მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,ზირაათ ბანკი”-ის არაკომპეტენტურობა (?), ,,გენჩ ინშაათი”-ის გულახდილობა, ანუ შევხდებით პროკურატურაში? - 20 ივლისი 2022

მაკა ნაცვლიშვილი: ,,სამუშაოებს ასრულებდა ,,გენჩ ინშაათი” 

ჩვენ წინა წერილში გაუწყებდით, რომ სს ,,ზირაათ ბანკ საქართველოს ”-გან მეტად უცნაური პასუხი მივიღეთ. გთავაზობთ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს და ბანკის დამაფიქრებელ პასუხს:  

- ნამდვილად სს ,,ზირაათ ბანკი”-ის მიერ გაცემულია თუ არა 2019 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებული საბანკო გარანტია - N 297, პრინციპალი შპს ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალი, ბენეფიციარი - დუშეთის მუნიციპალიტეტი ? ( იხილეთ დანართი - საბანკო გარანტიის ასლი). 

- პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ არ არის მითითებული თქვენს მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ტექსტში თარიღი, რომლიდანაც აღნიშნული გარანტია შედის ძალაში ? 

- პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, განგვიმარტოთ, როდის მოგმართათ შპს ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა გარანტიის გაცემის მოთხოვნით და რა პირობებით გაიცა ეს გარანტია - ე.წ. ,,ქეშქავერით” თუ სხვა წესით ? 

- გადაამოწმა თუ არა გარანტიის ბენეფიციარმა - დუშეთის მუნიციპალიტეტმა უშუალოდ ,,ზირაათ ბანკ”-ში გარანტიის ავთენტურობა, რა ფორმით და როდის ? 

იხილეთ ,,ზირაათ ბანკი საქართველოს ”-ის პასუხი : ,, თქვენს მიერ 2022 წლის 11 ივლისს დაფიქსირებული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ,,კომერციული ბანკების შესახებ კანონი”-ის მე-17 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. ნებისმიერი გარიგების ( მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. 

ამრიგად, იმისათვის, რომ სს ,,ზირაათ ბანკი საქართველოს” მიერ მოხდეს მოთხოვნილი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილი დამოწმებული ასლი, განცხადებით მოგვმართოს თავად მომხმარებელმა ან წარმოგვიდგინოთ შესაბამისი სასამართლო განჩინება”. 

რა თქმა უნდა, ,,კომერციული ბანკების შესახებ კანონი” არსებობს და მე-17 მუხლში ვკითხულობთ : ,,არავის აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი”, მაგრამ მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ შემდეგზე : 

იურისტების თქმით, ბანკის პასუხი კითხვაზე ,,ეს საბანკო გარანტია მათ მიერ გაცემულია თუ არა”  საერთოდ არ ჩანს. თითქოს, გვერდი აუარეს. ბანკს შეეძლო ეპასუხა ასე : დიახ, ეს საბანკო გარანტია ჩემს მიერაა გაცემული, ან მე ეს საბანკო გარანტია არ გამიცია. ამის მაგივრად ,, ზირაათ ბანკი საქართველოს ” დირექტორი, ბატონი მერთ კოზაჯიონღლუ მოიშველიებს მე-17 მუხლს. რა შუაშია აქ მე-17 მუხლი ?! გაუგებარია.., როგორ შეიძლება საჯაროდ ატვირთული დოკუმენტი -  საბანკო გარანტია, იყოს კონფიდენციალური და რაღაც საიდუმლოებას წარმოადგენდეს. ის ხომ სატენდერო დოკუმენტებში დევს, ( სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე), რომელიც ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ თუ არადაინტერესებულ მოქალაქესაც შეუძლია იხილოს. 

ვფიქრობთ, ჩვენს კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს იმაზე, რომ ეს საბანკო გარანტია ან ყალბია ან უკანონოდაა გაცემული, ანუ საბანკო რეგულაციების დარღვევით. 

ისე კი, ბატონო ქოზაჯიონღლუ, შეგახსენებთ, საბანკო საიდუმლოებას, კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიძლება წარმოადგენდეს ბანკისა და ბენეფიციარის, ან ბანკისა და კლიენტს შორის კონკრეტული შეთანხმება საპროცენტო გარიგებაზე, კომერციულ გადარიცხვებზე და ა.შ.,  მაგრამ გაიცა თუ არა საჯარო საბუთი - საბანკო გარანტია - ,,ზირაათ ბანკის”-ის მიერ თუ არა, ამ ინფორმაციის გაცემა საბანკო საიდუმლოებაში, ვთვლით, ვერ ჯდება. ჩვენ უბრალოდ თავიდან მოგვიშორეთ….

ბატონმა ქოზაჯიოღლუმ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა ერთისა : მივმართოთ განცხადებით, ადმინისტრაციული საჩივრით ეროვნულ ბანკს, რათა მან შეისწავლოს ,,ზირაათ ბანკი საქართველოს”-ს საქმიანობა, კერძოდ, გასცემს თუ არა ზემოხსენებული კომერციული დაწესებულება კანონის დარღვევით ან სულაც ყალბ საბანკო გარანტიებს. და რადგან ბატონი ქოზაჯიოღლუ, წერილში გვთავაზობს, წარმოვუდგინოთ სასამართლო განჩინება, არაა გამორიცხული, რომ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს ,,ზირაათ ბანკის”-ის საქმიანობის შესასწავლად…   

გავაგრძელოთ, წინა წერილში გაცნობეთ, რომ ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის წარმომადგენელმა, გოქსელ გენჩის მინდობილმა პირმა, მაკა ნაცვლიშვილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, თუმცა სრულიად მოულოდნელად, წერილის გამოქვეყნების შემდეგ, თავად დაგვიკავშირდა და ინტერვიუზე დათანხმდა, რომელსაც უცველად გთავაზობთ. 

- ქალბატონო მაკა, ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ჰყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი, ხოლო დაქირავებული მუშები იყვნენ თუ არა ,,გენჩ ინშაათ”-ის თანამშრომლები ?

- ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში მსგავსი ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. კომპანიას რამდენი თანამშრომელი ჰყავდა და რომელ პროექტზე მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია. 

- საბუთების თანახმად, ,,გენჩ ინშაათ”-ს ქვეკონტრაქტორი არ ჰყოლია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამ კომპანიას ადამიანური რესურსი და შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა სამუშაოების შესრულებისთვის არ გააჩნდა… 

- თუ გსმენიათ ზოგადად იჯარის შესახებ. საკუთრებაში საქართველოში არ ჰყოლია ტექნიკა, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების კანონი იჯარას არ კრძალავს. 

- გამოდის, დაქირავებული გყავდათ მუშები ან ისინი ქვეკონტრაქტორის თანამშრომლები იყვნენ.  რატომ მალავს ამ ინფორმაციას ,,გენჩ ინშაათი”?  ვისთან იყო ეს იჯარა დადებული ? ეს ინფორმაცია არ ერთვის ხელშეკრულებას…. 

- თანამშრომლები, საპენსიო გადასახადი და ყველა გადასახადი ჩანს შემოსავლების სამსახურში. დასამალი კომპანიას არაფერი აქვს. შეგიძლიათ მიმართოთ მუნიციპალიტეტს. 

- ხელშეკრულების თანახმად, ,,გენჩ ინშაათ”-ს ჰქონდა ვალდებულება წარმოედგინა თანამშრომლებთან, დაქირავებულ მუშებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რაც არ არის წარმოდგენილი. 

- დასაქმებული პიროვნების შესახებ, მესამე პირზე ინფორმაციის გაცემა დანაშაულია. ასე რომ, მიმართეთ შესაბამის სტრუქტურებს. სამუშაოებს ასრულებდა ,,გენჩ ინშაათი”. 

- ის ორი მუშა - ბატონი ოქროპირი და ბატონი მიქაელი, რომელი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ ,,გენჩ ინშაათ”-ის თუ სხვა კომპანიის ? დააკონკრეტეთ.  

- მესამე პირზე ინფორმაციის გაცემა ისჯება კანონით. 

- რა შუაშია მესამე პირი, ადამიანები თუ ,,გენჩ ინშაათი”-ის თანამშრომლები იყვნენ ამის თქმა კანონით დასჯადი როგორღაა ?

- ჩვენი კომპეტენცია არ არის გითხრათ, ვინ სად მუშაობს. მიმართეთ შესაბამისს სტრუქტურებს. 

- თუ თქვენი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ ვის მივმართოთ ამ კითხვით თუ არა თქვენ ?

- დიახ. თქვენ ბრძანდებით მესამე პირი და ჩვენი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გაცემა არაკანონიერია. მიმართეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. 

- გასაგებია, რომ პრესასთან ამ ინფორმაციის გაცემა არ გსურთ… მაგრამ ეს ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტსაც არ წარმოუდგინეთ, რაც ხელშეკრულებით გევალებოდათ, ეს კი კანონის უხეში დარღვევაა… 

- თუ სისტემაში რამე არ აქვს მუნიციპალიტეტს ატვირთული, შესაძლოა იგი შენახულია საქმის არქივში. რით არის ეს ინტერესი გამოწვეული ? 

- რითაა და თქვენს ,,გენჩ ინშაათ”-ს არაფერი გააჩნია. ეს ინფორმაცია თურქეთის შესაბამისი უწყებებიდან გვაქვს და გვაინტერესებს ,ვინ შეასრულა რეალურად სამუშაოები… ასევე, ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ტექნიკურად გაუმართავია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სავარაუდოდ ყალბია. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ტენდერშიც ყალბი დოკუმენტებია წარდგენილი ,,გენჩ ინშაათ”-ის მიერ…  

- საბანკო გარანტია იტვირთება სპეციალურ სისტემაში და მოწმდება ეროვნული ბანკის მიერ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ცდილობთ კომპანიის სახელის გაფუჭებას. 

- ,,გენჩ ინშაათ”-ს მდინარის კალაპოტის გაღრმავების გამოცდილება არ ჰქონია, არც მთელი რუსეთი და მექსიკა აუშენებია, ანუ მსგავსი სამუშაოები არსად განუხორციელებია და როგორ გაიმარჯვა ტენდერში, ვინ ლობირებდა ? მეორეც, თქვენ ალბათ არ იცით, რომ ამ კომპანიაზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ტენდერებში ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო. ეს კომპანია ყალბ საბანკო გარანტიებსაც იყენებდა ტენდერებში, ამიტომ ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ამ ტენდერშიც ყალბი საბუთები წარმოდგენილი… 

- ქალბატონო! მესმის, რომ თქვენი მეუღლის გამო ცდილობთ, რომ რამე ისეთი ნახოთ, რაც არ არსებობს. საბუთებიც ნამდვილია და გარანტიაც! 

- ქალბატონო მაკა, არ მგონია, ჩემი მეუღლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ,,გენჩ ინშაათ”-ზე. დაბოლოს, ტენდერში წარდგენილი მინდობილობის თანახმად, თქვენ არ გქონდათ უფლებამოსილება ხელი მოგეწერათ შესაბამის ხელშეკრულებაზე და რატომ გადააჭარბეთ თქვენს უფლებამოსილებას ?  ვისი დავალებით გააკეთეთ ეს ?

- კარგად ბრძანდებოდეთ! კითხვა ისწავლეთ. 

დაკვირვებული მკითხველი ქალბატონ ნაცვლიშვილის პასუხებიდან გამომდინარე, ალბათ, დაასკვნის, რომ ქალბატონი მაკა, თავს არიდებს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას. რას ნიშნავს მესამე პირი ან რაში ხედავს მესამე პირისთვის ინფორმაციის მიცემაში კანონდარღვევას ? 

ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ქალბატონ ნაცვლიშვილს პირველ რიგში ევალებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია 

ქვეკონტრაქტორის არსებობაზე, მუშახელისა და სამშენებლო ტექნიკის დაქირავებაზე, რაც მან არ გააკეთა. და, რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით მუშების ვინაობის დადგენას…  

როგორც ჩანს, ჩვენს მიერ დასმული კითხვები იმდენად კრიტიკულია და იმდენად ამჟღავნებს კომპანია ,,გენჩ ინშაათი”-ის დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელსაც ეს ქალბატონი თავის დროზე წარმოადგენდა, რომ სათქმელი აღარაფერი აქვს. ქალბატონი ნაცვლიშვილის პასუხებმა კიდევ უფრო გაგვიმყარა ეჭვი, რომ ,,გენჩ ინშაათი” მართლაც რომ ამ ტენდერშიც კანონდამრღვევია. 

რაც შეეხება იმ აბსურდულ პასუხს, რომ ,,საბანკო გარანტია იტვირთება სპეციალურ სისტემაში და მოწმდება ეროვნული ბანკის მიერ” იძულებულნი ვართ, განვუმარტოთ ქალბატონ ნაცვლიშვილს, რომ მან არ იცის შემდეგი :  იურისტების თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკს კანონის არც ერთი მუხლი არ უდგენს ვალდებულებას, კომერციული ბანკების მიერ გაცემული გარანტიების სიყალბე ან ავთენტურობა გადაამოწმოს, მანამ რომელიმე მოქალაქე არ მიმართავს მას განცხადებით ან ადმინისტრაციული საჩივრით, გადაამოწმოს ესა თუ ის საბანკო გარანტია. ეროვნული ბანკი ახდენს კომერციული ბანკების მხოლოდ ლიცენზირებას, შესაბამისი უფლება - მოვალეობების დადგენას და ა.შ. 

რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ,,გენჩ ინშაათისადმი” პირადი ინტერესები აქვს და ანგარიშსწორების გამო, კომპანიას რეპუტაციას ულახავს

ვაცხადებთ : ოთხი წელია ვაქვეყნებთ წერილებს, რომელშიც ვამხელთ ამ ფარატინა კომპანიის მფლობელს, გოქსელ გენჩს. კერძოდ, ის ასრულებდა ე.წ. საქორწინო გენერლის როლს, ანუ გამოაყენებინებდა საკუთარ თავს მისი ქართველი მფარველების მაქინაციებისა და თაღლითობების როგორც მფარავ ფასადად, გნებავთ, ბანერად, რაშიც, რა თქმა უნდა, იღებდა თავის ლუკმას. უფრო მარტივად, მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო ტენდერებში, თანაც ყალბი დოკუმენტების წარდგენით, სთავაზობდა ტენდერში, როგორც პრეტენდენტი, ყველაზე დაბალ ფასს და გამარჯვების შემთხვევაში, ის და მისი მფარველები ერთად ხეირობდნენ, რასაკვირველია, შეტანილი წვლილის მიხედვით. ,,გენჩ ინშაათ”-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ქართველმა მაღალჩინოსნებმა კვლავ მოასწრეს და გამოიყენეს თავისი საყვარელი ,,ბანერი” და 2019 წლის 1 ივლისს მოაგებინეს ტენდერი. ამის შემდეგ, როგორც უკვე გამოყენებული ნაკეთობა მოისროლეს და გააძევეს საქართველოდან. ვფიქრობთ, ტენდერი იყო კორუფციული და საკითხის შესწავლის მიზნით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და ,,სუსი”-ის” ანტიკორუფციულ სააგენტოს. სახელმწიფო ხაზინა ეს ხალხის ფულია და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ვიღაც ვიგინდარებს, რომ თავისი ბინძური ხელები აფათურონ ჩვენს საერთო ჯიბეში….     

ახლა მინდობილობაზე და მინდობილ პირზე : იურისტების თქმით, საქართველოს კანონში სატენდერო წარმოების შესახებ პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებას თუ ხელს არ აწერს კომპანიის აღმასრულებელი პირი ან დირექტორი, ხოლო ხელს აწერს მინდობილი პირი, მაშინ ეს უფლებამოსილება ცალკე და სპეციალურად უნდა გაიწეროს შესაბამის ნოტარიულ რწმუნებულებაში ( მინდობილობაში), რაც ამ შემთხვევაში არ არის შესრულებული. უფრო გასაგებად, ქალბატონ ნაცვლიშვილს, მართალია, გენერალური მინდობილობა ჰქონდა, მაგრამ ეს მინდობილობა მას უფლებამოსილებას არ ანიჭებდა, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ასე რომ, არსებული ხელშეკრულება იურიდიულად დადების დღიდან ბათილია და მის საფუძველზე საბიუჯეტო თანხების განკარგვა სისხლის სამართლის დანაშაულია! 

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, რათა პასუხისმგებლობას გაექცეს. არც ქალბატონმა მაკამ გამოიჩინა ორიგინალურობა და მანაც, თავის მხრივ, თითი გაიშვირა დუშეთის მუნიციპალიტეტისკენ : ,, თუ სისტემაში რამე არ აქვს მუნიციპალიტეტს ატვირთული, შესაძლოა იგი შენახულია საქმის არქივში”,- განაცხადა მან. 

ქალბატონო მაკა, თუ დაქირავებულ მუშახელზე ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა, ის აუცილებლად აიტვირთებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე. 

ამას მარტო ჩვენ კი არა, დუშეთის ყოფილი მერის იმდროინდელი მოადგილე, ბატონი გიორგი თანიაშვილიც ადასტურებს : ,, როგორც მახსოვს მათ ქვეკონტრაქტორის არსებობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ, არც დაქირავებულ მუშახელთან დაკავშირებით. დოკუმენტაცია თუ წარმოადგინეს ხომ უნდა არსებობდეს და ის აუცილებლად აიტვირთებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე  “,- განაცხადა, თანიაშვილმა. 

ქალბატონო მაკა, ამაოდ ცდილობთ პასუხისმგებლობა მოიხსნათ, ასევე ჩვენ დაგვაბრალოთ, რომ ,,ქაფჩისა” და ტაჩკის” არ მქონე ,,გენჩ ინშაათ”-ის რეპუტაციის შელახვაზე ვიღვწით. თქვენზე და გოქსელ გენჩზე უკეთ ვინ იცის, თუ რას წარმოადგენს ,,გენჩ ინშაათი” იგივე ,,რქები და ჩლიქები” და ,,თანამედროვეობის უიღბლო ოსტაბ ბენდერი”- პატივცემული გოქსელი. პატიოსან სახელს, რომ გილახავდნენ, სინამდვილეში პატიოსანი უნდა იყო...

ქალბატონო მაკა, ახლა კი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე გენერალურ პროკურატურაში.

პატივისცემით, ,,წერა-კითხვის” არმცოდნე ჟურნალისტები…  

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

( გაგრძელება იქნება)

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია