მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით ხელისუფლებამ რუსეთს პირდაპირი კაპიტულაცია გამოუცხადა“ - 06 სექტემბერი 2021

განათლებული საზოგადოების გარეშე სასაცილოა საუბარი სხვა ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოებაზე“

ჩვენს რეგიონში თუ მსოფლიოში უსაფრთხოების პრობლემები მატულობს. ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო დროს ავღანეთში განვითარებული მოვლენები. აქვს თუ არა ქართულ სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგია და, საერთოდ, რა რეალობაში ვიმყოფებით და რას ვაკეთებთ სტრატეგიული მიმართულებით?

ამ თემაზე პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ.

- ნებისმიერ სახელმწიფოს, თუ ქაღალდზე არა, რეალურად სახელმწიფო ჰქვია, უპირველესად უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხედვა სჭირდება. ეს, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მუშავდება, განახლდება და აისახება ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა რისკების შეფასების დოკუმენტი, სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფცია და უსაფრთხოების სტრატეგია; მეორე მხრივ, თავდაცვის სტრატეგია. ჯერ იწყება რისკების შეფასებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, როგორც შიდა ისე საგარეო მიმართულებით. მოიცავს როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, ჯანდაცვის სფეროს, ასევე მოსალოდნელ ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატაკლიზმებს და .. ამ რისკების  სისტემატიზაციისა და შეფასების შემდეგ გარდაისახება კონცეფციად და სტრატეგიად; სადაც არის რისკებზე რეაგირების გზები, ნეიტრალიზების მექანიზმები, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანები. ამის გარეშე სახელმწიფომ უბრალოდ არ იცი რა არის შენი მთავარი გამოწვევა, ძლიერი მხარე, მიზანი, რისკენაც უნდა წახვიდე და როგორ უნდა უზრუნველყო შენი უსაფრთხოება და თავდაცვა.

გადავდივარ იმაზე, რასაც სრული კატასტროფა ჰქვია. რაც ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ სჭირდება ან არც განიხილავს ასეთად. რადგან ქვეყანას არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან არ აქვს. ურთულეს რეგიონში ვართ, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, ფაქტობრივად, ბიოლოგიური ომის პირობებში, რასაც კოვიდი ჰქვია, ამ დროს საქართველოს არცერთი ზემოთ დასახელებული დოკუმენტი არ გააჩნია.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ჰქონდა კი ოდესმე? გიპასუხებთ, რომ ჰქონდა. უსაფრთხოების პირველი კონცეფცია ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველმა თაობამ (რომელსაც მეც ვეკუთვნოდი) ჩამოაყალიბა. მაშინ 1995 წელს ქვეყანაში ახალი სტრუქტურა შეიქმნა. შემდეგ განახლება და ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება ხდებოდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დოკუმენტი უბრალოდ დაივიწყეს.

- რატომ დაივიწყეს?

- ჩემთვის პირველი კრიტერიუმია იმისა, რომ ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე ხელისუფლება, ამას რბილად ვამბობ. მოღიავებული აქვს კარები მთავარი მტრისთვის და გამოწვევისთვის, რუსეთისთვის. სხვაგვარად ვერაფრით აიხსნება (სხვა არგუმენტი არ არსებობს), რაც ამ ფუძემდებლური დოკუმენტების არარსებობას განმარტავს.

პარალელურად, უკვე 4-5 წელია, განსაკუთრებით 2016 წლის არჩევნების შემდეგ თვალსაჩინო გახდა, რომ განსაკუთრებით საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით ხელისუფლებამ რუსეთს პირდაპირი კაპიტულაცია გამოუცხადა. როდესაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე თუ სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მხოლოდ თავდაცვითი პოტენციალის შეფასებაზე და გამოყენებაზეა საუბარი; როგორც ამბობენ, კონვენციური ომის შესაძლებლობებზე და ამის განეიტრალებაზე. არადა, უსაფრთხოების სტრატეგია სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს.

დაწყებული სოციალური უსაფრთხოებიდან, რაც სოციალურად დაცულ მოქალაქეს ნიშნავს. თუ ასეთი არ არის, რა რისკები ჩნდება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე; ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, კატაკლიზმების პრევენცია; განათლება, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი; რადგან განათების კონცეპტუალური ხედვის გარეშე, განათლებული საზოგადოების გარეშე საერთოდ სასაცილოა საუბარი სხვა ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოებაზე; რადგან გაუნათლებელი საზოგადოება ვერც სოციალურად უზრუნველყოფილ საზოგადოებას ქმნის, ვერც წარმატებულ ეკონომიკას, უსაფრთხოების სხვა ელემენტებზე აღარაფერს ვამბობ.

ენერგეტიკული, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, როგორც ყველაზე თანამედროვე გამოწვევა. არცერთი მიმართულებით ხედვა არ გვაქვს, რაც ჩვეულებრივად პრაქტიკაში გარდაისახა. ქვეყანას რომ არ აქვს საინფორმაციო უსაფრთხოება, ხელისუფლება პრინციპულად არ იცავს მას. როგორც გითხარით, ფაქტობრივად კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული. ღია კარის პრინციპი რუსეთთან; რომელი ქსელითაც მოუნდება (სატელევიზიო, გაზეთები, სოციალური ქსელები) დააფინანსებს რუსეთი, ასევე სამოქალაქო აქტივობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, პოლიტიკურ პარტიებს და ამ ყველაფერთან ერთად აწარმოებს ფსიქოლოგიურ ომს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ამ ომსაც თავისი განშტოებები აქვს. რა არის მიზანი? ის, რომ ქვეყანაში, საზოგადოებაში იყოს მუდმივი დეპრესიის განცდა, იმედგაცრუება და იმაზე აპელირება, რომ დასავლეთი საქართველოსთვის ვეღარ არის ფასეული პარტნიორი და გამოწვევების გარდა ვერაფერი შეგვმატა; ის, რომ დასავლეთი ქართული ეკლესიის თუ ტრადიციის წინააღმდეგი და ამორალურია და ამის საპირწონედ რუსეთთან მარტოდ დარჩენილ საქართველოს შეუძლია ისევ მხოლოდ რუსეთის კეთილგანწყობის იმედად იყოს. ერთ-ერთი გენერალური ხაზია რუსეთის საინფორმაციო მანქანისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არანაირად ხელს არ უშლის, პირიქით ახალისებს.

მეორე და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დაყოს ერთმანეთთან მტრულად განწყობილ სეგმენტებად და ჩვენი საზოგადოება ვერ გაერთიანდეს.

ჯერ ერთი, გეგულებათ ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არ დაუსახავს არანაირი მიზანი ამ ცხრა წლის განმავლობაში? ჩვენ არ ვიცით საით მიდის სახელმწიფო, რა მიზანი აქვს, როგორი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, რის გარშემო უნდა ერთიანდებოდეს. მარტო ის ვიცით, რატომ ვიყოფით, რას ვერ ვიყოფთ ერთმანეთში და ჩვენში განსხვავება რა არის. ესეც მიზანმიმართულია, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების თანამშრომლობის თუ კოლაბორაციის ნაყოფია.

შესაბამისად, ეს არის სამიზნისგან, იდეალებისგან, იდეებისგან დაცვლილი საზოგადოება, რომლის მთელი ენერგია ერთმანეთის განადგურებას ხმარდება. შედეგი, გამოძახილი და დასტური იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებას საქართველოს, როგორც რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს არც აღიქვამს და არც სჭირდება; რუსეთი მას არც უფლებას მისცემს, რომ რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება იყოს. რაც მოვყევი ზემოაღნიშნულთან თანხვედრაშია, იმასთან, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ არ ცნობს უსაფრთხოებისთვის ფუძემდებლური დოკუმენტების საჭიროებას.

კიდევ ერთი საინტერესო რამეა. უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა ანგარიში ორი თუ სამი თვის წინ, რუსეთის ზუსტად ანალოგიურ ქმედებებზე საუბრობენ. ტაქტიკა ერთია, უბრალოდ ერებისა და საზოგადოებების სპეციფიკას ითვალისწინებს. მაგ; საქართველოში სიტყვაზე რომ ვთქვათ, კანის ფერის მიხედვით რასობრივი დაპირისპირების ნიადაგი არ არსებობს და თემას არასოდეს გააღრმავებს. ისევე, როგორც უმცირესობების საკითხი ამერიკაში არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც საქართველოშია. ამას ამერიკაში დაპირისპირებისთვის უბრალოდ ვერ გამოიყენებს. მგრძნობიარე თემები სახელმწიფოებისა და ერების მიხედვით იცვლება. თორემ რუსეთს ტაქტიკა ერთი და იგივე აქვს ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში.

სხვა საკითხია, როცა შენ როგორც სახელმწიფო ამას ხედავ და კონტრსაინფორმაციო შემაკავებელი სტრატეგია (რომელიც კონცეფციას და ხედვას ეფუძნება) არ გაქვს; სხვაა, როცა თანამონაწილე ხარ ამ ყველაფრის, რადგან არც ხედვა გაქვს როგორ გაანეიტრალო და შესაბამისად არც ქმედებებს ახორციელებ. უკრაინის დაზვერვაში ძალიან საინტერესო იყო ეკონომიკური კუთხით რას აკეთებს რუსეთი, როგორ ცდილობს უკრაინა ჩამოშალოს და ასე შეუმდგარ სახელმწიფოდ აქციოს.

ზუსტად იმავეს ვუყურებთ საქართველოში ეკონომიკური კუთხითაც. რაც უფრო გავერანებული, ცვედანი, გაღატაკებული იქნება მოქალაქე, მით უფრო იოლია მისი ხმის ყიდვაც და იდეებისგან თუ იდეალებისგან დაცლა, გადართვაც იგივე რუსეთისკენ. თორემ რუსეთს საქართველოს პირდაპირი ანექსია არაფერში სჭირდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კისერზე მოკიდებული ჰყავს უზარმაზარ ფინანსურ ხარჯად და საქართველო რაში სჭირდება. ან თავზე დასავლეთის რისხვა რაში სჭირდება. თუმცა დასავლეთი რომ კასტრატია მთელი თავისი პოლიტიკური ელიტით, ეს არის დღევანდელობის მთავარი უბედურება. თითქოს რა პირდაპირ შეხებაშია, მაგრამ რაც აშშ- ავღანეთში იკადრა და იკისრა, არანაირ საერთაშორისო სამართალში თუ ღირებულებებში არ წერია. ეს კიდევ სხვა თემაა. როცა ამერიკის დამოკიდებულებები ასეთია პარტნიორებთან (ავღანეთის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები იყვნენ პარტნიორები), შენ როგორც პარტნიორს საქართველოს სახით შიში გიჩნდება, რომ ასევე შუა გზაზე არ მიგატოვონ რუსეთთან პირისპირ. ამ უამრავი გამოწვევის პირობებში ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არ გვაქვს რისკების შეფასების დოკუმენტი და სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგია.

- მთელი ამ რეალობის გათვალისწინებით, სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გამოსავალი რაშია, რომ კიდევ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე არ აღმოვჩნდეთ?

- ტრივიალურ რამეს ვიტყვი, გამოსავალი ხელისუფლების ცვლაა. მაგრამ სად არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის რესურსი აქვს. მძიმე რამეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ორ ოქტომბერს არჩევნებია და პარტიებს ჯერ კანდიდატები არ ჰყავთ წარდგენილი, პროგრამებსა და ხალხთან მუშაობაზე საუბარიც ზედმეტია. ქვეყნის ყველა რეგიონთან შეხება მაქვს და შემიძლია დაგიდასტუროთ, თითქმის არცერთი ოპოზიციური პარტია იშვიათი გამონაკლისით არც კი ჩასულა ადგილზე. ამ დროს მუნიციპალური, ადგილობრივი არჩევნებია. მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო და იცოდე, მოქალაქეები რა პრობლემების წინაშე დგანან, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში რა კონკრეტული საჭიროებებია. ამის შესასწავლადაც კი არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ფეხიც არ გაუდგამს. ესენი ამ ხელისუფლების შეცვლას არ აპირებენ, თავი შემიძლია დავდო. სასწაული რომ მოხდეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მათგან 90% პარლამენტში ვერ მოხვდება. ეს დღევანდელობის მთავარი გამოწვევაა.

საზოგადოების როლზე როცა მეკითხებით, გამოდის, რომ ჩვენ შიშველი ხელებით ვუპირისპირდებით რუსულ საინფორმაციო მანქანას. პირდაპირ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით. აქეთ არაფერი გვაქვს, როცა იმხელა თანხებზე, ისეთი სპეციალისტების ჩართულობაზეა საუბარი; როდესაც თუნდაც საინფორმაციო უსაფრთხოების კონტრსტრატეგიაზე ვსაუბრობთ, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე და მის რეალიზაციაზე, ამას ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფები უბრალოდ ვერ აწევენ.

აშშ- ჰქონდა შეთავაზება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ის დაიცავდა და უსაფრთხოების ფარს შექმნიდა. ვერ გეტყვით, რამდენად შორს წავიდა მერე ეს თანამშრომლობა.

ანუ ორი გამოსავალია - ხელისუფლების ცვლილება ან იგივე აშშ- თუ ნატოს სხვა სახელმწიფოების მხრიდან ამ საფრთხეების განეიტრალება. მაგრამ ის გარედან როგორ შეძლებს შენს მაგივრად საინფორმაციო კონტრსტრატეგიის დადებას? კარგი დაგიწერა, შენ თუ მოწადინებული არ ხარ ეს განახორციელო, რაც უნდა გიწერონ, გადაამზადონ, შედეგი ვერ მიიღწევა. მთელ სახელმწიფო სტრუქტურებში გადაამზადეს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები, ამაზე თუ არ მეშლებაიუესაიდისძალიან დიდი გრანტი იყო სწორედ იმიტომ, რომ რუსულ პროპაგანდასთან ებრძოლათ და რა? ეს გადამზადებული დეპარტამენტები ან საერთოდ არანაირ როლს არ ასრულებენ, ან ხელისუფლების ინტერესებს იცავენ, ან პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს. ამერიკის მხრიდან უზარმაზარი ფული ჩაიდო, თავისი ტრენინგებით, გადამზადებით, ხედვებით, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ ამის განხორციელებაზე უარი თქვა. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც არასდროს გვქონია ბოლო 30 წლის მანძილზე.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია