მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
40-ათასიან ობიექტს დუშეთში აშენებდა ორად-ორი მუშა ,,ნიჩბითა” და ,,წერაქვით” - 28 ივნისი 2022

ზაქარია ქუცნაშვილი: ,,მე პირადად არცერთ ტენდერში არ ვერეოდი”

ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის მფლობელი გოქსელ გენჩი დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შევიდა. 

როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის 10 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა ტენდერი ( NAT190011327) - გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ: ბაკურხევის მოწყობა და ქ. დუშეთში საავადმყოფოს კორპუსებთან რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა. 

ძლიერი წვიმების გამო, გუდამაყრის ობიექტის ნახვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ ქ. დუშეთში საავადმყოფოს კორპუსებთან რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების ნახვა მოვახერხეთ, რომლის ღირებულებაც დოკუმენტების თანახმად 40 ათას ლარს შეადგენდა. 

ოფიციალური მხარე, ოფიციალურ მხარედ, მაგრამ ჩვენი სტილი გამოძიებისა არ იქნებოდა სრულყოფილი, თუ არ დაველაპარაკებოდით დუშეთის მაცხოვრებლებს. 

ერთ-ერთმა მათგანმა მიგვითითა აშენებული ობიექტის ადგილსამყოფელი და გიდის როლიც იკისრა. 

ადგილზე ვნახეთ: სულ ოთხი საცხოვრებელი კორპუსი. ბოლო კორპუსთან ვიხილეთ სანიაღვრე არხი თავისი ჭებით. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო ჩატარებული. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლაც ხარისხიანად არის გაკეთებული და იქ მცხოვრებნიც კმაყოფილები არიან. თუმცა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მილები უნდა გასულიყო უშუალოდ კორპუსის გასწვრივ და არა მის კუთვნილ ტერიტორიაზე. 

არ დაგვეზარა, გადავითვალეთ ჭების შორის დაშორების  მეტრაჟი. საერთო ჯამში, დაახლოებით 70-80 მეტრია გათხრილი მილების ჩასადებად. 

აქვე შევეკითხეთ შეკრებილებს, რამდენკაციანი ბრიგადა მუშაობდა და რა ტექნიკა იყო მოყვანილი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც უშუალოდ თვალყურს ადევნებდა ყოველდღიურად ამ მშენებლობას, გვითხრა, რომ ამ 40 ათასიან ღირებულების ობიექტზე ორად-ორი მუშა შრომობდა დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. ჭებიც ამ ორად-ორმა ადამიანმა მოათავსა პროექტში მინიშნებულ ადგილებზე. 

სიმართლე გითხრათ, ოდნავ დავიბენით, რადგან ჭებთან შერკინებას თუ გაბედავდნენ მხოლოდ მითიური გმირები ჰერაკლე და ატლანტი. სხვა დამხმარე არ ჰყავდათ. მოდიოდა ერთი ადამიანი არა დასახმარებლად, არამედ ზედამხედველობისთვის. მუშებს რამდენს უხდიდნენ არავინ იცოდა, ვერცერთმა ვერ გაიხსენა მუშების სახელები და გვარები. მხოლოდ თქვეს, რომ ქართველები იყვნენ და ბიძაშვილები. არც რომელიმე სამშენებლო კომპანიის უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, მით უფრო, მათ უნიფორმას ,,გენჩ ინშაათი” არ ეწერა. 

ვერ დავმალავთ კიდევ ერთ ფაქტს: იმ დღეს გაცნობილმა პირმა გვითხრა, რომ სამი წლის წინ მუშაობდა დუშეთის მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის პოზიციაზე. კითხვაზე, თურქები ხომ არ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, მან დაბეჯითებით თქვა - არა. მაგრამ, რამდენიმე წუთში სადღაც გადარეკა, მოახსენა რომ ჟურნალისტები არიან ჩამოსულები და ინტერესდებიან მშენებლების ვინაობითო და ჩვენთვის უცნობთან საუბრის შემდეგ მან გვითხრა: დიახ, თურქული კომპანია აშენებდაო. გაკვირვება ვერ დავმალეთ და ვკითხეთ: დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ზედამხედველობას შპს ,,მშენ ექსპერტი” ეწეოდა და თქვენ როგორღა ასრულებდით ამ ფუნქციას ? რაზეც გვიპასუხა, რომ იმ ობიექტებზე, რომლის ღირებულებაც 40 ათასზე ნაკლებია, თავად მუნიციპალიტეტიც ახორციელებს ზედამხედველობასო. ანუ ამ პიროვნების პასუხიდან გამოდიოდა, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები 40 ათასს ლარზე ნაკლები ღირდა. მაშინ მას ხომ უნდა სცოდნოდა, როგორც ოფიციალურ ზედამხედველს, იმ მუშების ვინაობა, მაგრამ არ იცოდა. ეს ადამიანი იქით იყოს, მაგრამ დუშეთის მუნიციპალიტეტის თავკაცების პირდაპირი ვალდებულება იყო, ჰქონოდათ ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ეს მუშები, ასევე მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების დოკუმენტაციაც უნდა ჰქონოდათ და, საერთოდ, უნდა სცოდნოდათ, იყვნენ თუ არა მუშები ,,გენჩ ინშააათ”საქართველოს ფილიალის თანამშრომლები თუ დაქირავებულნი.   

მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენს მითოლოგიურ პერსონაჟებს ,,ჰერაკლეს” და ,,ატლანტს”. რიტორიკულად ვეკითხებით კომპანია ,,გენჩ ინშაათის” მეთაურს : ბატონო გოქსელ, ორი კაცისთვის ჯერ მარტო 80 მეტრი სანგრების თხრა მეტისმეტი არ იყო ? არ შეგეცოდათ ? ან რას უხდიდით ასეთს ? წესით, სულ ცოტა, მანდ უნდა ყოფილიყო ათკაციანი ბრიგადა. ისე, ასეთი სანგრის გათხრა უფრო ბულდოზერის საქმეა და არა ,,ნიჩბებით” და ,,წერაქვებით” შეიარაღებული ადამიანებისა. სწრაფადაც გაკეთდებოდა, გაცილებით უფრო მოკლე დროშიც. 

ან, რატომ დაუმალეთ დუშეთის მუნიციპალიტეტს ინფორმაცია მუშების დაქირავების თაობაზე, ეს ხომ ხელშეკრულებით გევალებოდათ. დადგინდა, რომ არცერთი მათგანი თქვენი ფარატინა კომპანიის თანამშრომელი არ იყო.

აქვე დგება ლოგიკური კითხვა, სად იყურებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტი ? ბატონი გენჩი რომ ყველაფერს გადამალავდა და გააყალბებდა ნებისმიერ ინფორმაციას, ეს ჩვენთვის გადასარევად არის ცნობილი. ეს მას ხელეწიფება. მაგრამ თქვენ, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელო პირებო, რატომ არ მოსთხოვეთ ხელშეკრულების თანახმად ეს ინფორმაცია ? 

თქვენ არ მოსთხოვეთ, თუმცა დარღვევები აშკარაა : 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზედამხედველი შპს ,,მშენ ექსპერტი”მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს ადგილზე და უშუალოდ.

როგორც დავადგინეთ, ეს არ გაკეთებულა. შპს ,,მშენ ექსპერტის” ზედამხედველი მხოლოდ ერთხელ იყო მისული ამ ოთხი თვის განმავლობაში მშენებარე ობიექტზე, რომელსაც, როგორც თავად ბატონმა სეხნიაშვილმა - დუშეთის მუნიციპალიტეტის იმ დროინდელმა მერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ზედამხედველობისთვის ,,ქვეყანა ფულს” უხდიდნენ. ჰოდა, რატომ არ გააკონტროლა მუნიციპალიტეტმა ,,მშენ ექსპერტი”? და საერთოდ, რისთვის გადაუხადა მას სახელმწიფოს კუთვნილი ფული ?   

ხელშეკრულების მე-14 მუხლის თ/ქ. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, ხელშეკრულება ვადამდე ცალმხრივად წყდება. იგივე შედეგი დგება ამავე ხელშეკრულების მე-14 მუხლის მესამე ნაწილის ი/ქ პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო კომპანიამ სრულად გადასცა ქვეკონტრაქტორს, ხოლო, მე- 16 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ქვეკონტრაქტორებს შესასრულებლად გადაეცეს სამუშაოს ჯამური მოცულობის 40 %-ზე მეტი. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს და მიიღოს წერილობითი თანხმობა შემსყიდველისაგან ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე. ანუ მიმწოდებელი - ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალი ვალდებულია ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულებები წარუდგინოს შემსყიდველს - დუშეთის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არაუგვიანეს გაფორმებიდან 5 კალენდარული დღისა. 

განვიხილოთ ეს მუხლები : სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი ქმედებაა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის მხრიდან, ამ სირთულის სამუშაოებზე, მხოლოდ და მხოლოდ, ორი კაცის დასაქმება. ასევე, სამუშაოებს არათუ გოქსელ გენჩის კომპანიის თანამშრომლები, არამედ დაქირავებული ორი მუშა ასრულებდა, რისი დამალვაც ხელშეკრულების უხეში დარღვევაა. და თუ გუდამაყარშიც ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა სამუშაოების შესრულება სრულად გადასცა ქვეკონტრაქტორს, ესეც უხეში დარღვევაა, მეტიც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზია. ხოლო, გადასცა თუ არა ქვეკონტრაქტორს მთლიანად სამუშაოების შესრულება, თუ იქაც ორი მუშა ჰყავდა დასაქმებული, ამას გუდამაყარში, ადგილზე გავარკვევთ.    

ანუ ასეთი სურათი იხატება: არც ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა მისცა სავალდებულო ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტს და არც დუშეთის მუნიციპალიტეტმა მოიკითხა ეს ინფორმაცია. ჩვენი ვარაუდით, ხელშეკრულების გაწყვეტა არ აწყობდა არც ერთ მხარეს, არც მეორეს, რადგან კორუფციული გარიგება სავარაუდოდ, ტენდერის გამოცხადების დღიდანვე არსებობდა. 

წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, კომპანია ,,გენჩ ინშააათ” საქართველოს ფილიალს ყოფილი დეპუტატები ლობირებდნენ, ერთ -ერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, ზაქარია ქუცნაშვილია. სხვათა შორის, თავად ბატონმა სეხნიაშვილმაც ჩვენთან საუბრისას სწორედ მისი სახელი და გვარი ახსენა, თუმცა ჩვენ არ ვაკონკრეტებდით დეპუტატების ვინაობას. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ბატონ ზაქარიას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. იძულებულნი გავხდით დავკავშირებოდით მის მამას, ბატონ ომარ ქუცნაშვილს, რომელიც სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული. გარდა ამისა, ვიცით, რომ ის სს ,,ნავთობის და გაზის კორპორაციის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და ბატონი ომარის საქმიანი გზები 2019 წელს, პირდაპირ თუ ირიბად, ეკვეთებოდა გოქსელ გენჩის სატენდერო გზებს. ბატონი გენჩი იმავე 2019 წლის 14 ივნისს თავისი ფარატინა კომპანიით მონაწილეობდა სს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც ( NAT190011770 ), სადაც გაიმარჯვა, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეს ამ დროს წამოესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ,,სადამსჯელო მახვილი”, კერძოდ, ხსენებულმა სამინისტრომ ბრალი დასდო გოქსელ გენჩსა და მის კომპანიას ტენდერებში ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რაზეც შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 

აი, რა გვითხრა ბატონმა ომარ ქუცნაშვილმა :  

- ჟურნალისტი თუ ხართ, დაუკავშირდით ჩემს შვილს. 

- ბატონო ომარ, თქვენი შვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.   

- ძალიან კარგს შვრება, რადგან თქვენ პასუხს არ იმსახურებთ. 

როგორც იქნა, ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა თამთა მაისურაძემ მოახერხა ბატონ ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირება: 

ზაქარია ქუცნაშვილი: პირველად მესმის ამ თემაზე. პირველად გავიგე ამ კომპანიის არსებობაზე. 

თქვენ თუ საკანონმდებლო სისტემას იცნობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ დეპუტატი არ არის მუნიციპალიტეტების უფროსი. 

- კი ბატონო, მაგრამ დეპუტატები ტენდერებში, რომ ერევიან, ეს საზოგადოებისთვის არაა საიდუმლო… 

- მე პირადად არცერთ ტენდერში არ ვერეოდი. 

ჩვენც არ ვამტკიცებთ, რომ ბატონი ზაქრო, მაინც და მაინც, ამ ტენდერში ერეოდა, მაგრამ მისი ფრაზა, რომ ,,მე არცერთ ტენდერში არ ვერეოდი”, ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს. 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)

ასევე იხილეთ: გაძვალტყავებული ერთადერთი პრეტენდენტი, ჩაჯიბული თანხა და არგაწეული ზედამხედველობა 23 ივნისი 2022 

არც ,,ქაფჩა”, არც ,,ტაჩკა” ანუ ვის ერგო დუშეთის ბიუჯეტიდან 157 ათასი ლარი? 18 ივნისი 2022

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია