მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა შედეგებს მოიტანს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა - 15 დეკემბერი 2021

გააკეთონ დახურული კაზინოები, რეკლამის გარეშე, ვისაც უნდა წავიდეს და თავისივე სიგლახის დასაკმაყოფილებლად თავში ქვა უხლია“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს.

ღარიბაშვილის განცხადებით, „სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი“. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.

ამ თემაზე ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო დემურ, როგორ აფასებთ პრემიერ ღარიბაშვილის ბოლო ინიციატივებს, ონლაინ კაზინოების მოსალოდნელი რეგულაციით დავიწყოთ.

- ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ ხელისუფლებამ აუცილებელი ნაბიჯისკენ სურვილი გაამჟღავნა. რამდენი ხანია სახელმწიფოში სახელმწიფოები გაჩნდა, რომლებიც ფაქტობრივად ანადგურებენ ქართულ თვითმყოფადობას, ბოლომდე რყვნიან ისედაც სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანებს. პლუს, იდეოლოგიურად მოტყუებული და დამახინჯებული ახალგაზრდების სრულ მობილიზაციას ახდენენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანის უფლებები და თავისუფლებაა.

სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ გარკვეული ჩარჩოები ჩასვას; ადამიანში საუკეთესო განავითაროს, მეცნიერებისკენ, შემოქმედებისკენ უბიძგოს. თუ კულტივირებას მოახდენ, ადამიანში ორი საწყისია, მსგავსი სათამაშო ბიზნესით, ბორდელებით და მისთ. ადამიანის სახეს დაუკარგავ და ჩვეულებრივ ცხოველად იქცევა. ასე ქართული სახელმწიფო სიმახინჯის მაკულტივირებლად გადაიქცა. რეკლამამ მთელი ქვეყნის სივრცე წალეკა და ეს უნდა შეიზღუდოს. არ ვარ სრულად აკრძალვების მომხრე. დაე, იყოს შეზღუდული ადგილები, სასურველია თბილისში არა, სადმე ცარიელი ადგილი მოძებნონ; გააკეთონ დახურული კაზინოები, რეკლამის გარეშე, ვისაც უნდა წავიდეს და თავისივე სიგლახის დასაკმაყოფილებლად თავში ქვა უხლია.

სისულელეა დაქირავებული და ორ გროშად გაყიდული ექსპერტების წუწუნი, რომ არიქა, ამით ბიუჯეტს თანხები მოაკლდებაო. ქვეყნის ბიუჯეტს, ქართველი ხალხის მომავალს  კაზინოდან და ბორდელიდან შემოსული ფული არ სჭირდება. ეს მანკიერი ფულია, რომელიც გაცილებით დიდი ზიანის მომტანია. ამიტომ ბიუჯეტზე საუბარი იმდენად უზნეობაა, კომენტარის კეთებაც არ მსურს.

კაზინოებმა ოფიციალურად უჩვენეს, რომ მათმა ბრუნვამ 32 მილიარდს გადააჭარბა. სინამდვილეში, ეს .. სამრეცხაოებია მთელი ახლომდებარე, მიმდებარე ქვეყნებისთვის, რაც არავისთვის უცნობი არ არის. ასევე, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 65%-ია. ვინც დამიმტკიცებს, რომ კაზინოები ამ სექტორში ნაწილობრივ არ იქნებიან წარმოდგენილი,  ძალიან ცუდად ვუპასუხებ.

დღეს რაც გვაქვს, რეალურად კვაზი სახელმწიფოა. მასში კლანებმა და 30 წელი ხელისუფლებებთან ასოცირებულმა ჯგუფებმა სხვების ფონზე არანორმალური სიმდიდრე შეიძინეს და მოსახლეობის უმეტესობა უპერსპექტივობის უფსკრულში გადაჩეხეს. თუ მთავრობა ნელ-ნელა ამის გამოსწორებას დაიწყებს, მისასალმებელი იქნება. ღარიბაშვილი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, მხარდაჭერის იმპულსებს საჭიროებს. ამ გზაზე ნებისმიერი, მომავალზე გათვლილი კარგი ნაბიჯი არ შეიძლება დავიწუნოთ.

სინდისგარეცხილ ადამიანებს მივმართავ, რომლებმაც ოღონდ ფული აიღონ და რასაც უნდათ იმას გაათეთრებენ და გააშავებენ. ამ იდეოლოგიურად დამახინჯებულ ადამიანებს, .. ექსპერტებსა და ვაი ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ თურმე ეს თავისუფლებაა, ადამიანის უფლებებია და ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. იმდენად დილეტანტური და პროფანული საუბრებია, პასუხის გასაცემადაც არ ღირს.

მოკლედ, ინიციატივა კარგია, არ ვიცი მთავრობას რა გამოუვა. ჯერჯერობით რამე გამოსვლოდეს, ვერ ვიხსენებ.

- რამ შეიძლება რეფორმის განხორციელებას ხელი შეუშალოს?

- მარტივმა რამემ, ეს ხომ ერთი სისტემაა. სწორედ ხელისუფლებამ შვა ქვეყნის შიგნით ეს მინი სახელმწიფოები... აიღეთ ფაქტობრივად მონოპოლიური, უფრო სწორად ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა, ორი მთავარი ბანკით. აიღეთ ნებისმიერი სხვა სფერო, იგივე იმპორტიორები და .. კაზინოები მით უმეტეს. ეს არის სისტემა, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებასთან იყო ასოცირებული; რადგან მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი ასეთი კვაზი წარმონაქმნები ქვეყნის შიგნით ვერ გაიჯეჯილებდა.

- მეორე ნაბიჯს, ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვის კონტროლს რაც შეეხება?

- იმედია ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, დღევანდელი ღამის თბილისი როგორია, ქალაქი ნარკოტიკებში როგორ იხრჩობა, ასევეა დანარჩენი რეგიონებიც. თუკი რაღაც ნაბიჯს გადადგამენ (თუნდაც ღარიბაშვილის გაჟღერებულს) დროული იქნება. რეალურად, ამის უკანაც დიდი ფული დგას მოსალოდნელი შედეგებით. თუ ხელისუფლება რეალურად ებრძვის ნარკომანიას და ნარკოტიკული საშუალებების მოძრაობას, რასაკვირველია გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივა. გაჟღერება ერთი, ცხოვრებაში გატარება მეორეა.

ხაზს ვუსვამ, ნარკოტიკების უკან დიდი შავი ფულია. ამ მხრივ საქართველო ტრანზიტის ზონაშია მოქცეული, რაც ძალიან დიდი ხიფათის შემცველია. აქაც არ ვიცი რას იზამენ, რამე რომ უნდა იღონონ, თავისთავად ცხადია.

- ნარკოპოლიტიკა რამდენად გასამკაცრებელია?

- საქმე იმაშია, რომ სიმკაცრე არაფერს იძლევა, თუ რაღაც სხვა რამ არ იქნა გაკეთებული. ისევ არაფერი გამოვა, თუ ახალგაზრდები იგრძნობენ, რომ აქ ჭაობი და სრული უპერსპექტივობაა, ჩაკეტილი კლანური სისტემებია, ვინც მის გარეთაა, იგნორირებული და უშანსოა... რეალურად, ეს ჩვენი მძიმე სოციალური პრობლემაა.

თქვენ შეიძლება დახვრეტა შემოიღოთ ნარკოტიკებზე, მაგრამ მოხმარება არ მოიკლებს. როდესაც ქვეყანაში სოციალურ ჭაობს ქმნი, იქ ნარკოტიკებთან საღი ბრძოლა შეუძლებელია. საუკეთესო გზაა, ახალგაზრდებს ბავშვობიდან, სკოლიდან ჩაუნერგო, რომ მომავალი არის მეცნიერება, შემოქმედება, ყველა ასეთი მიმართულებით წარმატება იმას იძლევა, რომ მაღალი სოციალური სტატუსი გქონდეს და ..

გამკაცრების თვალსაზრისით მიმოქცევა შეზღუდული უნდა იყოს და პარალელურად ნელ-ნელა გასასწორებელია ის, რაზეც უკვე გითხარით - ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობა.

- პრემიერი ახალ სოციალურ პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას, თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- სამწუხაროდ, მთავრობა მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ საუბრობს სოციალურ პოლიტიკაზე. ცხადია, სოციალური პოლიტიკა განსაზღვრავს ხელისუფლების რაობას და მის პასუხისმგებლობას. ამაზეც ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ეს სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს საღი, თანამედროვე, აქცენტირებული, რომ დახმარება იმაზე მიემართოს, ვისაც რეალურად უჭირს. ვისაც არ უჭირს, დახმარება კი არა, სტიმულირება სჭირდება, რომ შრომისკენ უბიძგონ; დასაქმების გზით ნელ-ნელა ხელფასების და შემოსავლების ზრდას მივაღწიოთ. სოციალური პოლიტიკა ეს არის, აბა სხვა რისთვის არსებობს სახელმწიფო? ადამიანების ნიჭისა და უნარების განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს, ნელ-ნელა საკუთარი შრომით კეთილდღეობა შექმნას და ..

ქვეყანაში 30 წელია ამისდაგვარი არაფერი ყოფილა. ანუ სოციალური პოლიტიკა საღი გაგებით (როგორც ეს ეკონომიკურ მეცნიერებაში გაიგება), მიმართული განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, შრომითი ურთიერთობების კონტექსტში - ქვეყანამ ბოლო ათწლეულები ამის გარეშე იცხოვრა. წუთიერი მოთხოვნების, წუთიერი პრობლემების დაკმაყოფილების დონეზე ვიარსებეთ და მთელი სოციალური პოლიტიკა ღარიბებისადმი დახმარებაზე დავიყვანეთ. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ გზაზე საღ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ მხარდასაჭერი იქნება.

- მთლიან შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით პრემიერის ოპტიმიზმს რამდენად იზიარებთ?

- საქართველოში ყველანაირი რესურსია იმისთვის, რომ ორნიშნა ზრდა იყოს. პრობლემას ქმნის უტვინო ეკონომიკური პოლიტიკა, აყოლილი იდეოლოგიაზე, სიმახინჯეზე, რომელიც სანაგვეზეა მოსასროლი. ესაა .. ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინაზე აგებული სიგიჟე, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა. დღეს ღარიბი ქვეყანა მხოლოდ გარედან შემოსული ფულის ხარჯზე ცხოვრობს. საღ, თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაზე დაფუძნებული მართვის მეთოდებით და ეკონომიკური პოლიტიკით, რასაკვირველია, ქვეყანაში ზრდას სერიოზული პერსპექტივა აქვს.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, კარგად ვიცი ეს პოტენციალი. ვერ გეტყვით ხელისუფლება ამ ყველაფერს ხორცს როგორ შეასხამს. რაც მესმის, რომ ტურიზმი უნდა განვავითაროთ და ბორდელ-კაზინოებიო, ამით პრემიერ მინისტრს არაფერი გამოუვა, გამორიცხულია. რა თქმა უნდა, გააზრებული პოლიტიკა ამის საშუალებას იძლევა.

- მაინც რა მიმართულებით უნდა წავიდეთ?

- დღევანდელი მიდგომებით ქვეყანა ჭაობში იმყოფება, მიგრაცია გრძელდება. ათი წლის შემდეგ აქ ქართველები აუცილებლად ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. პრობლემა იქნება დასაქმება, სიღარიბე გაიზრდება და მისთ. თავს ნუ იტყუებენ, თუ აქამდე რაიმე მოხდა, გარედან შემოსული ფულის ხარჯზეა, რომელშიც ხელისუფლების გონიერ გადაწყვეტილებებს წილი არ უდევს. მილიარდ ცხრაასი მილიონი ლარი შემოვიდა ჩვენი მიგრანტებისგან ბოლო ათი თვის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, ეს ფული რომ არ იყოს, საქართველო რა დღეში იქნებოდა. რაც არის, ჩვენი მთავრობის დამსახურება არაა.

- ამ სიტუაციაში გამოსავალი სად არის?

- საჭიროა ცვლილებები, გამოსავალი საღ პოლიტიკაშია, ყველა ბერკეტი მთავრობის ხელშია. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ აქტიურად მოქმედებას. ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ, რომ გაკეთება ძალუძთ. არაფერს ვამბობ წინა ხელისუფლებაზე, რომელმაც ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამ ხელისუფლებას სწორ გზაზე დადგომის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. თუკი ბოლომდე არ სურს ამ ყველაფრის დაკარგვა, დღესვე შეიძლება სხვა გზით წასვლა და ძალიან კარგი შედეგების მიღება. თუ არადა, როგორც გითხარით ისე იქნება.

წყარო: "გზა"

      

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია