მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
განრისხებული „მშენ ექსპერტი“, „გენჩ ინშაათ-ის“ ჯიუტი დუმილი და გადამალულნი ოქროპირი და მიქაელი! - 18 ივლისი 2022

წინა წერილში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ შპს ,,მშენ ექსპერტი”-ის დირექტორთან, მალხაზ წიქარიშვილთან, რომელშიც ის განრისხებული იყო, რა თქმა უნდა, ჩვენზე და დუშეთის ყოფილ მერზე, ზურაბ სეხნიაშვილზეც. ხოლო მისმა საკრალურმა ფრაზამ -  ,,სეხნიაშვილმა, რაც უნდა და სადაც უნდა ის გაიშვიროს”, როგორც ჩანს, წონასწორობიდან გამოიყვანა ბატონი მალხაზი და დილის ათ საათზე ერთ-ერთ ჩვენგანს დაგვირეკა და დაგვემუქრა სასამართლოში სარჩელის შეტანით. მის პრეტენზიებში არანორმატიული ლექსიკის გარდა, ყველაფერი იყო. ამისთვისაც დიდი მადლობა. 

- როდის ვთქვი სეხნიაშვილზე მსგავსი რამ ?! -, გვკითხა ბატონმა მალხაზმა. 

თუმცა, მას შემდეგ რაც შევახსენეთ, რომ მისი საუბრის ჩანაწერი არსებობს, ბატონი წიქარიშვილი ოდნავ დაცხრა და სეხნიაშვილი შემდგომში აღარც უხსენებია. 

რამდენიმე საათში ბატონი წიქარიშვილი კვლავ დაგვიკავშირდა. შევთანხმდით შეხვედრაზე, რომელიც არ შედგა. შეხვედრის სამაგიეროდ ჩვენ შევთავაზეთ მას დაწყნარებულ ვითარებაში ჩამოეყალიბებინა თავისი არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა წერილში გამოქვეყნებულ კრიტიკას. ჩვენი აზრით, საქმიანი ურთიერთობისთვის ეს უფრო მისაღები ფორმაა, ვიდრე ჩვენი ,,მხილება” დეზინფორმატორებად და შპს ,,მშენ ექსპერტი”-ის რეპუტაციის შემლახველებად. ბატონ მალხაზს გავუგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და ახლაც ველოდებით მის არგუმენტირებულ პასუხებს, რომლებიც რატომღაც იგვიანებენ… 

სანამ ბატონი მალხაზი ფიქრობს გავუგზავნო პასუხი თუ არა ,,დეზინფორმატორებს”, მანამდე ჩვენ დავუკავშირდით ,,ქაფჩი”-ისა და ,,ტაჩკი”-ის არ მქონე სამშენებლო კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის წარმომადგენელს, გოქსელ გენჩის მინდობილ პირს, ქალბატონ მაკა ნაცვლიშვილს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებზე აწერს ხელს. 

გთავაზობთ მის კომენტარს: ,,ვიცი ვინც ბრძანდებით, ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს”. 

მართლაც, ჩვენი აზრით, ქალბატონ მაკას სასაუბრო არაფერი აქვს, რადგან თავად ჩვენზე უკეთ იცის, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს და სათავო ოფისს, რომელიც ანკარაში მდებარეობს და, როგორც თურქეთიდან გვატყობინებენ, საქმიანობა კარგა ხანია შეწყვეტილი აქვს.  

არადა, ქალბატონ მაკასთან რამდენიმე უწყინარი კითხვა გვქონდა : დაესახელებინა, ჰყავდა თუ არა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ქვეკონტრაქტორი,  დაქირავებული ჰყავდა მუშები, თუ ისინი ,,გენჩ ინშაათ” -ის თანამშრომლები იყვნენ. ასევე, გვაინტერესებდა იმ ორი მუშის ( წინა წერილებში ხსენებულებს, როგორც ,,ატლანტი” და ,,ჰერაკლე”) კონკრეტული ვინაობა და, საერთოდაც, ჰქონდა თუ არა უფლება ქალბატონ ნაცვლიშვილს ხელი მოეწერა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე. 

მართლა საკვირველია, რა აქვთ დასამალი და გასაღიზიანებელი თუ ყველაფერი განხორციელდა კანონის ფარგლებში ? ყველა რატომ მალავს, ვინ იყო სინამდვილეში ის სამშენებლო კომპანია ( ე.წ. ქვეკონტრაქტორი), რომელმაც, სავარაუდოდ, ,,გენჩ ინშაათი”-ის მაგივრად შეასრულა სამუშაოები 157 ათასი ლარის ღირებულებისა, რადგან მას ,,ქაფჩაც” ჰქონდა და ,,ტაჩკაც”. 

დიდი ალბათობით, სწორედ ეს გასაიდუმლოებული ,,ქვეკონტრაქტორი” იყო ,,გენშ ინშაათ” საქართველოს ფილიალის ლობისტი, გაამარჯვებინა ტენდერში, რათა  გაწეული სამუშაოებისთვის, თავად ჩაეჯიბა ბიუჯეტის თანხის ლომის წილი და, ვიმედოვნებთ, რომ არ დაჩაგრა ,,გენჩ ინშაათი” ფასადის როლის შესრულებისთვის და მას გარკვეული თანხაც უბოძა. უფრო გასაგებად, ,,ქვეკონტრაქტორმა” ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალის სახელი გამოიყენა, ხოლო შინაარსი ამ გამოყენებისა იყო კორუფციული…    

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ნამდვილად ჰყავდა ქვეკონტრაქტორი, რადგან თავად არაფერი გააჩნია და იმ ორ მუშას ,,ატლანტ”-ს და ,,ჰერაკლე”- ს, თურმე ადამიანური სახელებიც ჰქონიათ - ოქროპირი და მიქაელი, რომლებიც ქვეკონტრაქტორის თანამშრომლები იყვნენ და არა ,,გენჩ ინშაათ”-ის. ასე რომ, მოსახლეობის ნათქვამი : ,,აქ მხოლოდ ორი მუშა შრომობდა” - დადასტურდა. ისიც დადასტურდა, რომ ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა ხელშეკრულება დაარღვია და მიღება-ჩაბარების აქტში სამუშაოების ერთადერთ შემსრულებლად თავის თავი გაასაღა, ქვეკონტრაქტორი თავისი ორი მუშით კი დამალა, რაც უხეში კანონდარღვევაა. 

ჩვენ წინა წერილებში აღვნიშნავდით, რომ ,,ზირაათ ბანკი”-ის მიერ ,,გენჩ ინშაათი”-თვის გაცემული საბანკო გარანტია ტექნიკურად გაუმართავი იყო, რამაც დაგვაეჭვა მის ავთენტურობაში. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ ,,ზირაათ ბანკ” საქართველოს მთავარ ფილიალს, რომ მას დაედასტურებინა, იყო თუ არა ეს საბანკო გარანტია მათ მიერ გაცემული და… ბანკიდან მეტად უცნაური პასუხი მივიღეთ… 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია