მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს - 16 ივლისი 2023

ორიოდე დღის წინ, გეგუთის N-14 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი, ირაკლი მუჯირი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ოჯახს ციხის ადმინისტრაციამ განუცხადა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 29 წლის ირაკლი მუჯირს პენიტენციური დაწესებულება, წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, ის სასჯელს 2018 წლის დეკემბერში აბაშაში ინკასატორის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის იხდიდა. რა მოხდა გეგუთის მე-14 პენიტენციურ დაწესებულებაში, იყო ეს თვითმკვლელობა თუ დაკვეთილი მკვლელობა, რატომ დუმს რატი ბრეგაძის უწყება და რას ამბობს გამოძიება ? ,, ufleba ge" გარდაცვლილი პატიმრის დას, ნანა მუჯირს ესაუბრა. 

ნანა მუჯირი: პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ჩემს ძმას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, აქედან 4 წელი და 8 თვე უკვე მოხდილი ჰქონდა და დეკემბერში, ე.წ. სამაჯურით, უწევდა გათავისუფლება, ის დღეებს ითვლიდა. ირაკლი მხნედ იყო, გვეუბნებოდა: ცოტაც გაუძელით, თვეები დამრჩა ციხიდან გამოსვლამდეო. ერთი სიტყვით, აქეთ გვამშვიდებდა. მინდა ხაზგასმით გითხრათ, ჩემს ძმას ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია, ადეკვატური და მშვიდი პიროვნება იყო. ციხეში ერთადერთი პრობლემა ჰქონდა - ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვა საკანში გადასვლას ითხოვდა, რაზეც უარს ეუბნებოდნენ. აქედან გამომდინარე, მან პროტესტის ნიშნად ე.წ ,,კუსაჩკით" ხელი დაიზიანა, ამიტომ ციხის ადმინისტრაცია მის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდა, რაზეც ირაკლის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაახლოებით ექვსი დღე, სამარტოო საკანში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ ის თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი, რადგან თვითდაზიანება სცადა. მან 3 ივლისს დამირეკა, ჩვეულად ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არ უთქვამს, ასეთი მდგომარეობა, რომ იყო. მითხრა, თანხა ჩამირიცხე და რამდენიმე დღეში დაგირეკავო. ირაკლი ისეთ საკანში ჰყავდათ, სადაც არ შეიძლებოდა ჰქონოდა ზონარი, ან მსგავსი ნივთები, რითაც თვითდაზიანება იქნებოდა შესაძლებელი. საკანში სამი სპორტული, უზონრო შარვალი და ფეხსაცმელი ჰქონდა. 

- მაშ, როგორ აღმოჩნდა სპორტული შარვლის ზონარი იმ მსჯავრდებულის ხელში, რომელიც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და სად იპოვეს გარდაცვლილი პატიმარი ?

- ჩვენც ეს გვაინტერესებს, გაგვაგებინონ, აგვიხსნან საიდან ჰქონდა ირაკლის ზონარი. სხვათა შორის, თავად ბადრაგები ამბობენ, არ ვიცით ზონარი საიდან გაჩნდაო. საღამოს ირაკლისთვის ბადრაგს უთქვამს, დილას მე-18 დაწესებულებაში უნდა გადაგიყვანონ,  მოემზადეო. ამიტომ დაახლოებით, 18 საათსა და 10 წუთზე ჩემს ძმას ბადრაგისთვის აბანოში გაყვანა უთხოვია, მაშინვე გაუყვანიათ. ბადრაგს, დაახლოებით 13 წუთში,  ირაკლისთვის დაუძახია, მას პასუხი არ გაუცია და მაშინვე შესულა აბანოში და ის ჩამომხვრჩვალი უპოვია. თქვეს, რომ ზონრით ჩამოიხრჩო თავი, ჩაჩოქილ მდგომარეობაში იპოვეს. ზონარი მარყუშისებურად არ ჰქონდა შეკრული, ღია იყო, ამიტომ ბადრაგმა ადვილად მოახერხა მისი მოხსნა, ისე, რომ თასმა ადგილზე დარჩა. ეს არის აბსურდი, ჩემი ძმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა, ამას ვერ დავიჯერებ. 

- მომხდარიდან რამდენ ხანში დაგიკავშირდათ ციხის ადმინისტრაცია და რას ამბობს გამოძიება ?

- ციხის ადმინისტრაცია მომხდარიდან 1-2 საათში დაგვიკავშირდა, არაფერი აგვიხსნეს, არც მოგვისამძიმრეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული და ქუთაისის სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. მე თავად დავუკავშირდი გამომძიებელს, ორჯერ შევხვდი, საქმის მასალები მოვითხოვე. მინდა გითხრათ, რომ უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, ციხეში თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს. ჩვენ თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობამდე მიყვანას გამოვრიცხავთ, ჩემი ძმა მოკლეს. ირაკლის ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და მოიშორეს. საქმის მასალების მიხედვით, ჩემი ძმა თავის თანამზრახველთან ერთად ინკასატორის სახლში შევიდა, სადაც ათეულობით სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მოგროვებული დიდი ფული ინახებოდა და წაიღო. არ მგონია, რომ ამ საქმეში მხოლოდ ორი ადამიანი ყოფილიყო.  დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს ძმას თანხა აღებული არ ჰქონდა. ვფიქრობ, ჩემმა ძმამ იცოდა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც ფული მიითვისეს. შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ირაკლი მათ დაასახელებდა, ამიტომაც მოიშორეს.  

- არადა, პატიმრობის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული ადგილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა რეალურად, თუკი იქნება ნება...და კიდევ ერთი, სასჯელის მოხდის პერიოდში ხომ არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის პროვოკაციას პატიმრის მიმართ ?  

- დიახ, დაცული ტერიტორია, სადაც ხორციელდება მონიტორინგი, არის კამერები, არ ვიცი რა ვთქვა. ერთი ვიცი, ირაკლი თავს არ მოიკლავდა, გამორიცხულია. სასჯელის მოხდის პერიოდში, არც ადმინისტრაციის და არც ირაკლის მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იცით, თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩემს ძმას რაღაცის ეშინოდა, ამიტომ უნდოდა სხვა საკანში გადასვლა. დიახ, ამიტომ ითხოვდა საკნის შეცვლას, ამიტომაც დათანხმდა ადმინისტრაციას მე-18 დაწესებულებაში გადასვლაზე, მას ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საუბედუროდ, ვერ გაასწრო...

,, ufleba ge" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს, ვლადიმერ ხურციძეს დაუკავშირდა. 

ვლადიმერ ხურციძე :საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება ვერ მოხერხდება, მოგვამრთეთ წერილობით და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგეცემათ. 

პ.ს. ჩვენ, აუცილებლად, მივმართვათ წერილობით ვლადიმერ ხურციძეს, რადგან კითხვები ბევრია, პასუხები კი, გამოძიების გასაცემია. 

და მაინც, საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა სპორტული შარვლის ზონარი აბანოში, როცა პატიმრის, არც ერთ შარვალს და ფეხსაცმელს თასმა არ ჰქონია და სად იყურებოდა ციხის ადმინისტრაცია ? 

ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია