მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ალექსანდრე კობაიძე : ,, პატიმრების ბედი ნამდვილად არ აინტერესებთ - ადგილობრივი საბჭო უფუნქციოა" - 12 ივლისი 2023

ალექსანდრე კობაიძე : ,, იმედია, არჩევნების წინ გამოიფხეკენ ყურებს და პატიმრებს ყურადღებას მიაქცევენ "

ჩვენ წინა წერილებში გაუწყებდით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების უმეტესობას ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, უმეტეს შემთხვევებში, დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან, თავიდან იშორებენ, რითაც უხეშად არღვევენ მათ კანონიერ უფლებებს. დიახ, იურისტების ნაწილის აზრით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონს, იგივე სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge" იურისტს, უფლებადამცველ, ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა. 

ალექსანდრე კობაიძე : როგორ მუშაობენ ადგილობრივი საბჭოები და იღებენ თუ არა სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს? ვფიქრობ, არა. მათი მუშაობის სპეციფიკა ასეთია: აი, მაგალითად, არის ავარიის შემთხვევა, თაღლითობა, ოჯახური ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ან სხვა მუხლები, სადაც დაზარალებულია საქმეში, ეს საქმეები მაშინვე გვერდზე იწევა, ანუ განხილვა არ ხდება, რადგან პატიმრებს არ აქვთ დაზარალებულის თანხობა. საბჭო კი დაზარალებულის თანხმობას ითხოვს. ახლა რომელი დაზარალებული მისცემს პატიმარს თანხმობას, ეს ხომ აბსურდია, არა? შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიები დაზარალებულის თანხმობას ითხოვენ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ტყვეობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაშაულების გამო არიან გასამართლებულნი.   

- არადა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კრიტერიუმებში დაზარალებული საერთოდ არ არის ნახსენები, მით უფრო, არსად წერია, რომ საჭიროა მისი თანხმობა...

- რა თქმა უნდა. აი, მიუხედავად ამისა, საბჭო დაზარალებულის თანხმობას ითხოვს, დაზარალებული კი, აპრიორი არ აძლევს პატიმარს თანხმობას და კომისიის ფუნქცია რა არის, ცოტა არ იყოს და, გაუგებარია...როგორც ჩანს, პატიმრების ბედი ნამდვილად არ აინტერესებთ, ადგილობრივი საბჭო, ფაქტობრივად, უფუნქციოა. საბჭო, მხოლოდ და მხოლოდ, ე.წ. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გასაღების მუხლებით გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეებს იხილავს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება უადვილდებათ, რადგან დაზარალებული არ არსებობს და აი, იქ, კი ბატონო, იღებენ შესაბამის (უმეტესად დადებით) გადაწყვეტილებებს, ანუ, ასე ვთქვათ, ჰუმანურობით გამოირჩევიან. აი, სხვა მიმართულებით კი, ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები, ფაქტობრივად, არ მუშაობენ, რაც გულსატკენია. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მსგავსი პრაქტიკა შეიცვალოს. აბა პრინციპი რა არის, სასჯელს ისედაც იხდის ადამიანი და გასაგებია, რომ ჰყავს დაზარალებული და შენ უნდა შეაფასო ის იმ მიმართულებით მოხდა თუ არა მისი რესოციალიზაცია, კვლავ საშიშია თუ არა საზოგადოებისთვის, თორემ ის დაზარალებული, რომ გაბრაზებული იქნება და პრეტენზია ექნება, ეს ხომ არახალია. ვიმეორებ, კრიტერიუმებშიც არ წერია, რომ საჭიროა დაზარალებულის თანხმობა, ანუ სამართლებრივად არ წერია, რომ გინდა თუ არა დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს, მაგრამ ესენი ითხოვენ, რაც სამწუხარო პრაქტიკაა. თქვენ იცით, რომ მე სამი წელი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში მომიწია მუშაობა, შესაბამისად, ე.წ. შიდა სამზარეულო გადასარევად ვიცი. სულ ამას ვაპროტესტებდი, ვითხოვდი, რომ დაზარალებულთან დაკავშირებული ეს მახინჯი პოლიტიკა შეცვლილიყო, თუმცა უშედეგოდ, ვერაფერს გავხდი. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს მიდგომა შეცვლილი. 

- ამგვარ მიდგომას რას უკავშირებთ ?

- უფრო სიფრთხილეს. აბა საზოგადოება რას იტყვის, აბა დაზარალებული რას იტყვის და ა.შ. ეს დიდი შეცდომაა. როდესაც შენ მართლმსაჯულებას ახორციელებ, კონკრეტულად პატიმარზე, მის ბედზე უნდა ზრუნავდე და არა დაზარალებულზე, რომლის ბედიც სასამართლომ ისედაც გადაწყვიტა და თუ რაიმე უნდა დაზარალებულს, შეუძლია სამოქალაქო წესით, დელიქტის საფუძველზე, მსჯავრდებულს ედავოს. შენ კიდევ, როგორც სახელმწიფო არ იღებ პოზიტიურ ვალდებულებას და არ ზრუნავ პატიმრებზე, აბა მაშინ შენი უფლება რაღაა ? არც არაფერი. ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ, ნარკოდანაშაულის მუხლებს იხილავენ და ე.წ. ბარიგებს, (ამ კატეგორიის დამნაშავეებს)  ათავისუფლებენ, თანაც ძალიან მარტივად. საბჭო ძირითადად ამაზე მუშაობს. ოჯახურ ძალადობაზე საერთოდ არ მუშაობს, პრეცედენტი არ გვაქვს. პარადოქსია და ამ შემთხვევაში დაზარალებულის თანხმობა, რომ ჰქონდეთ არ გაითვალისწინებენ, აი, ასეთი გაუგებარი სიტუაციაა. 

- გამოდის, ადგილობრივი საბჭოების მუშაობა გაუმართავი და არათანმიმდევრულია, გადაწყვეტილებები - გაუგებარი, დაუსაბუთებელი, შერჩევითი და უკანონო...

- კი ბატონო, მთელი რიგი პრობლემებია და ბევრი რამ გადასახედი და შესაცვლელია. პატიმრების მიმართ ჰუმანურ მიდგომებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. 

- სხვათა შორისჩვენ ვიცით ერთი კონკრეტული პატიმრის საქმე, რომელმაც ადგილობრივ საბჭოს სასამართლო პროცესი მოუგო, ანუ სასამართლომ საბჭოს მისი საქმის ხელახლა გადახედვა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა, თუმცა საბჭომ მსჯავრდებულს მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე მაინც უარი უთხრა - პატიმრობაში დატოვა. არის თუ არა ეს სასამართლოს უპატივცემულობა და სახეზეა თუ არა საბჭოს მიკერძოებული გადაწყვეტილება ?  

- ეს სასამართლოს უპატივცემულობა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ პატიმრის საქმე პროკურატურის შესასწავლია. პატიმარმა სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს წერილი პროკურატურაში და ამას შოთაძის უწყებამ უნდა მიხედოს. როგორ შეიძლება ასეთი რამ, წარმოუდგენელი ამბავია. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაა. 

- ,,სასამართლო გადაწყვეტილება არის აღსრულებული, ანუ სასამართლომ დაგვავალა განგვეხილა ამ პატიმრის საკითხი, რაც აღსრულდა. განვიხილეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ",- განაცხადა საბჭოს თავჯდომარემ, დავით ერგემლიძემ ჩვენთან საუბრისას...

-  სასამართლომ გადაწყვიტა და დაავალა საბჭოს ამ პატიმრის საქმის ხელახლა გამოკვლევა, შინაარსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ შენ, საბჭომ ეს კონკრეტული მსჯავრდებული უნდა გაათავისუფლო. ეს რომ ასე არ იყოს სასამართლო საბჭოს არ დაავალებდა, რომ გინდა თუ არა თავიდან შეისწავლე ამ პატიმრის საქმეო, სწორედ იმიტომ დაავალა, რომ იგივე გადაწყვეტილება არ მიეღოთ. სასამართლო საბჭოებს ამას ეუბნება ხოლმე. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ეს სასამართლოს უპატივცემულობა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია. დიახ, ამ ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ მიმართავს პატიმარი, გამოძიება დაიწყება. 

- და ბოლოს, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ქვეყანაა, როგორ აფასებთ და გამოსავალი რა არის ? 

- რა თქმა უნდა, გამოსავალი ამნისტიაა. 1/4 სასჯელი უნდა შეუმცირდეთ პატიმრებს. ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი პატიმარი არ უნდა ჰყავდეს. რამდენი ხანია ვითხოვთ ამნისტიას, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მიმართულებით გააქტიურებას ვაპირებთ. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არჩევნებია და იმედია, არჩევნების წინ გამოიფხეკენ ყურებს და პატიმრებს ყურადღებას მიაქცევენ.  

,, ufleba. ge"

(გაგრძელება იქნება) 

ასევე იხილეთ : ადგილობრივი საბჭო მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ? -10 ივლისი 2023

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია