დარგის და ასე აქტიურად გააგრძელოს მოსახლეობისთვის მსახურება.

არის პატარ-პატარა პროექტები, რომლის დაფინანსებაც ნამდვილად საშური საქმეა და ამაში დონორების გააქტიურებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ისევ და ისევ დონორ ორგანიზაციებზე გავდივართ, რომლებმაც უნდა დაინახონ მიღწეული შედეგები და ხელი შეუწყონ სათემო ცენტრს შემდგომ წარმატებულ საქმიანობაში.

- რამე მნიშვნელოვანს ხომ არ დაამატებდით ჩვენს საუბარს?

- იმას დავამატებდი, რომ სადღეისოდ მეც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარი ვარ და აქ ჩემნაირი ძალიან ბევრია. ამასწინათ სტატისტიკას ვკითხულობდი და 2010 წლიდან, ანუ ცენტრის გახსნის დღიდან 32 ათასმა ადამიანმა გაიარა აქ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული გადამზადების კურსები. ანუ არის პროფესიული სწავლება, ქალბატონებისთვის ცალკე, მამაკაცებისთვის ცალკე ან ერთდროულად, გააჩნია პროფესიას. ამდენმა ადამიანმა ეს კარგი სკოლა გაიარა, მათგან ძალიან ბევრი დასაქმდა და ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვა; ან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და საქმიანობას ამ მიმართულებით აგრძელებს.

ასეთ პატარა თემში მსგავსი ცენტრის მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მტკიცე საფუძველია.

- სამაჩაბლოსთან რამე კავშირები თუ გაქვთ შენარჩუნებული?

- სამწუხაროდ, მოგონებების დონეზე, მეტი კავშირი და კონტაქტი აკრძალული გვაქვს და უფრო მეტიც. ეს მხოლოდ იმას გამო, რომ იქ შესვლის უფლება არ გვაქვს, ამის ნებას ოკუპანტი მხარე არ გვრთავს. ამ ეტაპზე რომც შეგვიშვან, იქ ძირითად სოფლებში უკვე არაფერი აღარ არსებობს. ანუ სახლები, ეზოები გადამწვარია. თვითონ ნასახლარებიც, კედლები და ასე შემდეგ დედაბუდიანად გატანილია. ვერც კი მიხვდებით, რომ იქ ოდესღაც სახლი იდგა და ჩვენი ადამიანები ცხოვრობდნენ; იქაურობა გაწმენდილია და სამეურნეო ტერიტორიად არის გადაქცეული. ასე რომ, სოფელთან მხოლოდ მოგონებებიღა გვაკავშირებს,.

- რა ეშველება ოკუპაციის პრობლემას?

- რთული კითხვაა. ალბათ ამ მიმართულებით ისევ აქტიური დიპლომატია უნდა მუშაობდეს. ურთიერთობის დალაგების გარეშე არაფერი გამოვა. ძალიან რთულია ოკუპანტ მხარესთან რაიმე ტიპის კავშირი გქონდეს და ურთიერთობაზე წახვიდე. ყველაზე კარგი ვარიანტი დღევანდელ რეალობაში საერთაშორისო საზოგადოების ნებაა, რომ დასრულდეს ქართული მიწების ოკუპაცია.

ირმა კუპრეიშვილი, სენაკის სათემო ცენტრის ტრენერი და ბენეფიციარი:

- უკვე მეოთხე წელიწადია, რაც სენაკის სათემო განათლების ცენტრთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვარ. მინდა გითხრათ, არასამთავრობო ორგანიზაცია ასე აქტიურად რომ იყოს ჩართული რაიონის ცხოვრებაში, სენაკის სინამდვილეში სხვა შემთხვევა არ გაგვაჩნია. ცენტრში განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებზე, მათ შორის დევნილებზე არის გადატანილი. აქ კომფორტული პირობებია შექმნილი, რომ მოქალაქემ მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და მერე რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს.

უამრავი აქტივობა გამოცდილი ტრენერები უძღვებიან. მე, როგორც საჯარო პირს მქონია სურვილი მსგავსი ტრენინგები ჩამეტარებინა. მაგრამ იმდენად ძვირია ეს სიამოვნება (ჩვენ კი მოგეხსენებათ ბიუჯეტის თანხებზე ვართ დამოკიდებული), რომ რასაც ვერ ვახერხებთ, ამ სერვისებს სწორედ სათემო განათლების ცენტრი გვთავაზობს. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როცა მე აქედან, ქალაქიდანაც მიმყავს ახალგაზრდები, რომ ეს სიამოვნება მიიღონ, ცენტრის მომსახურების გარეთ არ დარჩნენ.

ასე რომ, მართლა სერიოზულ ნიადაგს იძლევა ეს სათემო ორგანიზაცია იმისთვის, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები განვითარდნენ, დამატებითი ცოდნა და პროფესიული უნარები შეიძინონ.

- ცენტრში კონკრეტულად რა ფუნქცია გაკისრიათ?

- ლექციებს ვატარებ გიდისა და ღონისძიებების ორგანიზატორის მიმართულებით. ეს არის ორთვიანი მოდულები, რომელშიც ჩართული არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის ხალხი. წელს უკვე მეოთხე გამოშვება გვაქვს.

- ტრენინგები კიდევ რა მიმართულებით ტარდება?

- არის ქალთა და მამაკაცთა კლუბები, სადაც ფანტასტიკურ სწავლებებს უტარებენ. გამორჩეულია ფსიქოლოგიური მიმართულების კონსულტაცია-ტრენინგები. ამ კოვიდპანდემიის დროს ონლაინ-პლატფორმით ზუმში ჩართულები ვიყავით. ზოგჯერ ვხუმრობდი, რომ საერთოდაც ამათ, სათემო განათლების ცენტრმა გადაგვატანინა ეს პანდემია-მეთქი, იმდენად კარგად და ეფექტურად გამოიყენეს მთელი ეს პრობლემური სიტუაცია. თქვენ უბრალოდ წარმოდგენილიც ვერ გექნებათ, რამხელა დადებითი საქმე აკეტა ამ მხრივ სენაკის სათემო ცენტრმა. ფაქტობრივად, ზუმის პლატფორმით ჩაანაცვლეს სამუშაო პროცესი და მგონი უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, ბენეფიციარებისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება გადაგვეცა.

ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებებზეც ადამიანები ახალ, კონკურენტულ ცოდნა-უნარებს იძენენ.

- პანდემია ახსენეთ, ამან კიდევ რა ტიპის პრობლემები გამოიწვია?

- სწორედ მაგას ვამბობ, რომ ცენტრმა ეს კოვიდი პრაქტიკულად არ გვაგრძნობინა, რადგან მაშინვე ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა და ტრენინგები პრაქტიკულად არ ჩაშლილა. ყველანაირი პირობები იყო შექმნილი იმისთვის, რომ სრულად ჩავრთულიყავით, დროც მოქნილი და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. აქტივობას როგორც ტრენერი და ასევე სხვა ტრენინგების მონაწილე ვაგრძელებდი.

- ქალთა და მამაკაცთა კლუბი ახსენეთ, იქ რა შედეგებს აღწევენ?

- ჩამოდიან ფსიქოლოგები და ძალიან საინტერესო ტრენინგებს გვიტარებენ. მაგალითად, პავლე თვალიაშვილის ფანტასტიკური ტრენინგები ტარდება. სწორედ ბატონი პავლე მქონდა მხედველობაში, როცა ჩვენ, მერიას არ გვაქვს იმის ფუფუნება, ამ დონის ტრენერები მოვიწვიოთ. როდესაც ვიგებთ, რომ ბატონო პავლე და სხვა პროფესიონალები ჩამოდიან (სამწუხაროდ, სხვების გვარებს ვერ ვიხსენებ), მარტო მე კი არა, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს მათ ტრენინგებს, რადგან მსგავსი ფუფუნების ხშირი საშუალება ნამდვილად არ გვაქვს.

აქვე ფსიქოლოგიურის გარდა, იურიდიული დახმარებაც ხორციელდება, ასევე გადამზადებები, ახალი უნარ-ჩვევების შესწავლა-შეძენა და ..

- შემდგომში დასაქმების თვალსაზრისით როგორი შედეგებია?

- ამ ტრენინგებში მონაწილეობით, ძალიან ბევრმა ელემენტარულად პროექტების წერა-შედგენა ისწავლა. როგორც ვიცი, გარკვეულა ნაწილმა დაფინანსებაც მოიპოვა; თავად დასაქმდნენ, სხვებიც დაასაქმეს. ამ მიმართულებითაც ხელსაყრელი პირობები არის შექმნილი.

- სათემო ცენტრის მერიასთან თანამშრომლობა კიდევ რას ითვალისწინებს?

- ჩვენი დირექტორი, ნონა ქადარია სენაკის მერთან საკონსულტაციო საბჭოში არის ჩართული. იქ სულ 5 თუ 6 ადამიანია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ სათემო ცენტრის ხელმძღვანელია. ეს უკვე თავისთავად მიუთითებს ცენტრისა და მერიის აქტიურ თანამშრომლობაზე. ხშირად ერთობლივ ღონისძიებებს ვგეგმავთ. მაგალითად, შარშან, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეზე ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებმა (რომლებიც ღონისძიების ორგანიზების მოდულში მონაწილეობდნენ), აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მერიასთან ერთად ჩაატარეს აღნიშნული ღონისძიება, რაც მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს.

- რა სჭირდება სენაკის სათემო განათლების ცენტრს უფრო მეტი შედეგების მისაღწევად?

- კარგი იქნება, თუ ცენტრს საკუთარი შენობა ექნება, ეს ნამდვილად დაიმსახურა საკუთარი მოღვაწეობით. დღეს არსებული მერიის მიერ გადაცემული შენობაა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, საკუთარი ოფისი ჰქონოდათ. ჩემი აზრით, დღეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხის მოგვარებაა.

 

 

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია