მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გრიგოლ გაგნიძე,, არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს" - 17 ივნისი 2023

გრიგოლ გაგნიძე ,,ნაცმოძრაობის" გარკვეული ფრთა რუსეთიდან ფინანსდება"

ბოლო დროს ხშირია საუბრები, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებსაც კი დაგვიბრუნებს, რაც ცოტა არ იყოს და, ღიმილისმომგვრელია. როგორ აფასებს ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს, იგივე რუსეთთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ელჩების მორიგ დემარშს და მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ? ,, ufleba ge" უფლებადამცველ, გრიგოლ გაგნიძეს ესაუბრა. 

ქეთი ხომერიკი

გრიგოლ გაგნიძე: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, საღად მოაზროვნე მოსახლეობაც ასე თვლის. რადიკალურმა ოპოზიციამ ატეხა ერთი ამბავი ამ საკითხზე, ასე ვთქვათ, განგაში. მათი პოზიცია კი, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია და სხვა არაფერი. რატომ ? შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სწორედ  სააკაშვილი ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. მიუხედავად იმისა, რომ 2005-2008 წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაფუჭდა. დიახ, თავად სააკაშვილი ესტუმრა პუტინს, როდესაც პრეზიდენტი გახდა და ეს ყველას კარგად გვახსოვს. ისიც ვიცით, რომ ,,ნაცმოძრაობამ" რუსეთს არაერთი ჰესი და სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა. და მხოლოდ 2008 წელს დაიძაბა ურთიერთობა, მაგრამ ,, ნაცმოძრაობის" ხელისუფლება მაშინაც ცალმხრივი სტანდარტებით მოქმედებდა. უფრო სწორედ ისინი სამმაგი სტანდარტით მოქმედებდნენ: ერთს იძახდნენ, მეორეს აკეთებდნენ და მესამეს ფიქრობდნენ. ფაქტობრივად რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა თავად გაიფუჭეს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დივიდენდებიც მიიღეს. გახსოვთ, საქართველოში დახმარების სახით 4 მილიარდი შემოვიდა და სად წავიდა ეს თანხა ? ამბობენ, კეზერაშვილის თუ მერაბიშვილის სალაროში დაილექაო. ახლა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ის თანხა გაქრა. ისე, ამ კითხვას წესით გამოძიებამ უნდა უპასუხოს და ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოჰფინოს. ,,ნაცმოძრაობა" ჩრდილოეთ მეზობელთან დაახლოებისთვის ერთ ნაბიჯს წინ დგამდა, ორ ნაბიჯს კი უკან და თუ დავაკვირდებით პროცესებს, დავინახავთ, რომ დღესაც ორმაგ თუ სამმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

- რას გულისხმობთდააკონკრეტეთ...

- ჩვენ ვიცით, რომ ,,ნაცმოძრაობის" გარკვეული ფრთა რუსეთიდან ფინანსდება. მშვენივრად ვუწყით, ვინც არიან ეს ადამიანები. აგერ, ქალბატონი ელენე ხოშტარია, (თემა უკვე გახმაურებულია), პატივცემული კობა ნაყოფია და ა.შ.. ამბობენ, რომ ნაყოფიამ რუსეთში იშოვა მილიონები და კიდევ რამდენი ოპოზიციონერია, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება, მაგრამ არ ვიცით მათი სახელები, ღიად არ ჩანს. ამიტომაც ვამბობ, რომ ორმაგი სტანდარტია. ,,ნაცმოძრაობა" თავისი აქტივისტების დასანახად ყვირის ,,ბუა რუსეთიო", რეალურად კი, პუტინის რუსეთიდან ფინანსდება და თავის ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრის. აი, ამიტომაც სჭირს რადიკალურ ოპოზიციას ის, რაც სჭირს. დაქსაქსულები არიან, მუდამ დაპირისპირებაში არიან და ასე იქნებიან მომავალშიც.

მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდე, ისტორიულად საქართველო ისეთ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს ( ევრაზიის გზაჯვარედინზე) , რომ მუდმივად დიდი ქვეყნების ინტერესის სფეროა და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მუსულმანური სამყარო იქნება ეს, თუ ქრისტიანული. ამიტომაც ის ნაბიჯები, რასაც ეს ხელისუფლება დგამს სწორი და გონივრულია. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ომში არ შესულიყო, მეტიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაერეგულირებინა სიტუაცია. იგივე მეორე ფრონტი, რომ არ გაიხსნა საქართველოში, ვისი დამსახურებაა ? ,, ქართული ოცნების". ხელისუფლებამ გონივრულად და სახელმწიფოებრივად იმოქმედა.

- და თქვენი აზრით, ვის უნდოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ?

- ვფიქრობ, რადიკალურ ოპოზიციას, დიახ, ნამდვილად უნდოდათ ეს. და მეორე ფრონტი საქართველოს რას მოუტანს იცით ? არა მარტო ტერიტორიების დაკარგავს, არამედ ისეთ უბედურებას, რომ 90-იანი წლები მონაგონი იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს. ვერ ხედავთ, პირდაპირ იმუქრება რუსეთი, რომ რაკეტებს გამოუშვებს. უკრაინაში არავის და არაფერს ინდობს და, ასე ვთქვათ, გამწარებული გველეშაპი კუდს ისე მოიქნევს, რომ რა დარჩება საქართველოსგან ღმერთმა უწყის. და რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში სამწუხაროდ, სწორედ ეს უნდა. თქვა კიდეც ერთმა-ორმა ლიდერმა: ,, ასეთ მშვიდობას მირჩევნია, რომ თავზე ბომბები მცვიოდესო" და რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანებს ? ასეთი ადამიანები უნდა წავიდნენ უკრაინაში ( ჩვენ დაგვანებონ თავი) და იომონ ბატონო, და იქ ბომბები, რომ დაეცემათ თავზე, შემდეგღა მიხვდებიან, თუ რა სისულელეს ამბობენ.  

- არაერთი ქართველი მებრძოლი წავიდა უკრაინაში, ზოგი სამწუხაროდ, დაიღუპა კიდეც...

- ჰოდა, ამაშია საქმე... ჩვენ მეორე ფრონტი არ გვჭირდება, ისედაც ცოტანი ვართ. რით ვერ გაიგო ზოგიერთმა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს. ამ ნაბიჯით რუსეთში მცხოვრებ ქართველებზეა გაკეთებული მთავარი აქცენტი. რუსეთში, ბოლო 30 წელია უამრავი ქართველი ცხოვრობს და ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მათთვის მდგომარეობის შემსუბუქებას ნიშნავს და ვიმეორებ, ამიტომაც გაკეთდა ეს. და ახლა იგივე სალომე ზურაბიშვილი რას იტყვის, ეს არავის აღელვებს. სხვათა შორის, ზურაბიშვილმა, როდესაც ამ საკითხზე ბრიფინგი ჩაატარა, მე განვაცხადე შემდეგი: იმის მაგივრად, რომ ადგე და ამერიკის საელჩოს მიმართო, შენც დაუშვი შეღავათი-მეთქი, მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყე-მეთქი. არ იცის, ამერიკაში წასვლაზე როგორ წვალობს ხალხი ? მექსიკას აწყდებიან...ადგეს და უთხრას ამერიკის ელჩს, რომ წვალობენ ადამიანები და აგერ, რუსეთმა, რომ ეს გააკეთა, მოდით, და ამის საპირწონედ, თქვენც გააკეთეთ რაღაც, რომ შეუმსუბუქდეს ხალხს ყოფა, წასვლა, მაგრამ არა...არ შეუძლია, თუნდაც იმიტომ გააკეთოს ეს, რომ აი, ხალხმა თქვას: აგერ, ნატოში არ გვიღებენ, მაგრამ აშშ-ს უნდა, რომ გაგვიადვილოს გადადგილება, თუნდაც იმიტომ რომ, ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობა სურთ. ბოლოს და ბოლოს, სამი თვით მაინც შეუშვი ქართველი ხალხი შენს ქვეყანაში, მუდმივად თუ არ დატოვებ, მაგრამ არ აკეთებენ ამას. იმის მაგივრად, რომ ეს ეთქვა ზურაბიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების კრიტიკით შემოიფარგლა, მეტიც, თქვა შემდეგი: ვინც რუსეთში წლებია ცხოვრობს, ქართველები არ არიანო. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილიც არ არის ქართველი. ამ განცხადებით ის ხაზს თავის არაქართველობას უსვამს. ამ ქალბატონს ისიც ვერ გაურკვევია მართლმადიდებელია თუ მართმადიანი....ტექსტებს უწერენ ალბათ. ლირიული გადახვევა გავაკეთე, გამიგრძელდა სიტყვა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ფარსია. დღეს ასეთი ტრენდია: დღე და ღამე რუსეთს უნდა აგინო და მორჩა, საქმე გაკეთებულია. აი, ამაში იღებენ დაფინანსებას. 

- ანუ ქვეყნის განვითარებაში ხელისუფლებას ოპოზიცია უშლის ხელს ? ,,ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ არ მიჰყავს და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს ? 

დიახ, ხელისუფლება სწორ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. აგერ, ბრიუსელშიც იყვნენ, საერთაშორისო გასვლები აქვთ. სხვათა შორის, ღარიბაშვილს, როცა უცხოელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, საქართველოში ორპოლუსიანობა როდის უნდა დასრულდესო, იცით რა უპასუხა? მოგვეცით ევროკავშირის წევრობა და დასრულდებაო. კარგი პასუხი იყო. პრემიერი სწორ აქცენტებს აკეთებს, სახელმწიფო პოზიციიდან გამოდის. აი, ასეთები ვართ და მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი იდენტობითო, ამას ამბობს პრაქტიკულად. ჩემი ქვეყნის ტრადიციებს პატივს თუ არ სცემ, მაშინ რატომ მეძახი იქ, სადაც მიწვევ და თუ მეძახი, მაშინ მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, პატივი ეცი ჩემს ტრადიციებს. 

- რუსეთთან ფრენების აღდგენა ძვირად ხომ არ დაგვიჯდება, მივიღებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ? 

- რუსეთი ევროკავშირის წევრობას არ ეწინააღმდეგებოდა, მისთვის პრობლემა ნატოს წევრობა იყო. უკრაინას უნდოდა ნატოს წევრი გამხდარიყო, ამიტომაც არის ომის რეჟიმში. საქართველოს 10-15 -ჯერ მეტად აღემატება ნატოს წევრი თურქეთი თავისი ტერიტორიებითა და მოსახლეობით და 30 წელია ევროკავშირში არ იღებენ, მაგრამ ერდოღანი ეროვნული მიზნებიდან გამოდის ხომ. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას რაღაც რაღაცეები არ მოსწონს და ერთმანეთს აკრიტიკებენ მაინც თანამშრომლობენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლებაც დაახლოებით თურქეთის პოზიციიდან გამოდის, ანუ ტრადიციებსა და ეროვნულ ფასეულობებს აყენებს წინ და შემდეგ სხვა დანარჩენს, იგივე ევროკავშირის წევრობას. ამიტომაც თქვა ღარიბაშვილმა, მიგვიღეთ ჩვენი იდენტობითო და კარგის მეტი რა თქვა, თუ სწორ აღქმებს გააკეთებს ის, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება 12 პუნქტიან რეკომენდაციას და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს, შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელში, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, პრემიერის გამოსვლა და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, თუ ოპოზიცია არ შეუშლის ხელს თავისი მუდმივი მცდელობებით, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს რეპუტაცია შელახოს. იგივე საუბრებით, რომ საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს არ ასრულებს და ა.შ. იმედია, ეს არ იქნება ხელისშემშლელი. ჩვენ ვიცით, რომ ერთი თვის წინ ევროპარლამენტმა სააკაშვილის გათავისუფლება 12 პუნქტიან რეკომენდაციაში ჩასვა, მაგრამ მეორესმხრივ, დავინახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. რატომ ? იმიტომ რომ, ის აჟიოტაჟი თითქოსდა სააკაშვილს აწამებენ, ,,ბლეფია" და სხვა არაფერი. 

- არადასააკაშვილის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია...შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი ? 

- სალომე ზურაბიშვილი აღარც მალავს თავის პოზიციებს, ის ხელისუფლების კრიტიკაზეა გადასული, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თანაც 2024-2025 წლები საარჩევნო წლებია და ამ ქალბატონს ვადაც ეწურება. ვფიქრობ, დასავლეთიდან საარჩევნოდ მუხტის ასაწევად ზეწოლა, თუ იქნება, ზურაბიშვილი სააკაშვილს აუცილებლად შეიწყალებს და ჩვენი,,პარიჟანკა" საპენსიოდ დასავლეთთან კიდევ ერთ ქულას ჩაიწერს. 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია