მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შერჩევითი სამართალი და სავარაუდო კორუფციული გარიგებები ადგილობრივ საბჭოებში ?! - 13 ივლისი 2023

ჩვენ წინა წერილებში ვწერდით, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, ტრაფარეტულად იღებენ ერთი და იგივე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, პატიმრების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად, რითაც მსჯავრდებულებს ფიზიკურ ,,ტანჯვას" აყენებენ და ეწინააღმდეგებიან კანონს. ასევე გაუწყებდით, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილობრივი საბჭოები, რიგ შემთხვევებში, მაღალი იერარქების მითითებების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ჩვენ გაგაცანით ყოფილი სახალხო დამცველისა და იურისტების ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ადგილობრივი საბჭოები გაუგებარ, მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, გაუმართავად და არათანმიმდევრულად მუშაობენ.

უფლებადამცველ, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ადგილობრივი საბჭოები, ფაქტობრივად, საერთოდ არ მუშაობენ, ასე ვთქვათ, უფუნქციოები არიან და რაში იღებენ ბიუჯეტიდან ხელფასს, გაუგებარია. როგორც ჩანს, მხოლოდ იმაში, რომ ფორმალურად სხედან სკამებზე და პატიმრების ნაწილის კანონიერ უფლებებს არღვევენ. ჩვენ ასევე შემოგთავაზეთ, ერთი კონკრეტული პატიმრის საქმე, რომელიც მოგებული სასამართლო პროცესების მიუხედავად, საბჭოს მიკერძოებული გადაწყვეტილებით - უარით, კანონის უხეში დარღვევით, დღემდე პატიმრობაში რჩება. და რა თქმა უნდა, გაგაცანით პირველი აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარის, დავით ერგემლიძის პოზიცია, რომელსაც საბჭოს აბსურდული გადაწყვეტილებების შინაარსში შესვლა არ სურს. ცხადია, არ გვიკვირს, ვთვლით, რომ ამ ბატონს პასუხები ჩვენს კითხვებსა და ბრალდებებზე, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მასთან ლეგიტიმური კითხვები არსებობს და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენთან თუ არა, შესაბამის ორგანოებთან მოუწევს პასუხების გაცემა. 

ამასობაში, ჩვენ კონფიდენციალური წყარო დაგვიკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. ჩვენი წყაროს თქმით, არსებობს პატიმართა კატეგორია, რომელსაც აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭო წყალობს, დიახ, არ მოგესმათ წყალობს, ანუ ე.წ. სამაჯურითა და ე.წ. უდოთი ათავისუფლებს. მსჯავრდებულთა რა კატეგორია ?  პატიმრები, რომლებსაც ე.წ. შუამავლები მაღალ იერარქებთან საქმეს ულაგებენ. როგორ ? ჩვენდა გასაოცრად, კორუფციული გარიგებებით. 

,, პატიმარი დ.დ. სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის, არასრულწლოვანთან გარყნილი ქმედებისთვის (141-ე მუხლი) იხდიდა და აღმოსავლეთ ადგილობრივმა საბჭომ მოუხდელი სასჯელი შინაპატიმრობით (ე.წ.სამაჯურით) შეუცვალა. ადგილობრივი საბჭო, მისი თავჯდომარე პატიმრის ე.წ. ახლობელთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა, რაშიც ხელი პარლამენტის ერთ-ერთმა მოქმედმა დეპუტატმა შეუწყო. ჩემი ინფორმაციით, 30 ათასი ლარი გადაიხადეს და დ.დ. ადგილობრივმა საბჭომ ე.წ. სამაჯურით გაათავისუფლა, 2 წელი გამოაყოლა, დაახლოებით 3 წლის წინ. თანხა სად წავიდოდა მიხვდებით, ძმურად გაიყვეს"... - გვიმტკიცებს წყარო. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ამაზე ჩვენი კონფიდენციალური წყარო საუბრობს, რომელიც მაღალი ეშელონებიდანაა და რომლის მოწოდებული ინფორმაციებიც უტყუარია.  

როგორც ჩანს, ფული ჯოჯოხეთს ნამდვილად ანათებს. ადგილობრივ საბჭოში შერჩევითი სამართლის ზეიმია.

დასასრულ, ჩვენ მკითხველს ადგილობრივი საბჭოს მიერ უფლებადარღვეული, დაჩაგრული და გამწარებული პატიმრების ოჯახების პოზიციები გვინდა გავაცნოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატიმრების ოჯახებთან გვქონდა კომუნიკაცია. მათ თავიანთი გასაჭირი და გულისტკივილი გაგვიზიარეს, თუმცა კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვეს, რასაც ვასრულებთ. მათ საჯაროდ ვინაობის გამხელისგან თავი იმის შიშით შეიკავეს, რომ მომავალში პენიტენციურ დაწესებულებებში მათ პატიმრებს საფრთხე არ შეექმნათ. აი, რას ამბობენ ისინი: 

,, ჩემს პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლება კანონით ეკუთვნის, თუმცა არ ათავისუფლებენ. უსამართლობა მახრჩობს, ადგილობრივი საბჭო მის საქმეს მოვალეობის მიზნით გადახედავს ხოლმე და მორჩა ". ,, საბჭოს ნუ ახსენებთ, ბოროტების სავანეა, საბჭო კი არა" ,,ჩემს მეუღლეს ყველა საბუთი მზად ჰქონდა, 95 პროცენტი თავისუფალი ხარო ეუბნებოდნენ, მაგრამ უდოზე მაინც უარი მიუვიდა, მიზეზიც არ აუხსნეს". ,,3 თვეა ჩემს მეუღლეს უდოზე დადებითი პასუხი მისდის, გადის გასაუბრებაზე და შემდეგ ბლოკავენ". ,,ჩემს მეუღლესაც უწევდა უდო, მიუვიდა უარი, გავასაჩივრეთ სასამართლოში, სააპელაციოც მოვიგეთ, უზენაესიც, თუმცა იმდენი ასაჩივრეს, რომ საბოლოოდ 22 დღე გამოაყოლეს." 

როგორც ხედავთ, ეს არის სამწუხარო რეალობა. დასკვნა თქვენთვის მოგვინდია. 

პ.ს. ჩვენ მოვიპოვეთ ინფრომაციები, ჩავწერეთ ინტერვიუები იმ პირებთან, ვისაც ეხებოდა საკითხი და ვინც კომპეტენტურია ამ საქმეში, ყველა მხარის პოზიცია გაგაცანით და ამით ჩვენი ფუნქცია ამ ეტაპზე იწურება. ვფიქრობთ, ადგილობრივი საბჭოების მუშაობა გენერალური პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესასწავლია, რომელსაც ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ჟურნალისტებმა უკვე მივმართეთ.

ჩვენ ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის შესწავლას კვლავაც განვაგრძობთ და შესაბამის მიგნებებს ვაცნობებთ ჩვენს მკითხველს. 

,,ufleba.ge"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია