მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება - 19 ნოემბერი 2021

„თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა აღარ იყოს სტერეოტიპი - „პატრონი არ გამოგვიჩნდა“ 

ufleba.ge

დემოკრატია ხალხის მმართველობას (ძალაუფლებას) ნიშნავს. ერთ-ერთი ქმედითი ფორმა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობაა. ხელისუფლების ჩინოვნიკები შრომის ანაზღაურებას მოქალაქეების გადასახადებისგან იღებენ და ვალდებული არიან, საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯაზე ხელი ედოთ. 

ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნიჰილისტური განწყობილება დამკვიდრდა. არადა, ადგილზე საჭირბოროტო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა დემოკრატიული განვითარების საფუძველია. მუნიციპალიტეტი ხალხთან ბევრად ახლოს დგას და ჯანსაღ ინიციატივებს ადეკვატურად უნდა ეხმიანებოდეს.     

თემაზე ჩვენი პირველი მოპასუხე საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქას“ დამფუძნებელი, ტრენერი პავლე თვალიაშვილია. ექსპერტი ამბობს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის კუთხით ხშირად შეტყობინების დონეს ვერ ვცდებით. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროცესი შეიძლება მოქალაქეთა ინფორმირებით შემოისაზღვროს: 

„თვითმმართველობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესადგენად შეხვედრები იმართება; წარადგენენ, რაში გეგმავენ მომავალი წლის თანხების დახარჯვას. ჩართულობის  მინიმალური დონეა, მოქალაქეებს პრაქტიკულად არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. შემდგომი ეტაპი უნდა მოჰყვეს; ერთ-ერთ ფორმატში ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებისგან ითხოვს ინიციატივებს და ბიუჯეტში გათვალისწინებას სთავაზობს. ჯგუფებსაც შეუძლიათ განსახილველად პროექტები წარადგინონ. აქაც რამდენიმე დონეზე ვსაუბრობთ. მოქალაქეების პროექტის წარდგენისას ჩართულობის გარკვეული დონე უკვე გვაქვს, უფრო მაღალი დონეა, როცა გადაწყვეტილებასაც იღებენ; შეთავაზებულიდან რომელია უკეთესი, უფრო სჭირდებათ და ა.შ. ნაკლები დონეა, როცა მოქალაქეები პროექტებს შესთავაზებენ და დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი მიიღებს. 

მეორე პრობლემას, ცნობიერების დონეს ვაწყდებით - საზოგადოება რამდენად მზად არის ხმა მისცეს ამა თუ იმ პროექტს. პრაქტიკაში ონლაინ ხმის მიცემაა, სადაც მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან დაბალია; რადგან ასეთი პროექტების, გავლენის შესახებ არ იციან. ასევე, წარმდგენ ორგანიზაციებს ან კერძო პირებს არ აქვთ საკმარისი რესურსი საინფორმაციო მხარდაჭერა, პიარი აკეთონ. 

შესაძლებელია იყოს პროგრამები, სადაც მაგალითად ახალგაზრდებს, პენსიონერებს ან გარკვეული სოციალურ სტატუსის ჯგუფებს თვითმმართველობიდან გამოყოფილი ან დაინტერესებული პირები საინფორმაციო შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს ჩაუტარებენ; წარსადგენად მომზადდება პროექტთა პაკეტები და გახილვა უფრო სიღრმისეულად მოხდება; თუნდაც საკრებულოს კომიტეტების სპეციალურ ჯგუფებში, რომლებიც შესაბამის ბიუჯეტსა და მუხლებზე მუშაობენ. ჩართულობის დონე უფრო მაღალი იქნება - მოქალაქეებიც უფრო დაინტერესდებიან საკმარისი ცოდნა-განათლება მიიღონ, იმუშაონ და თვითმმართველობას პროექტები შესთავაზონ. აქაც ჩართულობის რამდენიმე დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, ვთქვათ მოქალაქეები გამკონტროლებლები იყვნენ; მეორეა, მოქალაქეთა ან ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების ჯგუფები თვითონ იყვნენ შემსრულებლები პროექტების, რომელიც თვითმმართველობამ მოიწონა“.

ბატონი პავლე გვიყვება თანამშრომლობის მაგალითებზე, მათ შორის რუსთავის თვითმმართველობასთან: „ახალგაზრდული მიმართულებით პროექტი შევთავაზეთ. ვუთხრით, რომ გვაქვს რესურსი, ახალგაზრდა შემსრულებლები, მოხალისეები, რომლებსაც ქალაქში საერთაშორისო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. რამდენიმე დონეზე განიხილეს, მხარდაჭერით განვახორციელეთ. რუსთავში ორი წლის განმავლობაში ხუთ-ხუთი ქვეყნიდან საერთაშორისო დელეგაციებს ვუმასპინძლეთ. პროგრამის მიზანი ადრეულ ასაკში ახალგაზრდების ჩართულობა იყო საერთაშორისო პარტნიორობისა და კომპეტენციების განვითარების კუთხით. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიმიწვიეს პროექტში, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო შედგა. ვეხმარებოდი შეედგინა სამოქმედო გეგმა, შეემუშავებინა გაზომვადი ინდიკატორები და ეთანამშრომლა ქალაქის მერთან სხვადასხვა პროექტების ინიციირებისა და განხორციელებისთვის. მრჩეველთა საბჭოები ძალიან კარგი მექანიზმია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისთვის. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ, მიმართულებების მიხედვით იყვნენ ჩართულები“. 

კითხვაზე, ხელშესახები შედეგები რამდენად ჰქონდათ, თვალიაშვილი გვეუბნება, რომ ყოველთვის გაზომვად შედეგებზე საუბრობს: „მაგ; როდესაც ქალაქის მერი ან ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიმე სამსახური პროექტს წარადგენდა, მრჩეველთა საბჭოს შეეძლო გაზომვადი ინდიკატორებით შეეფასებინა - რა შედეგებზე გავდიოდით, რა იცვლებოდა“. 

ექსპერტი ასახელებს თვითმმართველობის მონაწილეობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა რამდენიმე სექტორის (საჯარო,  ბიზნეს და არასამთავრობო) ჩართულობა: „რუსთავის მაგალითი მგონი ერთადერთია, როდესაც სამივე სექტორმა თანამშრომლობის საბჭო შექმნა.  აქტიურად ურთიერთქმედებს პროფესიული განათლების ცენტრ „მოდუსთან“, სადაც ქალაქის მერის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და კოლეჯის ხელმძღვანელების მონაწილეობით სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას განიხილავენ. დარგების თანამშრომლობა მაღალი დონის სამოქალაქო ჩართულობის თვალსაჩინო მაგალითია“.

ბატონი პავლე გვარწმუნებს, რომ თვითმმართველობის მხრიდან არამარტო მზაობა, სურვილიც სახეზეა: „წინა წლებშიც ვხედავდი გაწყობას არამარტო ინფორმაციის მოწოდებაზე, გვეუბნებოდნენ - მობრძანდით, ვისაუბროთო. საკრებულოს სხდომებზე ვესწრებოდით. ასევე, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისია, სადაც ხშირად შეხვედრები იმართებოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. არცერთ წინადადებაზე თვითმმართველობის მხრიდან წინააღმდეგობა არ შემხვედრია“.

გამოწვევებთან დაკავშირებით თვალიაშვილი განმარტავს, რომ თანამშრომლობის ძირითადი აქცენტი მაინც ორგანიზებულ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის გაკეთებული. მისივე თქმით, დაბალია ჩართულობის მაჩვენებელი იგივე სტუდენტების, ასევე სტატუსის არმქონე სხვა მოქალაქეების მხრიდან: 

„სამოქალაქო განათლების საგანი არამარტო სკოლის დონეზე, იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს, რომლებმაც სწავლა დიდი ხნის წინ დაამთავრეს. საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად ფორმატები არის შესამუშავებელი. საკრებულოს სხდომაზე დასწრება საკმარისი არ არის. მოქალაქეებისთვის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებაზე საერთაშორისო დონორები, ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ; პირობითად,  როგორ შეიძლება პენსიონერები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში, მხატვრები თავიანთი სახელოვნებო მიმართულებით და ა.შ. ნაცნობი ფორმა ასოციაციები, გაერთიანებებია. თუკი ადამიანი გაწევრიანებული არ არის, მიღმა დარჩენილთა ჩართულობის მექანიზმებიც უნდა ჩამოყალიბდეს. ამისთვის სხვადასხვა ტიპის მიდგომების გამოყენება კარგი იქნებოდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელთა შეხვედრები მოქალაქეებთან, განხილვები. ოღონდ არ უნდა დაიწყოს ნოემბერში ან დეკემბერში, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს“. 

რამდენად საჭიროა მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში? ექსპერტის შეფასებით, გადაუდებლად მნიშვნელოვანია, რათა სტერეოტიპი „პატრონი არ გამოგვიჩნდა“, აქტიური აღარ იყოს, - ჩვენ თვითონვე ვიყოთ საკუთარი თავის პატრონები! მისივე თქმით, ქალაქი ჩვენია, მუნიციპალიტეტიც იმ გაგებით, რომ აქ ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები, სამსახური, გარშემო ადამიანები: 

„თითოეულმა უნდა შეიტანოს წვლილი, თუ საჭიროა მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხითაც. მაგალითი ცოტა ხნის წინ გვქონდა, როდესაც კოლეჯი „მოდუსის“, მეცხრე, მეოცე სკოლების, გიმნაზიის ეზოში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „გავიგუდე“ გამწვანების აქცია ჩაატარა. თვითმმართველობა, სხვადასხვა სტრუქტურები ჩაერთნენ, ბიზნეს ორგანიზაციები, რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ზოგმა ფული ჩარიცხა, მოხალისეობრივი შრომა გაწია, უბრალოდ მოვიდა და მხარდაჭერა გამოხატა. ასეთი ჩართულობის მაგალითები იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდება“. 

პავლე თვალიაშვილი საუბრობს გლობალურ საკითხებზე, რაც რუსთავის საზღვრებს სცილდება. მაგ; ეკოლოგიურზე, რომელშიც არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი არის ჩართული: 

„ეს იგრძნობა სოციალურ ქსელებში, შეკრებების დროსაც. ზოგიერთი პრობლემა ღიად არ ჩანს. პირობითად ეტლით მოსარგებლის, რომელიც მაღალ სართულზე ცხოვრობს და სათანადო ზომის ლიფტი არ აქვს. ერთ და ორ პრობლემაზე ვერ ვისაუბრებთ, ქალაქში ბევრი საკითხია, რომლის გადაჭრაზე საჯარო სექტორი, ასევე არაკომერციული და ბიზნეს ორგანიზაციები მუშაობენ. სინერგიის ეფექტი უფრო მაღალი იქნება, თუკი ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“.

საზოგადოების ცნობიერება რამდენად მზად არის და კიდევ რა უნდა გაკეთდეს - ბატონი პავლე გვეუბნება, რომ საჭიროა პოზიტიური მაგალითების წინ წამოწევა: „მისალმება და წახალისება  ყველა მხრიდან (მათ შორის, საჯარო სექტორიდან), რათა ინიციატივიანი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა იყოს დამკვიდრებული. შევხვდეთ, ვისაუბროთ, სასიკეთო გეგმები დავსახოთ. სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები მზად არიან უკუკავშირი მიიღონ. ერთი პერიოდი ქალაქის საიტზე უკუკავშირის მექანიზმის გაკეთდა, ასეთი ხაზები ბევრი უნდა იყოს“.

და ბოლოს, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თანამშრომლობის პროცესი როგორ გაგრძელდება? „თანამშრომლობას არანაირად ხელს არ შეუშლის. რუსთავი პატარა ქალაქია და საკრებულოში მრავალფეროვნება ნებისმიერ საკითხზე უკუკავშირით კარგ დისკუსიას გამოიწვევს. მმართველი პარტია იქნება თუ ოპოზიცია, ხელები უნდა დავიკაპიწოთ და საერთო საქმე ვაკეთოთ“, - დასძენს პავლე თვალიაშვილი.  

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) რეგიონული კოორდინატორი მარიკო წიქორიძე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებთან წარმატებული თანამშრომლობა წლებს ითვლის. მისივე თქმით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტის განხორციელების პროცესში თვითმმართველობა თავიდანვე, როგორც პროცესის მონაწილე იყოს ჩართული: 

„პირველი რასაც დაწყებისას ვაკეთებთ, ესაა თვითმმართველობის ინფორმირება და მათი როლის განსაზღვრა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში. წარმატების მიღწევისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილია. 2015 და 2017 წლებში, ბოლნისის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ორი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ეკო ჰაბი გავხსენით კაზრეთსა და ტანძიაში; დაბისა და სოფლის ბავშვებს, მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთან ახლოს ყოფნის, ინიციატივების წარდგენისა და პროექტების განხორციელებისთვის ადგილი გავუჩინეთ. 

2017 წლიდან ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში WaSh-ის მიმართულებით დავიწყეთ პროექტი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობის ჩართულობით რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა: ნახიდურის დღის ცენტრი სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის. ასევე, რატევანის სასმელი წყლის მილებისა და რაჭისუბნის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ჯამში CENN-მა პილოტური პროექტების სახით, ბოლნისის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, 120 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მაგალითი და შედეგი,  რაც მჭიდრო თანამშრომლობას მოაქვს. 

პილოტური პროექტების გარდა, ლობირება-ადვოკატირების გზით ვცდილობთ ისეთი საკითხების მოგვარებას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებს რომ სცილდება; მასთან კონსულტაციით ცენტრალურ დონეზე გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი თემისა და თვითმმართველობის განვითარებასთან, მოწყვლადი თემების გაძლიერებასთან და ახალი ინიციატივების დანერგვასთან“. 

მარიკო წიქორიძე გვეუბნება, რომ ბოლნისის თვითმმართველობა თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოხატავს: „შესაძლოა გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, რაც პროექტების განხორციელების პროცესში ჩვეულებრივი ამბავია. თვითმმართველობას სტრუქტურა და სტანდარტი, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი მოთხოვნები და სამუშაო მიდგომები გვაქვს, რაც უნდა გაითვალისწინონ. აცდენა არასდროს ყოფილა“. 

გამოწვევებს რაც შეეხება, CENN-ის კოორდინატორის თქმით, მუნიციპალიტეტებს ყოველთვის მყისიერი შედეგების მიღება სურთ და პირველივე ეტაპზე სვამენ კითხვას, როდის დაიწყება პილოტური ანუ საგრანტო პროექტები? მისივე თქმით, სირთულე იქმნება, როცა პილოტური პროექტების  განხორციელებისთვის ფინანსური ჩართულობა (თანამონაწილეობა) აუცილებელია: 

„პროექტები ეტაპებად დაყოფილია. დონორი ითხოვს კონკრეტულ კონტრიბუციას ლოკაციაზე, მუნიციპალიტეტებს კი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, რადგან მათი ბიუჯეტი უკვე გაწერილია. ყოველთვის ვცდილობთ თანამონაწილეობისთვის აუცილებელი თანხები ერთად მოვნახოთ. ბოლნისის შემთხვევაში პრობლემა იშვიათად შეგვქმნია, საუკეთესო გამოსავალზე ერთობლივად შევჯერებულვართ.  პრინციპში, იგივე შემიძლია გითხრათ ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებზეც - დმანისზე, თეთრიწყაროზე, მარნეულზე“. 

მარიკო წიქორიძე ამატებს, რომ თვითმმართველობა ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილებების პროცესში ჩასართავად. მისივე დაკვირვებით, ადგილობრივების მაქსიმუმ 10%-ს თუ ექნება ინფორმაცია, რა პრიორიტეტები აქვს გაწერილი თვითმმართველობას მისი ქალაქისთვის, დაბისთვის ან სოფლისთვის:  

„არ მახსენდება იგივე ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესს საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები დასწრებოდნენ. მერიები ვებგვერდზე ინფორმაციას დამტკიცებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ ათავსებენ. მხოლოდ მაშინ ვიგებთ, მთავარი დოკუმენტი რაზე იქნება ორიენტირებული. მერწმუნეთ, ამ დოკუმენტით ისევ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ დავინტერესდებით, ისიც ყველა არა. აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, რომ ერთი მხრივ მივიღოთ ძლიერი საზოგადოება და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა“.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველო სოციალურ-ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნად რჩება. მთავარი სიმდიდრე ჩვენივე ადამიანებია, თავიანთი ყოველდღიურობითა და მისწრაფებებით. მოქალაქეები პერიოდულად ირჩევენ ადგილობრივი თვითმმართველობის (ზოგადად, ხელისუფლების) წარმომადგენლებს, მათ „ქირაობენ“, რათა ამ გზით, უფრო ორგანიზებულად გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები. დროებით დაქირავებულ ჩინოვნიკებსაც ეს არასოდეს უნდა დაავიწყდეთ და ყველაფერი გაკეთონ ადამიანთა საჭიროებებზე საპასუხოდ. 

ამისთვის ერთხელ და სამუდამოდ წესიერი, სამართლიანი არჩევნების (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის) ჩატარებაც უნდა შევძლოთ. ამ მხრივ, ბოლო კენჭისყრა კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ამ გზაზე პროგრესი გარდაუვალია.

გელა მამულაშვილი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია