მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ მიმდინარეობს ქართველ-აზერბაიჯანელებში ვაქცინაცია სასურველი ტემპით? - 25 ნოემბერი 2021

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, მძიმე ავადობისა და სიკვდილიანობის რისკებს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“

ufleba.ge

კოვიდ პანდემიის გავრცელებამ საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა. საშუალოდ (ყოველდღიურად) 5 ათასი ინფიცირებული და 80-მდე გარდაცვლილი, საშინელი ციფრები ტრაგიკულ მდგომარეობაზე მეტყველებს. დამანგრეველი ვირუსი ყველას თანაბრად შეეხო რეგიონის, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით წარმომავლობის მიუხედავად.

კოვიდ 19-ისწარმოშობის ზუსტი მიზეზები დღემდე დადგენილი არ არის. საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლში 2020 წლის პირველ კვარტალში შემოაღწია. მოგვიანებით, შტამების გაუარესება-გართულებასთან ერთად, ხელისუფლებამ ვაქცინების შემოტანაც დააგვიანა. ასევე, ვაქცინაციის აუცილებლობაში ადამიანების დარწმუნება პრობლემა აღმოჩნდა; რამაც 100 ათას მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ქვეყანა მსოფლიოში ლიდერთა შორის გაიყვანა.  

ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზის მკვიდრი ფაიგ აჰმადოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანელებში ვაქცინაციის პროცესი სასურველი ტემპით არ მიმდინარეობს. მისივე თქმით,  თემის წარმომადგენლები სათანადოდ ინფორმირებული არ არიან:

ზოგი უვაქცინობას ამჯობინებს, ნაწილი არ ენდობა. ამის გამო, 5-10% თუ ფიქრობს აცრის გაკეთებას. სრულად ინფორმირებული არ არიან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, რაზეც სახელმწიფომ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს; თანამდებობის პირებს ნაცნობ-მეგობრობით ნიშნავენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, აგიტაციას არ აწარმოებენ“.

ფაიგის ინფორმაციით, მშობლიურ ფარიზში კოვიდის შედარებით ნაკლებად გავრცელების პირობებში მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი თუ იქნება აცრილი. მისივე დაკვირვებით, ადამიანები რაღაცას ელოდებიან, - აცრას სხვები როგორ გადაიტანენ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთო:

მეც ვაპირებდი, ორჯერ ჩავეწერე, გავცივდი (ცუდად გავხდი) და ვეღარ მივედი. წინა თვეშიც გრიპის, ყელის ტკივილის გამო გადავდე. კოვიდი არ მქონია. სამომავლოდ აუცილებლად ავიცრები. აზერბაიჯანულ თემს ვაქცინის სანდოობაზე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ექიმებმა კარდაკარ იარონ და აუხსნან ყველაფერი. ასევე, წამახალისებელი ღონისძიებები აუცილებელია. ახლა ორას ლარს არიგებენ ვაქცინირებულებზე და მარნეულში პენსიონერების რიგი დადგა; წინსვლა სახეზეა. ვისაც უჭირს, მარტო ამის გამო მიდის და იცრება. ასევე, აცრის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ანალიზი, მკურნალობა უფასო იყოს, ადამიანებს უსაფრთხოების მეტი გარანტიები ჰქონდეთ“.

აჰმადოვის რეკომენდაციაა, რომ სპეციალისტებმა დადებით მაგალითებზე მეტი გვესაუბრონ:

მაგალითად, ნაცნობმა მითხრა, მშობლებს აცრა გაკეთებული ჰქონდათ და კოვიდი არ დაემართათო. იმ დროს, როცა მრავალსულიან ოჯახში კოვიდი ყველა დანარჩენმა გადაიტანა. ასევე, მარნეულელ მეგობარი ორჯერადად აიცრა და კოვიდი არ შეხვედრია. ასეთი ფაქტები ყველაზე მოქმედებს. უფრო მჯერა, რომ აცრას სასიკეთო შედეგი მოაქვს. ჩემი დაკვირვებით, ქალაქებში უფრო მეტია აცრილი, ვიდრე სოფლებში, დისბალანსი გამოსასწორებელია. იმის გამოა, რომ ქალაქებში მეტ ინფორმაციას ფლობენ. მოკლედ, ინფორმაციის მიწოდება და წამახალისებელი ნაბიჯებია საჭირო. გარანტიებიც, რომ საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება“.

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები არზუმან აბბასოვი გვეუბნება, რომ ვაქცინაცია კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეგიონში ინფორმაციის ნაკლებობაა და ხალხი ამის აუცილებლობაში უნდა დაარწმუნონ:

მე და მეუღლე ავიცერით, ჩემი ძმაც, მეზობლებს ვაქცინაციის აუცილებლობას უშედეგოდ ვუხსნი. აქაური საბავშვო ბაღის თანამშრომელი ამბობს, ვინც აიცრება მოკვდება, ყველაფერი ღვთის ნება არისო. ზოგი ამბობს, ეს ხომ ჩვეულებრივი ვირუსია, ადრეც იყო, ვინც ჯანმრთელია გადარჩება, ავადმყოფი მოკვდებაო. ერთ მხარეს ქორწილია, მეორე მხარეს გლოვა. შუადღემდე სოფელში გარდაცვლილს დაკრძალავ და მერე ქორწილში მიდიხარ. ამ ყველაფერსბარდაკსვუწოდებ. არც რაიმე შეზღუდვაა, ხალხი ნებაზეა მიშვებული“.

აბბასოვის ინფორმაციით, იორმუღანლოს ზონაში კოვიდი მოდებულია, რასაც ირგვლივ ექვსი გარდაცვლილი ადასტურებს. მისივე თქმით, ადამიანებს ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობაც დაკარგული აქვთ:  

ერთი კვირაა ჩემი 16 შვილიც წევს. ფაქტობრივად, რისკის ქვეშ ვართ იმის მიუხედავად, რომ ნემსი გაკეთებული გვაქვს. გადასხმებს, მკურნალობას სახლში, ჩვენი ხარჯით ვატარებთ. პოლიკლინიკებში ვერ მივიყვან, გათბობის უქონლობის გამო სიცივეა. ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ უნდობლობაა. სკოლიდან უნდა დაეწყოთ და ყველა ბავშვის მშობელი აეცრათ, აგიტაციას არავინ აწარმოებს. სოფლის წარმომადგენელს ვეკითხები, თვითონაც მძიმედ იყავი, ერთმა ნემსმა სასწაულად გადაგარჩინა, ხალხს რატომ არ უხსნი-მეთქი, - ვეუბნები და არ ესმითო. მაღაზიის თანამშრომლებიც აცრილი უნდა იყვნენ, ასე არ არის. ამიტომ აცრა სავალდებულო უნდა გახდეს, სხვაგვარად არაფერი გვეშველება“.    

და ბოლოს, ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-საგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, მძიმე ავადობისა და სიკვდილიანობის რისკებს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

პანდემიის შესაჩერებლად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება - ნიღბის ტარება, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.      

ასევე იხილეთ:

კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით

ავიცრათ ერთმანეთისთვის!

ხშირად დასმული კითხვები

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია