„საჭიროა რისკებისა და საფრთხეების მუდმივად შეფასება, რეაგირება - შემარბილებელი, საპრევენციო თუ მედეგობის ღონისძიებების გაზრდა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში“
WEG-მა (გლობალური გამოცდილება საქართველოსთვის) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. კვლევა მოიცავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.
რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულება ხშირად არის დანახული როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც, რაც შეიძლება გამოყენებულ-იქნას მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად. კვლევა ცდილობს პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს რუსულ ენერგეტიკულ გავლენებთან დაკავშირებით. კვლევის ძირითადი დასკვნის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარას და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის.
ამ თემაზე ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი მუხიგულიშვილს ვესაუბრეთ.
- ბატონო გიორგი, პირველი პუნქტით დავიწყოთ - რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით;
- საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალისა და აქტივების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი დაიცვას მოქალაქეების რუსული ბიზნესების სანქციების შესაძლო ზეგავლენისგან.
იმპორტ დამოკიდებულებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია დივერსიფიკაციის დონე, რომელიც ენერგომატარებლების მიხედვით განსხვავებულია. მაგ; ელექტროენერგია რომ ავიღოთ, 2017 წელს რუსეთზე ყველაზე მაღალი იმპორტ დამოკიდებულება გვქონდა - 4%-ს აღწევდა. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგეტიკაში მიწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია (ყველა მეზობელთან გვაქვს ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები), ამ მხრივ დიდი საფრთხე არ არის.
ბუნებრივ გაზს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთიდან იმპორტირებულის წილი. თუ 2020 წელს 8%-მდე იყო, 21 წელს მთლიან მოხმარებაში უკვე 15%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბუნებრივ გაზზე დივერსიფიკაცია ფაქტობრივად არ ხდება, რადგან ძირითადი დამოკიდებულება აზერბაიჯანზე გვაქვს - ნაწილობრივ ჩვენ მოხმარებაში რუსეთის წილიც იზრდება.
- ბუნებრივ აირის წყაროებზე მეტი დივერსიფიკაცია რატომ არ მიმდინარეობს?
- 2006 წელს (რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული აქტის შემდეგ შემდეგ) ძირითადი მიწოდების წყარო აზერბაიჯანზე გადავედით, რეგიონში ბუნებრივი აირის სხვა მწარმოებელი ფაქტობრივად არ არის. სამეზობლოში ასეთი აზერბაიჯანი და რუსეთია. აზერბაიჯანულ წყაროზე გადასვლას სამხრეთკავკასიური გაზსადენის მშენებლობა მოჰყვა, საიდანაც ასევე გატარებული ტრანზიტული გაზის 5% და პლუს დამატებითი გაზი გვრჩება, სხვადასხვა პირობებით.
- ნავთობპროდუქტებს რაც შეეხება?
- აქ 2020 წელს 27%-მდე დამოკიდებულება გვქონდა, საუბარია რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე. 2021 წელში შედარებით შემცირებული და 18%-მდე ჩამოსულია. ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი დივერსიფიცირებულია. იმპორტს არამარტო რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან ვახორციელებთ. კიდევ მცირე წილი სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდანაა. ამ მიმართულებითაც დიდი რისკები არ ჩანს, სხვა წყაროებით მარტივად ჩანაცვლება შეგვიძლია.
- რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით - ამ მიმართულებით კონკრეტულად რა ხდება?
- იცით, რომ ენგურჰესი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების ენერგეტიკული ობიექტია - ჩვენ მოხმარებაში დაახლოებით 35%-ს შეადგენს. როგორც იცით, არაფორმალური შეთანხმება არსებობს კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას შორის, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება 40-60%-ზე მოხდეს - ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამურ გენერაციაში. მაგრამ ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, აფხაზეთის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება და ამ ობიექტიდან წაღებული ელექტროენერგია საკმაოდ მნიშვნელოვან წილს აღწევს. რეალურად, შეთანხმებულ 40%-ზე მეტი მიაქვთ გარკვეული თვეების განმავლობაში - ძირითადად ზამთრის პერიოდზეა საუბარი.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური ძალიან დაბალია. წელს (ამ ომის შედეგად) მოსალოდნელია, რომ სანქციების შედეგად რუსი ტურისტების (მოსახლეობის) ვიზიტები აფხაზეთში გაიზრდება, რაც გაზრდის დენის მოხმარებას. მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტ ელექტროენერგიას წაიღებენ ენგურიდან და ვარდნილიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია მკაცრად მოხდეს აღნიშნული შეთანხმების დაცვა - არამარტო წლიურ ჭრილში, არამედ თვიურად და დღეების მიხედვითაც მოხდეს შეთანხმების გაკონტროლება.
- არის თუ არა რაიმე პროგრესი აფხაზეთში გამრიცხველიანების კუთხით, რაზეც საუბარი არაერთხელ ყოფილა?
- ამ ეტაპზე სიახლეები არაფერია. არსებობს გარკვეული პროგრამები, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ გამრიცხველიანება განხორციელდეს, გაიზარდოს თანხების ამოღება. ამასთან, წელს აფხაზეთში მოსალოდნელია ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ძვრები არ არის, რადგან მგონია ტარიფების ზრდა კიდევ უფრო შეამცირებს ამოღებას როგორც მოსახლეობიდან, ასევე კომერციული სექტორიდან. ეს კიდევ დამატებით პრობლემებს შექმნის. მაგრამ ტარიფების ზრდა საჭიროა, რადგან ძალიან მინიმალურია - ათჯერ უფრო ნაკლებია ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე აფხაზეთში, ვიდრე ეს დანარჩენ საქართველოში ხდება.
- ქართულ მხარეს სიტუაციის მოსაწესრიგებლად რა მცდელობები აქვს, ამ თვალსაზრისით რა რესურსებია?
- რა თქმა უნდა, ჩვენც შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად, გარკვეული პრევენციისთვის. ერთი მხრივ, ეს არის ადგილობრივი გენერაციის წყაროების განვითარება; ადგილობრივი წიაღისეულის, ნავთობპროდუქტები იქნება, თუ ბუნებრივი გაზის მოპოვებით, მოძიებით სამუშაოების გაძლიერება, რაც უკვე დაწყებულია შავი ზღვის შელფზე. ამას ემატება ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, ენერგიის დაზოგვა იქ, სადაც ეს შესაძლებელი და ხარჯთეფექტურია. ამას გარდა, რიგი ღონისძიებებია, როგორიცაა გაზსაცავის მშენებლობა, „ელენჯი“ ტერმინალის განვითარება, ასევ „სვაპ“ მექანიზმის გამოყენება ბუნებრივი გაზის ნაწილში. ემატება სტრატეგიული ნავთობპროდუქტების რეზერვების შექმნა, მოძველებული თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება ახალი უფრო ეფექტური, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურებით. პლუს, მნიშვნელოვანი რაც არის, რომ გაძლიერდეს თავდაცვა და ზედამხედველობა კრიტიკულ ენერგეტიკულ ობიექტებზე ამ პერიოდში; რადგან რუსული ჰიბრიდული ომი მოიცავს როგორც კინეტიკურ, ასევე კიბერ საფრთხეებსაც მეზობელი და არამარტო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ძალისხმევის გაძლიერება.
დავამატებ, რომ მნიშვნელოვანია ენგურჰესის გამომუშავების 40-60-%-ს განაწილების (გამომუშავებული ელექტროენერგიის) მკაცრი დაცვა მოხდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობამ შეიმუშაოს ხედვა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში გამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებას შეეხება. აქ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა კოორდინირებული თანამშრომლობით სისტემურად შეაფასონ არსებული და მოსალოდნელი რისკები და მოამზადონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები და სცენარები ენერგეტიკის სექტორში.
კიდევ არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ პუბლიკაციაში (კვლევაში) დაწვრილებით წარმოდგენილია.
- კრიპტოვალუტის მაინინგის სფეროში რაიმე პროგრესს თუ მიაღწიეს სოხუმში, ამაზე ერთი პერიოდი დიდი ხმაური იყო ატეხილი...
- წარმოების შეზღუდვის გარკვეული მცდელობები იყო, რადგან ძალიან გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და პრობლემები შეექმნა უკვე ადგილობრივ გამანაწილებელ ქსელს - მიწოდების წყვეტები ხდებოდა. ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ გააუქმა ის კომერციული ობიექტები, რომლებიც მას მოიპოვებდნენ. ამის მიუხედავად, შემდგომში ადგილობრივმა მოსახლეობამ ცალკეულ საყოფაცხოვრებო სექტორში მათი გამომუშავება მაინც დაიწყო, ელექტროენერგიის მოხმარება. ამიტომ მოკლევადიანი შემცირების შემდეგ, დენის მოხმარება ისევ გაიზარდა.
რაც შეეხება მარეგულირებელ გარემოს, ამაზე საუბარი ზედმეტია. სოხუმში ელექტროენერგეტიკული სისტემისთვის მიხედილი არ არის და ამ კრიპტოვალუტების რეგულირება კიდევ მსოფლიო მასშტაბებითაც ჭირს. ამ მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე კიდევ უფრო რთულადაა.
- რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა...
- კრიტიკული არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რუსული კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. როგორც იცით, მკაცრად რეგულირებული სექტორია და აქ ნებისმიერი რისკების, საფრთხეების შემთხვევაში, როგორც ფინანსური, ასევე ლიცენზიანტების მხრიდან მკაცრად რეგულირდება; და ყოველი საფრთხის შემთხვევაში უკვე გარკვეული პრაქტიკაც გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველის შეშვება მოხდეს იმ კომპანიებში, სადაც შეიძლება ენერგეტიკული თვალსაზრისით საფრთხე იყოს. ეს იქნება თელასი, თელმიკო, საქრუსენერგო თუ ასე შემდეგ. ამ კუთხით, რეალურად პრობლემა არ არსებობს და არც მგონია რუსეთს სურვილი გაუჩნდეს ამ კომპანიებიდან რამე რისკები გააჩინოს საქართველოში.
- სანქციების ზეგავლენას რაც შეეხება...
- აქ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებში სადაც ყველაზე მაღალი წილები აქვთ, მათთვის შეზღუდულია ფინანსური რესურსები - ეს შეეხება კრედიტებს, ასევე საბანკო გარანტიებს. ჩვენთვის ესეც დიდი რისკის შემცველ გარემოებას არ წარმოადგენს, რადგან საკანონმდებლო სისტემაში ამის დაცვის მექანიზმებიც გვაქვს. ხოლო რუსეთზე მიმდინარე სანქციებით, რის გამოც ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირდება ევროპის ქვეყნებში და ისინი იმპორტს ზრდიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც აზერბაიჯანია - შესაძლოა მომავალ წელს გაიზარდოს ბუნებრივ გაზზე ფასები, მათ შორის კომერციულ ნაწილში ჩვენთვისაც.
რეალურად, ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირი რუსულ გაზს ნაწილობრივ სწორედ აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლებს. გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება და ქვეყანა მეტ იაფ გაზს მიიღებს. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით“.
- კიდევ რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის?
- როგორც მოგახსენეთ, რეკომენდაციები საკმაოდ მოცულობითია - დაწყებული ადგილობრივი გენერაციის ობიექტების განვითარებით, ენერგოეფექტური ღონისძიებებით გაგრძელებული. ასევე, ცალკეული მიმართულებები, როგორიცაა გაზსაცავის მშენებლობა, სტრატეგიული მარაგების შექმნა, კომბინირებული, ახალი, ეფექტური გენერაციის თბოელექტროსადგურების განვითარება, პლუს აფხაზეთთან მიმართებაში პროცენტული განაწილების დაცვა, მისი კონტროლი. მნიშვნელოვანია ინტენსიური ანალიზი იმ რისკებისა და საფრთხეებისა, რომელიც მარტო ამ ომის შედეგად კი არა, ზოგადად რუსეთიდან მომდინარე შეიძლება არსებობდეს; რადგან იცით რუსეთის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია - ხშირად სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებს მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებთან ჰიბრიდული ომისთვის. ჩვენც მუდმივ ომში ვიმყოფებით რუსეთთან. საჭიროა რისკებისა და საფრთხეების მუდმივად შეფასება, შესაბამისი რეაგირება - ეს იქნება შემარბილებელი, საპრევენციო თუ მედეგობის ღონისძიებების გაზრდა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში.
- მთავრობას რამდენად აქვს მზაობა ასეთი რეაგირებისთვის?
- ჩვენს ენერგეტიკულ სექტორში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული რეფორმები მიმდინარეობს - ეს იქნება ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი, ნავთობპროდუქტები. უკვე სექტემბრიდან ბირჟა მუშაობას დაიწყებს. ამასთან, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები ცალკეული დირექტივების გადმოტანასა და განხორციელებაზე. მაგრამ გარკვეული ხარვეზები და დროში გახანგრძლივებაა ჩვენს კანონმდებლობაში დირექტივების გადმოტანის (ღონისძიებების განხორციელების) საქმეში. რაც დაგეგმილი იყო, მათ ხორცშესხმაში გარკვეული ვადებია დადგენილი. ამას ნაწილობრივ პანდემიურმა პერიოდმა ხელი შეუშალა. ასევე, მიმდინარე ომმა ამ ყველაფერზე გავლენა იქონია.