მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არაპროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ,,მშენ ექსპერტი”, ანუ სახელმწიფოს ბედკრული ბორბალი უსასრულოდ ტრიალებს? - 13 ივლისი 2022

მალხაზ წიქარიშვილი: ,,სეხნიაშვილმა, რაც უნდა და სადაც უნდა ის გაიშვიროს”!

მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა წერილებში დუშეთის ყოფილმა მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა ჩვენთან საუბრისას შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორისაკენ - მალხაზ წიქარიშვილისკენ გაიშვირა თითი და მთელი პასუხისმგებლობა მას გადააბარა, რადგან ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს სამუშაოების შესრულებისას, ზუსტად რომ ბატონი წიქარიშვილი უწევდა ზედამხედველობას და სამუშაოების შესრულებაზეც საექსპერტო შეფასება ,,მშენ ექსპერტ-“მა მოამზადა. 

რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა ბატონ მალხაზთან კითხვები, რადგან უნდა გაგვერკვია მისი როლი ამ საეჭვო ტენდერის ისტორიაში. კერძოდ, გოქსელ გენჩთან სავარაუდოდ არაკანონიერი გარიგების ჭრილში, გამოკვლეული უნდა იქნას შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორის მალხაზ წიქარიშვილის როლიც, რომელიც წარმოადგენდა დუშეთის მერიის მიერ აკრედიტებულ ზედამხედველს და ამისთვის მას უხდიდნენ ბიუჯეტის თანხას. ბატონ წიქარიშვილს უშუალოდ ევალებოდა ,,გენჩ ინშაათ”-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების კონტროლი, რაც როგორც ამბობენ, არც ერთ ეტაპზე არ განხორციელდა. 

სწორედ შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის მიერ 2019 წლის 25 სექტემბრის შუალედური მიღება - ჩაბარების აქტის დახმარებით, შეძლო გოქსელ გენჩმა საქართველოს საბიუჯეტო თანხების მითვისება. აგრეთვე, სწორედ ,,მშენ ექსპერტ”-ის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის დადასტურება და დოკუმენტური ასახვა ნამდვილად ფლობდა თუ არა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალი საჭირო სამუშაოების განსახორციელებელ ტექნიკას -  მანქანათმექანიზმების სახით, რაც სავალდებულოდ დადგენილი იქნა შპს ,,საქართველოს ტექნიკური ჯგუფი”-ს მიერ მომზადებული პროექტით. შპს ,,მშენ ექსპერტ”-ს ესეც არ განუხორციელებია, არ გაუკონტროლებია. ასე რომ, მასთან კითხვები არსებობს.  

ჩვენ ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორს მალხაზ წიქარიშვილის დავუკავშირდით. 

- თქვენ, როგორც ზედამხედველმა, რატომ არ მოსთხოვეთ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულებები და ხელშეკრულებების პირობების დაცვა?

- ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ქვეკონტრაქტორი არ ჰყოლია. დაქირავებული მუშები ჰყავდა. 

- ვინ იყვნენ ის მუშები ? ასევე, რატომ არ მოსთხოვეთ უშუალოდ კომპანიის თანამშრომლების შემადგენლობის წარმოდგენა, რაც სავალდებულო იყო ხელშეკრულების თანახმად ? 

- ამ კომპანიას ხელშეკრულებები ჩვენთან არ წარმოუდგენია, არ ევალებოდა, ეგ ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ ტექნიკურ საკითხებში ვუწევდით ზედამხედველობას. მუშებს რას უხდიდა და ვინ იყვნენ ის მუშები, არ ვიცი. 

- თუ დაადგინეთ, გააჩნდა თუ არა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ტექნიკური რესურსი და ადამიანური შემადგენლობა ? თუ მას სხვა ქვეკონტრაქტორთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები და იქიდან ქირაობდა ტექნიკას და მუშახელს, ასეთ შემთხვევაში, რატომ არ არის ქვეკონტრაქტორების ხელშეკრულებები წარმოდგენილი, როგორც ეს სავალდებულო იყო ხელშეკრულების თანახმად ? 

მოსახლეობის თქმით, თქვენი წარმომადგენელი ობიექტზე ერთხელ იყო მისული… 

- ჩვენ ფოტოები გადაღებული გვაქვს. იქ ზედამხედველი ყოველდღე დადიოდა. 

- ანუ დუშეთის მუნიციპალიტეტი ტყუილად იშვერს თქვენკენ თითს. ინფორმაციის ფლობა ქვეკონტრაქტორებზე თქვენს ვალდებულებაში არ შედიოდა  ? 

- სეხნიაშვილმა, რაც უნდა და სადაც უნდა ის გაიშვიროს. რა გამოდის, ჩვენ არ დავდიოდით და ზედამხედველობას არ ვუწევდით ობიექტს ? ქვეკონტრაქტორებზე და მუშებზე ინფორმაცია მას უნდა ჰქონოდა. მეტიც, მას უნდა მოეთხოვა და არ მოითხოვა… ვიმეორებ, ,,გენჩ ინშაათი”-სთვის სეხნიაშვილს და მის გუნდს არაფერი მოუთხოვია და ახლა აქეთ იშვერს თითს ? იმიტომ იშვერს თითს, რომ თავად არაფრის გამკეთებელი იყო ეგ სეხნიაშვილი... 

საქმისმწარმოებლის მაგივრად ობიექტს ზედამხედველი ადგა თავზე და ეუბნებოდა: ასე გააკეთე, ისე გააკეთეო. და ეს მადლობის მაგიერია ? მე საყვედურს ვერავისგან მივიღებ. მე პასუხს ვაგებ გაცემულ დასკვნაზე. 

მართალია, ბატონმა მალხაზმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა რომ ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისას ქვეკონტრაქტორთა ჩართულობასა და ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლი მის მოვალეობაში არ შედიოდა, თუმცა დუშეთის მუნიციპალიტეტთან 2019 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 320-ე ხელშეკრულების მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილი იქნა შემდეგი : ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადის დაცვის კონტროლს, ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველი, ანდა ზედამხედველი. “

შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალს ჰქონდა ვალდებულება ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე ეცნობებინა შემსყიდველისათვის და ხელშეკრულებების ასლები წარედგინა არაუგვიანეს 5 დღის ვადისა. ასევე, სამუშაოების 40 %-ზე მეტი ჯამური სამუშაოს შესრულების ქვეკონტრაქტორებისთვის გადაცემა დაუშვებელი იყო, რაც კომპანიამ არ შეასრულა და უგულებელყო. ხოლო, ამავე ხელშეკრულებით ზედამხედველად, როგორც გითხარით, განსაზღვრული იყო შპს ,,მშენ ექსპერტი”. აშკარაა, რომ ამ დარღვევების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება არსებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ იქნა შესრულებული. 

ხელშეკრულება იქით იყოს და ჩვენი კონფიდენციალური წყაროს თქმით, ( წყარო სოლიდური სამშენებლო კომპანიის მფლობელია ) შპს ,,მშენ ექსპერტი” არაპროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული. 

გთავაზობთ მის კომენტარს : ,,მათ საქმე არ იციან, აი, თქვენ ხართ ,,მშენ ექსპერტი”, მე ვარ მშენებელი, გავიმარჯვე, მოვედი, ვაკეთებ რაღაცას. დავუშვათ, ვაგებ გზას. ასფალტის ქვეშ რა დავყარე ვერ გაიგებენ, ისე მოვატყუებ, ვერც მიხვდებიან, რადგან დეტალებში ვერ შედიან. და რად უნდათ შესვლა, ხელფასს ისედაც იღებენ. მოვლენ, სურათს გადაიღებენ, წავლენ, სხვა არაფერი ადარდებთ. ფურთხითაც რომ იყოს მიწებებული, მოვა,გეტყვის კარგია, ხელს მოგიწერს და წავა”… 

როგორც ხედავთ, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, ყველა გაურბის პასუხისმგებლობას და ერთი სურვილი აქვს - თავისი დარღვევები სხვას გადააბრალოს, არადა ყველას აქვს დარღვევა : თანიაშვილს, სეხნიაშვილს, წიქარიშვილს, გენჩს და …. 

სახელმწიფოს დღევანდელი სისტემა წრეზე არის გადატანილი, ვხედავთ ჩვეულებრივ ,,კარუსელს”, რომელიც ძალზე ჩამოჰგავს ფუნიკულიორზე არსებულ ,,ეშმაკის ბორბალს”. ზოგის ,,კაბინა”  ადის, ზოგის ჩადის, მერე კიდევ ადის, მერე კიდევ ჩადის და ასე უსასრულოდ სახელმწიფოს ბედის ბორბალი ტრიალებს - დამნაშავე კი, ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ვიმედოვნებთ, მალე გამოჩნდება… 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია