მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადგილობრივი საბჭო მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ? - 10 ივლისი 2023

დავით ერგემლიძე: ,,მეხუმრებით ? ვერაფერზე გიპასუხებთ, ჩვენს სამსახურს მიმართეთ"

ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად არ ათავისუფლებენ და მსგავსი ქცევით ადგილობრივი საბჭოები უპატივცემულობას გამოხატავენ სასამართლოს მიმართ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს. 

წინა წერილში ერთი კონკრეტული პატიმრის საქმეც შემოგთავაზეთ, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა უშედეგოდ - კვლავ პატიმრობაშია...

როგორც იქნა, ჩვენმა ჟურნალისტმა, თამთა კიკალიშვილმა მოახერხა აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარესთან, დავით ერგემლიძესთან დაკავშირება:

- ბატონო დავით, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს პირობით ვადამდე, ან შინაპატიმრობით, თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ადგილობრივი საბჭო კი, უმეტეს შემთხვევაში უარს აცხადებს პატიმრების გათავისუფლებაზე, რატომ ? ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება თუ არა კანონს ?

- მეხუმრებით ? არ ვიცი რაზე მესაუბრებით. 

ჩვენ არაერთი პატიმრის ოჯახს და იურისტს ვესაუბრეთ...მათი თქმით, საბჭო  მიკერძოებულ და გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ მსჯავრდებულების, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ვადაზე ადრე გათავისუფლება არ ხდება... 

- ვერაფერზე გიპასუხებთ. ჩვენს სამსახურს მიმართეთ, ოფიციალურად, წერილობით, განვიხილავთ და გაგცემთ პასუხს. 

- პატიმარ ირაკლი კერესელიძის საქმეზე რას გვეტყვით, არაერთი სასამართლო მოიგო,  ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს (ამაზე უზენაესი სასამართლო გითითებთ) და თქვენ კვლავ პატიმრობაში დატოვეთ. ამ შემთხვევაში არის თუ არა საბჭო მიკერძოებული ? 

- შინაარსში ვერ შევალ. შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით. გეტყვით ერთს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის აღსრულებული, ანუ სასამართლომ დაგვავალა განგვეხილა ამ პატიმრის საკითხი, რაც აღსრულდა. განვიხილეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. 

- როგორც გითხარით, პატიმარი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და თქვენ თვლით, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეთ? 

- დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. კარგად ბრძანდებოდეთ. 

როგორც ხედავთ, ბატონ დავითს შინაარსი და დეტალები არ აინტერესებს. ადგილობრივი საბჭო კი, ტრაფარეტულად იღებს ერთი და იგივე გადაწყვეტილებებს, პატიმრების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად და ვერბალურად თავიდან იცილებს დაინტერესებულ მხარეებს იმ მოტივით, რომ სათქმელი არაფერი აქვს. როგორც ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ამბობს: ,, ამ საბჭოს ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. სასამართლოც და სამართალიც ამათ ნება სურვილზეა".

იურისტების ნაწილის თქმით, დამკვიდრებული პრაქტიკა (საბჭოს დაუსაბუთებელი უარი ე.წ. უდოსა და ე.წ. სამაჯურზე) ეწინააღმდეგება კანონს, რაც, როგორც ჩანს, ბატონ ერგემლიძეს საერთოდ არ აღელვებს. ეს იქით იყოს და, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ბატონი დავითი და აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს წევრები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე მაღალი იერარქების მითითებების გარეშე ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ამაზე მომდენო წერილებში მოგახსენებთ.

და ბოლოს, იბადება კითხვა, არის თუ არა საჭირო ასეთი საბჭოების არსებობა, რომლებიც ფუჭად ფლანგავენ ბიუჯეტის თანხებს ? პასუხი თქვენთვის მოგვინდია. 

,, ufleba. ge"

(გაგრძელება იქნება) 

ასევე იხილეთ: ადგილობრივი საბჭო უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს ? - 08 ივლისი 2023

,,პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურები გაუმართავი და არათანმიმდევრულია ?! - 06 ივლისი 2023

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია