მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს ? - 08 ივლისი 2023

ჩვენს წინა წერილში სათაურით ,, პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია" დაგპირდით, რომ მომდევნო სტატიაში მოგახსენებდით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მხრიდან პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გაუგებარ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე საბჭოს მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არაჰუმანურ მიდგომებსა, მათი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად პატიმრების არ გათავისუფლების ფაქტებზე.  

გთავაზობთ ერთი კონკრეტული პატიმრის საქმეს, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა შედეგი ნულის ტოლია...

მაშ ასე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (22.11.2022 წლის) დაკმაყოფილდა პატიმარ ირაკლი კერესელიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რის შედეგადაც, როგორც უკანონო აქტი-ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს (01.11.2021 წლის) უარი კერესელიძის შინაპატიმრობით გათავისუფლებაზე და საბჭოს დაევალა მასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. 

საკუთარ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ საბჭოს უარი დაუსაბუთებელი იყო მხოლოდ მის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულის ხასიათით, რაც არ წარმოადგენდა კერესელიძის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგანაც დანაშაულის ხასიათი იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი და რომ ყველა დანარჩენ კრიტერიუმებში კერესელიძე მხოლოდ დადებითად ხასიათდებოდა. სასამართლომ იქვე მიუთითა საბჭოს, რომ ის არასწორად აფასებდა პატიმრის რესოციალიზაციის ხარისხს და მისი გადაწყვეტილება არ გამომდინარეობდა მისი, როგორც მსჯავრდებულის , რესოციალიზაციის ხელშეწყობის კანონით დადგენილი მიზნიდან გამომდინარე, რის გამოც საბჭოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა კერესელიძესთან დაკავშირებით. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმეზე N 38/887-22) საბჭომ არ აღასრულა და გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით (საქმეზე, N ბს-10 (კ-23) დაუშვებლად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი, შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდა და აღსასრულებლად სავალდებულო გახდა ზემოაღნიშნული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (22.11.2022) წლის გადაწყვეტილების, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი დასკვნები. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბჭოს მიზანი არ უნდა იყოს წარსული დანაშაულისთვის პატიმრის ხელმეორედ დასჯა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სასჯელის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევა არის სამაგალითო, რაც იმაში გამოიხატება, რომ მრავალწლიანი პატიმრობის განმავლობაში კერესელიძე არცერთხელ არ ყოფილა დასჯილი და ამის საპირისპიროდ არაერთხელ იქნა წახალისებული. პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგები ვერ ხედავენ მასთან მიმართებაში დანაშაულის რეციდივის რისკებს და როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ისე სხვა მსჯავრდებულების მიმართ პატიმარი გამოირჩევა კეთილგანწყობითა და თავაზიანობით. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პატიმარს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ადგილობრივი საბჭო კეთილსინდისიერად აღასრულებდა სასამართლოს ორი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს და თავისუფლების აღკვეთის დარჩენილ ვადას (1 წელსა და 4 თვეს)  შინაპატიმრობით შეუცვლიდა. მსჯავრდებულის ეს მოლოდინი უფრო გაძლიერდა, როდესაც საბჭომ 2023 წლის 27 ივნისს ჩანიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა მისი შინაპატიმრობის საქმეზე და ხაზინის ანგარიშზე მის ოჯახს განათავსებინა თანხა (5 ათასი ლარი).

პატიმრის თქმით, საკითხის განხილვა წარიმართა დისტანციური ჩართვის პირობებში, რა დროსაც საბჭოს დამსწრე ოთხი წევრიდან სამს არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს მისთვის და არც არაფერი განუცხადებია სხდომაზე. საუბარი წარიმართა პატიმარსა და საბჭოს თავჯდომარეს, ბატონ დავით ერგემლიძეს შორის, რა დროსაც კერესელიძესთვის ცნობილი გახდა, რომ საბჭოს თავჯდომარე უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ საბჭომ მასთან წააგო არაერთი სასამართლო დავა. 

,, განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოს თავჯდომარის პირდაპირი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მხოლოდ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით შეეძლო ეთქვა ჩემთვის უარი შინაპატიმრობაზე, მაშინ როდესაც, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს საბჭოს, რომ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე აპელირება არ იყო საკმარისი შინაპატიმრობაზე უარის სათქმელად",- აღნიშნავს კერესელიძე ჩვენთან გამოგზავნილ წერილში. 

საბოლოო ჯამში, ადგილობრივმა საბჭომ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და კვლავ უარი უთხრა მსჯავრდებულს სასჯელის ვადის შინაპატიმრობით შეცვლაზე. 

როგორც ჩანს, მსგავსი ქცევით ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს კონსტიტუციური ორგანოს-სასამართლოს მიმართ. პატიმრის მიმართ კი, ავლენს არბიტრალურ ქცევას და ამკვიდრებს სრული განუკითხაობის განცდას, რაც ადმინისტრაციული, მით უფრო კოლეგიური ორგანოს მხრიდან ჩადენილი-პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს. 

,, ufleba. ge "

(გაგრძელება იქნება) 

 


 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია