მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“ - 22 სექტემბერი 2021

 

საქართველოში სამართალს თუ ვერ ვნახავ, სარჩელს აუცილებლად წავიღებ სტრასბურგის სასამართლოში“

გერმანიაშილეგალურად დასაქმების პროგრამაზეასი ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ რეგისტრაცია გაიარა. მოლოდინის მიუხედავად, აქამდე მხოლოდ 180 კაცი გაემგზავრა. ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე უკან დაბრუნდა და ხელშეკრულებით კუთვნილ ანაზღაურებას სასამართლო გზით ითხოვს. 

ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ჯაბა ჩაჩანიძეს ესაუბრეთ.

- ბატონო ჯაბა, უცხოეთში მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?

- საქართველოში სტაბილური სამსახური და შემოსავალი არ არის. დასაქმების სააგენტოში რეგისტრაციის გავლამდე ხაშურის ბაზარში ვმუშაობდი და ახლაც აქ ვარ (ქირით ვცხოვრობ). დილის ხუთიდან საღამოს ცხრა საათამდე ვწვალობთ, ოჯახში ორი კაპიკი შევიტანოთ. ასე ოჯახსაც ვარჩენდი, ხარაგაულში მშობლებსაც. ნაბიჯი გაჭირვებამ გადამადგმევინა, კარგი რეკლამებიც კეთდებოდა. აქ დღეში სამოცდაათ ლარს ვერ იშოვი, დაპირებით 70 ევრო უნდა დარჩენილიყო. მაქვს პატარა ვიდეობმული, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენინგისას გამოკვეთილად აღნიშნავენ, რამდენი გვექნებოდა დღიური ანაზღაურება.

სახელმწიფო დასაქმების პროგრამით არ წავსულიყავი და ამ თანხით კერძო დამსაქმებელი პირადად მომეძებნა, ბევრად კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. სულაც არ წავსულიყავი და ეს თანხა აქვე დამეხარჯა, უკეთესად ვიქნებოდი. აღებული 1100 ევროს სესხიდან დღესაც თვეში 100 ევროს პროცენტს ვიხდი. 

- ტრენინგი რა ეტაპზე გაიარეთ?

- რეგისტრაცია თებერვლის დასაწყისში, აპრილის პირველ რიცხვებში დამიკავშირდნენ,  ხარაგაულში სოფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე უნდა ჩავსულიყავი. ტრენინგზე პატარა ვიდეოს გადაღება მინდოდა, ინფორმაცია სხვებისთვისაც რომ გამეზიარებინა. საშუალება არ მომცეს. ჟურნალისტი თუ არ ბრძანდებით კამერა გამორთეთ, თუ არადა დარბაზი დატოვეთო. იძულებული გავხდი გამეთიშა.

ყველანაირი ხარჯი ჩვენი იყო. ნასამართლობის, ჯანმრთელობის ცნობები, პისიარ ტესტის, ბილეთის ხარჯები. კონტრაქტების მოლოდინში კიდევ ორი კვირა გადაიდო, ბაზარშიც ვერ ვიმუშავე. ორი დღით ადრე კიდევ გვქონდა ტრენინგი, სადაც წარმომადგენელი საუბრობს ხელფასზე, ჩვენი საკონსულოს ჩართულობაზე, თუკი გაგვიჭირდებოდა.

- მგზავრობა რა დაგიჯდათ?

- წარმოიდგინეთ, ბოლო ორ დღეში რომ გეტყვიან ბილეთი საყიდელიაო. თითოეულმა 1600 ლარი გადავიხადეთ, რადგან მაშინვე გაძვირდა. ცალკე პისიარ ტესტი, რომელიც გაფრენის წინა დღით ავიღეთ. პლუს 300 ევრო ჯიბეში უნდა გქონოდა, სანამ ხელფასს ავიღებდით.

- სესხი საიდან აიღეთ?

- აქვე ბაზარში ყოველდღიური სესხები გაიცემა, კერძო ორგანიზაციაა. მოკლედ, 9 მაისს გაფრენამდე ორი საათით ადრე მოგვიტანეს კონტრაქტები. არც გამოცხადდნენ აეროპორტში, დასაქმების წარმომადგენელს რომ გავეცილებინეთ. წამსვლელთა ჯგუფში ვინც იყო გამოატანეს. კონტრაქტებში (მასაც გადმოგიგზავნით) გარკვევით წერია, რომ საათობრივი ანაზღაურება 9,50 ევრო იქნებოდა, 8 საათი სამუშაო დრო და კვირაში ექვსი სამუშაო დღე.

- სად ჩახვედით?

- მიუნხენში ჩავფრინდით. დაგვხვდა დამსაქმებლის ავტობუსი და სამხრეთ გერმანიაში პატარა დაბა, ფრიდრიჰ შაფენში მიგვიყვანეს. მისვლიდან ათი წუთი არ იყო გასული, კონტრაქტები ჩამოგვართვეს. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს, აღარ გვიბრუნებდა.

- რა მიზეზით?

- დამსაქმებელმა, რაღაც შესასწორებელი მაქვსო. აქედანაც შეცდომა იყო გაპარული. კონტრაქტში 9 ევრო და 35 ცენტი იყო გაწერილი, გერმანიაში მინიმალური ანაზღაურების ზღვარი 9,5 ევროა, ეს უნდა ჩავასწოროთო. ფერმერი მამაა და და უშუალოდ დამსაქმებელი შვილია.

- კონტრაქტში ასეთი უხეში შეცდომა ვინ დაუშვა?

- ყურადღება არც საქართველოში მიაქციეს, არც მეორე მხრიდან, უცბად იყო გაკეთებული. რეალურად, თავიდან ბოლომდე ტყუილზე აგებული. შევცდით, ეს კონტრაქტები უფრო ადრე უნდა მოგვეთხოვა, გადაგვეკითხა და ნორმალურად გავცნობოდით.

- ფიქრობთ, მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული?

- ალბათ მექანიკური. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელ ნინო ველთაურს გერმანიიდან ვუყურებდით, მანაც არ იცოდა კონტრაქტში რა ეწერა. ერთ-ერ სატელევიზიო არხზე პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან პაექრობდნენ. ველთაური ამბობდა, არცერთ კონტრაქტში 9,5 ევროზე ნაკლები არ წერიაო. ამ დროს გამოგიგზავნით ჩემს კონტრაქტს, სადაც 9,35 ევროა მითითებული.

დამსაქმებლის მიერ ჩამორთმევაც ეჭვის შემცველი იყო. მანამდე ფოტო გადავუღე და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდე.

- სხვების კონტრაქტებშიც იგივე მეორდებოდა?

- ანალოგიურად, 24-კაციან ჯგუფთან შეცდომა იყო დაშვებული. შემდეგში 19 მაისს გავრცელებული კადრები სწორედ 9 მაისს იყო გადაღებული, რომელიც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს გამოვუგზავნეთ, ეს სად გამოგვიშვითო; გარკვეული არ ჰქონდათ საცხოვრებელი პირობები, სამუშაოს ანაზღაურება, საერთოდ არაფერი. ნინო ველთაურს ვაცაპით დავუსვით კითხვა, - რატომ არ გაუშვით წინასწარ ერთი წარმომადგენელი მაინც (ამხელა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებაა), რამდენიმე ადგილზე ყველაფერი შეემოწმებინა. იცით რა გვიპასუხა? - ჩვენ თქვენი გულისთვის ვერ წავიდოდით, ვერ ვივლიდით და შევამოწმებდით მაგ პირობებსო. ნუთუ რა დაუდგებოდა დასაქმების სააგენტოს, სახელმწიფოს, ერთი კაცი მაინც გაეშვათ?

- რა პირობები დაგხვდათ?

- ანტისანიტარია და ძალიან ცუდი სუნი. ორ გადაბმულ კონტეინერში ვცხოვრობდით, ციხე და კოლონია გეგონებოდა, ისეთი ადგილი იყო. ნული საცხოვრებელი პირობები. რამდენიმე დღე ვარკვევდით ამ გაუგებარ სიტუაციას, საკონსულოსაც დავუკავშირდი. ფოტო,  ვიდეომასალა მეილზე გადმოგვიგზავნეთ, ვინ ხართ და რამდენიო. გავუგზავნეთ. 19 მაისამდე არანაირი რეაგირება ყოფილა არც საკონსულოდან, არც დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობიდან. იძულებული გავხდი ყველაფერი ქართული მედიისთვის გადამეცა. დამატებით განვაცხადე გერმანულ მედიაში. იყვნენ ადგილობრივი ჟურნალისტებიც, უბრალოდ სამუშაო გარემოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. გადაიღეს და აღნიშნეს, რომ ჩვენთან მიმართებაში კანონი ირღვეოდა.

- გერმანულ მედიაში გაშუქებით კმაყოფილი ხართ?

- დიახ, დღემდე იმ ორ ჟურნალისტთან მიმოწერა მაქვს, აინტერესებთ როგორ დასრულდება ჩვენი საქმე. სწორედ გერმანულ მედიასთან დაკავშირების შემდეგ ჩემთან მოვიდნენ დამსაქმებელი, ფერმერი და სამსახურიდან გაგდებით დამემუქრნენ, რის უფლებაც არ ჰქონდათ...

- მანამდე, რა ტიპის სამუშაო გქონდათ?

- ვიცოდით მარწყვის საკრეფად მივდიოდით, სადაც თვითონ დამსაქმებელს რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა. ყოველდღე ექვს საათზე ვდგებოდით, სამუშაოზე გავდიოდით.  ექვსიდან ათამდე, ოთხი საათი ვმუშაობდით ყოველდღე, დასვენება კვირასაც არ ყოფილა. არანაირი საათობრივი ანაზღაურება, გამომუშავებაზე ვიყავით. ერთ მოკრეფილ ყუთ, ხუთ კილოგრამ (რიგის თავში ბრიგადირი წონიდა) მარწყვში 3 ევროს იძლეოდა. მე ასე ვიხდი, ეს საათობრივი ანაზღაურება საიდან მოიტანეთო, - გვეკითხებოდა; ჩვენ აქ იაფი მუშახელი გვყავსო და ..

ვიცი ინგლისური და გერმანული. ყოფილი სამხედრო ვარ, ორჯერ ვარ ნამყოფი გერმანიაში, ასევე ორჯერ ავღანეთში. ნაღდად არ ვიცოდი, გერმანიაში ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი. ამ დროს დამსაქმებელს იაფ მუშახელად რუმინელები და პოლონელებიც ჰყავს.

- ეს ყველაფერი კონტრაქტის პირობებთან შესაბამისობაში როგორ მოდიოდა?

- არანაირად! კონტრაქტში 8 საათი მუშაობა, კვირაში ექვსი სამუშაო დღე გვეწერა, რეალურად ვმუშაობდით შვიდივე დღე, თანაც დღეში მხოლოდ 4 საათი. მაქსიმუმი 15-დან ოც ევრომდე გამოდიოდა დღეში. პლუს ხარჯებს დავაზუსტებ. ელემენტარულად სასმელ წყალს ვყიდულობდით, ონკანიდან არ ისმება. საჭმელს ვყიდულობდით. წესით სადილი უნდა ყოფილიყო შუადღით, ადგილზე ესეც შეგვიცვალეს, საღამოს რვა საათზე გვაჭმევდნენ - ერთი ნაჭერი რუხი პური, პატარა ნაჭერი შემწვარი სტეიკი და ცოტაოდენი მაკარონი. ეს იყო ყოველდღე მენიუში. წარმოიდგინეთ, დილით ექვს საათზე დგები, საღამომდე ხომ ვერანაირად გაძლებ; ჩვენივე ჯიბიდან თანხას ვკრებდით, ახლომდებარე მარკეტებში ვყიდულობდით. კიდევ ინტერნეტის პრობლემა. რამდენიმე კაცმა ბარათი ვიყიდეთ, ვრთავდით ერთმანეთს ვუზიარებდით. სამ დღეში, სამ ტელეფონზე მხოლოდ ინტერნეტში 50 ევრო იხარჯებოდა.

- იმ დამუქრების შემდეგ როგორ გააგრძელეთ მუშაობა?

- ტელეფონით მცირე ნაკლოვანებებსაც კი ვიღებდი, რათა სასამართლო პროცესზე გამომეყენებინა. იქნება წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, თუ სად გვიწევდა მუშაობა. ჯიბესა და ხელებში მიყურებდნენ, ხომ არაფერს იღებო.

თვე ნახევარი დავყავით, საიდანაც 20-25 დღე საშინლად წვიმდა. ამ წვიმებშიც გასვლა გვიწევდა. მარწყვი ღია მდელოზეც ჰქონდა, სათბურებშიც. არც რეზინის ჩექმებს, არც საწვიმარს გვაძლევდნენ. პირდაპირ გვითხრა, წადით და თქვენით იყიდეთო. მარტო რეზინის ჩექმები 30 ევრო ღირდა, საწვიმარიც დაახლოებით ამდენივე. ჩვენივე საყიდელი დიდ ხარჯებში გადიოდა.

- საკონსულოში, აქ თბილისში ამაზე რას გეუბნებოდნენ?

- არავინ დაგვხმარებია. ისევ ჩვენი პროტესტის შედეგად მხოლოდ ერთხელ აგვინაზღაურა 50 ევრო, ავანსის სახით მოგვცა; ჯიბეში ფული საერთოდ აღარ გვებადა. შემდეგ მოგვცა 300 ევრო, რასაკვირველია იქვე დაგვეხარჯა. მანამდე რაც გვქონდა, ორი კვირის განმავლობაში ამოგვეწურა. პროტესტი გამოვაცხადეთ, სანამ ხელფასს არ გადაგვიხდით, სამუშაოდ არ წავალთო. შესრულდა თვე ხელფასს არ იძლეოდა. გერმანიაში თვის ბოლოს .. აბრეხნუმი იწერება, სადაც წერია შენი ნამუშევარი, დრო, რამდენი გეკუთვნის და მისთ. ამაბრეხნუმისმიუხედავად, არ გვაძლევდა.

- რატომ?

- შეგინახავთ და ბოლოს, წასვლის წინ მოგცემთო. ჩვენს უკან ოჯახებია, სამი თვე ასე ვერ გავჩერდებოდით, რაღაც ხომ უნდა გამოგვეგზავნა? შემდეგ ადგილობრივ ორგანიზაციასმირადავუკავშირდი. ემიგრანტები მეხმარებოდნენ, ვისთვის უნდა მიმეწვდინა ხმა. ეს ორგანიზაცია ფერმერებს ამოწმებს, დასაქმებულ ხალხს რა პირობებში ამყოფებენ, როგორ ექცევიან და .. პირველ ივნისს მივწერე და სამ დღეშიმირასწარმომადგენლები ჩვენთან მოვიდნენ. ერთი რუსულენოვანი თარჯიმანი ჰყავდათ. ნახეს სიტუაცია. მათი საჩივრის წერილი მეორე დღესვე დამსაქმებელს და ფერმერს გაეგზავნა, რათა ეს პირობები გამოესწორებინა და ნორმაში ჩაეყენებინა.

- როგორ უპასუხეს?

- არ გააკეთეს. ეს ფერმერი, ვალტერ კლინკი, ძალიან დიდი ფულის პატრონია, უზარმაზარი რეგიონი უკავია. არ ვიცი, ფულს რატომ არ იხდიდა. ორგანიზაციამირადაჯარიმებით დაემუქრა, თუ მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მაინც ყურად არ იღო. შემდეგფორმულასტელევიზიას დავუკავშირდი, მათი ჟურნალისტი ბერლინში იმყოფებოდა. ჩვენი გულისთვის ჩამოვიდა ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი. აქ რომ იძახდნენ, გერმანიაში ყველაფერი გამოსწორდაო, სულ ტყუილებს ავრცელებდნენ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელები. იქ მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საშუალება დაამატა; სარეცხი მანქანა მოგვიტანა, მცირე დეტალები, სამუშაო პირობები არ შეცვლილა. სალომეს პირადად დავხვდი და მივიყვანე. რისკის ქვეშ ვიყავი, უცხო პირის შეყვანა კანონით იკრძალება; მალულად შევიყვანე, ყველაფერი გადავაღებინე. 17-18 ივნისსმირასწარმომადგენლები ხელახლა წამოვიდნენ და უკვე მეორე დამსაქმებელთან გადაგვიყვანეს. ისევ დაემუქრნენ დამსაქმებელს, თუ პირობებს არ შეასრულებთ, მუშახელი ჩამოგერთმევათ და სანქციები დაგეკისრებათო.

- „მირამ“ 24-ივე კაცი გადაგიყვანათ?

- მანამდე სამმა წინა დღით გერმანია დატოვა და საქართველოში წამოვიდა, ადგილზე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ერთს ტუალეტში ფეხი ჩაუვარდა. არამდგრადი იატაკი გიფსოკარდონით იყო შეკრული, ფეხი გადაუტრიალდა, კოჭი დაიზიანა. არც სამედიცინო მომსახურება გაწევია. ერთს ნეკნი დაუზიანდა მუშაობის დროს, მასაც არაფერი. ჩვენივე საშუალებებს ვიყენებდით; ზოგს ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდა, ზოგს იოდისკლეტკებიდა .. ყოფილი სამხედრო ექიმი ვარ და კიდევ კარგი მესმის ეს ყველაფერი. ამ სამმა კაცმა ადგილზე ვერაფერი რომ ვერ მიიღო, დატოვეს გერმანია სანამ ჩვენ მეორე დამსაქმებელთან გადაგვიყვანდნენ.

- ამ სამმა კაცმა კუთვნილი ხელფასი თუ მიიღო?

- მიზერული, სადღაც 100-დან 150 ევრომდე შეგვხვდა პირველი დამსაქმებლის დატოვებისას. დაზარალებულმა სამმაც ამდენი აიღო.

გადაგვიყვანეს ჩრდილოეთ გერმანიაში. სადღაც 7 საათი ავტობუსით ვმგზავრობდით, ბრემენთან ახლოს მივედით. ანალოგიურ სიტუაციას შევეჩეხეთ. საცხოვრებელი პირობები შედარებით კარგი იყო. მაგრამ პირველი დამსაქმებელი ერთ ყუთზე სამ ევროს თუ იხდიდა, ეს უკვე 2,5 ევროზე გვეუბნებოდა. პირდაპირ გამოგვიცხადა, თუ გინდათ ასე იმუშავეთ, თუ არადა, იაფი მუშახელი მყავსო; თვეში ორასი ევრო ხომ გეყოფათ, რომ მოგცეთო, - დაგვცინოდა. ისევ მარწყვის პლანტაციაზეა საუბარი. მოკლედ, თვითონ ფერმერები არ იცავენ კანონს და ძალიან ცუდად იქცევიან. ზოგადად, გერმანიაში კანონი უზენაესია, მაგრამ ეს კასტა არ ასრულებს. ორი დღის შემდეგ უკვე მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩემთან ერთად 9 ადამიანი წამოვიდა.

- დანარჩენები?

- დარჩნენ, იმედი ჰქონდათ რაღაც მაინც გამოსწორდებოდა. მეორე დამსაქმებელიც შეჰპირდა, ანაზღაურებას წასვლის წინა დღეებში მოგცემთო. თვე ნახევარი იყო მანამდე დარჩენილი. ეჭვი შემეპარა, აქაც ცუდი სიტუაცია იქნება-მეთქი.

- დარჩენილებმა დროზე მიიღეს შეპირებული ანაზღაურება?

- არ მიუღიათ. ისინი საქართველოში 5 აგვისტოს დაბრუნდნენ, დღემდე გამომუშავებული თანხა არ მიუღიათ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. უხელფასოდ გამოუშვა, ჩადით და შემდეგ გადმოგირიცხავთო. დღემდე ელოდებიან.

- თქვენ რა მოიმოქმედეთ?

- ორი დღის ნამუშევარი არ აგვინაზღაურა, თქვენი ჩამოყვანა ძვირი დამიჯდაო. ის ავტობუსიც მისი გამოგზავნილი იყო. დაკარგულად ჩავთვალეთ და წამოვედით. კიოლნთან ახლოს (საიდანაც გამოვფრინდით) ჰაგენში ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა შეგვიფარა. მეორე დამსაქმებელმა თავისთან არ გაგვაჩერა, რომ წამოსვლის საბუთები მოგვემზადებინა. პირველ რიგში, პისიარ ტესტები იყო გასაკეთებელი. პლუს ახალი ბილეთები ვიყიდეთ, ადრე ნაყიდი (ფორსმაჟორში სხვადასხვა საიტებიდან მიღებული) ვერ გადავცვალეთ. თითოს 150 ევრო დაგვიჯდა. რა თქმა უნდა, ესეც საქართველოდან გადმოვარიცხვინეთ. დამატებით 300 ევრო ვისესხე, რომ ჩამოვსულიყავი. 80 ევრო პისიარ ტესტი ჯდებოდა, 150 ევრო თვითმფრინავის ბილეთები. დანარჩენი გზა, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ გერმანიაში უნდა გადავსულიყავით და თანხები იყო საჭირო...

საუბარს ერთი რამ მინდა დავამატო, გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...

- რას გულისხმობთ?

- როდესაც კარგს ელოდები და ცუდი გხვდება, იმედგაცრუება, ყველაფერი ცუდი. ისე მოხდა, პისიარ ტესტები გავაკეთეთ, აეროპორტში მისვლისას ეს პასუხები არ გვქონდა და ჩვენი თვითმფრინავი გამოფრინდა. დაგეგმილ დროს, 24 ივნისს ვერ წამოვედით, ტესტის პასუხებმა დააგვიანა. დავუკავშირდი საკონსულოს, საელჩოს, ყურადღება მოექციათ; ღია სივრცეში დავრჩით, დამატებითი თანხა არავის ჰქონდა. ამის შემდეგ ჩვენთან ვიცე-კონსული მოვიდა, ერთადერთი ღამე ჰოსტელის ტიპის დაწესებულებაში გაგვათენებინა. კონსულ ლევან იზორიას ჩართულობით მოხერხდა, რომ ბილეთები გადაგვიცვალეს და უკვე 25-ში გამოვფრინდით. პისიარ ტესტებიც თან გვქონდა.

- აქ ვის მიმართეთ?

- მედიისთვის მიმართვისას, პირველივე დღიდან პროფკავშირის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ერთადერთი ირაკლი პეტრიაშვილია, რომელიც ვაცაპის საშუალებით ხშირად მკითხულობდა - ჯაბა, როგორ ხართ, რამე ხომ არ შეცვლილაო. ჯერ კიდევ იქ ყოფნისას  დაგვპირდა დახმარებას. სხვისთვის არც მიმიმართავს. ელემენტარული მოკითხვაც ძალიან დიდს ნიშნავდა. გერმანიაში ყოფნისას პირველი ათი დღის განმავლობაში იქაურ საკონსულოს ერთხელაც არ უკითხავს, რა დღეში ვიყავით. ასევე, მადლობა ქართულ მედიას, რომელმაც ჩვენ საქმეში დიდი როლი ითამაშა.

11 კაცის სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეტანილია და პროცესი 20-21 დეკემბრისთვის არის დანიშნული.

- რა შედეგებს ელოდებით?

- მჯერა კანონი და სამართალი იზეიმებს. სხვისი თეთრიც არ მინდა, ჩემსაც ვითხოვ, შვილის ლუკმას არავის შევარჩენ. მინდა სწორად გამიგოთ; ეს თანხა საქართველოში რომ დამეხარჯა, უკეთესად ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ.  

- მოთხოვნა რა არის?

- ერთადერთია, დაპირებულ თანხას ვითხოვ ამ სახელმწიფოსგან, რომელიც ამ სამი თვის განმავლობაში უნდა ჩამოგვეტანა. ეს არის 15 ათასი ლარი. პლუს 3 ათასი ლარი მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალის ასანაზღაურებლად.

- მეორე მხარის პოზიცია როგორია?

- გეტყვით, რომ დასაქმების სააგენტო ყველა საჯარო გვერდებზე გვბლოკავს. რამდენიმე თანამშრომლის ტელეფონის ნომერი მაქვს, არ პასუხობენ. ტრენინგის, წასვლის დროს გვიკავშირდებოდნენ. მათ მთავარ გვერდზე ნეგატიურ კომენტარს დავწერ თუ არა, მაშინვე შლიან. მინდა პასუხისმგებლობა უპირველესად დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს დაეკისროთ, რადგან ეს ყველაფერი მათი თაოსნობით მოხდა.

- იმ დარჩენილ ათ კაცს რა ეშველება?

- როგორც აღვნიშნე, კიდევ ელოდებიან ნამუშევრის ანაზღაურებას. არ მჯერა, აქამდე არავის დაურიცხეს და ახლა ვინ გააკეთებს? ერთსაც დავამატებ, სხვა ჯგუფების წარმომადგენლებთანაც მაქვს კავშირი, ვინც უკმაყოფილო წამოვიდა ანაზღაურების გარეშე; ასეთი ძალიან ბევრია. პირობას ვდებ, სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით იქნებიან წარმოდგენილი. პროგრამით გერმანიაში 7 ჯგუფი იყო წასული, საიდანაც ხუთ ჯგუფში ცუდი პირობები იყო. მხოლოდ ორს გაუმართლა. ზოგი საპილოტე პროგრამაზე საუბრობს, უნდა დაიხვეწოსო. საპილოტე კი არა, გარკვეულიც არ ჰქონდათ სად გვიშვებდნენ, რა პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება ან მუშაობა. არავის უხსენებია, რომ რაღაც საპილოტე პირობებში მოგვიწევდა ყოფნა, არცერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი.

- ის ორი ჯგუფი სად იყო, ვისაც შედარებით გაუმართლა?

- სატაცურის კრეფაზე იყვნენ. ეს უკვე მეპატრონის, ფერმერის სინდისზეა; უყვარდათ ქართველები, მშრომელი ხალხი აღმოჩნდა. ჩვენც ხომ სამუშაოდ ჩავედით, დროსტარებისთვის არავინ ყოფილა. ასეთი განწყობით ვიღვიძებდით დილის ექვს საათზე,  მეორე მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა; იმედგაცრუება თავიდან ბოლომდე.

- ახლა ბაზარში რას საქმიანობთ?

- ხილ-ბოსტნეულის დახლი მაქვს. მშობლებს ყურადღებას ვაქცევ, ასევე ძმებს ვეხმარები. ამ ბაზრით თავი გამაქვს, ღმერთის წყალობით საარსებო მინიმუმს ვშოულობ. სესხის პროცენტსაც ვფარავ როგორმე. ბაზარშიც იმ დაკარგულ ფულსა და დროზე ფიქრობ, პლუს რაც ჩემს ოჯახს მოაკლდა. პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 

ძალიან მინდა სამართალმა იზეიმოს. საქართველოში სამართალს თუ ვერ ვნახავ, სარჩელს აუცილებლად წავიღებ სტრასბურგის სასამართლოში, რა თქმა უნდა, პროფკავშირების დახმარებით.

გელა მამულაშვილი

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია