რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის მიუხედავად, ვერეს ხეობაში გრანდიოზული მშენებლობები გაგრძელდა. იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიის დაკვეთით, მაშინვე, საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს ცალსახა დასკვნა, რომ ქაოსური პროცესის გაგრძელება არაფრით შეიძლებოდა. ის კი არა, დროთა განმავლობაში დაწყებული ნაგებობების დემონტაჟიც უნდა მომხდარიყო. ერთხელ გაიარეთ ხეობაში, მის მომიჯნავედ და დარწმუნდებით, როგორ შესრულდა პროფესიონალების რეკომენდაციები.
ვერეს გარშემო თითქმის ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ მარცხენა, ყოფილი ხილიანის (ჩიქოვანის ქუჩა) მხარე კლდოვანია, ხოლო მარჯვენა, ვაკე-ყიფშიძის ქუჩის მიდამოები, პირიქით რბილი, ფხვიერია. თან კონკრეტულად ხეჩინაშვილის კლინიკის უკანა, ვერასკენ დაღმართი არეალი ათწლეულების განმავლობაში სამშენებლო ნარჩენების დასაყრელად გამოიყენებოდა (სპეციალისტებს ეცოდინებათ, ეს რისთვის კეთებოდა). დღეს ზუსტად ამ ადგილზე უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსები შენდება და ეშმაკმა უწყის საეჭვო პროცესი სადამდე გაგრძელდება.
ამ თემაზე ჩვენი პირველი რესპონდენტი ცირა ელისაშვილია - პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი:
- ვერეს ხეობაში განაშენიანების ტემპი დღეს სხვანაირია, ვიდრე 2015-ში ტრაგედიის დატრიალებისას იყო. ინდივიდუალურად რა შეფასებებიც უნდა გავაკეთოთ, არსებობს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც წყალდიდობის შემდეგ თვითონ მერიის დაკვეთით გაკეთდა. ექსპერტები სამი ტიპის რეკომენდაციას იძლეოდნენ ვერეს ხეობასთან დაკავშირებით:
პირველი - შეჩერებულიყო ყველა მიმდინარე მშენებლობა;
მეორე - აღარ გაცემულიყო ნებართვები ამ არეალში;
მესამე უკვე გრძელვადიანი პერსპექტივა, რომ ყველა აშენებული ნაგებობის დემონტაჟი მომხდარიყო.
მაგრამ ამავე მერის, ნარმანიას პირობებში (როდესაც დასკვნა შედგა), გაიცა ნებართვები, რაც რბილად რომ ვთქვათ არასწორია.
ასევე, ჩვენ წამოგვეწია თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც უკვე დამტკიცებული დოკუმენტია. გენგეგმის საჯარო რუკებზე (ტას.ჯი) საზღვრები რომ მიუთითოთ, აღმოჩნდება, რომ ეს არის დატბორვის ტერიტორია; არა რაღაც რისკის მქონე, პირდაპირი დატბორვის არეალია. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიცა მშენებლობის ნებართვები.
თუკი თემაზე პროფესიული თვალსაზრისით ვსაუბრობთ (საერთაშორისო ექსპერტული დასკვნის გათვალისწინებით), ქალაქის ხელისუფლებას სულ სხვა გადაწყვეტილებები უნდა განეხორციელებინა, ვიდრე ამ კრიტიკულ არეალში მშენებლობის პროექტების შეთანხმება და ნებართვების გაცემაა.
- იგივე ხეჩინაშვილის საავადმყოფოს (ყოფილი მეცხრე) უკანა ტერიტორიაზე, სადაც ადრე სანაგვე იყო და უკონტროლოდ წყლები იღვრებოდა, დღეს უზარმაზარი კორპუსები შენდება და ჩანს გაგრძელდება. რა შეგდებამდე მიგვიყვანს ეს უკონტროლო პროცესი?
- ვერე მთის მდინარეა, რომელსაც აქვს მახასიათებელი. ეს თვისება რაღაც პერიოდის განმავლობაში კონდიციამდე აღწევს, წყალდიდობას ვგულისხმობ. ბუნებრივი მოვლენისგან მთის მდინარე ვერასოდეს იქნება დაზღვეული. ახლა რომ იქ ნებართვებია გაცემული, შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. შესაძლოა ათ წელიწადში, შეიძლება ასში იგივე განმეორდეს და უარეს შედეგამდე მივალთ; რადგან დატბორვის არეალი ხევის თვალსაზრისით უფრო განიერი იყო, ვიდრე ახლა არის. მშენებლობების გარდა, მიწით არის ამოვსებული ნაწილი, რომელიც მაგალითად ზოოპარკის ტერიტორიას ეკუთვნოდა.
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ვიცით, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. შედეგის თვალსაზრისით უარესი იქნება, ვიდრე დღემდეა. აღნიშნულ გზაზე შემაკავებელი ბადე ვერანაირად ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს.
ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის ხელისუფლებას საკუთარ თავზე უნდა აეღო იმ თვალსაზრისით, რომ ნებართვები არ გაეცა. რადგან გაიცა, უკვე პოლიტიკური შეფასების მომენტია, რაც სამწუხაროდ არ გულისხმობს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვიცით, ამ თვალსაზრისით ქალაქი მინუს ნიშნით როგორ შეიცვალა. ამ დროს ვერ დამისახელებთ თანამდებობის პირს, რომელმაც ამ გაცემული ნებართვების და უსახური შენობების ჩადგმით რაიმე ტიპს პასუხისმგებლობა განიცადა; ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის, ზოგადად სამართლებრივი, რაიმე ტიპის შეფასებით კუთხით. პირიქით მოხდა ყველაფერი.
ამიტომ ეს პოლიტიკის ნაწილია, რაც ათწლეულებია გრძელდება არამხოლოდ თბილისთან მიმართებაში, ბათუმშიც იგივე ხდება. სამწუხაროდ, შენება მხოლოდ განვითარებად გვესმის. არსებობს შენების პრობლემური მხარეც, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად აშენებ, რას აშენებ და როგორ აშენებ. ამ კუთხით ჯერჯერობით რაიმე პერსპექტივას ვერ ვხედავ.
- როდესაც ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს ასეთ პრობლემებზე, გამოსავალი სად არის?
- ხელისუფლება ინსტიტუციაა, რომლის მიმართ საზოგადოება შეიძლება კმაყოფილი არასოდეს არ იყოს, რა ტიპის ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს სათავეში. საზოგადოება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, აქტიურობდეს. არსებობს თეზა - ბედავს ის, ვისაც აბედვინებენ. თუ ხელისუფლება ბედავს, ეს საზოგადოების ინერტულობის ბრალია. საზოგადოებაში მარტო სამოქალაქო აქტიურობის პროცესს არ ვგულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. მჯერა, რომ ერთი ადამიანიც ცვლის სამყაროს. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი, კერძო პირი თუ რამე სახის ორგანიზაცია, ქალაქთან მიმართებაში უნდა იყოს შეთანხმებული; რომ ეს ქალაქი არ არის ხელისუფლების, პირიქით არათუ ჩვენია, არამედ ჩვენ თავად ვართ ქალაქი. ყოველთვის უნდა ვიყოთ აქტიურები, დავაფიქსიროთ პოზიცია და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, საზოგადოებამ უნდა აიძულოს, რომ მოუსმინოს, პრობლემა დაინახოს და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები.
თეა გოდოლაძე, გეოლოგი:
- ვერეს ხეობას ხელი საერთოდ არ უნდა დააკარონ. არცერთი რეკომენდაცია და საერთაშორისო სტანდარტი ამას არ ითვალისწინებს, რომ ჭალას სამშენებლო მიმართულებით ხელი ახლოთ. ეს მარტო ხეჩინაშვილის უკანა დაღმართს არ ეხება. ვხედავთ, რომ ვერეს გასწვრივ პირდაპირი დატბორვის არეალში არის გაცემული სამშენებლო ნებართვები.
ყოველგვარი შელამაზების გარეშე, დანაშაულებრივი ქმედებაა. შემდგომი დატბორვის პირობებში ამ ხალხს რეალური პრობლემები შეიძლება შეექმნას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის საკითხია. რატომ იღებს ამ პასუხისმგებლობას ან სამშენებლო კომპანია, ან მშენებლობის ნებართვის გამცემი, წარმოუდგენელი ამბავია. უცოდინრობა ერთია, მაგრამ როცა რეკომენდაციას გაძლევს ყველა გეოლოგი, ჰიდროლოგი და ა.შ. შენი ქვეყნის და ასევე უცხოელი, მაინც ამას სჩადიხარ! მოდი და გაიგე, რასთან გვაქვს საქმე.
„იუესაიდის“ ამერიკის სატყეო დეპარტამენტიდან ჰყავდა გეოლოგები ჩამოყვანილი. იქ სატყეო გეოლოგიც გეოლოგია და თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა აქვს. პოლიტიკური თანამდებობის პირები, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა რჩება. ჰოდა, აღნიშნულ დასკვნაშიც შავით თეთრზე წერია, რომ ხეობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და არც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ეს მდინარის ჭალაა! თან ისეთი მდინარის, რომელსაც წყალმოვარდნა ახასიათებს, ღვარცოფული ჭალაა. ამაზე მეტი აღნიშნულ საექსპერტო კომისიას რა უნდა დაეწერა და გაკეთებინა?
მართლა შეუძლებელი გარემოა უკვე ქალაქში, ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, ისე გადაიტვირთა არასწორი ინფრასტრუქტურული პოლიტიკით.
- გამოსავალი სად არის?
- აუცილებელია სამშენებლო რეგულაციების, ანუ პოლიტიკის შეცვლა. მესმის, რომ ბეტონში ძალიან სწრაფად კეთდება ფული; ამ კორპუსების შენება-გაყიდვაში, ერთოთახიანებისგან კარგ მოგებას ვიღებთ, მაგრამ ამ ქალაქს სერიოზულად სჭირს უსაფრთხოების პრობლემა. ეს არ არის ჩვეულებრივი ქალაქი, გეოლოგიურად ერთ-ერთი აქტიური სტრუქტურაა. აი, ახლაც ქალაქგარეთ ვარ, უბრალოდ გავხედე და კიდევ ერთხელ გულს შემომეყარა. არ შეიძლება თბილისის ნაირი ქალაქის ასეთ უთავბოლო ვერტიკალში წასვლა; ამდენ სართულიანი ნაგებობების მშენებლობა და გრუნტის დატვირთვა. არ გვესმის ეს ამბავი და რა გავაკეთოთ?
პრობლემაზე დედაქალაქის მერიაში გვიპასუხეს, რომ maps.tbilisi.gov.ge დევს დატბორვის არეალი, რომელიც გენერალურმა გეგმამ დაამტკიცა და ეს რეკომენდაცია მერიის ურბანულმა სამსახურმა გაითვალისწინა. მათივე განმარტებით, მაგალითისთვის, „ანაგი დეველოპმენტის“ მშენებლობა არ არის მოყოლილი უშუალო დატბორვის ზონაში.
„სხვა გრგ, გარდა ანაგი დეველოპმენტისა არ გაცემულა ვერეს მოვარდნის შემდეგ. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ ტას.გე-ზე რუკა, ხვდება თუ არა კონკრეტული ობიექტი დატბორვის ზონაში. ასეთ შემთხვევაში ნებართვა არ გაიცემოდა“, - გვითხრეს მერიაში.
დაბოლოს, რუკით გათვალისწინებულ, ე.წ. დატბორვის ზონაში შეიძლება ყიფშიძე-ვერას შორის ყოფილი სანაგვის არეალიც არ შედიოდეს, მაგრამ ამ გრანდიოზული ბეტონის ხუხულების მშენებლობისას (თუ ნებართვების გაცემისას) ნუთუ არავის არ დაებადა ელემენტარული კითხვა - რატომ არ იყო ეს ტერიტორია ასე მჭიდროდ განაშენიანებული ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, როცა ვაკის რაიონის ტერიტორია ბაგების სტუდქალაქამდე გაიზარდა?
წყარო: ambebi.ge