„თუ დამნაშავეა, შენობა არასწორად და დარღვევებით ააშენა, ამნისტიას რატომ ვუცხადებთ?“
ufleba.ge
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა შენობების ექსპლუატაციაში მიღების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შემავალ ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს დეველოპერული კომპანიების მიერ ბინების გაყიდვის პროცესთან. ახალი რეგულაციით დეველოპერებს არ ეკრძალებათ ბინების გაყიდვა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ერთჯერადი ჰუმანური აქტის სახით, სამშენებლო პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები იქნეს მიღებული და მოქალაქეებს 20-წლიანი პრობლემა მოუგვარდეთ. „საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები“, – აღნიშნა ბითაძემ.
მაია ბითაძემ გამკაცრების არგუმენტად მოიყვანა თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ბუნებრივი აირის გამო მომხდარი აფეთქების შემთხვევები, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. „აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ საკითხს და მოსახლეობა იცხოვრებს მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ამ თემაზე ჟურნალი „ufleba.ge“ „მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრება.
- ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ახალ რეგულაციებს და საერთოდ რა მდგომარეობაა დარგში?
- შესახლება აბსოლუტურად სხვა რამეა და ყიდვა-გაყიდვა კიდევ სხვა. თუ სახლი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ცხადია შესახლება არ უნდა მიმდინარეობდეს. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს, რომ შენობა ყველა საინჟინრო ქსელში ჩართული უნდა იყოს. საუბარია დენზე, წყალ-კანალიზაციაზე, გაზზე. წარმოიდგინეთ, თუ ეს ყველაფერი ჩართული არ არის, რასთან გვექნება საქმე. ხშირ შემთხვევაში გადაყვანილ-გადმოყვანილი დენები, არასწორად ჩართული კანალიზაცია და მისთანები. სერიოზული პრობლემების სათავე ჩნდება და პასუხისმგებლობას ვისგან მოვითხოვთ?
ამიტომ ექსპლუატაციაში მიღება აუცილებელზე აუცილებელი ღონისძიება, მშენებლობის ბოლო, დასკვნითი ეტაპია. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების დამოკიდებულებას ვეთანხმები. ნებისმიერმა სახლმა სახანძროდან დაწყებული შესაბამისი სამსახურების დასკვნები უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შედის ექსპლუატაციაში.
გვინახავს, ხალხი უკვე შესახლებულია და უბედური შემთხვევა ხდება, ბავშვი ლიფტის შახტში ვარდება... იქ, ელემენტარულად, პროექტიც რომ არ იყო წესიერად გაკეთებული. ცუდი რომ ხდება, ამის გამოსწორება-გაკეთებაც არ გვინდა. ევროპა-მსოფლიოს როცა ვედრებით, იქ ეგრეა, სანამ სახლი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, იმის ჩართვა არ შეიძლება, მორჩა და გათავდა.
- კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, რეალობაში რას ვაწყდებით?
- კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. თუ მკვიდრთა 70% ბინაში არ ცხოვრობს, გაზის კომპანიები ბუნებრივ აირს არ რთავენ. ძალიან ხშირად, იქ ვინმე მუშას რაღაც ვენტილი ღია რჩება (სადაც არავინ ცხოვრობს) და გაზი იპარება, ცუდი რაღაცები ხდება. კარგი შემთხვევაა, თუ უბედურება არ დატრიალდება, მაგრამ ეს ამბავი სადავოდ იქცევა. ჩვენ აქ არ ვცხოვრობდითო იძახიან და ამ დროს გაზის საფასური გადასახდელია, რეალურად, აირი იხარჯებოდა. მეორე ცუდი შემთხვევაა, როცა უკონტროლოდ დაგროვილი აირი ფეთქდება და მთელ სართულს გამოგლეჯს ხოლმე. ესეც ხომ გვინახავს ტელევიზიებით მაინც. ჰოდა, ექსპლუატაციაში მიღება ყოვლად აუცილებელია.
მია ბითაძეს აბრალებდნენ, ბინების გაყიდვა არ შეიძლება, სანამ ექსპლუატაციაში არ შევაო. აბსოლუტური სისულელეა და მსგავსი არ უთქვამს. წინასწარი გაყიდვა ბიზნესის ჩვეულებრივი ღონისძიებაა, რომელიც რეპუტაციაზე არის დამოკიდებული. იგივეა, რომ გითხრან, მაგალითად ბანკში დეპოზიტზე ფული არ უნდა შეიტანოო; ხომ შეიძლება ბანკმა გადაგაგდოსო. ასევეა ბინაც, თუ კარგი რეპუტაცია გაქვს, პრობლემა არ უნდა გქონდეს.
ჩვენი კომპანია 32 წელია ოპერირებს და მაქვს პრეტენზია, რომ სანდო ვარ. ეს რეპუტაცია წლების განმავლობაში დავიმსახურეთ. ხოლო აღნიშნულ პროცესს ფანდრაიზინგი, იგივე ფულის მოზიდვა ჰქვია. საფრანგეთში მაგალითად დიდი ღვინის კომპანიები გლეხებს კონტრაქტებს უდებენ და 2026 წლის ბორდოს მოსავალს ყიდულობენ. სამომავლო გეგმაზე კონტრაქტის დადების აკრძალვა ნიშნავს, რომ ბიზნესი ავკრძალოთ. ჰაერის გაყიდვა კი მოგონილი ტერმინია, წესიერ დეველოპერებს რომ არ ეხება.
- ზოგადად, სამშენებლო ამნისტიის პოლიტიკის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ, რა იწვევს ასეთ ნაბიჯს?
- არანაირი ამნისტიების მომხრე არ ვარ, რადგან ამ შემთხვევაში წესიერი ადამიანი ზარალობს. ჩვენში, როგორც წესი, ვიღაც ბიუჯეტის ქურდებს შერჩებათ ხოლმე და მერე ზოგი ამერიკაში ცხოვრობს და ზოგი პარიზში. ახლაც კოვიდრეგულაციების დარღვევებისთვის ვიცი ხალხი, ვინც დაკისრებული ჯარიმები პატიოსნად გადაიხადა. წესიერ ადამიანებს ისევ ასე მოუწიათ.
თუ დამნაშავეა, თუ შენობა არასწორად და დარღვევებით ააშენა, ამნისტიას რატომ ვუცხადებთ? თუმცა დამოკიდებულების იმ ნაწილში ვეთანხმები, მოდით ახალი ფურცლიდან დავიწყოთო. ისიც ბრძნული ნათქვამია - ახალი ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ კალიგრაფიას ვერ შეიცვლიო. ეს ხელისუფლება თუ ახალი მაინც იმავეს გააკეთებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. კალიგრაფია უნდა შევცვალოთ, ახალი ფურცლები გასაგებია რომ არ გამოგველევა.
- საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები...
- ბინაზე ე.წ. შემოვლის დოკუმენტები კეთდება, ყველა ადასტურებს თავის ნაწილს, რომ სწორად არის ჩართული, სწორი კვეთით და ა.შ. მარტო ის ხომ არ არის, ბინაში დენი შევიდეს და მორჩა. როგორი კვეთაა, როგორ არის განაწილებული, მრიცხველები დაყენებული, ავტომატური გამომრთველები მწყობრში და ა.შ. გაზი, წყალი, განსაკუთრებით კანალიზაცია მოწმდება. მხოლოდ ამის შემდეგ მყიდველზე უნდა ჩაბარდეს, მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს.
ექსპლუატაციაში მიღებული არაა, უკვე ცხოვრობდნენ, ხარჯავდნენ ელექტროენერგიას და მრიცხველი მათზე არ იყო, რადგან ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. ამის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო კომპანიები მიმდინარე პროცესს უნდა მიესალმებოდნენ, თუ მასში რამე სხვა ჩადებული არ არის. მითხარით ერთი, რატომ უნდა უხადო 60 ოჯახს დენის ფული?
- ოპოზიციის ნაწილმა ახალ რეგულაციებში კორუფციის ნიშნები დაინახა...
- მაშინ კონკრეტულად უნდა ისაუბრონ, რა ნიშნებზეა საუბარი. კორუფციის ნიშნებს მეც ბევრგან ვხედავ ბევრ რაღაცაში. თვითონ აზრი შეიძლება სწორი იყოს; ცხადია, ვიღაც ამას თავის ბიძაშვილს მოარგებს და თავის ახლობელ-ამომრჩეველს უფრო მეტ უპირატესობას გაუწევს, ამაშიც დარწმუნებული ვარ.
მაგრამ პოზიციას მარტივად ვაფიქსირებ - მომხრე ვარ ევროპული და დასავლური მიმართულებით სიარულის. იმას ნიშნავს, რომ ყველა კონკრეტულ რაღაცაზე არის პასუხისმგებელი. სახლი რომ დამთავრდება, ქსელში ჩაერთვება (მერია მწვანეს აუნთებს), მერე შეუძლია მყიდველს მასში ცხოვრება. შესაბამისად, მასზე გადავა ესტაფეტა, რომ უნდა გადაიხადოს გადასახადები და მოუაროს.
რაღა შორს წავიდეთ, ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, რომ მივქარეთ და სახლში ლიფტი ჩავრთეთ. რემონტის კეთებისას იქ ბლოკებს და სხვა რაღაცებს ათრევდნენ და ასე მოსპეს ლიფტი. მერე გვიჩივიან, რომ აი ლიფტი გაფუჭებულია და ა.შ. ვეუბნები, აი ამათ რემონტი აკეთეს და ამის გამოა-მეთქი. მეორე მეზობელი მეუბნება, - რა ვქნა, მე რა შუაში ვარო. რეალურად იცის, რომ ეგრე იყო ყველაფერი, მაგრამ მე რა შუაში ვარო.
ამიტომ, როცა სახლი ექსპლუატაციაში მიდის, სამშენებლო ორგანიზაცია გამოდის და მიღება-ჩაბარებით აძლევს მოსახლეობას. ასევე, აუცილებელია შეიქმნას იურიდიული პირი, რომელიც ამ სახლის ექსპლუატაციაზე იქნება პასუხისმგებელი. სახლს, ვთქვათ, მანქანასავით მოვლა უნდა. ვინ არის ამ დროს პასუხისმგებელი? იქაური მოსახლეობა ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ მიხედონ თუნდაც ტექნიკას? ის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა თითო კორპუსში 40 ათასი ლარი რომ მიჯდება დაყენება, 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს ნებისმიერ მომენტში. ღმერთმა არ ქნას ხანძარი რომ მოხდეს, მაგას ექსპლუატაცია ხომ სჭირდება, ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს.
პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანებთან არის დაკავშირებული. ამ საქმეს ხომ მეზობლურად და ძმაკაცურად არ მიეხედება. ვინც პასუხისმგებელი იქნება, ხელფასი უნდა აიღოს, შემოვლები აკეთოს, შეამოწმოს ყველაფერი, ამას "პრაკლადკის" გამოცვლა, იმას გაზეთვა და მისთანები სჭირდება. ალბათ ამისათვის ფირმები შეიქმნება. აქაც მკვეთრად გამიჯვნა გვჭირდება, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი.