მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის - 22 აგვისტო 2023

 

„შოვის ტრაგედიამ ბიზნესის ყურადღება უნდა გაზარდოს და პასუხისმგებლობის საკითხები ყოველდღიურ საქმიანობაში შეიტანოს“

(სტატია 1)

თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.

CSR-ის ექსპერტი ლელა ხოფერია აღნიშნავს, რომ Corporate Social Responsibility შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე თქმით, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთი-ერთი განუყოფელი კომპონენტი გახდა, -  სულ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს კონცეფცია განვითარებად ქვეყნებში:

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. არსებითად, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს  უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება,  იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე საქმიანობის გაუმჯობესებული მენეჯმენტის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის, ასევე კომპანიის იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით. შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, მისი მორალური ღირებულების გარდა, მდგომარეობს მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს ყველა დაინტერესებული მხარისათვის - როგორც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ასევე თავად ბიზნესკომპანიებისათვის“.

საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა ნებაყოფლობით დაუდგეს საზოგადოებას სოციალური საკითხების მოგვარებაში. მისივე თქმით, ეს ვალდებულება არ არის:

„ბიზნესმა არ უნდა შეცვალოს მთავრობის ვალდებულებები. მისი მთავარი სიკეთე დასაქმება და ბიუჯეტში ფულის გადახდაა, რომელსაც მთავრობა უკეთ უნდა განკარგავდეს. ჩვენთან ნაკლებად არის კორპორაციული სოციალური პროგრამები, რადგან ბიზნესი არაა სათანადოდ შეძლებული. უფრო ქველმოქმედებითაა დაკავებული. ამ მიზნით მეწარმეები სხვადასხვა ფონდებს ქმნიან. მათ სტაბილური შემოსავლები არ აქვთ და საჭიროებათა სწორად განსაზღვრაც უჭირთ“.

„საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე“ (ყოფილი პარლამენტარი ქართული ოცნებიდან) დიმიტრი ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით უფრო საერთაშორისო ბრენდებს აქვთ მცდელობა ახალი ტენდენციები დანერგონ - კონკურსები ტარდება, ჯილდო გაიცემა. მისივე შეფასებით, ბევრ ქართულ კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ქველმოქმედების გაღება მიაჩნია. ცქიტიშვილის აზრით, სახელმწიფომ გარკვეულ სფეროებში რეგულაციები, საბაზისო საჭიროებები უნდა უზრუნველყოს:

„უფრო ბიზნესასოციაციები მუშაობენ მდგრად განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან მოტივატორებს ნაკლებად ვხედავ. მაგალითად, შეიძლება იყოს პრივილეგიები სახელმწიფო შესყიდვების დროს; ხელს უწყობდეს კომპანიებს, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული არიან - კონკურსებისას გარკვეული უპირატესობები ჰქონდეთ. მაგალითად, ეროვნულ ბანკში გენდერულ ჩართულობაზე კვოტებია, რომ საბანკო სექტორის ბორდებში გარკვეული პროცენტი ქალები იყვნენ წარმოდგენილი. თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობს, რაც დამატებითი პასუხისმგებლობის მაგალითია“.

პოზიტიური მაგალითებით დავიწყოთ. ჩვენ რეალობაში სოციალური პასუხისმგებლობით უფრო მსხვილი ბიზნესორგანიზაციები (მათ შორის, ბანკები) გამოირჩევიან, მეტი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

„თიბისის“ მოწოდებული ინფორმაციით, ბანკისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტ Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. 17-24 აგვისტოს, ბანაკს, მთელი საქართველოდან, მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, 150 მოსწავლე ორ ეტაპად სტუმრობდა.

„ბანაკის მონაწილე გოგონებმა, მენტორებთან ერთად, მოისმინეს „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საინტერესო ლექციები კლიმატის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, დემოკრატიული საზოგადოების ტექნოლოგიების და მეწარმეობის შესახებ. მათ ასევე გაიარეს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მხარდაჭერით. წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები შექმნა 249 გოგომ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

როგორც „თიბისიში“ განგვიმარტეს, საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგონებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ კი დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გუნდის წევრებს „თიბისისგან“ საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ.

„თიბისის“ მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს, ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 ტარდება. მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე კრეატიულ ახალგაზრდას გამოავლენს.

„გამარჯვებულს, განაცხადების შესაბამისად, სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. „თიბისი“, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

Young Creative კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25 წლამდე, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ სააგენტოში, მარკეტინგის სფეროში ან არიან ფრილანსერები. განაცხადის შეტანა 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ნომინაციის შესახებ სხვა დეტალების გასარკვევად ეწვიეთ ბმულს“, - აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასევე, „თიბისი“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება. მათივე ცნობით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს.

„შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, „თიბისი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

„თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი კურსები მოსწავლეებმა აგვისტოში ფინალური შემოქმედებითი პროექტების წარდგენით დაასრულეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“, - გვეუბნება „უნილაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, „თიბისის“ მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორეს მხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“, - გვეუბნება „თიბისის“ სტრატეგიულმა პროექტების ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.

„თიბისის“ ცნობით, „თიბისის“ განათლების პროექტი ხორციელდება „ჯეოლაბის“, „უნილაბის“, „ექსპლორიუმის“, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება „თიბისის“ მიერ. სექტემბრიდან, „თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან „თიბისი“, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

„საქართველოს ბანკის“ მოწოდებული ინფორმაციით, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა ბრუნდება და 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას ახორციელებს.

მათივე განმარტებით, STEM სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. ონლაინ სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ ხარისხიანი, აკადემიური, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

„STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მომავალში შექმნან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის - რობოტები.

STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. სასწავლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ გაიმართება, მოსწავლეები კი თავად შეძლებენ აირჩიონ გაკვეთილზე დასასწრებად მათთვის სასურველი დღე - შაბათი ან კვირა. სკოლაში სწავლა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად დამატებით 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკას გადასცემს“, - ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ერთ - ერთი მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი - STEM მიმართულებით მივცეთ სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით და STEM სკოლის კიდევ ერთი ნაკადი მივიღოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35 - მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რისი მეშვეობითაც, 100 ათასამდე ახალგაზრდას მისცა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას,“ - გვეუბნება „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში. STEM სკოლაზე დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას - სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკი“, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით საქართველოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება, ისწავლონ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები.

კომპანიის ცნობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული: სოფიო ჯაფარიძე, გიორგი კვინიკაძე და მარიამ შურგაია შეემატა. მათივე ინფორმაციით, სოფიო ჯაფარიძე კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, გიორგი კვინიკაძე მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ხოლო მარიამ შურგაია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, „ლიდერობა განათლებაში“ მიიღებს მაგისტრის ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შექმნას ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაა. ჩვენ უკვე 23 გამორჩეულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში განათლება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ შესაძლებლობით, რადგან გვჯერა, რომ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - გვეუბნება ანა ლომთაძე.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

ასევე, საქართველოს ბანკის და წიგნების თაროს ინიციატივით, „სტუდენტური პოდკასტების“ სერია იწყება. საქართველოს ბანკი მიზანდასახული, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის შესაძლებლობებს ქმნის. „თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა უფრო მეტი გაიგო საყვარელი მწერლების შესახებ, აღმოაჩინო ახალი წიგნები და მარტივად იპოვო პასუხი კითხვაზე „ახლა რა წავიკითხო?“,  მაშინ შემოგვიერთდი Spotify-ზე ან Soundcloud-ზე. ჩვენ „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტს“ ვიწყებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გელა მამულაშვილი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია