მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეს იყო უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ - გიორგი გახარია - 07 ივლისი 2021

ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, ეს იყო უუნარობის გამოხატულება, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გააზრებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადასახედიდან შესაფასებელი მოვლენა. ჩათვალეთ, ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ გვითხრა, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად, გვითხრეს, წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და გაგაფრთხილეთო. ამის იქეთ, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. ეს იყო არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.

ადამიანებს ასე ესმით თურმე სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის მიმართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ გააზრებული, სახელმწიფოს ფუნქცია რა არის. სახიფათოა, ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე. ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გამოხატვის თავისუფლების ფორმებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადამიანებს შესაძლოა, სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ, პრაიდის მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თავიანთი გამოხატვის უფლება და თავისუფლება. ეს ნორმალურია ნორმალურ ქვეყანაში, მშვიდობიანი წესრიგის პირობებში და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს.

სახელმწიფომ ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვითხრა, მე თქვენ გაგაფრთხილეთ, ახლა გვერდზე გავდგები და თქვენ, მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობაო. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ეს არ უნდა განმეორდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ფიზიკური ძალადობა საერთოდ არ არის გამოსავალი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ფიზიკური ძალადობით ან ჩვენს იდენტობას იცავს, ან ჩვენს მრწამსს იცავს, ან ფიზიკური ძალადობით საერთოდ შესაძლებელია რაიმეს დაცვა, ძალიან ცდება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას და ეს ყველაფერი ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას მოვუწოდო, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი განცხადებები გავაკეთოთ და მსგავსი რამ, როდესაც მმართველი ძალა ამბობს, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთო, ეს ყველაფერი ვიცოდიო, არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი. ეს ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჩამოშლაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონფლიქტი და ძალადობა არიდებადი თუ იყო, გიორგი გახარიამ ეს რატომ ვერ მოახერხა 20 ივნისს? – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას განცხადებას.

დეპუტატის შეფასებით, გიორგი გახარიას ხისტი განცხადებებით სურს, თავი ოპოზიციონერად წარმოაჩინოს, თუმცა საზოგადოება მას გადამდგარ პრემიერად აღიქვამს.

„გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით საკუთარი თავი დაიზიანა, რადგან თავად იყო პრემიერი და 20 ივნისის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა და თუ არიდებადი იყო ეს კონფლიქტი და ძალადობა, 20 ივნისს რატომ ვერ მოახერხა დაზიანებების არიდება? ასევე პანკისის სპეცოპერაციის დროს? ამ შეფასების გაკეთება არ მეხალისება, მაგრამ მისი განცხადებები იძულებულს მხდის, რომ საზოგადოებას ის რეალობა ვუთხრათ, რაშიც ვცხოვრობთ. როცა გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარგა ხსნის განმავლობაში ჰქონდა იმის განცდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა. თუმცა არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი. საზოგადოება მას ასეთად აღიქვამს და კითხვები არის ყოფილი პრემიერის მიმართ. მისი ასეთი მკვეთრი განცხადებები და ხისტი მიდგომები ემსახურება იმას, რომ როგორმე ოპოზიციონერის სტატუსი მოირგოს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამ ყველაფრის შედეგს შემოდგომაზე ვნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია