მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროდუქტის შენახვის ვადა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი შენახვის პირობები არის დაცული - მადონა კოიძე - 04 აგვისტო 2021

ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, კანონმდებლობა და ორგანიზაცია ვერაფერს იზამს, თუკი არ გააქტიურდა მომხმარებელი“

სურსათის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ჩვენს რეალობაში კვლავაც უმწვავეს პრობლემად რჩება. განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში სიფრთხილეს თავი (მუცელიც) არ სტკივა, როდესაც თბილისსა თუ რეგიონებში ქაოსურ გარევაჭრობას არაფერი ეშველა. სხვაზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა იგივე რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, კვერცხი და მისთანები პირდაპირ გზის პირას დახლებზე დაყრილი, მცხუნვარე მზეზე იყიდება. ხოლო აქედან მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩენამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. 

ამ თემაზე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს მადონა კოიძეს ვესაუბრეთ:

- ქალბატონო მადონა, სურსათის უვნებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის რა მთავარი პრობლემებია ახლა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში?

- პირველი ის არის, თუ როგორ და რა პირობებში ინახება პროდუქტი. მაღაზიებში რომ შევდივართ, ვხედავთ  მაიონეზებს, კეტჩუპებს და სხვადასხვა პროდუქციას, რომელსაც ეტიკეტზე შენახვის პირობები და ვადები აქვს მითითებული. მაგრამ შენახვის ვადა იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი პროდუქტის შენახვის პირობები არის დაცული. ანუ ერთმანეთზე არის დამოკიდებული შენახვის პირობები და ვადა.

ხშირ შემთხვევაში დარღვეულია შენახვის პირობები და ვადები საკონდიტრო ნაწარმზე, როგორიცაა კრემიანი ნამცხვრები. ასევეა საცხობებში სოსისიან პროდუქციაზე, რომელიც სამაცივრო დანადგარის გარეშეა და მათ საათობრივი შენახვის ვადა აქვთ.

ხშირად ეს დარღვეულია რძის პროდუქტებზე. ბაზრებში ძალიან ხშირად ვაწყდებით, რომ კვერცხი და რძის პროდუქტები პირდაპირ ღია ცის ქვეშ დალაგებულია, სამაცივრო დანადგარის გარეშე იყიდება. ასევე გაყინულ პროდუქციაზე, როდესაც ლღვება და შემდეგ მისი ხელმეორედ გაყინვა ხდება. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის.

დაკლული ქათმები პირდაპირ დახლზე ზემოდან აქვთ დალაგებული, ასევე ხორცი ღიად არის გამოფენილი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მითუმეტეს, როცა ტემპერატურა მკვეთრად აწეულია. დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზებზე ხშირად ვაწყდებით სავალალო სურათს, როდესაც სასაკლაოს გვერდის გავლით პირდაპირ ქუჩაში ნედლი ხორცი გამოაქვთ და ყიდიან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი გზაში ჩერდება და აღნიშნულ ხორცს ყიდულობს.

არის პრობლემები, რომელზეც ზედამხედველობა და კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება. ისინი რეალურად ბევრი პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენენ; მერე მათი გამოსწორების გზებს პოულობენ და გარკვეული პრობლემების აღმოფხვრაც ხდება.

მაგრამ, როდესაც გარეთ ქუჩაში არა ბიზნესოპერატორი, არამედ ჩვეულებრივი გარემოვაჭრე ყიდის ყველს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ხორცპროდუქტებს (რომელიც კონტროლქვეშ ვერ ექცევა), ეს ძალიან და პრობლემებს ქმნის მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

- გამოწვევების მთელი ეს თაიგული მომხმარებელს კიდევ რა შედეგების წინაშე აყენებს?

- რასაკვირველია, ეს ყველაფერი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე აისახება. დააკვირდებოდით, ზაფხულის პერიოდში იმატებს კვებითი ინტოქსიკაცია; როცა არასწორად არის შენახული რძის, ხორცის, თევზის, ანუ მალფუჭებადი პროდუქტები, იგივე კვერცხი და .. ცხოველური წარმოშობის ნედლეულიდან დამზადებული პროდუქტი თუკი არასათანადო პირობებში იყიდება, ეს იწვევს მომხმარებლის კვებით ინტოქსიკაციას, ფაღარათს, ღებინებას, მაღალ ტემპერატურას, ჯანმრთელობის გაუარესებას, დაზიანებას.

- ასეთი შემთხვევებისას დგება თუ არა კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიმართ, ვისი მიზეზითაც იგი წარმოიშვა?

- მხოლოდ მაშინ, თუკი ხდება ბიზნესოპერატორის იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხდება ბიზნესოპერატორის გაკონტროლება და თუკი დადასტურდება, რომ კონკრეტულად მისი პროდუქციის წარმოშობის დროს დარღვეულია ან ტექნოლოგიური პროცესი, ან სარეალიზაციო ვადები, ან სადისტრიბუციო პირობები, ამით ვლინდება ბრალეულობა და, რა თქმა უნდა, ის ჯარიმდება. ამ კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმო იკეტება და ბიზნესოპერატორი წყვეტს ფუნქციონირებას. და თუკი ბიზნესოპერატორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერი ის დაუსჯელი რჩება.

- შენახვის ვადები და პირობები ახსენეთ, ამ მხრივ რამდენად სცოდავენ დიდი სავაჭრო ქსელები?

- ცალსახად ხელს ვერავის დავადებ და ვერ ვიტყვი სცოდავენ თუ არა, ამას კონკრეტულ პროდუქტზე დაკვირვება და მიკვლევა სჭირდება. თავად მომხმარებელს იმის საშუალება აქვს, რომ ეტიკეტი წაიკითხოს და შესაბამისად განსაზღვროს, დაცულია თუ არა შენახვის პირობები და პროდუქცია მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოს.

ახლა, მომხმარებელი რძის პროდუქტს ქუჩაში რომ იყიდის, ასევე ყველსა და ხორცპროდუქტებს, თევზის პროდუქტებს, მერე იტყვის, სადღაც ქუჩაში ნაყიდმა პროდუქტმა მომწამლაო, სიმართლე გითხრათ, ეს მიდგომა ჩემში ცოტა გაღიზიანებას და პროტესტის გრძნობას იწვევს. მომხმარებელი თავად უნდა იყოს განათლებული, გათვითცნობიერებული და ეცადოს მაინც, მასში სამომხმარებლო კულტურა უნდა არსებობდეს და თვითონ ცდილობდეს საკუთარი თავის, უფლებების დაცვას.

საბედნიეროდ, დღეს ძალიან ბევრი მომხმარებელია, რომელიც თავს არიდებს და პროდუქციას ქუჩაში არ ყიდულობს, არ მიირთმევს. ამ გზით იცავს თავისივე ოჯახის წევრებსაც. და თუკი მაინც ყიდულობს, ვთვლი, რომ ის უბრალოდ სჩადის დანაშაულს; რადგან ის გარემოვაჭრეს იმაში ხელს უწყობს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით მოახდინოს პროდუქციის რეალიზება.

- თბილისში სად გამოყოფთ მსგავს ლოკაციებს, სადაც ეს პრობლემატიკა მწვავედ დგას?

- დიდუბის სადგურის, ავტოსადგურის, რკინიგზის სადგურის, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ამ გარეთ გამოტანილ პროდუქციას ვერ შეველიეთ, ვერ შევეშვით. იგივე ხდება გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი ასეთი ლოკაციაა. მსგავსი ამბები ხდება სამგორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისევ გარე ვაჭრობაა გაჩაღებული.

შედარებისთვის, თბილისში სხვა ადგილებში ეს პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებულია. მაგრამ რეგიონებში, მაგალითად იგივე ზესტაფონში საშინელება ხდება. ასევე, სამტრედიაში აუტანელი სიტუაციაა, იგივე ყველის რეალიზაციის დროს. იქ პირდაპირ ასფალტზე უდევთ რძის პროდუქტები, რაც აღმაშფოთებელია. ფოთშიც გარეთ პირდაპირ ქუჩაში ხდება მალფუჭებადი პროდუქციის გაყიდვა.

ვინც აჭარაში დასასვენებლად მივდივართ, აბსოლუტურად ყველა ვხედავთ ურეკისა და წყალწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველანაირი პირობების დაცვის გარეშე, ცენტრალური ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორ იყიდება თევზი. ძალიან ბევრი მანქანა ჩერდება და ამ თევზს ყიდულობს. ეს ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი ამბავია.

- რეგიონში ეს პროცესი კანონიერ ჩარჩოებში როგორ უნდა მოექცეს?

- სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გარე ვაჭრობა არ კონტროლდება. კანონში პირდაპირ წერია, რომ ორგანიზებული ვაჭრობა, ბიზნესოპერატორი კონტროლდება და ასე გარე მოვაჭრე ყველაფრისგან სრულიად თავისუფალია.

- ზოგადად, მთავრობას რამდენად აქვს გამოხატული ნება, რომ ეს საკითხები უფრო ქმედითად მოაგვაროს?

- ამ პრობლემების მოგვარების ნება რომ არ იყოს, ამდენი ნორმატიული დოკუმენტი არ გვექნებოდა და ამდენი ცვლილება კანონში არ შევიდოდა. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო ნება არ არის ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო არ მუშაობს. მაგრამ პრობლემები კანონმდებლობაშიც ძალიან ბევრია. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან დაბალია საჯარიმო სანქციები, რაც გასამკაცრებელია. იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ ეს სანქცია იყოს ძალიან მაღალი; ხოლო ბიზნესოპერატორი იმაზე უნდა იყოს მიმართული, რომ არ დაარღვიოს მომხმარებელთა უფლებები, კანონის ფარგლებში აწარმოოს პროდუქცია და საერთოდ აღარ  მოუწიოს ჯარიმის გადახდა.

საჯარიმო სანქციები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ დარღვევებზე, არ დაარღვიო და არ გადაიხადო, ძალიან მარტივი მიდგომა მაქვს ამასთან მიმართებაში.

- გამოსავალი კიდევ სად არის, საზოგადოებას ამ პროცესში რა როლი აქვს?

- ამ პროცესებში საზოგადოებრივი როლი ძალიან მაღალია. ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, კანონმდებლობა და ორგანიზაცია ვერაფერს იზამს, თუკი არ გააქტიურდა მომხმარებელი, სწორედ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული. იმ ადგილებში, სადაც დარღვეულია შენახვის პირობები, ვადები, სადაც არასათანადო პირობებში იყიდება პროდუქცია, მომხმარებელმა ეს არაკეთილსინდისიერი ბიზნესი არ უნდა წაახალისოს, ელემენტარულად არ უნდა შეიძინოს მსგავს ადგილებში პროდუქცია. თუკი არ იქნება მოთხოვნა, თავისთავად ასეთი ქაოსური გარევაჭრობა აღარ იარსებებს.

გარევაჭრობამ შეიძლება იარსებოს ხელნაკეთობებზე, ლიტერატურა-წიგნებზე, ჟურნალ-გაზეთებზე, იგივე ანტიკვარიატზე, რაც ლამაზია და შეიძლება ქალაქში ერთგვარ კოლორიტს ქმნიდეს. მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მალფუჭებადი პროდუქცია სამაცივრო დანადგარის გარეშე, არაორგანიზებულ ადგილებში საღდებოდეს.

- ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რამდენად მოქმედებს ამ პროცესზე?

- ევროკავშირის კანონმდებლობა ძირითადად მორგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. თვითონ მოსახლეობის მხრიდან იქ სულ სხვანაირი მიდგომებია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი შორს წაგვიყვანს.

აქედან გამომდინარე, მივესალმები გავითვალისწინოთ ყველა მოწინავე ქვეყნის კანონმდებლობა. მაგრამ, ამავე დროს, ყველა კანონი და ნორმატიული დოკუმენტი ქართულ რეალობასთან უნდა იყოს მორგებული.  

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია