მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პატიმარი დახმარებას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს - 01 ივლისი 2023

,, ufleba ge"-ს პატიმარ ირაკლი კერესელიძემ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. პატიმარი დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო მის კანონიერ უფლებებს უხეშად ლახავს. ,, ufleba ge" მსჯავრდებულის წერილს უცვლელად გთავაზობთ. 

,, მოგმართავთ, როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ განცხადების შინაარსს და გულთან მიიტანოთ ჩემი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც განპირობებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ჩემს მიმართ უკანონო და არბიტრალური მოპყრობით. 

დაპატიმრებამდე გახლდით იურიდიული კომპანია ,,LCHL" აღმასრულებელი დირექტორი. მყავს ოჯახი (მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი) 

2017 წლის 6 თებერვალს დაპატიმრებული ვიქენი და იმავე წლის 18 ოქტომბერს მსჯავრდებული სსკ-ის 180.3 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით ( სახელშეკრულებო ურთიერთობაში თურქულ კომპანიასთან შპს,, გენჩ ინშაათთან" ჩადენილი ე.წ. ფინანსური თაღლითობა). სასჯელის ზომად განმესაზღვრა რვა (8) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 2022 წლის აპრილის ამნისტიის აქტით შემიმცირდა 75 დღით და სადღეისოდ განსაზღვრული მაქვს 7 წლის, 9 თვით და 15 დღით საპატიმრო სასჯელი, საიდანაც უკვე მოხდილი მაქვს უდიდესი ნაწილი ექვს (6) წელზე მეტი. 

სასჯელის მოხდის განმავლობაში გამოვირჩევი სანიმუშო ქცევით, რის გამოც სამჯერ ვიქენი ოფიციალურად წახალისებული და არც ერთხელ არ ვყოფილვარ დასჯილი დისციპლინარული წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N:38/887-22)  ბათილად იქნა ცნობილი ,,სპს"-ის სამსახურის, პირველი აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს უარი ჩემი შინაპატიმრობით (ე.წ. სამაჯურით) გათავისუფლებაზე და საბჭოს დაევალა გამოეცა ახალი კანონიერი აქტი ჩემთან დაკავშირებით. 

ასევე, სულ ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N: 31/460-23) ბათილად იქნა ცნობილი ,,სპს"-ის სამსახურის, პირველი აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს კიდევ ერთი უარი ამჯერად ჩემი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე და საბჭოს დაევალა გამოსცეს ახალი აქტი ჩემი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების (ე.წ. უდო) თაობაზე.  

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტზე, რომ ჯამში ,,სპს"-მა (სამსახურებმა) ცხრა (9) სასამართლო დავა წააგო ჩემთან (მსჯავრდებულ პირთან), საიდანაც ბოლო ორი გადაწყვეტილებით, როგორც მოგახსენეთ, სამსახურს დაევალა ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლება (ერთ შემთხვევაში შინაპატიმრობით და მეორე შემთხვევაში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ფორმით), თუმცა ორიოდე დღის წინ, ადგილობრივმა საბჭომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარი მითხრა. 

საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ცხრაჯერ (სხვადასხვა საქმეებზე) დაადასტურა ჩემი მოთხოვნების კანონიერება და ჩემი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტი, მიუხედავად ამისა, ,,სპს"-ის (ქვემდებარე სამსახურები) ბოროტად იყენებს სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურას და არ ახდენს მათ აღსრულებას, რითაც ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

ორიოდე დღის წინ, როგორც გითხარით, აღმოსავლეთ ადგილობრივმა საბჭომ უკანონოდ უარი მითხრა შინაპატიმრობით გათავისუფლებაზე, რომელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაც კვლავ სასამართლოში მიწევს. საბჭომ ამ უარით, მე, როგორც პატიმარს მომაყენა ,,ტანჯვა" და პატივი არ სცა სასამართლო ხელისუფლებას. აღნიშნულ საკითხზე თქვენ (იუსტიციის მინისტრსაც) ჩემმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ქეთი ხომერიკმა განცხადებით მოგმართათ, გთხოვათ აუდიენცია და დახმარება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით დახმარების თაობაზე, რომ ,,სპს"-ის სამსახურებმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება და ამჯერად მაინც გამათავისუფლონ პატიმრობიდან პირობით ვადაზე ადრე (უდოთი). "

პატივისცემით, 

ირაკლი კერესელიძე 

,, ufleba.ge "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია