მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია ?! - 06 ივლისი 2023

ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. 

საქართველოს მაჩვენებელი მაღალია პატიმრობის ხანგრძლივობის კუთხითაც. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე. 

როგორც ირკვევა ყველაზე მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები წლების განმავლობაში სახალხო დამცველს აწვდიდნენ ინფორმაციას არის შემდეგი : სასჯელის შემცირების საკითხი, ანუ ე.წ. უდოს კომისიის (ადგილობრივი საბჭოების) მიერ მიღებული გაუგებარი გადაწყვეტილებები და არაფორმალური მმართველობა ციხეებში.

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები და სასჯელის ალტერნატიული, ასე ვთქვათ, ე.წ. სამაჯურით ან ე.წ. უდოთი გათავისუფლების პროცედურები არის გაუმართავი და არათანამიმდევრული. 

,,პატიმრებისთვის არ არის პროგნოზირებადი ვის შეიძლება შეეხოს ე.წ. უდო და ე.წ. სამაჯური და ვის არ შეიძლება შეეხოს. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა. ვიმეორებ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ჯანდაცვა არის ყველაზე ხშირად ნახსენები პატიმრების მხრიდან. ასევე, არაფორმალური მმართველობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულეებში კვლავ რჩება გამოწვევად",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მოგეხსენებათ, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები. აღსანიშნავია, რომ საბჭოების მუშაობაში მონაწილეობენ სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. საბჭოები უწყვეტი მუშაობის რეჟიმში ყოველთვიურად იხილავენ მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებს. 

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: 

ა) ძალაში დატოვოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება.

ბ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილების მიღება. 

იურისტების ნაწილის ინფორმაციით, ადგილობრივი საბჭოები პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე (ე.წ. უდო) ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე (ე.წ. სამაჯური) უმეტეს შემთხვევაში უარს ეუბნებიან. მათივე თქმით, ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებები ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და მიკერძოებულია. 

,, სასამართლო პირველ ჯერზე, როგორც წესი აძლევს ადგილობრივ საბჭოს უფლებას გამოასწოროს არასწორად გამოტანილი გადაწყვეტილება, რადგან მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა ადგილობრივი საბჭოს დისკრეციაა, ხოლო თუ ადგილობრივი საბჭო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად კვლავ უარს ამბობს (გაუგებარი გადაწყვეტილებით), პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, მაშინ სასამართლო პირდაპირ ავალებს ადგილობრივ საბჭოს მსჯავრდებულის გათავისუფლებას",- აღნიშნავს იურისტი, ადვოკატი თამილა მილდიანი. 

ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი საბჭოები სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარს აცხადებენ, ანუ ყოვლად გაუგებარ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. აი, ამაზე და საერთოდაც ადგილობრივი საბჭოების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არაჰუმანურ მიდგომებსა და მათი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტებზე ,, ufleba ge " მომდევნო წერილებში მოგახსენებთ.

მანამდე კი ვიტყვით ერთს : როგორც ჩანს, ადგილობრივი საბჭოები გადაქცეულია არა კანონშესაბამის სამართლებრივ ორგანოებად, არამედ პირადი (არაკანონიერი) ინტერესებისა და სავარაუდოდ სხვადასხვა კანონთან კონფლიქტში მყოფი გავლენების ბუდედ, რაც საჭიროებს კონტროლს და სისტემურ და ეფექტურ ჩარევას. 

ქეთი ხომერიკი, თამთა კიკალიშვილი

(გაგრძელება იქნება) 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია