მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტი - სახელმწიფო ხაზინის მთვლემარე გუშაგი? - 06 ივლისი 2022

გიორგი თანიაშვილი: „ბატონ კახაბერ ჩიტაურს „გენჩ ინშაათ-ზე“ ჩემთვის არაფერი უთხოვია“

ვინც ადევნებს თვალყურს ჩვენს პუბლიკაციებს, ახსოვს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის იმდროინდელმა მოადგილემ, სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ყოფილმა ,,მეოცნებემ”, ამჟამად კი პარტია ,,საქართველოსთვის” დუშეთის საკრებულოს წევრმა, გიორგი თანიაშვილმა გვთხოვა დრო, რათა საკითხი მეხსიერებაში აღედგინა. როგორც იქნა, გაიხსენა, აღიდგინა და მოგვცა ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ.

- ბატონო გიორგი, თქვენი ინფორმაციით, კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ვინ ლობირებდა ? 

- ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალთან დაკავშირებით  ინტერესი არავის გამოუხატავს, მათ შორის, არც იმ პირებს, რომლებიც თქვენ წინა სტატიებში გყავთ მოხსენიებულნი. დამიჯერეთ, ამ კომპანიას ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ლობირებდა. ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის არსებობის შესახებ ჩემთვისაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო. 

- არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური იყო ამ კომპანიის ლობისტი ? ჩვენ ეს ინფორმაცია ახლახან მოგვაწოდეს…

- ბატონ კახაბერს ვიცნობ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იგი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ბატონ კახაბერს ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერი უთხოვია. 

- თუ გაქვთ ინფორმაცია, სინამდვილეში, ვინ შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ? ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ჰყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი ? 

- როგორც მე მახსოვს, ქვეკონტრაქტორის არსებობასთან დაკავშირებით,,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საკითხის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერიის შესყიდვების სამსახურს. 

- ბატონო გიორგი, საბანკო გარანტია გაცემულია ხელშეკრულების დადების დღეს, რაც ნიშნავს, რომ გარანტიის ავთენტურობის გადამოწმება დროის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდებოდა. რატომ არ გადაამოწმა შესყიდვების სამსახურმა ან სატენდერო კომისიამ საბანკო გარანტიის ნამდვილობა და, ზოგადად, ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ კომპანიამ წარმოადგინა ? 

- რაც შეეხება საბანკო გარანტიას, შესყიდვების სამსახურმა და სატენდერო კომისიამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. ჩავთვალეთ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაში იყო მუნიციპალიტეტის მოთხოვნასთან. უბრალოდ, ვერ დავადგინეთ დოკუმენტაცია ყალბი იყო თუ არა. 

- ანუ დოკუმენტები საეჭვოდ არ გეჩვენათ ?

- დიახ, ასეა. დოკუმენტებში საეჭვო ვერაფერი ვნახეთ. 

-  რატომ არ გამოცხადდა ტენდერი ხელახლა,  ასეთი რა ფორსმაჟორი იყო ? ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალი კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ტენდერი წინასწარ გაყიდული იყო…

- ტენდერის თავიდან გამოცხადება იმ მოტივით, რომ შესაძლებელია სხვა შემთხვევაში უფრო მეტი ეკონომია გაკეთებულიყო, ეს მერიის მხრიდან მეწარმის მიმართ  არაკანონიერი ქმედება იქნებოდა. თქვენ სხვა ტენდერებიც შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ერთი პრეტენდენტია… 

- … სადაც დიდი ალბათობით ასევე კორუფციის ნიშნებია…

- ეს თქვენი პოზიციაა, რომელსაც არ ვიზიარებ. 

- ჩვენ მოსახლეობას გავესაუბრეთ და დავადგინეთ, რომ დუშეთის საავადმყოფოს კორპუსებთან არსებულ 40 ათასიან სამუშაოებს ( სანიაღვრე არხის რკინა ბეტონით მოწყობა) ორი მუშა ასრულებდა, ასეა ? თავად თუ გჯერათ ამის ? 

- თქვენ გჯერათ ? 

- ჩვენ გვჯერა მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის. მეტიც, ის ორი ადამიანი გულწრფელად შეგვებრალა, რადგან მათი შრომა კატორღულს უტოლდებოდა…

- თუ ორი კაცი ვერ შეასრულებდა აღნიშნულ სამუშაოებს და მითოლოგიური გმირები იქნებოდა საჭირო, ე.ი. ორი კაცი არ ყოფილა, თქვენ თვითონვე გაეცით ამ კითხვას პასუხი. 

- დუშეთის მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან ამ ობიექტზე თუ ახორციელებდნენ კონტროლს? 

- რამდენადაც მახსოვს, დაქირავებული ექსპერტი ახორციელებდა. 

- ვიცით, რომ ამ ობიექტს შპს ,,მშენ ექსპერტი” ზედამხედველობდა. ,,მშენ ექსპერტ”-ს თუ აკონტროლებდა ვინმე მუნიციპალიტეტიდან ? ჩვენი ინფორმაციით, ამ შპს-ს წარმომადგენელი ობიექტზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა…

- არ მაქვს ინფორმაცია შპს ,,მშენ ექსპერტი” ახორციელებდა ზედამხედველობას თუ არა. ისე, თქვენი ყურადღება ალბათ ესიამოვნება იმ ორ მუშას. 

- თუ ესიამოვნებათ, ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ… დაბოლოს, კონკრეტულად, რა ფუნქციები გეკისრებოდათ თქვენ, როგორც კომისიის თავმჯდომარეს ? 

- ვიწვევდი კომისიის სხდომებს და ვუძღვებოდი. კომპანიების ტენდერებში წარმოდგენილ საბუთებს თავად არ ვამოწმებდი. შესაბამისად, არც ამ კომპანიის საბუთებისთვის გადამიხედავს. ვიმეორებ, ამას შესყიდვების სამსახური აკეთებდა და შემდეგ გამოჰქონდა კომისიაზე. კომისიის სხდომებს რაც შეეხება, გეტყვით შემდეგს : იქ მე ერთი ხმა მქონდა, ისევე, როგორც კომისიის სხვა წევრებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღებოდა. პერსონალურად გიორგი თანიაშვილი არაფერს წყვეტდა, კომისიის არსიც ხომ ეს არის. 

როგორც ხედავთ, გიორგი თანიაშვილი აშკარად გაურბის პასუხისმგებლობას და სურს, რომ მისი სამსახურებრივი არაპროფესიონალიზმი თანაბრად გადაანაწილოს კომისიის სხვა წევრებზე. გაურკვეველია, რა სხდომებს ხელმძღვანელობდა ის, რომლებზეც მხოლოდ მამაზეციერმა თუ იცის, რას განიხილავდნენ…

გასაგებია, რომ ტენდერში წარმოდგენილი საბუთები შესყიდვების სამსახურს უნდა გადაემოწმებინა და განსახილველად შეეტანა კომისიის სხდომაზე და მხოლოდ ამის შემდეგღა ხელი მოეწერებოდა,,გენჩ იშაათ” საქართველოს ფილიალთან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებას. მაგრამ, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბატონი თანიაშვილი ბრმად ენდო შესყიდვების სამსახურს. გვინდა ბატონ გიორგის ვურჩიოთ შემდეგი, რათა მომავალში არ აღმოჩნდეს კრიტიკული საგაზეთო პუბლიკაციების პერსონაჟი: ტენდერებში შემოტანილი დოკუმენტები წაიკითხოს, გულდასმით გაეცნოს, ათჯერ გადაამოწმოს და მშვიდი ძილი გარანტირებული ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ შესაძლოა ასეთი ვარიანტიც: მავანმა ისეთი დოკუმენტი შეაპაროს, რომელშიც ეწერება, რომ ის, გიორგი თანიაშვილი, გახლავთ ბოროტმოქმედი და ამ ცილისწამებას საკუთარ თავზე, ბატონი გიორგი, თავადვე ხელისმოწერით დაადასტურებს... 

ერთ რამეში ვეთანხმებით ბატონ თანიაშვილს, დიახაც, ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ხელშეკრულების თანახმად, ქვეკონტრაქტორის ყოლის, ანდაც მუშების დაქირავების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა წარედგინა მუნიციპალიტეტისთვის, რაც ამ კომპანიამ არ გააკეთა. აი, ბატონი თანიაშვილი კი, ამ საკითხით არც დაინტერესდა. რატომ ?..

ისიც გასაგებია, რომ ზედამხედველობა ამ ორ მუშაზე  შპს ,,მშენ ექსპერტს” უნდა გაეწია, რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა, თუმცა ეს მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. მაგრამ, დუშეთის მუნიციპალიტეტი არც ,,მშენ ექსპერტ”-ის მუშაობით დაინტერესდა, ანუ სრული გულგრილობა გამოიჩინა საკითხისადმი - რაზე იხარჯება სახელმწიფოს ფული ? 

ასევე, ვერ გავიგეთ ბატონ თანიაშვილის იუმორი მითოლოგიურ გმირებზე. მან ან უყურადღებოდ წაიკითხა ეს ეპიზოდი, ანდა არასწორად გაიგო და, შედეგად, მცდარი დასკვნაც გამოიტანა. ჩვენ, როცა თავად ვიხილეთ სამუშაო ობიექტი, თვალნათლივ დავინახეთ, თუ რა შრომატევადი სამუშაოები ჩატარდა. ასეთი სამუშაოები, სულ ცოტა, ათკაციან ბრიგადას უნდა შეესრულებინა. გავოცდით, თუ როგორ მოახერხა ორად-ორმა ადამიანმა ამის შესრულება! დაგვეთანხმებით, მინიმუმ, ათი კაცის სამუშაოს როცა ორი ადამიანი ასრულებს, ასეთი შრომა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, კატორღულია. მხოლოდ ფიზიკურად ძალიან ძლიერ ადამიანებს თუ ძალუძთ ამის გაკეთება, მაგრამ უტყუარი ინფორმაციით, მართლაც ორმა ადამიანმა შეასრულა 40 ათას ლარად შეფასებული სამუშაო. მხოლოდ ამიტომ გავავლეთ ანალოგია ამ მუშებისა და მითოლოგიურ გმირებს შორის. იქნებ, ბატონი თანიაშვილი იმაზეც შემოგვედავოს, რომ არც ,,ჰერაკლეს” და არც ,,ატლანტს” ტიტანურ შრომაში ფულს არავინ უხდიდა, ამ მუშებს კი, შრომას პატიოსნად უნაზღაურებდნენ… 

ასეა თუ ისე, ბატონმა გიორგი თანიაშვილმა სულ ცოტა დაადასტურა, რომ იმ სახელმწიფო მოხელეების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც სახელმწიფო ხაზინის მცველებად ნამდვილად ვერ გამოდგებიან - საგუშაგოზე მთვლემარე გუშაგის როლს ასრულებენ.   

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია