მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით ლორთქიფანიძე : ,,საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ” - 18 მაისი 2023

როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, იგივე აშშ-ს სანქციებს ქართველი მოსამართლეების მიმართ ? ,,ufleba.ge" მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს,  დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა. 

ქეთი ხომერიკი

- ბატონო დავით, როგორ აფასებთ აშშ-ს სანქციებს ქართველი მოსამართლეების, ე.წ. კლანის მიმართ ? 

- მოდით, ამ საკითხზე ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებს გაგანდობთ...თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და უშუალოდ ბლინკელისგან გაცხადდა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ალბათ უპრეცედენტოც, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, გავიაზრებთ და ემოციებს დავაცხრობთ, ვნახავთ, რომ საქმე ეხება ამ ოთხი მოსამართლის მიმართ სავიზო შეზღუდვას. და ახლა, ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ თავის ტერიტორიაზე არ დაუშვას ის პირები, ვისაც ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, რომ ეს მოსამართლეები შემჩნეულნი არიან კორუფციაში, თუ დადგენილი აქვთ მათი კორუფციასთან კავშირი ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება განწყობა, თუ სადაა ეს ფაქტები და იმაზე აპელირება, რომ საჯარო განცხადებები უდევს ამას საფუძვლად, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ,,ქეისს" მეტი მტკიცებულებები არ ავნებდა. ამერიკული სტანდარტიაო, ამბობენ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები და ამერიკული სტანდარტი იყო აქამდე ისიც, რომ საყოველთაოდ ცნობილ კრიმინალს ( მკვლელობები, დაკვეთილი მკვლელობები) ალკაპონეს ბრალი წაუყენეს გადასახადების დამალვის ფაქტზე და ეს იმიტომ რომ, ამ ნაწილში ამერიკულ მართლმსაჯულებას უტყუარი მტკიცებულებები არ ჰქონდა.

- რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, როგორ მიმდინარეობს ( სად გვაქვს პროგესი და სად შეფერხება), შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას

- იცით, ეს საკითხი თავიდანვე იყო ყურადღების ქვეშ და იმთავითვე იქნა სავარაუდო გრაფიკი გაკეთებული, თუ როდის და რა ვადებში უნდა მომხდარიყო კონკრეტული საკითხების განხილვა, ხაზს ვუსვამ, პროცედურების დაწყება. შემდეგ როდის უნდა გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში, რომ იქიდან მოსულიყო შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის გასაზიარებლადაც ხელისუფლება მზაობას გამოხატავდა. პრინციპში ეს პროცესი მიმდინარეობს კიდეც. თქვენ იცით, რომ დღეს-ხვალ პარლამენტი განიხილავს ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, რომელიც იქნა განხილული პარლამენტის პლენარულ სხდომებზე და ახლახან ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისიწნებით კვლავ მიუბრუნდებიან მის განხილვას. აქვე აღვნიშნავ, რომ პარლამენტში განიხილება ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტიც. ასე რომ, მიმდინარეობს ცოცხალი, ჯანსაღი პროცესი. 

ჩემი აზრით, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აქამდეც ვიმსახურებდით, ოღონდ მოხდა ის, რაც მოხდა..და დღეს, მინდა საჯაროდ ვთქვა, რომ ჩვენ დიახაც, ვიმსახურებთ და მივიღებთ კიდეც კანდიდატის სტატუსს. 

- თქვენი აზრით, რას აპირებს ,,ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით, რის წინააღმდეგაც დასავლეთთან ერთად ქართულმა საზოგადოებამაც გაილაშქრა...

- რაც შეეხება ე.წ. ,,აგენტების კანონს"- აი, ნახეთ, თქვენც ამბობთ კანონსო, არადა არანაირი კანონი ის არ ყოფილა. კანონის მიღებას სამი მოსმენა სჭირდება და ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მოსმენა იყო, სადაც მხოლოდ ზოგადი კონტექსტია-პრინციპები მომავალი კანონისა და მე-2 მოსმენაზე კი, ხდება მუხლობრივი განხილვა, ანუ მოსაწონის დატოვება და მიუღებლის ამოღება პროექტიდან...ვფიქრობ, ამ კანონპროექტზე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უფრო აქტიური მიმოხილვითი სამუშაოები უნდა გატარებულიყო, ხოლო ახლა რა იქნება, ამაზე რა გითხრათ აბა...კანონპროექტის განხილვა მე-2 მოსმენით ჩააგდო პარლამენტმა და ჩემი აზრით, ეგ თემა დახურულია. 

- და ბოლოს, ხომ არ აპირებს მმართველი პარტია ოპოზიციასთან ბრძოლას მთელი ქვეყანა და მისი სამომავლო პერსპექტივები გადააყოლოს ?

- მმართველი პარტიის ვალდებულებაა ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნოს და საზოგადოებას მიეცეს განვითარების საშუალება. ოპოზიციის კი, მით უფრო, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ამოცანაა ნებისმიერ ფასად მოვიდეს ხელისუფლებაში. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი დროა ( ერთი წელი, ფაქტობრივად) დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ოპოზიციის დესტრუქციისა და ხელისუფლების პრაგმატული მიდგომების პირობებში საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ. აი, იქ კი, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვის ანდობს მის მომავალს და ვის არა. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია