„მალფუჭებადი პროდუქტის გარეთ რეალიზაცია დანაშაულია, ძალიან მაღალი რისკ-ფაქტორია ჯანმრთელობის დასაზიანებლად“
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები -ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.
იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი:
„ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი, წონა-200 გრამი, თურქული წარმოების. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 - 24 ცალი; . “ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი; წონა-600 გრამი. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 -28 ცალი;
„ბროწეულის ჩაი“- წონა-200 გრამი; ვადა: 09/09/2019-09/09/2021 - 103 ცალი; ბროწეულის ჩაი - წონა 200 გრამი; ვადა: 03/10/2019-03/10/2021 - 93 ცალი;
ბროწეულის ჩაი პაკეტებში - 1 კილოგრამიანი - 5 ცალი;
„ალი ბაბას“ მწვანე ვაშლის წვენი; თურქული წარმოების; წონა-600 გრამი; ვადა: 07/2021 - 4 ცალი;
„ალი ბაბას“ წითელი ვაშლის წვენი; 600 გრამიანი; ვადა: 26/04/2017-26/04/2019 - 12 ცალი;
„ალი ბაბას“ ასკილის ჩაი; წონა-600 გრამი; 7 ცალი - თარიღის გარეშე;
„ალი ბაბას“ ვაშლის ასორტის ჩაი - წონა 600 გრამი, 17 ცალი - თარიღის გარეშე;
„ალი ბაბას“ ვაშლის ჩაი, წონა-200 გრამი, 21 ცალი - თარიღის გარეშე;
„ალი ბაბას“ დარიჩინის ჩაი; წონა-200 გრამი, 6 ცალი - თარიღის გარეშე;
„ალი ბაბას“ ბალის ჩაი- წონა - 200 გრამი, 2 ცალი - ვადის გარეშე;
ვაშლის ჩაი „პაშა“ - წონა - 250 გრამი, 10 ცალი - ვადის გარეშე;
„RIZE“- წონა - 100 გრამი, ვადა: 2018/2020 - 34 ცალი;
ხილის ჩაის ასორტი - 400 გრამიანი სასაჩუქრე პაკეტები; ვადა: 28/03/2019-28/03/2021 - 16 პაკეტი;
რახათ ლუქუმი „ქამაჯითურქა“ - 3 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 10/12/2019 – 10/12/2020 - 14 ყუთი;
რახათ ლუქუმი - 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა : 13/07/2019-13/07/2020 – 13 ყუთი;
ლახათ-ლუქუმის ასორტი - სასაჩუქრე პაკეტები (400, 600 და 800 გრამიანი) - სულ 153 პაკეტი. ვადის გარეშე;
ლახათ ლუხუმი „ალი-ბაბა“ – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 13/07/2019-13/07/2020 - 15 ყუთი; ლახათ-ლუხუმი „ალიბაბა“ - 5 კილოგრამიანი შეფუთვა , ვადა: 26/08/2019-26/08/2020 - 75 ყუთი;
ლახათ-ლუქუმი - 225 გრამიანი; -31 ყუთი - ვადის გარეშე;
ლახათ-ლუხუმი „lokum Antalya“- 5 კილოგრამიანი შეფუთვა - 22 ყუთი, ვადის გარეშე;
ნაშალი ლახათ ლუქუმი - 7 ყუთი (დაშლილი ყუთები), ვადის გარეშე;
კაკაოს ლახათ-ლუქუმის ფილები lokum Antalya; ვადა: 27/07/2018-27/07/2019 - 2 ყუთი;
Halva selsebil – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 12/12/17-12/12/19 - 6 ყუთი;
ჰალვა ulusoy 350 გრამიანი– 72 ცალი, ვადის გარეშე;
„ალი ბაბას“ თხილიანი თაფლი 220 გრამიან შუშის ქილებში - 44 ცალი (ეტიკეტირების წესის დარღვევა);
„fresh“ ფექმეზი - 660 მლ. შუშის ქილებში - 35 ცალი, ვადის გარეშე;
თაფლი შუშის ქილებში - 500 გრამიანი - ვადა: 04/07/2019-04/07/21 - 7 ცალი;
თაფლი 1 კილოგრამიანი, ვადა: 04/07/2019-04/07/21 - 2 ცალი;
თურქული წარმოების ჩურჩხელა - 10 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა:14/06/2019-14/06/2020 – 7 ყუთი;
marin - მაშარაფი შუშის ბოთლებში, 700 გრამიანი, 14 ცალი;
მწვანე ჩაი - 150 გრამი - 6 ცალი;
ჩაი karaden - 100 გრამი - 17 ცალი;
32 ყავა abdulah effendi -100 გრამიანი, - 75 ცალი, ვადის გარეშე;
ლიმონმჟავა პაკეტებში - 1 კილოგრამიანი - 2 ცალი; ვადის გარეშე.
სუნელები - 82 ცალი; ვადის გარეშე.
ჩაი ჭიქებით - 8 ცალი, ვადის გარეშე.
წონის ლახათ ლუქუმი ფილებით - ვადის გარეშე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ თემაზე „სახალხო კონტროლის“ წარმომადგენელ მადონა კოიძეს ვესაუბრეთ:
- სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ძალიან დაბალი, არაადეკვატური ჯარიმებია. კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორს ურჩევნია მარტივად გადაიხადოს ჯარიმა და მერე ისევ მომხმარებლის ჯიბიდან ამოიღოს, ვიდრე რაღაც რეკომენდაციები შეასრულოს.
რეალური რისკებიდან გამომდინარე, ჯარიმები ადეკვატური უნდა იყოს; რათა შესაბამისად მოტივირებულმა ბიზნესოპერატორმა წესები ისევ არ დაარღვიოს (არ გადაიხადოს). ვიდრე იმაზე ვიფიქროთ, რამდენად ტვირთად დააწვება ბიზნესოპერატორს ესა თუ ის ჯარიმა.
- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორები როგორ იქცევიან?
- 80 ათასი ბიზნესოპერატორია და გვარ-სახელებით ვერ მოგახსენებთ ვინ არღვევს, ვინ არა. საბედნიეროდ, უამრავი კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორია და ცალკე დამრღვევი სფეროს გამოყოფა შეუძლებელია. პროფესიიდან გამომდინარე, უფრო პრობლემატურ ობიექტებს ვაშუქებთ. მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ბიზნესოპერატორის გამოშვებული პროდუქცია ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი უცხოეთში ნაწარმი პროდუქცია.
ზოგადად, პრობლემები ყველა სფეროშია. ჩვენს გადაცემაში ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას, ვაშუქებთ და სურსათის ეროვნული სააგენტო მოგვარებას ზედამხედველობას უწევს.
- რა ხდება სუპერმარკეტებში, ხშირად მზა საკვები ვადის დარღვევებით იყიდება, მათთან შეხება თუ გქონიათ?
- ზეპირი მტკიცებულება დანაშაული იქნება. შესაბამისმა ორგანომ (ერთადერთი მაკონტროლებელი სურსათის ეროვნული სააგენტოა) დოკუმენტურად უნდა შეამოწმოს, როდის არის შექმნილი პროდუქტი და შემდეგ რეალიზაციის ვადასთან შესაბამისობაში არის თუ არა. ამის ვიზუალურად გარჩევა ფიზიკურად შეუძლებელია; რადგან შეიძლება ახლად გაკეთებული პროდუქტი იყოს და არასწორი შენახვის პირობების გამო, ბევრად მალე გაფუჭდეს, ვიდრე განკუთვნილი ვადაა.
მარტო ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ დგას, ფართო მიდგომა უნდა იყოს; გაკონტროლდეს პროდუქტი როდის არის შექმნილი, რა ინგრედიენტებით, რამდენად ვადიანი მასალებია გამოყენებული და შენახვის პირობები დაცულია თუ არა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვარგისიანობასა და უვნებლობაზე მსჯელობა.
- სურსათის ეროვნული სააგენტო ამ საქმეში რამდენად აქტიურია?
- რა თქმა უნდა, მუშაობს, მაკონტროლებლის მთავარი ფუნქცია აკისრია. სამომხმარებლო ბაზარზე ზემოქმედებას და კონტროლს ახორციელებს. საჭირო მექანიზმებთან წვდომა უპირველესად მათ გააჩნიათ.
- მცირე მაღაზიებში (რაიონებიდან ჩამოტანილი) რამდენად ნატურალურ პროდუქტს ყიდიან და იცავენ აუცილებელ ნორმებს?
- აქაც ვიზუალურად ვერ ვიმსჯელებთ, ნატურალურია თუ არა ეს პროდუქცია. შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა და დადასტურება სჭირდება. ფინანსებს მოითხოვს. სამწუხაროდ, ასეთი კვლევისთვის სახსრები არ გვაქვს, მხოლოდ ორგანულ მაჩვენებლებს ვეყრდნობით.
- გარე ვაჭრობის სფეროში სიტუაცია დარეგულირებისკენ თუ მიდის, თქვენი დაკვირვება როგორია?
- თბილისში გარე ვაჭრობა თითქმის აღმოფხვრილია. თუ არ ჩავთვლით მცირედ შემორჩენილ არეალებს; ვგულისხმობ ნავთლუღის ბაზრის და ნაწილობრივ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებს. საბედნიეროდ, თბილისი ერთ დიდ ბაზარს აღარ ჰგავს, დარეგულირებულია.
როგორც ვიცი, მალფუჭებად პროდუქტებზე მკაცრი ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება. რეგიონში არსებული პრობლემები თბილისში ნაკლებია. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად არის მომხმარებლისთვის რისკი, თბილისშია თუ ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქსა, თუ რაიონში. მალფუჭებადი პროდუქტის გარეთ რეალიზაცია დანაშაულია, რადგან რისკ-ფაქტორი ძალიან მაღალია მომხმარებლის ჯანმრთელობის დასაზიანებლად.
რეალიზატორს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ასეთი საქმიანობისგან. მომხმარებელიც განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოს, არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება. მოთხოვნა თუ არ იქნება და მომხმარებელი ქუჩაში რეალიზაციის პირობების დარღვევით პროდუქციას არ შეიძენს, ასეთი ვაჭრობა ვერ იფუნქციონირებს. ამიტომ დამნაშავეა როგორც რეალიზატორი, ასევე მომხმარებელი, ქუჩაში მალფუჭებად პროდუქტს რომ თავს არ არიდებს.
- მატულობს თუ არა რეალიზატორის ამგვარი პასუხისმგებლობა?
- მისი პასუხისმგებლობა შედარებით მაღალია, უკვე იცის, რომ კანონს და რეალიზაციის პირობებს არღვევს. ვიმეორებ, მას დანაშაულის ჩადენაში ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი, გაუნათლებელი მომხმარებელი, რომელიც ათი და ოცი თეთრის ეკონომიის გამო რისკის წინაშე აყენებს საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.
- ამ პროცესზე ევროკავშირის დირექტივები თუ მოქმედებს?
- არ ვთვლი, რომ მხოლოდ ევროკავშირის ნორმატივებია გამოსავალი ქართული სამომხმარებლო ბაზრის რეგულირებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქოფი ფეისთით იყოს გადმოთარგმნილი და მოტანილი ნებისმიერი რეგულაცია; მორგებული უნდა იყოს ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის რეალობაზე. მხოლოდ ასე შეიძლება ბაზრის მოწესრიგებაში სასიკეთო ცვლილების შეტანა.