მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ - სალომე ზურაბიშვილი - 03 აგვისტო 2021

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ  მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი განცხადებები.

„დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად, გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების არჩევანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონული გამოწვევების წინაშე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა.

„წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.

მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისკენ. ამას ელოდება ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ.

ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია