მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„როცა რესტორნები ღიაა და სკოლები დაკეტილი, ნათელია რა პრიორიტეტებიც აქვს ქვეყანას“ - 21 სექტემბერი 2021

განათლების სისტემა ხმების მოსაპოვებელ პლანტაციებად არის ქცეული“

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ვადები  განისაზღვრა:

- სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესს განახორციელებენ მხოლოდ დისტანციურად.

- საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი  2021 წლის 4 ოქტომბრამდე არ განხორციელდება.

- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის,  რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი. ამასთან,  ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით

- 2021 წლის 4 ოქტომბრიდან, იმ სოფელში, დაბასა და ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო ინფიცირების 4%-ზე მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და საჭიროების შემთხვევაში,  კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

- ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაშიერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებას.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და გაერო- ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისები სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და საჭირო ზომების მიღებით შექმნან უსაფრთხო გარემო.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვასა და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამას გარდა,  უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდისკოვიდ-19“-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ, ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვების, პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის ჰანს ჰენრი კლუგეს განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში.

პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავირუსისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები“, -განაცხადა ჰანს ჰენრი კლუგემ.

ამ თემაზე "კოალიცია განათლება ყველასთვისწარმომადგენელს, ჯანდაცვის ექსპერტ რევაზ აფხაზავას ვესაუბრეთ.

- ბატონო რევაზ, როგორ აფასებთ კოვიდპანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას?

- განათლების სამინისტრო ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს. მათივე სტრატეგიიდან და გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, სკოლების მეტ ავტონომიურობაზე და დიფერენცირებული მართვის მოდელებზე უნდა გადასულიყვნენ; მიეცათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. საქართველოში ძალიან ბევრი სკოლა მზად არის (პანდემიის მიუხედავად) დაიწყოს სწავლა. მათ შორის, არის მცირე კონტინგენტიანი სკოლები. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვის დაიწყონ სწავლა და .. სამინისტრო ასეთ ცალსახა, ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს არ უნდა მიმართავდეს. ტიპური მაგალითია, ქაღალდზე ერთს წერენ, სხვას ასრულებენ. სადამდეც მივყავართ და რა მდგომარეობაშიც ჩავარდა განათლების სისტემა, ვხედავთ, თითოეულ ოჯახზე აისახება.

იმედია პანდემია მალე დასრულდება, მაგრამ განათლების სისტემას ისეთ ზიანს მივაყენებთ მსგავსი გადაწყვეტილებებით, მდგომარეობის გამოსასწორებლად შეიძლება ათწლეულები დაგვჭირდეს.

- სისტემას რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს?

- არსებითი და გარდამტეხი ცვლილებები არ განგვიხორციელებია, როცა მესამე სასწავლო წელია პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით. ყველაფერს გადაუარა, როგორც აკადემიური ტიპის, ასევე სოციო-ემოციური განვითარების მიმართულებით უამრავი დანაკარგია. რახან უცბად თავზე არაფერი გვემხობა, გვგონია პრობლემაც არ არსებობს. ამ დროს ბავშვებზე ძალიან ცუდად აისახება. შეიძლება დღეს და ხვალ ასე არ გამოჩნდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველი შედეგები ექნება. შემდგომში ქვეყნის ეკონომიკაზე და სხვა დანარჩენზე აისახება.

- პანდემიის საწყისიდან რა ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო?

- როგორც კი პანდემიურ რეჟიმში შევედით, სათანადო ტექნიკური მხარდაჭერა უნდა აღმოჩენილიყო. ცენტრალიზებულად თუ რამის კეთება უნდათ, ასეთი მხარდამჭერი ნაბიჯები შეუძლიათ; მაქსიმალურად რომ გვერდში დაუდგნენ  ყველას, სადაც ინტერნეტის საშუალებაა, ტექნიკურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა, შშმ მოსწავლეები არიან და .. მიზნობრივად უნდა დახმარებოდნენ.

მეორე მხრივ, სამინისტროს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, დანაკარგების, რემედიალური პროგრამების განხორციელებაა.  დანაკარგების მქონე ბავშვების (გასაკუთრებთ აკადემიური, სოციო-ემოციური განვითარების კუთხით) შეფასებითი მექანიზმები უფრო ნათელი გაეხადათ, მეტი მხარდამჭერი ღონისძიებები, გზამკვლევები მიეწოდებინათ სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის.

რეალურად, გაგანია პანდემიაში სწავლას ვერ ვიწყებთ. იქით დირექტორები დახსნეს, ნაწილს ხელშეკრულება გაუფორმეს და სხვებს არა. სისტემა პოლიტიზებულია. ურეკავენ სუსის, პოლიციის და ვიღაც პარტიის წარმომადგენლები მასწავლებლებს და ზღუდავენ. ათასი უბედურება ტრიალებს. არამართლზომიერის კეთებისგან თავს არავინ იკავებს და სწავლის დაწყებას საქმე როცა ეხება, სამინისტრო ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებას იღებს, რათა სკოლებს თავისუფლება არ მისცეს. ეს დამანგრეველი გზაა სისტემისთვის.

როცა ქვეყანაში რესტორნები ღიაა და სკოლები დაკეტილი, ნათელია რა პოლიტიკას ვახორციელებთ და რა პრიორიტეტებიც აქვს ქვეყანას.

- ზემოაღნიშნული მხარდამჭერი ნაბიჯები რატომ არ გადაიდგა?

- უმნიშვნელოვანესია არსებული პრობლემების აღიარება. საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით მოქმედებენ, - აი როგორ დავეწიეთ და გავუსწარით ფინეთს, ვაჯობეთ ყველას პანდემიის მართვაში - მხოლოდ ესენი გვესმის. ამ დროს, თავზე დაგვემხო განათლების სისტემა. როდესაც პრობლემების აღიარება დაიწყება, მარტო განათლების სამინისტრო ვერ უშველის; მობილიზდება ქვეყანა, საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან და ნელ-ნელა თავს გავართმევთ.

მანამდე, ხელისუფლებიდან პრეზენტაციებზე გამოდიან და ერთ პრობლემასაც არ ასახელებენ. მაგ; მინისტრის მიერ ათწლიანი პროგრამის პრეზენტაცია მოვისმინეთ. თან სამოქმედო გეგმა დაარქვეს, წარმოდგენაც არ აქვთ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შორის რა განსხვავებაა. ნოსტრადამუსი უნდა იყო, ათწლიანი სამოქმედო გეგმა გქონდეს, თან განათლების სისტემაში და ასეთ ცვალებად სამყაროში. აღიარების გარეშე პრობლემას ვერ მოაგვარებ, მერე შესწავლა და ზრუნვა გადაჭრაზე. ძალაუფლების შენარჩუნება, მისი გახანგრძლივება უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქვეყნის მომავალი. ამიტომ საზოგადოებაც გონს უნდა მოვიდეს. ასეთ სიდუხჭირესა და უბედურებაში რომ არ ვიცხოვროთ, ერთადერთი გამოსავალი სწორედ განათლებაში გვაქვს.

- განგრძობად ონლაინ სწავლებას რა უარყოფით შედეგებამდე მივყავართ?

- დისტანციურობა და ეკრანზე მიჯაჭვულობა მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. როგორც ფსიქო-ემოციური, ასევე სოციალიზაციის, აკადემიური თვალსაზრისით ჩამორჩენას იწვევს. ბავშვები ვერ პროგრესირებენ, ემოციური ინტელექტი, ასევე კომუნიკაციის უნარები ვერ უვითარდებათ; საკვანძო საკითხებია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ არა უშავს, ახლა ერთი-ორი წელი და მერე ავინაზღაურებთო, ასე არ არის. ადამიანს თავისი ასაკობრივი თავისებურებები აქვს, ყველა ასაკს შესაძლებლობები და შეზღუდვები გააჩნია. ამ ასაკს თუ სწორად არ ვიყენებთ და მართებულ ინტერვენციებს არ ვახორციელებთ საგანმანათლებლო, აკადემიური, სოციალური და .. თვალსაზრისით, ეს დანაკლისი შეიძლება ვერასდროს ამოავსო ან ძალიან გაგიჭირდეს.

სამწუხაროდ, არც ამაზე ვზრუნავთ, რომ ეს დანაკლისი არ გვქონდეს. როცა ხარვეზები გვაქვს, მის აღმოსაფხვრელად მიზნობრივ ინტერვენციებს არ ვაკეთებთ. ჩვენც ვცდილობთ სამინისტროს დავეხმაროთ. კინკლაობის და პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის, ჩვენ შვილებს ეხება. მაგრამ სამინისტროში პრობლემების აღიარება არ სურთ. იმედია ეს რემედიაციის პროგრამები მაინც დაინერგება. კოალიციამ კვლევა ჩავატარეთ და რეკომენდაციებიც გავეცვით დანაკარგებზე. სამინისტრო კი მილიონებს ხარჯავს, რომ წინასაარჩევნოდ ქულები დაიწეროს. 

განათლების სამინისტრო იმას მაინც რომ ასრულებდეს, რაც უწერია, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით.

- დირექტორების მოხსნა, მასწავლებლებზე ზეწოლა ახსენეთ, ეს პროცესი რას უკავშირდება?

- განათლების სისტემა ხმების მოსაპოვებელ პლანტაციებად არის ქცეული 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ყველა მმართველი პოლიტიკური ძალა სისტემაში უხეშად ერეოდა და დღესაც ასე გრძელდება. ამ მთავრობამ ხომ ახალ სიბრტყეზე აიყვანა. ისეთ რაღაცებს სთხოვენ მასწავლებლებს და ექცევიან მათ შორის დირექტორებს, წარმოუდგენელი ამბავია. ადამიანებს სამსახურიდან ისე უშვებენ არც მადლობას ეუბნებიან, არც საყვედურს, ასე ჰაერში გამოკიდებული ჰყავთ. ვინც კიდევ დატოვეს, დროებითი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და არავინ იცის, რა ელის. აშანტაჟებენ, თუ თვითონ დირექტორს და მასწავლებელს ვერაფერი მოუგონეს, ოჯახის წევრის სამსახურის დაკარგვით და სხვა მსგავსით ემუქრებიან. ეს ნორმალური ვითარებაა?

ჩვენ უკვე მეორე წელია დეპოლიტიზების პროექტს ვახორციელებთ და საოცარ ისტორიებს ვისმენთ მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან. ისე არიან დაშინებული, რაღაცებს გვიყვებიან, გასაჯაროებაზე რომ მიდგება საქმე, არ სურთ, შემდეგ მარტო რჩებიან მჩაგვრელების წინაშე; უკვე ბერკეტები აღარ აქვთ სამოქმედოდ. ახლა დავიწყეთ და რეგიონებში შევქმენით ნდობის ჯგუფები. იმედია ეს ადამიანები განათლების მუშაკებს გვერდში დაუდგებიან იმის მიუხედავად, საკუთარ პიროვნებას გაასაჯაროებენ თუ არა. შევეცდებით, მასწავლებლები მსგავსი უხეში გავლენებისგან დავიცვათ.

- სად არის გამოსავალი, რომ ონლაინ სწავლების უარყოფითი შედეგები შერბილდეს და გამოსწორდეს?

- ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებს გავუწიოთ მაქსიმალური მხარდაჭერა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პასუხისმგებლობის მქონე მასწავლებლები ვარდებიან; რომლებსაც უწევთ დამოუკიდებლად იფიქრონ და მოიგონონ სხვადასხვა ხერხი და მეთოდი, რომ ბავშვებს ისედაც მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქონ. ამიტომ მასწავლებლებს და სკოლებს გვერდში დგომა სჭირდებათ როგორც სახელმწიფოს, საზოგადოების, ისე სამოქალაქო სექტორის მხრიდან.

ერთი მხრივ, დანაკარგები სწორად უნდა შეფასდეს, რადგან სისტემაში ანგარიშვალდებულების და შეფასების ინსტრუმენტები ძალიან მოშლილი გვაქვს. არავინ იცის რა შედეგებზე გავდივართ. მარტო საერთაშორისო კვლევები გვაქვს და მხოლოდ ძირითად ტენდენციებს გვანახებს. ეროვნული შეფასება სულ ორჯერ გაკეთდა და ისიც რამდენიმე კლასსა და საგანში. ცხადია, საკმარისი არ არის.

უნდა დაიწყოს პედაგოგების მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათ შეძლონ მოსწავლეების შეფასება, დანაკარგების იდენტიფიცირება, შესაბამისი რესურსული მხარდაჭერით ამ დანაკარგების აღმოფხვრაზე მუშაობა. ეს იქნება კლასგარეშე საქმიანობა, კლუბები, წრეები და .. გახანგრძლივებული დღის განრიგი იქნება თუ ინდივიდუალურ მუშაობა. ეს ყველაფერი გასაკეთებელია, სამწუხაროდ ვერაფერს ვხედავთ. ამ მიმართულებით არც რესურსს ვხარჯავთ. წარმოიდგინეთ, წლევანდელი ბიუჯეტი ისე დაიგეგმა, რომ განათლებაში ასეთი პუნქტები არ არსებობდა პანდემიის ზარალის მინიმიზაციისთვის. პირიქით, ბიუჯეტს დააკლეს. მთელ მსოფლიოში განათლებაში გაცილებით მეტ რესურსს დებენ იმისთვის, რომ ეს დანაკარგები რაღაცნაირად აღმოფხვრან.

ხან რეკომენდაციების, ხანაც გზამკვლევის სახით ამ ყველაფერს ვეუბნებით, მაგრამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან მყარი ნება სჭირდება. შემდეგ განათლების სამინისტროს მხრიდან კარგი აღსრულება; პოლიტიკისგან დისტანცირება და საქმის კეთება ჩვენივე შვილების მომავლისთვის.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია