მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დღეს გაცილებით მრავალრიცხოვანი და ძლიერები ვართ“ - 30 აგვისტო 2021

რისთვის შეიქმნა პარლამენტთან „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია“

კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რა პრობლემების წინაშე დგანან აშშ-ში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ძირითადად რომელი ვაქცინები გამოიყენება, .. არალეგალებთან მიმართებაში ბოლო დროს სიტუაცია შეცვლილი ხომ არ არის, აქაური ხმაურიანი პროცესები ამერიკული პრიზმიდან როგორ გამოიყურება, ნელ-ნელა შორდება თუ არა საქართველო დასავლურ სამყაროს, ამ და სხვა კითხვებით ნიუ იორკშიქართული სათვისტომოსდამფუძნებელს, „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციისთავმჯდომარეს, ნიკოლოზ (ნიკა) ჩხეიძეს მივმართეთ.

- თბილისიდან 1999 წელს წამოვედი. მანამდე, დამოუკიდებელი ქართული მედიის, პირველი რადიოს (რადიო 106) და პირველი სტერეოს (ტელევიზიის) დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ვიყავი. ორგანიზაციას გაუჭირდა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყე. თავიდანვე სამედიცინო კლინიკაში ვმუშაობდი. ვეძებდი სათვისტომო ორგანიზაციას, ვერ ვნახულობდი. ჩემთან კლინიკაში ბევრი გაჭირვებული მოდიოდა გასინჯვებზე. ამ ხალხს პატრონი არ ჰყავდა, სამედიცინო ზედამხედველობა სჭირდებოდა. 2003 წელს ასოციაციათვისტომიჩამოვაყალიბე. ძირითადად სამედიცინო პრობლემატიკაზე ვმუშაობთ, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც ვაწყობთ. ასევე, ავაწყვეთ იურიდიული მომსახურება, როცა ნიუ-იორკში ქართული საკონსულო არ იყო. კონსული ჩვენთან ოფისში ჩამოდიოდა და ქართველებს ემსახურებოდა. იქით რომ ჩასულიყვნენ, ავტობუსებს აჩერებდნენ გზაში და საბუთებს უმოწმებდნენ. მერე ნიუ-იორკში საკონსულოც გაიხსნა და უფრო სამედიცინო დახმარების მიმართულებით წავედით. ნიუ იორკის გარდა ნიუ ჯერის, კონექტიკუტის, პენსილვანიის ქართველობას ვემსახურებით.

- კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რა პრობლემების წინაშე დგანან თანამემამულეები?

- ყველა შტატს თავისი რეგულაციები გააჩნია. აქ მცხოვრები იძულებულია ადგილობრივ წესებს დაექვემდებაროს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საქართველოშია. კოვიდ პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. ჩვენი მეგობარი ნინო ჩეხოშვილი ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარა. როგორც კი კოვიდ პაციენტებად რეგისტრირდებიან, ნინოს კომპეტენციაში გადადიან.

თავის დროზე, როცა ამერიკის კრიზის-ცენტრი ჩამოვაყალიბეთ, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა გაიარა მომსახურება და სახლში მკურნალობა, კონტროლი და მონიტორინგი. კრიზის-ცენტრისგან დაახლოებით 800-ზე მეტმა ქართულმა ოჯახმა მიიღო მომსახურება, რომლის დამფუძნებელიც ოთხი ორგანიზაცია ვართ. კონსულტაციებს და დაკვალიანებას კვლავაც ვაგრძელებთ. თუ პაციენტი ჰოსპიტალურ სისტემაში ხვდება, ნინო ჩეხოშვილს ვუკავშირდებით და ის ზედამხედველობას უწევს მაქსიმალურად.

- ქართველებში რა დონეზეა გავრცელებული კოვიდი და ვაქცინას თუ იკეთებენ აქტიურად?

- ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს. არიან ვაქცინირების მომხრეები, საპირისპირო აზრის მქონენიც. სიტუაცია დელტა შტამთან დაკავშირებით გართულებულია, შემთხვევებმა იმატა. საკმაოდ მძიმე კრიზისებით ახლაც წვანან ქართველები კლინიკებში და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში იმყოფებიან. მაგრამ მაინც არ არის ისე მოდებული პროცესი, როგორც საქართველოში ხდება.

- არალეგალებთან მიმართებაში ბოლო დროს სიტუაცია შეცვლილი ხომ არ არის?

- ნიუ იორკში ისეთი სიტუაციაა, ტერმინ არალეგალის ხმარება უკვე ამოღებულია. როგორც ამბობენ, საემიგრაციო პოლიტიკაში გარკვეული შეღავათები არის, საკითხი მწვავედ აღარ დგას. შეზღუდვები ნაკლებია იგივე პოლიტიკური (თავშესაფრის) სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ადრე იწელებოდა, დაჩქარდა პროცესი. ზოგადად, ნიუ იორკი ისეთი შტატია, დიდად პრობლემატური თემა არც აქამდე ყოფილა. .. არალეგალების დევნა არ არის, როგორც ეს შეიძლება სხვა შტატებში ყოფილიყო. მაგალითად, სამხრეთ შტატებში. იქ საზღვრების თემა როგორ დგას, ეს თქვენც მოგეხსენებათ. ზოგ შემთხვევაში უკონტროლოდ ხდება ხალხის შემოსვლა, რომელიც კოვიდ საშიშროებას წარმოადგენს. ასეთი გზით შემოსულებს ხშირად თვეების განმავლობაში საიმიგრაციო ციხეში ყოფნა უწევთ, მიუხედავად ყველაფრისა.

- მანდ კოვიდის საწინააღმდეგოდ ძირითადად რომელი ვაქცინები გამოიყენება?

- ძირითადში ფაიზერია. მოდერნაც არის, მაგრამ აქცენტი უფრო პირველზეა გაკეთებული. ფაიზერმა დამატებითი ბუსტერის გამოყენებაც მიზანშეწონილად მიიჩნია. ასევე, ვაქცინირების დაძალების პროცესიც მიმდინარეობს. ღიად არ გეუბნებიან, რომ ვალდებული ხარ თუ არადა დაგიჭერთო, მაგრამ შეზღუდვების დაწესება იწყება. მაგალითად, სპორტდარბაზებში, აუზებზე, რესტორნებში და მსგავს დაწესებულებებში შეიძლება არც შეგიშვან, თუკი ვაქცინის პასპორტი არ გექნება.

- ბუნებრივია, ეს ქართველებსაც შეეხება...

- რა თქმა უნდა, ყველას შეეხება, ვისაც აცრის პასპორტი არ ექნება. არის კატეგორია, რომელიც ამ იძულებას ეწინააღმდეგება. ამ საკითხში კითხვები კიდევ არის. თავიდან ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ფაუჩი ამბობდა, რომ პირბადეებს დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. მერე პირიქით გაამწვავეს პირბადის გამოყენების საკითხი და აუცილებელი გახდა. ისევ მოხსნეს ნიღბებზე პასუხისმგებლობა. მოგვიანებით ფაუჩის მხრიდან უკვე ორმაგი პირბადის აუცილებლობაზე იყო საუბარი და მისთ. ახლა  ვაქცინირებული ხარ თუ არა, პირბადე მაინც უნდა ატარო და ესეც მოსახლეობაში ბევრ კითხვას იწვევს.

- აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის პროცესსაც ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი?

- მე ამერიკელი რესპუბლიკელი ვარ, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის პოლიტიკის მომხრეც; რაც ეხებოდა ამ ქვეყნის გაძლიერებას და ინტერესების გათვალისწინებას ყველა ასპექტში, საგარეო პოლიტიკა იქნებოდა ეს თუ საშინაო საკითხები; რაც ამერიკის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას შეეხება, სადაც რასაკვირველია ქართველებიც იგულისხმებიან.

ბევრი რამ შეიცვალა და კიდევ შეიცვლება, რაც შეეხება რეგულაციებს, ძალდატანების თემას. ადამიანები ფაქტობრივად იდევნებიან საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. ფეისბუქპოსტის გამო შეიძლება სამსახური დაკარგო. შეიძლება სქესის გამო ადამიანს არასწორად მიმართო, გიჩივლოს და სამსახური დაგაკარგვინოს. ეს თემები ისევ მწვავედ დგას და არსად წასულა, ალბათ გამწვავდება.

- აქაური ხმაურიანი პროცესები ამერიკული პრიზმიდან როგორ გამოიყურება?

- აქ რაც ხდება იმის გამოძახილია. ევროპა-ამერიკაში იმ ახალი პროცესებისა და ტენდენციების  ექოა, რომელმაც საქართველომდე მოაღწია. გამწვავება ერთი წლის წინ დაიწყო, გარკვეულ პიკს არჩევნების პერიოდში მიაღწია. მას შემდეგ, რაც ბაიდენი მოვიდა ადმინისტრაციაში, გარკვეული რეგულაციები მყარდება და სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირებაა. არა თავისუფლებისმოყვარე, არამედ ფსევდო ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება ხდება. 

- აქ ხშირად ისმის, რომ საქართველო ნელ-ნელა ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას შორდება და რუსული ვექტორისკენ იხრება, ჩანს რამე მსგავსი ნიშნები?

- ვერ ვიტყვი, რომ რუსული ვექტორისკენ იხრება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი გათვალისწინებულია ქართულ რეალობაში; ადასტურებს თუნდაც ანაკლიის პორტის შეჩერება, ნამახვანჰესის მსგავსი საკითხები. მაფიქრებინებს, რომ რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე არსებობს და საკმაოდ ძლიერია. მით უმეტეს, ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა პუტინის რუსეთის მიმართ აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე ეს ტრამპის პირობებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა პუტინი ღიად დაადანაშაულა და მკვლელი უწოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგა მაქსიმალურად უკან დაიხია და ჩრდილეთ ნაკადის პროექტი შესაძლებელი გახადა. ფაქტობრივად, დათმო გავლენის სფეროები ევროპაში, განსაკუთრებით კონტინენტის უძლიერეს ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა; ისევ და ისევ რუსულ ნემსზე დასვა, როცა ტრამპი მსგავს პროცესებს მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა. მისი მმართველობის პერიოდში ჩრდილეთ ნაკადის პროექტი გაჩერებული იყო. როგორც კი ბაიდენის გამარჯვების ნიშნები გამოჩნდა (როგორც მახსოვს, ეს იყო ოქტომბრის ბოლო ნოემბრის დასაწყისი), პროექტის განხორციელება განახლდა. ჩემთვის იყო მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკა შეიძლება ჰქონდეს ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან მიმართებაში. დეკლარირებული წინააღმდეგობა პუტინთან, რეალურად სიცრუეა. ის კი არა, ტრამპის დროს ნავთობზე, ენერგომატარებლებზე ფასები სხვა, დაბალი იყო, რაც თავისთავად რუსეთის ინტერესებს არ ემთხვეოდა. ბაიდენის მოსვლიდან ერთი დოლარით გაზრდილია ფასი, ეს პირველივე თვეში მოხდა. რასაც ბაიდენი აკეთებს, პუტინის წინააღმდეგ არაა მიმართული და ამას გაცილებით ღრმა ანალიზი სჭირდება.

შესაბამისად, რაც საქართველოში ხდება, ისევ აქაური პოლიტიკის გამოძახილია. როცა ხედავ, შენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა, აშშ, რეალურად თავს უქნევს და ვერაფერს აკეთებს დასავლეთზე რუსეთის ექსპანსიის შესამცირებლად, შენც პოლიტიკის კორექტირებას აკეთებ. ბუშის სათავეში ყოფნისას შესაძლებელი ვერ გახდა საქართველოს ტერიტორიების დაცვა; როცა თბილისში იყო ჩამოსული და დემოკრატიის შუქურას გვიწოდებდა; აღფრთოვანებული იყო და მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდა. დღეს ბაიდენმა ევროპა ფაქტობრივად პუტინს გადააბარა, რუსეთთან რომელ ღია წინააღმდეგობაზეა საუბარი. ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, წინდახედული ნაბიჯებია საჭირო, რომ გარკვეული რეციდივები არ მოხდეს; არ მივცეთ საშუალება რაღაც ანალოგიური ჩაიდინონ, რაც 2008 წელში იყო.

- საქართველოში ყოველწლიურად დიასპორულ ფორუმებში მონაწილეობთ, რის გაკეთება შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა დიასპორებს სამშობლოს საკეთილდღეოდ?

-  დიასპორა აუწონავი ოქროა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. განუზომელი რესურსია, რადგან რაოდენობრივად მილიონნახევარი საქართველოს მოქალაქეა გასული საზღვარგარეთ. ის ხალხია, ვინც შეიძინა ახალი ცოდნა, გამოცდილება დააგროვა, შრომისმოყვარეობა მის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რომელიც წლების მანძილზე დაკარგული ჰქონდათ. აქ შრომა თუ არ გიყვარს და არ მუშაობ, ვერ გაჩერდები და ვერც იცხოვრებ. ამას გარდა, ქართველობამ ახალი უნარ-ჩვევები შეიძინა, ურთიერთობა სხვადასხვა სათვისტომოებთან, სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან. იმის საშუალებას გაძლევს, შენი თვალსაწიერი გააფართოო და მოვლენებს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში უფრო ფართო ხედვით უყურო. გვერდიდან მოვლენები ცოტა განსხვავებულად ფასდება. ემიგრაციის კავშირები ადგილობრივ სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან დიდი რესურსი და ბერკეტია, რომელიც სახელმწიფომ აქტიურად უნდა გამოიყენოს. მერე ის, რომ ქართული ემიგრაცია დამოუკიდებელი პლასტია, ფინანსურ-ეკონომიკურად ფეხზე დგას, არცერთ ხელისუფალზე დამოკიდებული არ არის. ყველაფერი იმის საფუძველს იძლევა, რომ მაქსიმალურად ჩართული ვიყოთ ქართული სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში.

შარშან თებერვალში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტში ჩამოვაყალიბეთქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია“, რომლის თავმჯდომარე გახლავართ. წარვადგინეთ კონკრეტული ხედვა, როგორ და რატომ უნდა გაძლიერდეს პირველ რიგში ქართული სათვისტომოები, დიასპორები და რა მექანიზმებით შეიძლება ეს გაკეთდეს.

- და რამდენად იყენებს ამ ფაქტორს ჩვენი სახელმწიფო?     

- სამწუხაროდ, არანაირი გამოძახილი და გაგრძელება პროცესს არ ჰქონია.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთიდან დაბრუნებულმა თერგდალეულებმა ერი გამოაღვიძეს და უდიდესი ძვრები მოახდინეს. რამდენიმე ახალგაზრდა იყო მაშინ დიდი ილიას ლიდერობით და ერთი სტამბა ჰქონდათ, ეს იყო და ეს. დღეს გაცილებით მრავალრიცხოვანი და ძლიერები ვართ, რესურსები გვაქვს, ინტერნეტი, უამრავი ახალი საშუალება  არსებობს. ფინანსურად მყარად ვდგავართ და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია. ამისთვის საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ ეთანამშრომლო ამ ძალას, მაქსიმალურად გამოიყენო. ამ ინტერესს ვერ ვხედავ, ემიგრაციისკენ არ იხედებიან.

სახელმწიფომ ორივე ბერკეტი უნდა გამოიყენოს, ერთია საელჩო, მეორე შენივე დიასპორაა. რასაც საელჩო გააკეთებს, ეს არ ძალუძს დიასპორას; მაგრამ რასაც დიასპორა იზამს, საელჩო ვერასოდეს გააკეთებს. საელჩო ოფიციალური ბერკეტია, ხოლო ჩვენ არაოფიციალურად, ამერიკის მოქალაქეები ვართ და წვდომა გავლენა ამ დროს სულ სხვაა. მაგალითად, შეგვიძლია მუშაობა იგივე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, მედიასთან ისე, რასაც საელჩო ღიად ვერ გააკეთებს. ამ ბერკეტებს სახელმწიფო არ იყენებს, რაც გულდასაწყვეტია. ეს იგრძნობა კიდეც რეალურ სიტუაციებში. თუნდაც ამერიკაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ამას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს. ამდენი ხანია არჩევნებში დიასპორიდან მონაწილეობას იღებს რამდენიმე ათეული ათასი ამომრჩეველი. შესაბამისად, პოლიტიკურ სპექტრს, ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ემიგრაცია არ მიაჩნია საინტერესო საურთიერთობო პარტნიორად; რადგან მას .. ელექტორალური ფასი არ გააჩნია. ერთ რომელიღაც დაბაში უფრო მეტი ამომრჩეველი შეიძლება იყოს, ვიდრე მთელ ამერიკაში. სამი საარჩევნო უბანია, სადაც მაქსიმუმ სამი ათასი კაცი შეიძლება გატარდეს. ამ დროს შტატებში დაახლოებით 250 ათასი ქართველია. ეს საკითხიც დავაყენეთ, რომ ქართულ ემიგრაციას არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის საშუალება მიეცეს, ინტერნეტის მეშვეობით. ამით ემიგრაცია გულთან ახლოს რომ გყავდეს, სხვანაირად ტექნიკურად ვერ ხერხდება. ის კი არა, ხალხს ბრუკლინიდან მანჰეტენზე გასვლა ეზარება არჩევნების დღეს, სხვა შტატებზე აღარაფერს ვამბობ. ამ დროს ორი საარჩევნო უბანია ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, კიდევ კალიფორნიაში გაიხსნა. ამის გადაწყვეტასაც თავის თავზე არავინ იღებს. არაერთხელ გაგვიგია მათგან კულისებში, ელექტორალურ ინტერესს არ წარმოადგენთო, გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ოპოზიციისგან. ამიტომ მთავარი პოლიტიკური ნებაა. პარლამენტში იმ შეხვედრის შემდეგ კი არავინ გამოჩენილა.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია