მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი - 15 მაისი 2023

შარშან,  13 ოქტომბერს,  ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი.  მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად.  გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა.

ტრაგედიის ქრონიკა:  25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი,  კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში,  რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა,  რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.  მანამდე კი,  5 აგვისტოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ მივაწოდეთ რეაგირებისთვის ჟურნალისტური გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალები.

ჩვენი გამოძიების ერთ-ერთი ,,გმირი" იყო შპს ,,მშენ-ექსპერტი", რომელსაც ცალკე წერილიც კი მივუძღვენით.  ვწერდით შემდეგს : შპს ,,მშენ-ექსპერტი" დაკომპლექტებულია არაპროფესიონალებით,  მის თანამშრომლებს არ აქვთ სათანადო განათლება და სახელი იმით გაითქვეს,  რომ ნებისმიერ სამშენებლო ობიექტს აძლევდნენ დადებით საექსპერტო დასკვნას. რასაკვირველია, ასეთი კეთილგანწყობა შპს ,,მშენ-ექსპერტ"-ის მხრიდან არ იყო სულმთლად უანგარო... 

კანონის შესაბამისად, შოთაძისა და გომელაურის უწყებებს, გამოკითხვაზე რომ გამოვეძახეთ, მოხდა საპირისპირო - ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები, არაფრად ჩააგდეს, საქმე თაროზე შემოდეს, სატელეფონო ზარებზეც არ გვპასუხობდნენ. შედეგი - უმძიმესი. 

ახლა წარმოვიდგინოთ,  რა მოხდებოდა,  გომელაურისა და შოთაძის უწყებებს კანონის ჩარჩოებში რომ ემოქმედათ.  ჩვენი გამოკითხვის შემდეგ ისინი აუცილებლად გამოკითხავდნენ ,,მშენ-ექსპერტ"-ის ხელმძღვანელობას,  რომელსაც მოუწევდა პასუხი გაეცა ბევრ ძალზე უხერხულ კითხვაზე.  დიდი ალბათობით ეს შპს 2022 წლის 25 აგვისტოს ვერ ჩაიბარებდა ვაკის პარკის შადრევანს ზემოთ ხსენებული ,,საპატიო მიზეზების გამო".  ამ ობიექტს ჩაიბარებდა სხვა შპს.  სკეპტიკურად განწყობილი მკითხველი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი შპს ჩაიბარებდა, რადგან ერთი მეორეზე უარესია და ასევე დაკომპლექტებული იქნებოდა უვიცებით. პატივცემულ სკეპტიკოსს ვერ დავეთანხმებით შემდეგი მიზეზის გამო : სხვა შპს როცა გაიგებდა, რომ ,,მშენ-ექსპერტ"-ის ხელმძღვანელობის საქმიანობით დაინტერესებულია გენერალური პროკურატურა და შსს, არაპროფესიონალებითაც რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, ობიექტის ჩაბარებისას აუცილებლად დაპატიჟებდა უმუშევარ პროფესიონალებს, რომლებიც უეჭველად აღმოაჩენდნენ ხარვეზებს და მოითხოვდნენ მათ აღმოფხვრას. შესაბამისად, ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული.

13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვაში ვინაა დამნაშავე ? დამნაშავეები ვართ ყველანი, არა მარტო შპს ,,მშენ-ექსპერტი". ირიბად დამნაშავეები არიან შსს-ს და პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებმაც არაფრად ჩააგდეს ჩვენს მიერ მიწოდებული პუბლიკაციები ; დამნაშავეა თბილისის მერია, რომელმაც გამოძებნა თანამშრომლობისთვის ასეთი შპს და, სამწუხაროდ, ჩვენც, ჟურნალისტები, რადგან არ ჩამოვკარით ზარები, არ მივმართეთ ტელევიზიებს და სოლიდურ გამოცემებს, რომ გომელაურისა და შოთაძის უწყებებმა უყურადღებოდ დატოვეს ჩვენგან მიღებული საგანგაშო ინფორმაცია. 

ცხრა თვის განმავლობაში ვცდილობთ დავუკავშირდეთ შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებს, თუმცა უშედეგოდ.  მათი ტელეფონის ყურმილი დღემდე სდუმს. 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია