მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქალთა სილუეტები საქართველოდან - 07 ნოემბერი 2021

ufleba.ge

(ბლოგი)

* * *

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში

ვაკეში, მაღაზიასაბვეისწინ 5-6 წლის გოგონა გამვლელებისგან დახმარებას ითხოვს. სახეზე ეტყობა, გაძლებაზეა. მეზობლად ბანკში სასწრაფო საქმეზე შევრბივარ, გამოვალ ვიკითხავ, აქ ვინ მოიყვანა-მეთქი. როგორც ყოველთვის, ბანკში ვიჭედები, 15-20 წუთის მერე მთხოვნელი აღარ მხვდება. გული მწყდება, კოორდინატს მაინც ჩავიწერდი და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს დავუკავშირდებოდი.

იქვე გადასასვლელის თავზე, მზესუმზირას გამყიდველ ქალბატონს ვეკითხები, - ეს ბავშვი საით წავიდა-მეთქი. - გვირაბის მეორე ბოლოში დედამისი მათხოვრობს და ხანდახან მასთან გარბისო. მეც გავრბივარ და იქაც აღარ მხვდება, ვბრუნდები ბებოსთან, - რამე კოორდინატი ხომ არ გაქვთ-მეთქი. - არაო.

- თავი გაანებე, ეგენი ხომ ბოშები არიან და მათი საქმე მათხოვრობაა, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ; თუ რამე შეგიძლია, აგერ ამ ყავარჯნიან კაცს დაეხმარე, დილიდან საღამომდე აქ ზის და პატრონი არ ჰყავს, - მაინც ვერ გავიგე, იმ ულამაზეს ბავშვს რატომ არ შეეძლო დილიდან საღამომდე ქუჩაში მათხოვრობის გარეშე ცხოვრება?

გალაკტიონის ქანდაკების წინშაოსანიქალბატონი მაგდა . (სახელები შეცვლილია) ითხოვს თითქმის ყოველდღე მოწყალებას. პენსიონერი მეგონა და თავიდან ვკითხე, სახელმწიფოსგან რამე დახმარებას არ იღებთ-მეთქი? - 55 წლის ქალი სულ დავბერდი, აგერ თმები სულ გაჭაღარავებული მაქვსო, - შემომჩივის:

ქმარი ადრევე დამეღუპა. ბიჭი წლების წინ ავარიაში მოჰყვა, სამკურნალოდ ბინა (ნაძალადევში) იპოთეკაში ჩავდე და დავკარგე. ახლა ქირით ვცხოვრობ და თვეში 230 ლარს ვიხდი. ჯერ ყიფშიძის დასაწყისში, გზის პირას დავდექი, იქიდან მაღალმა ქალმა გამომაგდო. მერე გვირაბის თავთან მოვედი. უკვე მიცნობენ და მეხმარებიან. ზოგი ხურდას მაძლევს, ზოგი მაკარონს, ბრინჯს და .. ვის რა შეუძლია. სახლშიც წამომყვნენ და ჩემი გაჭირვებული ყოფა ადგილზე ნახეს. ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მთელი თვის ქირის ფულიც კი გადამიხადა. აქ 10-12 ლარი გამომდის და ბედს არ ვემდური“.

აგროჰაბისწინ მოწყალების მთხოვნელი ქალბატონი მერი მთელი დღე გამვლელ-გამვლელ მოქალაქეებთან ურთიერთობითაც არ იღლება. იმ დღეს მობილურში საათის გასწორება მთხოვა და, - მე სულ მათხოვარი კი არ ვიყავი, ადამიანებთან სჯა-ბაასი, ურთიერთობა მიყვარსო. ლამის ყველა იცნობს აქ შემომსვლელს, ვინც ეტყვის ნაღდი ფული არ მაქვსო, - მაშინ შიგნიდან რამე მიყიდე შენებურად, შენ კი გენაცვალეო. ხშირად ყიდულობენ კიდეც.

მოპირდაპირე მხარეს ევროკავშირის ახალი ოფისის წინ ასაკოვანი ქალები და კაცები მოწყალებას არ ითხოვენ, მაგრამ ყოველდღიურად სტაბილურად მიტინგობენ დაკანონიერი ხელისუფლების აღდგენასითხოვენ. მთელი დღე მხურვალე გამოსვლებში ერთმანეთს ცვლიან. მათი ხმა მეგაფონში არემარეს ავსებს და ხანდახან იქვე მთხოვნელების კრულვასაც იწვევს; მათი თხოვნის ხმა იხშობა და გამვლელებს გასაჭირს ვეღარ აგონებენ. 30-წლიანი სტაჟის მქონე მომიტინგეებს ეს ნაკლებად აღელვებთ და სასტუმროში განთავსებულ ევროკავშირის ოფისს უხსნიან ამ ქვეყნის ბოლო 30-წლიან, „კანონგარეშეისტორიას. იქვე პატრულის ორი თანამშრომელი მთელი დღე წესრიგს იცავს მოწყენილი. 

* * *

მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის

დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისის სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში ნაცნობისთვის გავატანე. მას აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.

ახლა დავურეკე და ვკითხე, ბოლო ორი წლის მანძილზე მცირედ მაინც თუ გაუმჯობესდა კაზრეთის ეკოლოგიური მდგომარეობა-მეთქი. კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესით) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი კიბოს გავრცელების მხრივ ლიდერია ქვეყანაში. დოდო - (მისივე თხოვნით, ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) მიპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა; ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აქვს ან ელოდება მსგავს (სიმსივნე, ლეიკემია, სისხლძარღვოვანი, სახსრები და . .) უბედურებას.

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან, ჭირსაც ბოლომდე ვერ მალავენ. დოდო :

- სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს. ჩემი საშუალო ასაკის და ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა. დასამალი რა არის? - მეც მაქვს მკერდზე ვერაგი დაავადების ნიშნები (. . კვანძები). ექიმთან პერიოდულ შემოწმებას გავდივარ. შეიძლება, ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში არსებული სამწუხარო სტატისტიკაც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?

- გამოსავალი სად არის?

- ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, რადგანარემჯირეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის. ვიღაცას გაუვრცელებია, რომ სიმსივნეს ირმის რქა შველის. ამის გამო დაბაში მასზე დიდი მოთხოვნაა. მეც ბათუმიდან ახლობლებმა მატარებლით გამომიგზავნეს. დაფშვნილს თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ. ყველასგან მიტოვებულებს ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს.

- რამდენადაც მახსოვს, ერთ პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ კაზრეთის ეკოლოგიის დასაცავად...

- მათ წინააღმდეგ ისევ ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა გაილაშქრა, ისევ და ისევ სამუშაოს, ოჯახის საარსებო წყაროს დაკარგვა აშინებთ. ლამის ერთადერთი დამსაქმებელი კომპანიაარემჯია“, თავის დროზე დაბაც ამ წარმოების გვერდზე გაშენდა. დაპირისპირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქ წესიერად აღარ გამოჩენილან. მოკლედ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ოჯახის საარსებო ხელფასსა და შერყეულ ჯანმრთელობას შორის.     

ისევ სახელმწიფომ უნდა მოსთხოვს კომპანიის ხელმძღვანელობას, დაიცვას საშიში წარმოების წესები. გავა წლები და გენოციდს დაემსგავსება ეს ყველაფერი. მთავრობამ თუ არ მოითხოვა, რიგითი მოქალაქეები დიდს ვერაფერს გავხდებით; აქ ერთეულები მილიონებს შოულობენ და კეთილი ინებონ ნაწილი წარმოების გამართულობაზე დახარჯონ, რათა რეგიონი ყოველდღიურად არ იწამლებოდეს, ადამიანებს ნაადრევად არ ისტუმრებდეს.

პირადად მე უკვე დავიღალე ბოლნისსა თუ თბილისში ექიმებთან სიარულით. ხან მკერდზე კვანძები, ხან ჩიყვი, რომელი ერთი დაავადება ჩამოვთვალო. ახლაც თოდუას კლინიკაში მელოდებიან მორიგი (აუცილებელი) შემოწმების გასავლელად. როგორ შეიძლება ასე მუდმივ შიშსა და გაუგებრობაში ცხოვრება. ისევ მთავრობამ უნდა მოგვხედოს, თორემ აქ მალე მომჩივანიც ბევრი არავინ დარჩება. 

* * *

სამკურნალო ხარ, „ნერვოზიგაქვსო

57 წლის აფხაზეთიდან დევნილი ციცო თბილისში, ერთ-ერთ გადასასვლელ გვირაბთან ყვავილებს ყიდის. ამ უბანში ჩხუბისა და ყვირილის ხმას თუ გაიგონებთ, ხშირად ამაში მისი ხელიც ურევია. ბოლოს დაწყნარებულ-დაღონებული იტყვის ხოლმე, - მაპატიეთ, ეს ჩემი ბრალი არაა, ექიმმა მითხრა, სამკურნალო ხარ, „ნერვოზიგაქვსო. დევნილობის მერე კარგა ხანს თურქეთში იმუშავა, მერე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისს დაუბრუნდა, სადაც დღემდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც ვერ აიღო. მთელი დღე მომუშავეს ექიმთან მისასვლელად არ სცალია, მაინც აღარაფერი მეშველებაო, - ამბობს.

36 წლის ხატიას ნერვულ-დეპრესიული პრობლემები პირველი შვილის გაჩენის მერე დაეწყო. რაიონის ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და თბილისში ფსიქოლოგთან კონსულტაცია ურჩიეს. როგორღაც შაბათს ჩამოვიდა და რადგან სხვები არ მუშაობდნენ, მაშინდელი ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულში მივიდნენ. ხატია მხოლოდ ეზოში მოსეირნე პაციენტებზე დაკვირვებით მიხვდა, რომ ქვეყნად ყველაფერი შედარებითია და არც ისე რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოკლედ, თავი ხელში უნდა აეყვანა. მეორე დღეს, ყველაფრის მოსმენის შემდეგ კლინიკაში ფსიქოლოგმაც დაუდასტურა, რომ რთული არაფერი სჭირდა, მხოლოდ ოჯახური გარემოს მცირედ შეცვლა (მეუღლის მშობლებისგან ცალკე ცხოვრება) სჭირდებოდა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა. გაითვალისწინა და ექიმებისთვის წამდაუწუმ მიმართვასაც თავი დაანება.

* * *

დინამ დაისვენა

ჩვენს კორპუსს სიკვდილი ისე ესტუმრა, არავისთვის არაფერი უკითხავს. გარეთ ცრიდა, როდესაც ოთახში მეზობელი შემოვარდადინა მოკვდაო, დაისვენაო.

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა ბოლო ათი წელი საწოლში გაატარა. სისხლძარღვების შევიწროება ჰქონდა. დღე და ღამე იწვა თავისთვის ჩუმად და წიგნებს კითხულობდა. ბევრს კითხულობდა.

არცერთ საინფორმაციო გამოშვებას ხელიდან არ უშვებდა. ნებისმიერ სიუჟეტში გაფაციცებით აფხაზეთს ეძებდა. ვერ იპოვა. ერთადერთი მუსიკოსი შვილი თავს ევლებოდა. ვეღარ წამოაყენა.

ბოლოს კიდურები დაუსივდა. აღსასრულის მოახლოებას გრძნობდა და სულ ტიროდა. ცდილობდა ეს ხმადაბლა გაეკეთებინა, რათა სტუდქალაქელი მეზობლები არ შეწუხებულიყვნენ.

მეზობლებს დინას ტირილი ესმოდათ. არ წუხდებოდნენ, ეცოდებოდათ. იცოდნენ, რომ ღვთის შვილის შეცოდების უფლება მხოლოდ თავად უფალს ჰქონდა, მაგრამ თავადაც ცოდვილები იყვნენ და დინა ეცოდებოდათ.

ჭირისუფლის ერთოთახიან ბინაში რკინის საწოლების, მაგიდის და ძველისძველი კარადის მეტი არაფერი დგას. მეზობლები სახლის დალაგებას ცდილობენ, დასალაგებელიც არაფერია. ოთახში ყველაზე თვალშისაცემ, პირმოტეხილ დოქში შარშან ნაკურთხი, აწ უკვე გაყვითლებული ბზა აწყვია.

დინა კუთხის საწოლზეა დასვენებული. იქ, სადაც ბოლო ათი წელი გაატარა. ჯერ კიდევ თბილადაა. მალე ტახტზე გადაასვენებენ, რომელიც სადღაც მეზობლებში იშოვეს და მოიტანეს. წვიმას უმატებს, სიცივეც უფრო მეტად იგრძნობა.

აფხაზეთში თითით საჩვენებელი ოჯახი მიწიერი სამოთხიდან პირდაპირ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. მუდმივმა ნერვიულობამ თავისი გაიტანა. სტუდქალაქის ერთ ოთახში გამოკეტილი ქალი ჩაწვა რკინის საწოლში და აღარ ამდგარა.

ბავშვები უყვარდა არანორმალურად. კორპუსში სადმე მათ ხმას თუ ყურს მოკრავდა, შვილს ეხვეწებოდა მიეყვანა და მოეფერებოდა. პატარებს უყვარდათ დინა ბებო. უყვარდათ და სრულიად უცოდველანგელოზებს მაინც ეცოდებოდათ.

ხმა გავრცელდა, დევნილებს თბილისიდან რეგიონებში ასახლებენო. სხვებისგან განსხვავებით დინას გაუხარდაიქნებ სადმე სოხუმის ცასთან სიახლოვეს გადამიყვანონო. სხვა გზით სამშობლოში დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა და... არ გაუსახლებიათ. 92–93 წლის დევნილებს ეს პროცესი არ გეხებათო. იმ დღიდან ნაღველი უფრო მოემატა.

ბოლო ამოსუნთქვამდე მოასწრო და ზურიკოს უთხრააქ არ დამტოვო შვილო, ჩემს სახლში დამაბრუნეო. დინა უკვე ტახტზე დააწვინეს. ორ დღეში ოცნებას აუსრულებენ და მშობლიურ აფხაზეთში გადაასვენებენ.

ახლა აღარ მიკვირს რატომ ამბობენ დინაზედაისვენაო.

უკვე კოკისპირულად წვიმს. ძლიერ ცივა გარეთ...

* * *

თქვენ თუ იცნობდით ლულუს?  

ცხრა წლის მარიამის მონაყოლიდან:

ლეკვი, რომელსაც ლულუ ერქვა, ყიფშიძელ კაცს დაბადების დღეზე მიუყვანეს. მაშინ ძალიან პატარა იყო და ყუთში ჰყავდათ გამომწყვდეული. იმ კაცმა ხელში რომ აიყვანა, ლოკვა დაუწყო ლოყაზე.  

იცი როგორი ჭკვიანი იყო? ჯოხს რომ გადააგდებდი, გრძნობდა, რომ უნდა დაებრუნებინა. „გამარჯობასრომ ვეტყოდი, თათს მიწვდიდა და ლოკვამოფერებას მიწყებდა. ჭექაქუხილს, წვიმას წინასწარ გრძნობდა და სახლისკენ გარბოდა.

ეზოში დაყრილი ნაგავი ურნასთან მიჰქონდა. გადაყრილ ძვლებს არ ჭამდა. ვინც კი  ეხუტებოდა, ლულუ ასეთ ადამიანებს იმახსოვრებდა. მეც ასე გავიცანი და მოვეფერე. ამის შემდეგ სულ ჩემკენ გამორბოდა და აღარ მშორდებოდა. დაღამების მერე კი ეზოში თავისით მომყვებოდა და სადარბაზოს კიბეებამდე მაცილებდა.

შენ თუ იცი რა დაემართა? - მეკითხება.

- კორპუსში ვირთხების საწამლავი დაყარეს. შეცდომით ლულუმ შეჭამა. მერე პატრონთან მიირბინა, ფეხებთან დაუწვა და წკმუტუნით მოკვდა“, – მიყვება პატარა მარიამი ოთხფეხა მეგობრის ტრაგიკულ ისტორიას და დიდრონი თვალებიდან ღაპაღუპით მოსდის ცრემლები;

ყიფშიძის დასაწყისშია დამარხული. ქვებით გაკეთებულია და ზედ დიდი ასოებითლულუაწერია. სტუდქალაქელი მეგობრები ქუჩის დასაწყისში, ბაღჩაში შევიპარეთ, რაც კი ლამაზი ყვავილები იყო დავკრიფეთ, მივიტანეთ და საფლავი გავულამაზეთ.

იმ ეზოში აშვებული ძაღლი დაგვხვდა. თვალებში შევხედე და საერთოდ არ შევუშინდი. არც ის წამოსულა ჩვენზე. მე მგონია იგრძნო, ლულუსთვის რომ მიგვქონდა ყვავილები და არ დავუკბენივართ. ახალი კორპუსების წინ დარგული ყვავილებიც მოვიპარეთ და მივუტანეთ. ვიცი, მან ყველაფერი დაინახა. ლულუ მხოლოდ გარდაიცვალა, სულ ხომ არ მომკვდარა არა?“, – ამას ისეთი რწმენით წარმოთქვამს, რომ ზრდასრული ადამიანების დამღლელი კითხვები აღარ მიჩნდება.

გასაოცარია, პატარა ბავშვს რომ უზარმაზარი ადამიანური თანაგრძნობის გამოჩენა შეუძლია. პატარა და ტკივილით სავსე ქვეყანას, ხვალზეგ დიდი ადამიანები გადაარჩენენ და ფეხზე დააყენებენ.  

ჩემო მეგობრებო, თქვენ თუ იცნობდით ლულუს?  

* * *  

მე და პატარა ანგელოზი

ვაკის გაჩერებაზე პატარა ავტობუსში ავდივარ. ბოლო სკამებზე დედა-შვილი იპყრობს ჩემს ყურადღებას. არა ხმითა და ყვირილით, რის წარმოდგენაც დღევანდელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადვილად წარმოსადგენია, არამედ მკვეთრი ჟესტიკულაციით, რაც ხშირად სიტყვებზე ბევრის მთქმელია. ფანჯრისკენ მყოფი პატარა სიფრიფანა გოგონა რაღაცნაირად არაბუნებრივად გაბრაზებულია დედაზე და ბავშვურ ემოციას მთელი არსებით გამოხატავს. იმდენად შთამბეჭდავი და გულისშემძვრელია ჩემთვის ეს მოულოდნელი სცენა, რომ უმალვე მიპყრობს და თვალს ვეღარ ვაცილებ. სიტყვიერი გაწევ-გამოწევა აქაური ყოველდღიურობაა და აღარავის აღელვებს, აქ კი უხმოდ გაბრაზების სცენაა თან დედის მისამართით, რომელიც თავადაც ასეთ დღეშია.

გოგონა დედისგან ნახევრად შებრუნებულ მდგომარეობაში ნაცრისფერ გზას გადაჰყურებს და ამითაც გამოხატავს დაგროვილ გულისწყრომას. ამ დროს მინიატურული თავი მარცხენა ხელისგულში ღრმად ჩარგული აქვს და ისიც რაღაცნაირად გვერდულად აქვს შებრუნებული. დედა რომ არ ჰყავდეს გვერდით და გაბრაზების ვინმე სხვა ობიექტი, ჯდომის ასეთ მანერაზეც ადვილად მიხვდებოდით, რომ ნაწყენია. ვინ თუ არა ამას დედა ხვდება და მისთვის რაღაცის ახსნას ცდილობს გამალებით. სადაც სმენა და ხმის ტემბრი ვერ ჭრის, შეხებაა მოქმედებაში. მარცხენა მკლავში მსუბუქად ხელს კიდებს და თავისკენ აბრუნებს. ნერვული ჟესტიკულაციით მნიშვნელოვანს უხსნის, სურს დაარწმუნოს, რომ მასზე გასაბრაზებელი რეალურად არაფერია. ერთგვარად, თავის მართლებასაც ჰგავს დედის ხელების ამის შემდგომი ნელი ტემპის, რბილი და ჰარმონიული მოძრაობა, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ აღწევს. გოგონა დედის მოძრაობას მექანიკურად პასუხობს, იმდენად გაბრაზებულია, რომ თვალებში საერთოდ არ უყურებს, მხოლოდ ჟესტიკულაციიდან იღებს მშრალ ინფორმაციას და ასევე რეაგირებს, ოღონდ გულისწყრომით სავსეა ეს პასუხი - ამ დროს მცირედით ბრუნდება დედისკენ, ხელებს ფართოდ შლის, მერე ასე გაშლილს წინ და უკან სწრაფად და ნერვულად ამოძრავებს, რამდენჯერმე გამეორების შემდეგ მარჯვენა ხელის ქვედა ნაწილს მარცხენას შუაგულში ათავსებს და ამით სათქმელსაც ამთავრებს. ემოციური განმუხტვის შემდეგ ისევ გვერდზე ბრუნდება, ცოტა იხრება, თავს ისევ მარცხენა ხელისგულში რგავს და ნაცრისფერი გზისკენ ყურებას აგრძელებს.

სცენა რამდენჯერმე მეორდება და თვალს ვერ ვწყვეტ. კიდევ კარგი ისე არიან უხმო დიალოგში ჩართულები, რომ ჩემს ყურადღებას ვერ ამჩნევენ. მინდა გოგონას გამოვექომაგო და დედას კი არა, მთელ სამყაროს შევაკვდე პატარა ანგელოზის ასე უმოწყალოდ გაბრაზებისთვის. რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ მას მშობლის განმარტება არ მიეღო და ასე ღრმა ფიქრებში ჩანთქმულიყო. მთელი გულითაც რომ მოვინდომო ჩარევა და ბავშვის გულის გახარება, მას ჩემი ხმა არ ესმის, მე კიდევ ხელების ჟესტიკულაციის არაფერი გამეგება. მე მაინც მისი წვრილი ხელების ნერვულ მოძრაობაზე, ფანჯარასთან ეულად ჯდომისა და თავის ხელისგულში ჩარგვის მანერაზე ბევრს მივხვდი, ის კი ვერასოდეს გაიგებს თუ რა ბობოქრობდა ამ რამდენიმე გაჩერების მანძილზე ჩემს გულში. მე კი მთელ სამყაროს შევასკდებოდი პატარა ანგელოზის ასე დაუმსახურებლად გაბრაზებისთვის, როცა დედის განუმეორებელი ხმის ტემბრიც მისთვის მიუწვდომელი იყო.

...მეცხრე საავადმყოფოსთან დედა-შვილი ავტობუსიდან ჩამოვიდა. რამდენიმე ნაბიჯით ეულად სიარულის შემდეგ, გოგონამ ცოტა ხნის წინ ნერვულად მოსაუბრე ხელი დედას ჩაჰკიდა და ნაცრისფერი გზა ასე ერთად გააგრძელეს.       

* * *

ქალთა ბედი საქართველოში

1989 წლის 9აპრილს დაღუპული 21 მომიტინგიდან 17 ქალი იყო. მათ შორის, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამარ ჭოველიძე.

მერე ნანატრი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ერთმანეთს დავერიეთ. აფხაზეთში ომის წაგების შემდეგ ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლისას, დაუზუსტებელი მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; უმეტესობა ბავშვები, მოხუცები და ქალები იყვნენ. ისინი სიცივისგან ავადდებოდნენ და მიცვალებულებს, ხშირ შემთხვევაში, იქვე გზის პირას ასაფლავებდნენ.

ბნელ და ცივ 90-იანებში ისევ ქალები დაადგნენ თურქეთ-საბერძნეთის გზას, გაღატაკებული ოჯახების გადასარჩენად. ავტობუსის საბარგულში იმალებოდნენ, რომ საზღვარზე გაეღწიათ. ყოფილა შემთხვევა, ჰაერის უკმარისობის გამო ცოცხალი ვეღარ ამოუყვანიათ. 

ზოგიერთიკაიბიჭობისმიმდევარი ქმარი გამოგზავნილი ფულითქალებში სიარულსარ იკლებდა. „მდედრთან მუდმივად ცხოვრება ისედაც ხომ არაქურდულია, ძმაო!“

დღემდე ქვეყანაში გოგონების თითქმის მონური შრომა გამოიყენება, მაგალითად, სუპერმარკეტებში. ხშირად შეპირებულ მცირე ხელფასსაც არ აძლევენ ან ათასი საბაბით ისე აკლებენ, დროულად გაქცევის გარდა სხვა გზა არ რჩებათ. ხომ დადიხართ საყიდლებზე, გინახავთ რომელიმეში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე? ვერც ნახავთ, რადგან იქ ორ-სამ თვეში ახლებს იღებენ წარმატებით მოსატყუებლად.

ზოგიერთი ამითაც ვერ კმაყოფილდება და თანამშრომლებს ფარულად უთვალთვალებს, „მარკეტიდან რამე ხელს არ გააყოლონო“. ყველას გეხსომებათ ამაზე აგორებული სკანდალი რომ ჩაფარცხეს ჩვენებურად, „ქართულად“.

სცენას ვაწყდები, ერთ-ერთ ხალხით სავსე სუპერმარკეტში გალეშილი მთვრალი გამყიდველს ლანძღავს და ამაზე ხმას არავინ იღებს. გოგონა ლუდს არ ატანს, რადგან ეს ტიპი თურმე ყოველდღე გამომტყვრალი შედის და თანამშრომლებს ბოლო სიტყვებით თათხავს.

- რა გინდა, არ დავლიო და ასე მოვკვდე? - ამ სიტყვებით ბოთლი მიაქვს და მაინც აგინებს, 18-19 წლის გოგონას დამცველი კი გარშემო არავინაა. პირიქით, სახედაკარგულ მამრს იცავენ, - მიეცი ლუდი, ხომ ხედავ ცუდად არისო.

ოჯახი (მისი ყველა წევრი) კარგად რომ იყოს, აუცილებელია ოჯახის ქალები (დედა, მეუღლე) თავს კარგად გრძნობდნენო, - ასე ნათქვამია. სახელმწიფოც ხომ დიდი ოჯახია და პატარა უჯრედებისგან შედგება.

ამ დროს ჩვენში საკუთარი დედის გინებას აგრძელებენ, როცა სხვის შეგინებულზე (თუ დაგინებულზე) შეიძლება მკვლელობა ჩაიდინონ ხელის აუკანკალებლად. აქ ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუსრულებელიჩემი დედა ...“ „კაიბიჭობისსაზარელ გამოვლინებად რჩება.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია