მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ზეგავლენა მოახდინა კოვიდპანდემიამ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე - 22 ნოემბერი 2021

„გვჭირდება ცოცხალი ურთიერთობები, ეს პრობლემა ოჯახის წევრებს შორისაც გაჩნდა, კონფლიქტები“

ufleba.ge

ჩვენი საუკუნისშავმა ჭირმა“, „კოვიდ 19-მაინფიცირებული ადამიანების ნერვულ სისტემასაც მაგრად დაარტყა. ფიზიკურთან ერთად გაჩნდა ფსიქოლოგიური პრობლემები, როდესაც ბევრისთვის ნორმალურად დაძინება-დასვენება სანატრელი გახდა. „ზოგი ჭირი მარგებელიასპრინციპით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა მასობრივად ქუჩებში თუ სკვერ-პარკებში სიარული-სირბილი, გამამხნევებელი ვარჯიშების კეთება დაიწყეს, რათა ამ გზით მაინც გართულებული წუთისოფლისთვის თვალი გაესწორებინათ.

ამ თემაზე, ufleba.ge საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობის დირექტორს, ნანა აღაპიშვილის ესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, რა ტიპის პოსტკოვიდური ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ ადამიანებს, თქვენი პრაქტიკა რას გაჩვენებთ?

- ძალიან ბევრი ფაქტორი გამოიკვეთა. ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ემპირიულ მასალას გვაძლევს და აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ. აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მათ შორის, გამოვყოფ გაურკვევლობას - საერთოდ, რას წარმოადგენს ეს ვირუსი, რანაირად იმოქმედებს ჩვენზე, გადავრჩებით, ინფიცირებას ავიცილებთ თუ ვერა, რამდენად დავძლევთ, რა პასუხი ექნება სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას, როგორ მოგვხედავს ინფიცირებულებს, ვაქცინაციის საკითხი და .. ანუ საკითხი დადგა, რამდენად უსაფრთხო გარემოში ვიცხოვრებთ, შიში ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და  ფსიქოლოგიური საკითხებიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა.

- უფრო კონკრეტულად რა ხდება ჩვენს თავს?

- ისევ და ისევ შფოთვა, დაინფიცირების შიში, უკვე არსებული ფსიქიკური სტატუსის გართულება ხდებოდა. ვიღაცას უკვე აქვს გარკვეული დაავადებები და გაუმძაფრდა. ვისაც ფიზიკური ჩივილები ჰქონდა, აღნიშნულის გართულება დაეწყო, აქაც შფოთვა-შიშის ფაქტორიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ადამიანების იზოლაცია. ფაქტობრივად, იძულებული გავხდით სახლებში ჩავკეტილიყავით, ესეც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დამთრგუნველი იყო; რადგან ჩემი ნების გარეშე სახელმწიფო მიბრძანებს სახლში შევიყუჟო და გარეთ არ გავიდე. ეს ადამიანებში დატყვევების მსგავს განცდასთან იყო დაკავშირებული და ამაზეც ბევრს ჩიოდნენ, კითხვებს გვისვამდნენ.

სწრაფად გაჩნდა თუ კიდევ უფრო გაუარესდა ეკონომიკურ-მატერიალური ფაქტორები. განსაკუთრებით ბიზნესსფეროს, იქ დასაქმებულ ადამიანებს შეეხო. ვიცით, ჩვენი მოსახლეობა ძირითადად რითაც არის დაკავებული. ეს სამსახურები შეუჩერდათ ან შეუმცირდათ, შემოსავალს დაეტყო და ეს ტვირთი ოჯახების ჯიბეს პირდაპირ  დააწვა. ასევე შფოთვა, გაურკვევლობა უიმედობა წამოვიდა, რადგან არ ვიცით ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. ახლა კი ვეგუებით, მაგრამ საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სახლში ჯდომა, როცა ტრანსპორტიც აღარ ჩანდა, უამრავი რამ შეიზღუდა.

ამიტომ პირველივე ეტაპზე იყო გამოხატული ფორიაქი - საერთოდ შევძლებ თუ არა პირველადი საჭიროების რესურსი მოვიპოვო, ელემენტარულად საკვები შევიძინო? გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი იყო თუნდაც ტუალეტის ქაღალდზე, პირველადი ჰიგიენის საშუალებებზე, პირბადე ძალიან ძვირი ღირდა, თავიდან არც კი იშოვებოდა.

კიდევ დისტანციურმა მუშაობამ და ფიზიკურმა დაშორიშორებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სახლიდან მუშაობა გამოწვევა გახდა, რადგან სივრცისა და დროის აღქმა-ზემოქმედება ძალიან შეიცვალა. უკვე მიხდება ერთ სივრცეში მქონდეს ოჯახიც და სამსახურიც. ბევრ ადამიანს დღემდე ასე აქვს. ამ დროს ოჯახს საკუთარი ამოცანა-გამოწვევები აქვს და სამსახურს თავისი. ამის შერწყმა-გამიჯვნა ჩემს ცხოვრებაშიც ინტეგრირება ცოტა რთული აღმოჩნდა. ასევე დამაბნეველია ბევრი ადამიანისთვის.

მაგალითად, ჩვენთან რეკავდნენ და ამბობდნენ - ეშინია სამსახური იმის გამო დაკარგოს, რომ არ იცის მის მიერ შესრულებული დისტანციური სამუშაო როგორ იქნება შეფასებული ხელმძღვანელის მიერ. ასევე ახლებურმა სივრცემ იმოქმედა. ერთი შეხედვით ონლაინ ყველასთან შეგიძლია წვდომა და ყველანაირ საკითხზე საუბარი-მოგვარება, მაგრამ, ამავე დროს, მეორე მხარე შენგან შორსაა. ამიტომ სივრცისა და დროის აღქმის ზემოქმედების საკითხი რისკ-ფაქტორად იქცა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველას პრივატული სივრცე გვქონდა სახლში. სასურველია საკუთარი კომპიუტერი გქონდეს და ადგილი, სადაც დროებით მარტოდ შეიძლება იყო. ეს დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად ნაწილდება და ახლა აღმოჩნდა, რომ 24 საათის განმავლობაში ოჯახის ყველა წევრი შეიძლება სახლში ყოფილიყო და გასაზიარებელი ჰქონოდათ ეს ეს სივრცე. ანუ ეს პრივატული სივრცეც შეიზღუდა, როცა გარეთ გასვლის საშუალებაც ნაკლებად იყო.

გაჩნდა ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. განცდა გაუჩნდათ, რომ მარტო ტელეფონით, ონლაინ მოკითხვა საკმარისი არ არის და გვჭირდება ცოცხალი ურთიერთობები. ურთიერთობის პრობლემა ოჯახის წევრებს შორისაც გაჩნდა, კონფლიქტები. ძალიან რთული აღმოჩნდა ოჯახებისთვის, რომელთა შვილები სკოლაში და საბავშვო ბაღებში ვერ დადიოდნენ. ამას დედები, ბებიებიც გადაჩვეულიყვნენ, რადგან ბავშვები ლამის მთელ დღეს საზოგადოებრივ სივრცეში ატარებდნენ. ზოგს ეზოში გაშვების შიშიც ჰქონდა შესაძლო დაინფიცირების გამო. როგორ ვმართო ბავშვის დრო და საერთოდ რით დავაკავო, ისმოდა კითხვა.

ბევრს გაცნობიერებული აქვს, რომ ელექტრონულ მოწყობილობებზე ხანგრძლივი წვდომა ბავშვებისთვის მავნებელია და ცდილობს თავი აარიდოს. ამ დროს, ფაქტობრივად, უფრო ხანგრძლივად უწევთ ამასთან კონტაქტი. ეს კი განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. მშობლებს დაუდგათ კიდევ ერთი პრობლემა - რა ვუყოთ ბავშვებს, როცა უკვე ძალიან გვიჭირს მოვწყვიტო ამ ხელსაწყოებს; რადგან სკოლა ონლაინ არის და აქვე დამატებითი საცდური ჩნდება.

ერთი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო კარანტინში მოთავსებული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ გაუგებრობაში იყვნენ მოყოლილები. იქ ფსიქოლოგიური პრობლემა გაჩნდა ჯერ იმის გამო, რატომაა ჩაკეტილი აღნიშნულ სივრცეში მთელი 14 დღის განმავლობაში. 

ასევე ინფორმაციის მართვის საკითხებიც დადგა დღის წესრიგში. ყველას გვსურდა ინფორმაცია მიგვეღო ყველაფერზე კოვიდთან დაკავშირებით. ზოგს იმის ცოდნა-უნარი აქვს ეს ინფორმაცია გაფილტროს და სანდო წყაროს დაეყრდნოს (ხშირად ისიც არ ვიცოდით, რომელი იყო ეს სანდო წყარო), ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია შემაშინებელი და დამთრგუნველია. თან თავისუფალ სოციალურ მედიაში ყველა სახის ინფორმაცია ვრცელდება. ამან მთელ მსოფლიოში მითების გავრცელებას, დამატებითი კრიზისების შექმნას ხელი შეუწყო. ადამიანების მხრიდან ამ მითებისთვის გაყოლამ კიდევ ახალი პრობლემები გამოიწვია; რას, რამდენს მოვუსმინო, რომელი ინფორმაცია დავიჯერო იგივე სამკურნალო საშუალებებზე, გავრცელების ტემპზე, ვაქცინაციაზე და .. ჩვენს კონსულტანტებს ამაზეც უწევდათ პასუხის გაცემა.

- ჩვენი მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა რამდენად დამაკმაყოფილებლად რეაგირებს წარმოქმნილ რეალობაზე?

- საბედნიეროდ, კოვიდ 19-ით გამოწვეული ფსიქოლოგიურ პრობლემებისთვის ცხელი ხაზი  (2 911 000) დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში ზის და მათი დაფინანსებულია. ჩვენ ადრე ეს სერვისი გვქონდა, მაგრამ შემდგომში შეჩერებული და სწორედ მათი მოწოდებით ღია საზოგადოების ფონდმა დააფინანსა. მნიშვნელოვანი იყო, საჭიროება დაინახეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდებოდა და ამისთვის დისტანციური სერვისი ყოფილიყო. ამ მხრივ პროცესი ნამდვილად ხელშეწყობილია და ეს ტელეფონი  (2 911 000)  მუშაობს.

მაგრამ ამ სატელოფონო მომსახურების გარდა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა ადამიანებს სახლიდან გასვლა უჭირთ და ფინანსურადაც შესაძლებლობები შეეზღუდათ, არ არსებობს სახელმწიფოს დაფინანსებული ისეთი სერვისები, რომელიც უკვე პანდემიით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების მოგვარებას უპასუხებდა. მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ითქვა, რომ  შფოთვა-დეპრესიის მაჩვენებელი გაიზარდა, ძილის დარღვევები და .. ამას სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი პასუხი სჭირდება. ასეთი სერვისები, რომელიც ტრავმული სტრესით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვაზე იქნება მიმართული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არ არის. რაც არის, ის დღევანდელ გამოწვევას ვერ სცემს პასუხს.

- მაშინ სად მიდიან ადამიანები, ვისაც ასეთი ტიპის დახმარება სჭირდება, რა გზას მიმართავენ?

- საბედნიეროდ, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა თავიდანვე მოხალისეობრივად ონლაინ-დახმარებების მიწოდება დაიწყეს. პირველ ეტაპზე ეს უმმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. ახლა, ზუსტად ვერ გეტყვით ასე რამდენი ორგანიზაცია მუშაობს. ერთი ვიცი კლუბი სინერგია, რომელიც საქმიანობას აგრძელებს. ჩვენს ნდობის ტელეფონსაც თავისი მუშაობის სტანდარტი, დრო აქვს და ეს არ არის ხანგრძლივი კონსულტირების სერვისი. ესაა მყისიერი დახმარების სერვისი, რომელმაც მერე სხვასთან გადამისამართება უნდა გააკეთოს.

ახლა, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება და პროცესი იხსნება, ადამიანებს უკვე შეუძლიათ ფული გადაიხადონ, კერძო პრაქტიკას მიმართონ. უბრალოდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ხელმისაწვდომი არ არის.

- თავიდანვე ბავშვების პრობლემატიკა ახსენეთ, მათში რამდენად რთულად დგას ეს საკითხი?

- როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი და ძალიან ბევრ ბავშვს ვერ ვემსახურებით; მერიის დაფინანსებული პროგრამაა და რაოდენობრივი შეზღუდვა გვაქვს. ბავშვებში, მოზარდებშიც ისევ და ისევ საუბარია ელექტრონულ ხელსაწყოებზე მიჯაჭვულობაზე; უბრალოდ სურვილი აღარ აქვთ გარეთ გავიდნენ, როცა უკვე შეზღუდვები იხსნება. ურთიერთობების პრობლემა ჩნდება ოჯახში, მეგობრებთან. გამოწვევაა, როცა ბავშვებს მეგობრები აღარ ჰყავთ, ვერ ურთიერთობენ. ყველა ასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობართან ურთიერთობა, მაგრამ მოზარდებთან უფრო სიმწვავეს იძენს.

იყო ბავშვებში შფოთვაც, დეპრესიულობაც ამ პანდემიით და ჩაკეტვით გამოწვეული, დაინფიცირების შიშიც. მაგრამ პირველ ადგილზე პრობლემატურად მაინც ჩაკეტვას დავაყენებდი. ურთიერთობა ოჯახის წევრებთანაც კი არ უნდოდათ, გარშემომყოფებთანაც ურთიერთობის სტილი შეეცვალათ, უფრო აგრესიულები და უხეშები გახდნენ. მოკლედ, ცოცხალი ურთიერთობების დანაკლისი იყო აშკარად გამოხატული. ვიცით, რომ ამ ასაკში პირიქით ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობენ ხოლმე, ახალი მეგობრები ჰყავდათ და ეს ყოველ წელს ხდებოდა. ახლა ეს ხელიდან გამოეცალათ და ამის გარეშე დარჩნენ ჩვენი ბავშვები.

- რომ შევაჯამოთ, სად არის გამოსავალი, რომ მოქალაქეები კოვიდის შემდგომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს გაუმკლავდნენ?

- უპირველესად, ეს პრობლემები შესაძლებელია და ხშირად ადამიანებს თავად აქვთ რესურსები, რომ ეს ფსიქოლოგიური გამოწვევები გადალახონ. თვითონ გამოძებნონ საკუთარ თავში რესურსი, გააქტიურონ სტრესთან გამკლავების გზა-საშუალებები და რეალურად ამას ვიყენებთ კიდეც. აი, ქუჩაში გავიხედოთ, დავინახავთ რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი სეირნობს ფეხით. ეს მოძრაობა, გარეთ სეირნობა ძალიან სასარგებლოა იმისთვის, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობები დავძლიოთ.

ასევე გადიან ქალაქგარეთ, აწყობენ ლაშქრობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ყოფნა ძალიან გვეხმარება. ანუ ეს რესურსი ჩვენ გვაქვს და საკუთარ თავს უნდა დავეხმაროთ. ამ გზით ეს რესურსები წინ უნდა წამოვწიოთ და სტრესი გადავლახოთ.

ვისაც ეს არ ძალუძს, მათ უკვე გარკვეული ტიპის მომსახურების მიღება დასჭირდებათ. მაგრამ ეს გარკვეული კატეგორიისთვის შეზღუდულია, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. კარგი იქნებოდა ასეთ სიტუაციაში მეტი სერვისი, რომელსაც ასეთი ადამიანები მიიღებდნენ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ერთი სიტყვით, ყველაზე კარგი საშუალებაა, თუ ადამიანს პიროვნული ძალა და რესურსი აქვს, რომ თვითონ დაძლიოს ეს ყველაფერი.

სახლში ჯდომის პერიოდში კიდევ ძალიან გავრცელდა ის, რომ ადამიანებმა ბევრი რაღაცის კეთება დაიწყეს. ვთქვათ, ეს იქნება შემოქმედებითი თუ არაშემოქმედებითი საქმიანობები. ანუ რაც ეხერხებოდა, იმას აკეთებს. ეს არამარტო შემოსავლის მიღებისთვის, პროცესი თვითდახმარებაზეც არის მიმართული. ჩემს გარშემო ბევრმა დაიწყო ხატვა, სხვადასხვა მასალისგან ნივთების კეთება, რის შესაძლებლობაც ჰქონდა. რაღაცით დაკავება თვითდახმარების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. თუ ამას გარკვეული შემოსავალიც მოჰყვება, მაშინ ორმაგად დახმარების საშუალებაა.

მთავარია, რომ ასეთ სიტუაციაში ადამიანი რაღაცით დაკავებული, გატაცებული იყოს. რადგან იყო რაღაც პერიოდი, როცა ჩვენ ყველა სრულიად გავიყინეთ და ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცით დაკავებული იყოს. ეს დაკავებულობა მერე კმაყოფილების, საჭიროების განცდას უქმნის. იღებს პოზიტიურ განმტკიცებას შექების სახით, რაც ძალიან კარგი გზა და საშუალებაა გაუმკლავდეს თავის ფსიქიკურ პრობლემებს.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია