მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა და დღეს შენ ჭამაშიც არ გყოფნის“ - 11 აგვისტო 2021

პოლონეთში ორ კვირას გიყურებენ, თუ გაამართლებ, პატიოსნად იმუშავებ, დაგტოვებენ და თავზეც გადაგყვებიან“

რთული სოციალური ყოფა ბევრს აიძულებს ოჯახი, ქვეყანა დატოვოს და უცხოეთში ეძებოს სამუშაო. ქართველების ერთ-ერთი მიმღები ევროპული ქვეყანა, ჩვენი მეგობარი პოლონეთია. თავისუფლების გამოკვეთილი სიყვარულია ის, რაც თბილისაა და ვარშავას აკავშირებს; ეს დღევანდელ რეალობაშიც დახმარების ხელის გაწვდენაში გამოიხატება.

პოლონეთში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეს, მამუკა მგელაძეს ვესაუბრებით.

- ბატონო მამუკა, რამ გადაგაწყვეტინათ უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრება?

- ბოლო ხანს იმდენად დიდ კრიზისში აღმოვჩნდი, რომ უკვე მომავალსაც ვეღარ ვხედავდი. 30 წელია ერთი და იმავე უბედურებას ვუყურებთ. ვიღაც სათავეში მოდის, გვატყუებს, ქვეყანას დედას უტირებს და მიდის, ხალხის საშველი არაფერია. დისკრიმინაცია არ დასრულდა, ჩვენში ხომ უბრალო ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ. თუ შინაური არ ხარ, მათ ახლო წრეში არ ტრიალებ, გამორიცხულია ნორმალური სამსახური იშოვო. თუკი მუშაობ სადმე, ეს მონურად დაბალ ხელფასზე გიწევს. მაგრამ მონურიც აღარ ჰქვია. ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა და დღეს შენ ჭამაშიც არ გყოფნის.

სამსულიან ოჯახში მარტო ერთს რომ აქვს 400-ლარიანი ხელფასი, მითხარით, როგორ უნდა იარსებო? კომუნალურები გადავიხადო, საკვები ვიყიდო, ჩავიცვა, ბავშვს რაღაც განვითარება მივცე, თუ რა გავაკეთო? აღარ ვამბობ დამატებით საჭიროებებზე, ნებისმიერ ოჯახს რომ სჭირდება. ისევ სახელმწიფოს მხრიდან აბუჩად აგდებას გამოვექეცი. 

აქ პოლონეთში ყველაფერი სხვანაირადაა. ორ კვირას გიყურებენ, თუ გაამართლებ, პატიოსნად იმუშავებ, დაგტოვებენ და თავზეც გადაგყვებიან. აი, დღეს, როგორც თავის მოქალაქეებს, მეც მომცეს ექვსი საპონი და ორი სპეციალური ფხვნილი, ცოტა რკინისგან დატოვებული ჭუჭყი რომ მოიშორო. რკინეულობაში კი ვმუშაობ, მაგრამ ძალიან სუფთა გარემოა, ჩათვალეთ, რომ ამ მეტალურგიაში ყველაზე სუფთა ადგილია...

ერთ სიტყვით, აქ წამოვედი უმუშევრობისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამო.

- პოლონეთში როგორ მოხვდით?

- ალბათ, როგორც ყველა გაჭირვებული. ეტყობა შედარებით კარგ ხავსზე ხელი მოვკიდე, ადამიანებმა ხელი გამომიწოდეს, ბიძგი მომცეს, რომ ჩემი ხარჯებით როგორმე გამომეღწია. ესეც ვალების ფასად წამოვედი, ერთ თვეში ამოვიღებ. მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნება თუ მომიწია (დასარჩენი საბუთი თუ ვერ გავაკეთე), თხა ვიყიდე თხა გავყიდე გამომივა. ერთი თვე ვალში, მეორე - ჭამა და წამოსვლის გზის ფული და გამოდის ერთი თვის ფული მრჩება.

- ახლა, კონკრეტულად სად და რა პირობებში მუშაობ?

- იმით დავიწყებ, რომ ბოლოს საქართველოში მშენებლობაზე მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი. არანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ვიღაც თუ მოდიოდა ობიექტზე, აბა ქამარი და ჩაფხუტი გაიკეთეთ, ისმოდა. ობიექტიდან რომ გადავარდნილიყავი, ისევ შენ დაგაბრალებდნენ. ჯერ ისედაც დაბალია ხელფასი, მერე ათასნაირ ხრიკს იგონებდნენ და  აღებული ფული სახლამდე აღარ გყოფნიდა.

ახლა, სვეტოჩლოვიეს დასახლებაში მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობ. კმაყოფილი ვარ, ეტყობა კარგი ხალხი შემხვდა. საგლინავი განყოფილებაა, მილები რომ გამოდის და იწმინდება, სანამ პატრონამდე მივა, ჩვენ ვასუფთავებთ. ზომები უნდა იყოს დაცული, ზედაპირის სათანადოდ დამუშავება, გასწორება მიმდინარეობს. სიმძიმესთან შეხება არ გვაქვს, ყველაფერს ამწე აკეთებს. სხვები უფრო რთულ საქმეზე არიან, მაგრამ როცა გლინვას არ ვაკეთებ, მათაც ვეხმარები.

- რთული სამუშაოა?

- ჩემთვის არა. თავიდან რომ შევედი ქარხანაში, ერთი ფეხი წინ მქონდა, ორი უკან. თან გულში ვფიქრობდი, აქ ჩემი მომყვანის დედა კი ვატირე-მეთქი. მაგრამ ისე ავეწყვე, ახლა ერთი სული მაქვს, თუ საბუთი გამიკეთეს, ერთი სამი წელი კიდევ დავრჩები.

ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, ქარხანაში დასაქმებული მუშების საცხოვრებელი ადგილია. ესეც იმის ბრალია, რომ დამსაქმებელი ბოლომდე პატიოსნად არ ასრულებს ვალდებულებას. ეს პოლონეთის სახელმწიფოს ბრალი არაა, აქ ადგილზე გაჩენილი პრობლემაა.

აი, ხედავთ აქაურ სიტუაციას (ვიდეოზარით მაჩვენებს) - ერთმანეთის გვერდითაა შემოსასვლელი, აბანო და სამზარეულოც. კაცს აქვე უდევს გასარეცხები, სადაც ვჭამთ კიდეც. ბინაში წესიერი გათბობის სისტემა არ არის. გაუგებარია, თუ ზამთარში დავრჩი როგორ უნდა გავთბეთ. შეხედეთ, ნახშირის ფეჩი რა მდგომარეობაშია.

ასევე, რომ ჩამოვედი სამუშაო ფორმა მომცეს, რომელიც ნელ-ნელა დაიხა. ახლა დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ, - თავიდან შევიძინეთ და ახლა უკვე შენ თვითონ უნდა იყიდოო, ხომ წარმოგიდგენიათ? განყოფილების მენეჯერსაც დავურეკე, ბოდიში მამუკა, მაგრამ ვერ დაგეხმარები, ეგ დამსაქმებელმა უნდა მოაგვაროსო. 

ქარხნის წარმომადგენელს უნდა აინტერესებდეს სად და როგორ ცხოვრობ, აქამდე როგორ უნდა მოხვიდე და ..

- რა წინასწარი პირობები დაარღვია დამსაქმებელმა?

- წესით, პირველივე დღიდან დამსაქმებელი ან მისივე ოფისის წარმომადგენელი უნდა გვხვდებოდეს, რაც არ მომხდარა. ყველაფერი ხარჯია, რაც ისევ საკუთარი ჯიბიდან გვიწევს. აქ კაცი რომ ჩამოდის, ყველა კაპიკი განსაზღვრული აქვს, ისე არაფერი გამოვა. თბილისიდან ყველას ჰგონია, რომ ჩამოვა ვიღაც დახვდება და თუნდაც კაპიკები დაეზოგება.

მეორე - ბინის თაობაზე უპასუხისმგებლობა გაჩვენეთ.

მესამე- ნამუშევარი თვის ხელფასს იძლევიან მომდევნო თვეში, დაახლოებით 20 დღის დაგვიანებით.  და რა გამოდის? მე ხომ სამი თვით უნდა ვიმუშაო, გამოდის ხელშეკრულება ძალაუნებურად უნდა დავარღვიო, რადგან ბოლო თვის ხელფასს მომდევნოს 20-25-ში მომცემენ. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?

როცა ჩამოსვლისას წინ არავინ გხვდება, ასეთ საცხოვრებელში გამყოფებენ, მაგ საკითხზე ვინ იზრუნებს?    

- ასე რატომ გვიანდება ხელფასის გაცემა?

- სისტემა ასეა აწყობილიო. ადგილობრივები 8-დან 10-ამდე იღებენ ხელფასს. მეც რომ ვიკითხე, ავანსად 500 ზლოტი ჩამირიცხეს, დანარჩენს რატომ მიგვიანებენ, მიდი და არკვიე.

- ზოგადად, შრომის ანაზღაურება მისაღებია?

- რასაკვირველია, 3 700-დან 4 ათას ლარამდე გამოდის. ჩამოვედი თუ არა, 40 ლარად ველოსიპედი ვიყიდე. აქ რომ ცხოვრობ, ელემენტარული საჭიროების შიში არ გაქვს. თუმცა ამათთვის ეს არც თუ დიდი ხელფასია, აქედანაც გარბიან დასავლეთისკენ.

ჩვენთვის ეს რეალობა მისაღებია, მეორე მხრივ დღეში 12 საათი ვმუშაობ (საათში 14 ზლოტს ვიღებ). აი, სად არის კიდევ შესაძლო დარღვევა. ამდენს გვამუშავებენ და როგორც ვხვდები ნახევარი მაინც თვითონ მიაქვთ.

- ანუ, ზეგანაკვეთური შრომა არ ანაზღაურდება?

- არა, საშემოსავლოს ვიხდით, მაგრამ დავიჯერო სახელმწიფოს ჩვენი შრომის ნახევარი მიაქვს? მაშინ დამსაქმებელს რა რჩება?

- ქართველების გარდა ძირითადად რა ეროვნების ხალხი მუშაობს?

- ძირითადად უკრაინელებსა და ქართველებს იღებენ. ამის გარეშე პირდაპირ ბანკშიც ანგარიშს ვერ გახსნი. ესეც პოლონელების ხაზგასმით მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ჩვენი, ქართველებისა და უკრაინელების მიმართ. ქართველების მიმართ დიდ სიმპათიებს გამოხატავენ; თავისუფლების მოყვარულ ადამიანებად აღგვიქვამენ და მგონი არც უნდა ცდებოდნენ.

- რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას, რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენ ქვეყანაში რაც უფრო მალე გამოსწორდება მდგომარეობა, მით უკეთესი. განა მიხარია სხვაგან ქარხანაში ბოდიალი. ვერ შევძლებ ოჯახის რჩენას, ისევ აქ დარჩენა მირჩევნია. თუ საბუთები გავაკეთე, ალბათ მინიმუმ სამ წლამდე გავქაჩავ. თუ საბუთი (.. პოპიტ კარტა) არ გამიკეთდა, იძულებული უკან უნდა დავბრუნდე და მერე სამი თვის შემდეგ ისევ წამოვიდე.

- დოკუმენტს გპირდებიან?

- დიახ, მთავარია შესაბამის უწყებაში საბუთები შეიტანო და ყველაფერი ამ მხრივ წესრიგში გქონდეს. თან აქ რაიონის გამგეობის დონეზე წყდება ყველაფერი უფრო მარტივად. საქართველოსავით, მარტო ცენტრალური აპარატი კი რა მუშაობს ასეთ ტექნიკურ საკითხებზე. ეკონომიკა, მოქალაქეობის, სამუშაო უფლების საკითხები, ბინით უზრუნველყოფა რაიონულ დონეზე წყდება. შესაბამისად, საქმის კეთება უფრო მარტივია, ზედმეტი სირბილი აღარ გიწევს.

- ქართველები კიდევ რომელ სფეროებში არიან დასაქმებული?

- ჩათვალეთ, რომ ძირითადად ქარხნებში მუშაობენ. ფაქტობრივად, თვითონ პოლონელები აქ არ ჩერდებიან, გარბიან. ჩემთან მუშაობენ ბიჭები, ჰოლანდიაში იყვნენ, ახლა ჩამოვიდნენ, ოჯახი მოგვენატრაო და ისევ  ჰოლანდიაში დაბრუნებას აპირებენ. ამ მხრივ, პოლონელებიც ჩვენ დღეში არიან.

ჩვენმა ქვეყანამ თავის დროზე უმოწყალოდ დაანგრია ეკონომიკა, ქარხნები, რომელიც კომუნისტების დროს იყო აშენებული. დღესაც კომუნიზმს დავცინით, როცა იქიდან ყველა შემორჩენილ სიკეთეს დედა ვუტირეთ. აქ ადრინდელი ფაბრიკა-ქარხნები შეინარჩუნეს და მშვენივრად იყენებენ დღესაც. ჩვენთანაც ხომ სახელმწიფო რეალურად ამაზე იდგა. ახლაც 50-იან 60-იან წლებში გამოშვებულ დანადგარებზე მუშაობენ, გაგიჟდები რომ ნახავ. ჩარხები აქვთ, ადრე ჩვენთანაც რომ იყო ისეთები. ჩვენთანაც ნანახი და ნამუშევარი მაქვს ასეთ ჩარხებზე, დანადგარებზე, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში. 

ასევე, აქ ვჭირდებით როგორც იაფი მუშახელი. აქაურმა სახელმწიფომ თავისი ეკონომიკის მკვდარი ნაწილი ჩვენი ხელით აამუშავა. ეს შავი მუშაობა ჩვენც გვაწყობს, გასაგებია, მაგრამ ელემენტარული პირობების უზრუნველყოფაზეც უნდა ფიქრობდნენ, დამსაქმებელს აკონტროლებდნენ, რომ მუშა ღირსეულ გარემოში ცხოვრობდეს. ერთ ბინაში ხუთი კაცი არ უნდა ცხოვრობდეს. ერთი სვამს, მეორეს რაღაც აწუხებს და ღამით წამოხტება ხოლმე, ხან რას აწყდები, ხანაც რას. ერთს ლაპარაკი უნდა, მეორე ანგარიშს არ უწევს, შეიძლება ამის გამო დაკა-დაკა წავიდეს; ხომ გესმით, როგორი სიტუაციაა.

- თბილისში განვითარებული ბოლო მოვლენები მანდედან როგორ აღიქმება?

- თუ დანაშაული ჩადენილია, ყველამ უნდა აგოს ამაზე პასუხი. სახელმწიფოს სისუსტეც იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კანონი არ გააჩნია შესაბამისი და მერე მისი აღსრულებაც არ ძალუძს. ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე, რომელი წრიდანაც არ უნდა იყოს ის. სახელმწიფო როცა ვერ ასრულებს თავის პირდაპირ ფუნქციას, მაშინ დგება ასეთი ტრაგიკული შედგები.

- რა რჩევებს მისცემთ ევროპაში დასაქმების სხვა მსურველებს?

- გაითვალისწინონ და რომ მოდიან, ტყუილად 320 ლარს (80 ევროს) ნუ იხდიან, ეს მეც გადავიხადე. მერე აქ დამსაქმებელს რომ ვკითხე, იცი ჩემგან რამდენი ფული აიღე-მეთქი, მამუკა, სიმართლე გითხრა შენგან არაფერი ამიღიაო, ეს თვითონ მათ თბილისში გაინაწილესო. უნდა ეცადონ სამუშაო პირდაპირი არხებით მოძებნონ. სადაც შუამავალია, ჩათვალე, რომ იქ ორმაგი ხარჯია. ზედმეტი 320 ლარი ვის აქვს გადასახდელი. დღეს ინტერნეტი ყველანაირ საშუალებას იძლევა პირდაპირ კავშირებზე გახვიდე.

ასევე, წამოსვლისას ცოტა ფული უნდა ჰქონდეთ. რომ ჩამოდიხარ, ათ დღეს მაინც ყველა ვარიანტში გაჩერებენ, სანამ თუნდაც სამედიცინო შემოწმებას გადიხარ. ეს ათი დღე შენი ხარჯით გიწევს ცხოვრება, პირველ ხელფასამდე ასეა. ამიტომ ხელზე მინიმუმ 300 დოლარი უნდა გქონდეს, ეს ინფორმაციაც მოვაწოდოთ ხალხს. 

ოღონდ ვინც წამოვა, აქ სხვას არ უნდა ამოეფაროს და იმუშაოს.

- გამოსავალს სად ხედავთ, რომ მოქალაქეებს საქართველოდან უცხოეთში გაქცევა არ სჭირდებოდეთ?

- ჩვენი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, აქ რუსეთს არავინ აგინებს, სადაც დასჭირდებათ გამოიყენებენ კიდეც. პოლონელებივით არაფერი არ უნდა დავკარგოთ, რაც კი შეიძლება სამომავლოდ გამოგვადგეს.

სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ყველა საქმიან, შემოქმედ ადამიანს, ვისაც სხვების დასაქმებაც შეეძლება. მარტო ამ ქარხანაში 5 ათასი კაცი მუშაობს, განა ეს ცოტაა? ეს ქარხანა სახელმწიფოს ნების, თანადგომის გარეშე ვერ იმუშავებდა. აქ პატარა მაღაზიებიც კი ისევ არის ქუჩებში, რითაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს; ჩვენთან რომ აყარეს თავის დროზე და ადამიანები ულუკმაპუროდ დატოვეს.

ერთი სიტყვით, ჩვენნაირი მუშა ხალხის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. რაღაც ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს, კორუფციისა და ნეპოტიზმის დამღუპველობაზე უკვე აღარაფერს ვამბობ.  

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია