მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის ? - 14 ივნისი 2023

მამუკა გუგეშაშვილი: ,,ლევან ხაბეიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე აღარ იქნება, ჩემი ინფორმაციით, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი ან დავით ხაჯიშვილი შეცვლის" 

არის თუ არა ,,ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული რეპრესიები და არაფორმალური მმართველობაა, ტოვებენ თუ არა პარტიას სტაჟიანი წევრები ? ამ და სხვა საკითხზე ,, ufleba. ge"-ს,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, მამუკა გუგეშაშვილი ესაბრა. 

- ბატონო მამუკა, თქვენ განაცხადეთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ლევან ხაბეიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე აღარ იქნება, მას დავით კირკიტაძე ან ლევან ბეჟაშვილი შეცვლისო, ეს თქვენი ვარაუდია თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ ?

- ჩემი ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის პოსტს ლევან ხაბეიშვილი სექტემბერ-ოქტომბერში დატოვებს. ის ადამიანები, ვინც პარტიას კულისებიდან მართავენ, მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილმა იმედები ვერ გაამართლა, ის პარტიას ვერ მართავს. ყველას კარგად გახსოვთ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავჯდომარედ იქნა არჩეული, უნდა შესრულებულიყო მთავარი თემები, რაც არ შესრულდა. იგივე,  პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელისუფლების იძულება, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები შეესრულებინა. ,, ქართული ოცნება" ისე არის, უკაცრავად თქვენთან და, ,,გაგულავებული", რომ ყველაფერზე მიდის. ,, ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისეთ რამეებს აკეთებენ, რასაც ძლიერი ოპოზიციის ხელში ვერ გაბედავდნენ. ასე რომ, პარტიაში უკმაყოფილებაა და როგორც გითხარით, ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავჯდომარე აღარ იქნება. ვინ შეცვლის ლევან ხაბეიშვილს ? ჩემი აზრით, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი ან დავით ხაჯიშვილი. პეტრე ციკარიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა როგორც ვიცი, უარი თქვა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ,, ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეს ცოტა სხვა შემართება სჭირდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, საქართველო ,, რუსული ოცნებისგან" გასათავისუფლებელია, დიდი ბრძოლაა საჭირო, შესაბამისად, თავჯდომარეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მოთხოვნებიც ბევრი იქნება, რადგან საქართველო დღეს გადაწყვეტილების წინაშე დგას - რუსეთი თუ დასავლეთი. მოკლედ, უმძიმესი საკითხებია და აქ დიდი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", ისე მისმა მომავალმა თავჯდომარემ. გავმეორდები, პეტრე ცისკარიშვილი უარს იტყვის ამ პოსტზე. ასე რომ, დიდი არჩევანი არ გვაქვს. სულ რამდენიმე კანდიდატი რჩება : კირკიტაძე, ბეჟაშვილი და ხაჯიშვილი. ამ ადამიანებს ავტორიტეტი პარტიაში ნამდვილად აქვთ. 

- ანუ ხაბეიშვილი სუსტი თავჯდომარე აღმოჩნდა ?

- დიახ. როგორც ხედავთ, მის მიერ გაცემული არც ერთი დაპირება არ შესრულებულა. ხაბეიშვილის საარჩევნო პროგრამაში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ხელისუფლების ტყვეობიდან გათავისუფლება შედიოდა, ასევე ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს პარლამენტი უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ერთი სიტყვით, არც ერთი დანაპირები არ შესრულდა. ხაბეიშვილი კარგი ადამიანია, თუმცა როგორც თავჯდომარე სუსტი და უუნარო. ხომ ხედავთ წალენჯიხაში რაც ხდება, ჩვენი გუნდის წევრები უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი არიან, მანდაც მელიაა რამე შუაში ? სხვათა შორის, თუ დაუკავშირდებით ამ ადამიანებს, ცუდი არ იქნება. დღეს მთავარი ეპიცენტრი წალენჯიხაშია.  

- რამ გამოიწვია პარტიაში შიდა დაპირისპირებები, რას ემსახურება ეს ? მელიას თქმით, პარტიიდან ხალხი მერაბიშვილ-კეზერაშვილის დავალებით გაყარეს, ასეა ?

- პარტიაში არასწორი მენეჯმენტი და მმართველობაა. თავჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში ხალხი პარტიიდან და პოლიტსაბჭოდან გაყარეს. პირდაპირ ვამბობ, ის ადამიანები, რომლებიც მელიას ეხმარებოდნენ უსამართლოდ გაუშვეს. თავს კი იწონებენ, სამართლიანი არჩევნები ჩატარდაო, მაგრამ არ არის ასე, პრაქტიკულად ერთ კაციანი არჩევნები იყო.

- თქვენ იმასაც აცხადებთ, რომ ,, ნაცმოძრაობას" ვანო მერაბიშვილი მართავს, რატომ ფიქრობთ ასე ? სხვათა შორის, ,, ufleba. ge"- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არათუ კულისებიდან მართავს ,,ნაციონალურ მოძრაობას", არამედ ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ ერევა... 

- არ ვიცი რას ამბობს თქვენთან საუბრისას ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, ,, ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ის მართავს. ახლა ლევან ხაბეიშვილი, რომ ვერაფერს წყვეტს, ეს დანამდვილებით, 100 %-ით შემიძლია გითხრათ. ერთს ვიტყვი, ,, ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება, რადგან პარტია არც ხაბეიშვილსა და არც მერაბიშვილზეა დამოკიდებული. პარტია ერთგულ წევრებსა და ამომრჩეველზე დგას. 2024 წელი გადამწყვეტი წელიწადია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. და თუ ,, ნაციონალური მოძრაობა" ძლიერ პარტიად არ დარჩება, მაშინ ახალი პარტია შეიქმნება. მოკლედ, ორი ვარიანტია, ან ახალი პარტია შეიქმნება, ან ,, ნაცმოძრაობას" ახალი თავჯდომარე ეყოლება, რომელიც პარტიას ჩაიბარებს და გააძლიერებს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ,,ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებში დამარცხდება.   

- მოდით, პირდაპირ გვითხარით, ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის ? 

- არ გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს 600 ათას ამომრჩეველზე, რას იტყვის ეს ხალხი და რაზე შეთანხმდება. ,, ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იქნება, თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ,, ქართული ოცნების" დამარცხებაა. ასე რომ, უნდა შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსულ რეჟიმს დაამარცხებს. როგორც გითხარით, ჩვენ რამდენიმე ამოცანა გვაქვს: ხელისუფლებიდან რუსული ოცნების გაშვება, ევროკავშირში შესვლა და სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება. აი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს, ის უნდა იყოს პარტიის თავჯდომარე. 

- და როგორ აპირებს ,,ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გათავისუფლებას, რა გეგმები აქვს, დააკონკრეტეთ? 

- მე მაქვს გეგმა, რომელიც ოქტომბერში ამოქმედდება. ,, ნაციონალურ მოძრაობაში" დავრჩები, თუ სხვა პარტიაში ვიქნები, ესეც ოქტომბერში გადაწყდება. თუ ,,ნაცმოძრაბაში" ძლიერი მენეჯმენტი, მებრძოლი გუნდი და არაფორმალური მმართველობა არ იქნება ცხადია არ დავტოვებ პარტიის რიგებს, ხოლო თუ დავინახე, რომ პარტია ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც დღეს, მაშინ ,,ნაცმოძრაობას" აუცილებლად დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩემთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ მთავარი ქვეყანის გადარჩენაა. დაიმახსოვრეთ, ოქტომბერში საქართველოში სხვა რეალობა იქნება. 

ქეთი ხომერიკი, თამთა კიკალიშვილი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია