მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ორ მილიონს თუ ავცრით და მილიონს გადატანილი აქვს, სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი - 26 აგვისტო 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ მიიღო 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და დამატებით 2 მილიონი დოზის შეკვეთა იგეგმება.

რაც შეეხება ვაქცინაციას და ზიგადად კოვიდვითარებას. ბოლო დღეების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ვსაუბრობ, მოსახლეობას მაქსიმალურად ვუხსნი, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ერთი მხრივ დავასტაბილუროთ ვითარება, მეორე მხრივ არც ერთი მოქალაქე, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და მკურნალობას ჰოსპიტალში, არ დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. აი, ეს დავალება აქვს ჩემს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და მთლიანად ჯანდაცვის სისტემას. ასეც არის, უმკლავდებიან ჩვენი გმირი ექიმები ამ პაციენტების მკურნალობას. რა თქმა უნდა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩემ დროს შემოვიტანეთ 3 მლნ-ზე მეტი ვაქცინა. ახლა, დამატებით კიდევ მინდა, რომ შევუკვეთო 2 მლნ დოზა და აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია, ასეც არის.

მილიონი ადამიანის აცრა, აქედან ზოგი ერთი აცრით, ზოგი ორი აცრით, მიღწეული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, დაახლოებით 10 დღეში. კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა სავსებით არის შესაძლებელი სექტემბრის ბოლომდე. ეს არის უკვე ორი მილიონი ადამიანის აცრა და დაახლოებით მილიონს ალბათ უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების, ჩვენი ექიმების, მეცნიერების პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერი არის მეტნაკლებად მძიმე თვე და გამოწვევები სწორედ ამ თვეში იქნება. ამას ემატება რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანია და შეზღუდვები, რომელიც თან ახლავს საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოქტომბერში მოსალოდნელია ვითარების დასტაბილურება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ არა ჩაკეტვა, ვინაიდან ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს.

ოქტომბრის თვეში მოსალოდნელი არის სიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება. მანამდე უკვე საზოგადოებას გამოუმუშავდება იმუნიტეტი, ზოგი ვაქცინით, ალბათ მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ორ მილიონს თუ ავცრით და მილიონს გადატანილი აქვს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება. ისე რომ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენ ეკონომიკა კი არ ჩავკეტოთ, არამედ პირიქით, წავახალისოთ განვითარება, წინსვლა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ხელი შევუწყოთ.

ჩვენ მითუმეტეს პატარა სახელმწიფო, პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკა, ძლიერი სახელმწიფოები, ანუ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკები აქვთ, ასე ვთქვათ შეთანხმდა, მათ შორის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი, ბატონი ფაუჩი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ ქვეყანა აღარ ჩაიკეტება. ეს არ არის მთავრობის პოლიტიკა, არამედ ეს არის მეცნიერების და ეპიდემიოლოგების პოლიტიკა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ლოკალური, გარკვეული შეზღუდვები შეიძლება, დავაწესოთ, ისეთი, როგორიც ახლა შემოვიღეთ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, დავასტაბილუროთ და თან ვმართოთ ისე, რომ ეკონომიკა არ ჩავკეტოთ ხელახლა, რადგან ქვეყანა ვერ გაუძლებს ამას და აღარ გვინდა ვალების აღება, აღარ გვინდა ხალხის გამოკეტვა სახლებში, დეპრესია და ის საშინელი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც ქვეყანაში იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – „კოვიდ 19“-ს 79 პაციენტი ემსხვერპლა. ამასთან, გვყავს 4 128 ახალი კოვიდინფიცირებული, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია