მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ნინო ლომჯარია - 13 სექტემბერი 2021

ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსმენები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა, რაც არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.

„ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრებული გვაქვს მოსმენების დღევანდელი მექანიზმი, სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები. რაც შეეხება სკოლის პედაგოგებისა თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუნდაც ეს ფაქტი შეიძლება, არ არის ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, საერთო ჯამში, ამ ფაქტების ერთობლიობა და ასევე ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მარტო წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა. ასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა და ამაზე რეაგირება არის განსახორციელებელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.

„ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა პირთა მიმართ, სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა.

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და იგი გარანტირებულია, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. აღნიშნულ უფლებებში ისეთი ინტენსიური ფორმით ჩარევა, როგორიც არის პირის მიმართ ფარული მიყურადება ან/და თვალთვალი, ექვემდებარება განსაკუთრებულ კონტროლს და მისი განხორციელება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალებაა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამსახურის კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია